კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ გაცვალა მეტეხის ეკლესიაში საკუთარი სიცოცხლე მიხეილ ჯავახიშვილმა

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია


„პირველად მიხეილ ჯავახიშვილს 1910 წლის შემოდგომაზე შევხვდი მეტეხის ციხეში. (ავტორი – გერონტი ქიქოძე) რაღაც შინაურულად, მყუდროდ იყო მოწყობილი საკნის კუთხეში და ყოველთვის აუჩქარებელად, საშინაო ფლოსტებით გამოდიოდა შუადღის სეირნობაზე. მკითხველ საზოგადოებაში ის უკვე ცნობილი იყო რამდენიმე მოთხრობით, სადაც მშვენიერი ქართული ენით პატარა ადამიანების ცხოვრება ჰქონდა აღწერილი. ის ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო: განცდილ ამბებს გადმოსცემდა როგორც დაკვირებული ადამიანი, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული. მას გამძაფრებული პატრიოტული შეგნება ჰქონდა: რუსულ-ქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე, თითქოს პირად შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება, მისი მტკივნეული პატრიოტიზმი იმითაც აიხსნებოდა, რომ საქართველოს განაპირა პროვინციიდან წარმოსდგებოდა, მარაბდის რაიონიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი დაუღვრია მტრის ურდოებთან ბრძოლაში. მიხეილ ჯავახიშვილს არც იალტის სამეურნეო სასწავლებელი დაუსრულებია და არც სორბონის კურსი. ამისდა მიუხედავად, თანამედროვე რუს და ქართველ მწერლებს შორის, არავის ჩამოუვარდებოდა განათლებით. მისი კვაჭი კვაჭანტირაძე, ჯაყო, დამპატიჟე ძალიან რელიეფურად არიან დახატული, ისინი საზოგადო სახელებად იქცნენ. ესეცაა, რომ ხშირად მკითხველი ძალაუნებურად იფიქრებს „ჯაყოს ხიზნებისა” და „მუსუსის” ავტორს პარიზში, ალბათ, ბევრი უსეირნია ტამპლისა და კაპუცინების ბულვარზე და ხშირად შეუხედავს მონმარტრის კაფეებშიო...“
„…საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიხეილ ჯავახიშვილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო რელიეფურად გამოკვეთილი დისიდენტი მწერალი იყო, რომელმაც ვერ მიიღო ახალი, საბჭოთა წყობა როგორც პიროვნულად, ისე შემოქმედებითად. ამისი მცდელობა კი ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო იგოეთის კომუნაზე ნარკვევის დაწერაც კი. რაც დაწერა, დახია და თქვა: რა ვქნა, შეკვეთით წერა არ შემიძლიაო.
მიხეილ ჯავახიშვილისთვის ციხე, პატიმრობა უცხო არ გახლდათ. ჯერ კიდევ მეფის მთავრობის დროს იყო გამომწყვდეული მეტეხის ციხეში. ეს პატივი არც საბჭოთა მთავრობამ დააკლო… განგებას თუ ბედისწერას კი, უკვე გადაწყვეტილი აქვს მიხეილ ჯავახიშვილის ბედი. ის ლაბა ხარივით მუხლჩაუხრელი შრომობს, შრომობს და თან, უჩინარ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მოგვიანებით, მწერალი იტყვის: „ჩემი საიდუმლო მუშაობა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში 1921-1923 წლებში, ჰგავდა ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურაობა არ იცის, მაგრამ სხვის დასახმარებლად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია. აქ მუშაობს იდუმალი ძალა, ალღო მოძმის მიშველიების და ამ ალღოს ასჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე შეგნებას”… „ჩეკა” ფხიზლად ადევნებდა თვალს და მის ყოველ ნაბიჯს პუნქტუალურად აღნუსხავდა. 1923 წელს დააპატიმრეს და ჰაიჰარად დახვრეტაც მიუსაჯეს. ბოლშევიკების ტყვიას ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფის წყალობით გადაურჩა. პავლე ინგოროყვა და სხვანი სერგო ორჯონიკიძეს ეახლნენ თხოვნით, მიხეილ ჯავახიშვილი ნიჭიერი მწერალია და ნუ დახვრეტთო! ეტყობა, იმ დღეს სერგო კარგ განწყობაზე იყო და მწერალი შეიწყალა, თორემ ეს ის სერგოა, ვაჟა-ფშაველას შვილზე რომ სთხოვეს: ნუ დახვრეტთ, აპატიე, ვაჟას შვილიაო! ვაჟას შვილს კი არა, თვითონ ვაჟა-ფშაველა რომ ცოცხალი იყოს, იმასაც დავხვრეტთო, იყო პასუხი.

ამასობაში დადგა საბედისწერო 30-იანი წლები. მიხეილ ჯავახიშვილს უკვე გამოცემული აქვს „ჯაყოს ხიზნები”, „არსენა მარაბდელი” და მწერლობის სხვა შედევრები. სტალინის ინიციატივით მწერალი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს. ეს ჯილდო მწერალს სიცოცხლის გადარჩენის გარანტი ეგონა, მაგრამ ბერია ასე არ ფიქრობდა… ამ პერიოდში ლავრენტი ბერიამ მეტეხის ეკლესიის დანგრევა ბრძანა, რამაც ქართული საზოგადოება შეაშფოთა. ქართველი მწერლების ერთი ჯგუფი, რომელშიც მიხეილ ჯავახიშვილიც შედიოდა, ბერიასთან თხოვნით მივიდა.
„დაგვინახა თუ არა, შავმა ალმურმა გადაჰკრა სახეზე. მან მკვახედ გვითხრა: ასე, დელეგაციის სახით, ერთად არ უნდა მოსულიყავით ჩემთან, ცალ-ცალკე რატომ არ მოხვედითო?” – იგონებს მწერლის ქალიშვილი ქეთევან ჯავახიშვილი მამის ნათქვამ სიტყვებს.
მწერლებმა ბერიას დაუმტკიცეს, რომ მეტეხის ეკლესიის დანგრევა არ შეიძლებოდა, რადგან ის შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების იშვიათი ნიმუში იყო. მიხეილ ჯავახიშვილს ბოლოს ისიც უთქვამს:  ასეთ ძეგლს ევროპაში ოქროს ჩარდახში ჩასვამდნენო!… ბერიამ განკარგულება კი შეცვალა, მაგრამ დაიბოღმა, უვიცობაში რომ ამხილეს. წყენა არ დაივიწყა და მოგვიანებით, დელეგაციის თითქმის ყველა წევრი დახვრიტა.
მართალია, ქართველ ერს მეტეხის ეკლესია შეუნარჩუნა, მაგრამ სიცოცხლე სასწორზე შეაგდო. ბერიას ცუდად შეახსენა თავი, რომელსაც დავიწყებული ისედაც არ ჰყავდა. ამჯერად არ ახლეს ხელი, მაგრამ ბერიას მსტოვრები მის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდნენ. მწერალი ხედავდა, მის ირგვლივ საბედისწერო რკალი როგორ ვიწროვდებოდა და იკვრებოდა: მის თანამებრძოლებსა და მეგობრებს თანდათან როგორ აპატიმრებდნენ. ჯანმრთელობა უკვე ღალატობდა, მუხლები სტკიოდა, სიარული უჭირდა, დრო კი ტყვიასავით დამძიმდა.
დადგა 1937 წლის ზაფხული. მწერალი ოჯახით დასასვენებლად ქვიშხეთში იყო. იქ ყველა ამჩნევდა, რომ მწერალი ხასიათზე არ იყო. აკაკი გაწერელია იგონებდა:
„ჩვენ ერთი სახლში ვისვენებდით. ყველანი ვცდილობდით, მიხეილ ჯავახიშვილისთვის გულიდან დარდი გადაგვეყარა. ერთ საღამოს, როცა უმრავლესობამ საძინებელ ოთახს მიაშურა, მიხეილმა მოისურვა, ძველებური ჩვეულება, კარტის თამაში გაგვეხსენებინა. დაბნეული თამაშობდა. უცნაურად გამოიყურებოდა ეს დინჯი კაცი. მისი თვალები ავისმაუწყებელ სიგნალს გამოსცემდა. მალე შევწყვიტეთ თამაში. ჩანდა, მწერალს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა.
ეს ავბედითი წინათგრძნობა მწერალს მალე აუხდა. მიხეილ ჯავახიშვილი იმავე ზაფხულს, 14 აგვისტოს, დააპატიმრეს…   
იმ დროისთვის საქართველოს „ჩეკაში” 761 კაცი მუშაობდა, აქედან 284 იყო ქართველი, 102- სომეხი, 143 – რუსი, 35 – ოსი, 32 – უკრაინელი, 22 – ებრაელი, 2 – აფხაზი, 41 – სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. მათ შორის 258 საქართველოს საზღვრებს გარედან იყო მოსული. „ელიტარულ” III, IV, V განყოფილებაში, რომლებიც ძიების საქმეს წარმართავდნენ, ძირითადად, არაქართველები მუშაობდნენ… 30-იან წლებში „ჩეკას” ციხის ჯალათი იყო ასტრახანელი თათარი ზახარ ივანეს ძე შაშურკინი. ის ან ხელმძღვანელობდა დახვრეტის ოპერაციებს, ან თვითონვე ხვრეტდა პატიმრებს. ამავე დროს იყო ბერძენი ეროვნების კაცი ფეოხორა, რომელიც პატიმრებს სპეციალური მათრახებით სცემდა და სხვადასხვა ხერხით აწამებდა. მოგვიანებით, 40-იან წლებში, პატიმრებს აწამებდნენ: მსოფლიოს ჩემპიონი ჭიდაობაში არსენ მეკოკიშვილი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კრივში ნავახარდოვი. ამ ჯოჯოხეთში მეორედ აღმოჩნდა მიხეილ ჯავახიშვილი. მისი გამომძიებლები იყვნენ ლევან აბაშიძე და მიხეილ ნაცვლიშვილი. მწერლის პირველ დაკითხვას, მისი გამომძიებლების გარდა, ესწრებოდნენ ბერია და ქობულოვი…
…მწერალთა ფაშისტური ორგანიზაცია ბუნებაში არ არსებულა. ის იყო მხოლოდ ჩეკისტების დუხჭირ გონებაში. აღარას ვამბობ მიხეილ ჯავახიშვილის ტერორისტობაზე, რაც ახლა მწარე ღიმილის მომგვრელია. კითხულობ ამ ტომებს და ვის საქმეში არ შეხვდებით მიხეილ ჯავახიშვილის სახელს, ანდა ვიღა არ დაასახელებინეს მიხეილ ჯავახიშვილს… მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთს აღვნიშნავ, სანდრო ახმეტელი ფიზიკურად ისე დაამუშავეს „ჩეკას” ჯალათებმა, რომ ისიც კი ათქმევინეს, თითქოს მიხეილ ჯავახიშვილს, ნაციონალ-ფაშისტური რომანი „არსენა მარაბდელი” კონტრრევოლუციონერმა ყურულოვმა შეკვეთით დააწერინაო და სხვა ამგვარი ათასი სისულელე… ამ, ახლა უკვე საარქივოდ ქცეულ მასალაში მწერალი იძულებულია, „აღიაროს დანაშაული” და თავი სამი კაპიტალისტური ქვეყნის აგენტად გამოაცხადოს. თანაც, ვითომ 5 000 მანეთამდე მიიღო ჯაშუშობის გასამრჯელოდ. თუ როგორ მოხდა ამგვარი „დანაშაულის აღიარება”, ამას მოწმობს მწერლის მეორე გამომძიებლის, მიხეილ ნაცვლიშვილის, 1954 წელს მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაციის დროინდელი ჩვენება. მოგვაქვს მცირე ამონარიდი: „1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს ქართველი მწერალი მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი. მას ბრალად ედებოდა იატაკქვეშა ანტისაბჭოთა მუშაობა. პირველი დაკითხვა ჯავახიშვილს მოუწყო ბერიამ, ქობულოვისა და განყოფილების უფროსის, ლევან კონსტანტინეს ძე აბაშიძის მონაწილეობით. ჯავახიშვილმა საკუთარი ხელით დაწერა ჩვენება თავისი ანტისაბჭოთა საქმიანობის შესახებ. აბაშიძემ ჯავახიშვილის დაწერილი ჩვენებები გადმომცა მე, რათა დაკითხვის ოქმად გამეფორმებინა. გავეცანი ჯავახიშვილის დაწერილ ჩვენებებს და ეჭვი გამიჩნდა ჩვენებების უტყუარობაში, რადგან მასში მოყვანილი იყო ფაქტები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მაშინ მივმართე აბაშიძეს, რომელიც ჯავახიშვილის დაკითხვაში მონაწილეობდა და ვკითხე, რაში იყო საქმე. აბაშიძემ მიპასუხა, რამდენიმე თანამშრომლის თანდასწრებით, რომელთაგან ახლა მარტო განყოფილების უფროსი, აივაზოვი მახსოვს:  მე რო ასე ვეცემე, ვაღიარებდი, რომ სიამის შპიონი ვარო, და დაამატა: დაწერეთ როგორც არის!..  („საარქივო მოამბე” N 2. 2008 წ. საქართველოს შსს საარქივო სამმართველო).
ახლა კი, როგორ მუშაობდა მიხეილ ჯავახიშვილი თავის ცნობილ და აღიარებულ ნაწარმოებებზე.
„..ბედნიერია, ვინც თავისი გზა ჭაბუკობის დროსვე იპოვა. მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მეც ამ ხელობისთვის მამზადებდა. აგრონომიამ რვა წელიწადი წამართვა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა: „თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ, სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა. როგორ მოგწონთ? „მშვენიერი საქმეა.” მეც დავეთანხმე და აგრონომობას თავი დავანებე, მაგრამ არც „მშვენიერი საქმე” მიკისრია. მე სხვა რამე მაწვალებდა. მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი, ნამდვილად კი, წერას და ლიტერატურის შესწავლას შევუდექი. იმ დღიდან ჩემს მწვალებელს, აზრებსა და სურათებს ქაღალდზე ვღვრიდი. მართალია, მხატვრულ შემოქმედებას მალე დავანებე თავი და თითქმის ოც წელიწადს ვდუმდი, მაგრამ ამას გვერდს ავუხვევ, ავტობიოგრაფია სხვა დროისთვის იყოს. იმ დროს მწერლობაში „საწყალი კაცი” იკალათებდა და მეც მიმიზიდა. ერთხელ ბაზარში მათხოვარი დავინახე - ჯუჯა, უბადრუკი, მუნჯი, მასხარა. დიდხანს ვსდიე და ვუთვალთვალე. მერმე საღამოს შვიდ საათზე ჩავუჯექი და მეორე დღეს თორმეტ საათზეღა ავდექი. ასე დაიბადა „ჩანჩურა”. ეს მოთხრობა ორჯერ გადავწერე და „ცნობის ფურცლის” რედაქციას მივუტანე, რომელმაც ერთი კვირის შემდეგ, მწერალთა ოჯახში შემიყვანა. ერთ საწყალს რამდენიმე საწყალი მოჰყვა („უპატრონო”, „თავდავიწყება”, „მეჩექმე გაბო”, „კურკას ქორწილი”) და ეს მოტოვი - დაჩაგრული და უბედური - ოცი წლის დუმილის შემდეგაც მრავალჯერ გავიმეორე.
რა მასალა უფრო მშველის - ავტობიოგრაფია, დაკვირვება, წიგნი თუ ჩანაწერები? ყველა ერთად, ცალ-ცალკე კი არცერთი. ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა... დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიან დამეხმარა... დაკვირვება და ავტობიოგრაფია განუყრელად არის ერთმანეთში ჩახლართული. განცდილი და საკუთარი თვალით ნანახი, ისევე არა ჰგავს მოგონილს, როგორც სულიერი – უსულოს. ადამიანის ორი მესამედი სითხეა, ხოლო ერთი მესამედი ცხიმი, ცილა, კირი, შაქარი და რკინაა, მაგრამ ეს ელემენტები რომ შეაერთოთ, ადამიანი მაინც არ გამოვა. ჰომუნკულმა და პერპეტუმ-მობილემ ასიათასობით გააგიჟა მეცნიერიც და არამეცნიერიც, ხოლო ნაძალადევად მოგონილმა მასალამ ამდენივე „მწერალი” დაასამარა და ზოგი უდავოდ დიდი მწერალიც დაამარცხა. ცოცხალ ადამიანს სითხეც აქვს, რკინაც, კირიც და კიდევ ის „რაღაცა”, რაც „ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”... უკლებლივ ყველას გადაჰხდენია რაღაც ამბავი, რაღაც განუცდია და რაღაც უნახავს, მაგრამ ყველა მწერლად არ ივარგებს. მწერალს და საერთოდ შემოქმედს, ბევრი ისეთი რამე სჭირდება, რაც უკვე იცის მეცნიერებამ და ერთი ისეთი რამეც, რაიც ჯერჯერობით უძლეველია და მიუგნებელი. ერთი მხრივ მე ბედნიერი მწერალი ვარ: ძალიან ბევრი მივლია, მინახია, განმიცდია და გამიგონია, ამიტომ ავტობიოგრაფიული დუღაბი საკმაოდ მომეპოვება... მწერალმა, ნამეტან კი პროზაიკოსმა, ბევრი უნდა იმოგზაუროს, რათა ყველაფერი ნახოს, განიცადოს, გაიგოს, მოისმინოს და შეისრუტოს, თორემ ვისაც ბევრი არა მიუღია რა, ის ბევრს ვერც მოგვცემს. პროტოტიპი ძლიერ ეხმარება მწერალს. თუ მას თვალწინ ცოცხალი ნაცნობი უდგას, მისი ტიპიც ცოცხალი გამოვა. მაგრამ, პორტრეტის დახატვა არა კმარა. მწერალი მას თავისებურად გარდაქმნის, ზოგ რამეს მიუმატებს, ზოგსაც დააკლებს და ისეთ ვინმეს გამოიყვანს, რომელიც კიდეცა ჰგავს დედანს და არცა ჰგავს. ასე იქმნება სინტეტური ტიპი. „ჩანჩურა” ცოცხალი ვნახე-მეთქი. ვნახე მეჩექმე გაბოც, კურკაც, ლამბალოც, ყაშიც, აბდულაც. კვაჭი მრავალჯერ შემხვედრია, ჩემთვისაც გაუკრავს მას კლანჭი. ის ნარევი ტიპია. ჯაყო სულ სხვანაირად წარმოიშვა. 30 წლის წინათ ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შემხვდა - ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი, ამავე დროს მარდი და მოხერხებული. მისი სახელი აღარ მახსოვს. 10 წლის შემდეგ ინჟინერმა ფიდო ყაზბეგმა ქართულ კლუბში ასეთი ანეკდოტი გვიამბო: ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა.
- გამარჯვება, ჯაყო!
- კნეინას გახლავარ.
- რასა იქმ, როგორა ხარ?
- ძალიან კარგად ბრძანდები, შენი წირი მე.
- ცოლ-შვილი როგორა გყავს?
- სულ კარგათა ხართ, გენაცვალე.
- რამდენი შვილი გყავს, ჯაყო?
- თორმეტი გყავს, გენაცვალე მაგ თვალებშია.
- როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო?
- მაშა, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! - მიუგო ნაყმევმა.
უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე უფრო მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთზე მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთ-ერთ კუნჭულში დაიბუდა. კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და ის მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამომეჭრა. აი, ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი. არსენას ტიპის ასახვის დროს ჩემი ბიძაშვილი ბაგრატ ბურნაძე მედგა თვალწინ. ღვთისავარი პაპაჩემი ანდრო ბურნაძეა. ლაცაიძე თავადი მელიქი შვილის მზარეული სანდროა...  მეკითხებით, პირველ იმპულსს რა გაძლევთ, - გაგონილი ამბავი, დაკვეთა, სახე თუ სხვა რამეო? გიპასუხებთ. ერთიც, მეორეც, მესამეც. „თავდავიწყება” სვიმონ ყიფიანმა მიამბო, „ტყის კაცი” - პაოლო იაშვილმა, „ორი განაჩენი” - შოთა დადიანმა, „მართალი აბდულაჰ” - სანდრო შანშიაშვილმა, „თეთრი კურდღელი’ - პროფესორმა ასათიანმა. სხვებისგანაც ბევრი რამ მოვისმინე და აქა-იქ რომანებსა და მოთხრობებში გავფანტე. ყველას და ყველაფერს ვერ მოვიგონებ.
წესად დავიდე და დღემდე ვასრულებ: თითქმის ყოველდღე რაღაც უნდა ჩავიწერო - სიტყვა, სახე, თქმა, ამბავი, წვრილმანი და მსხვილმანიც. ზოგი ყურმოკრულია, ზოგი თვალმოკრული და ზოგიც მოგონილი. ეს მასალა - გაგონილი და მოგონილი - შემოქმედების ლაბორატორიაში იხარშება, მუშავდება და ბოლოს ისეთი რამე გამოდის, რასაც ზოგჯერ თვითონ ავტორიც ძლივს იცნობს ხოლმე. (წყარო: vangogen.blogspot. com)“
скачать dle 11.3