№31 რის მიხედვით შეგვიძლია, სასულიერო პირის რწმენასა და სულიერებაზე მსჯელობა და რა შემთხვევაში შეიძლება, გახდეს ის ადამიანის დასნეულებისა და გარდაცვალების მიზეზი
„ერთი რამ კი ნებისმიერ დროს უნდა გვახსოვდეს: სულში დაბუდებული ვნებებისგან ვერ გვიხსნის ვერც ვარდისფერი სათვალე და ვერც „სიბრძნე“ სირაქლემასი, გარდაუვალი საფრთხის მოახლოებისას თავს ქვიშაში რომ რგავს. მხოლოდ საკუთარი თავისადმი, საკუთარი ძალებისადმი გაბედული და პატიოსანი მზერის მიპყრობა და საშინელი სულიერი სიღატაკის შეგრძნება დაგვანახვებს ჭეშმარიტ ხსნასა და ჭეშმარიტ მაცხოვარს – ქრისტეს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი საუკუნო ცხოვრების სიკეთე” – სწორი ქრისტიანული ცხოვრების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– სწორი ქრისტიანული ცხოვრების შედეგად ადამიანები ყოველთვის იცვლებიან. მათ, ვინც განიწმიდებიან ვნებებისგან და თავმდაბლობას მოიპოვებენ, „სულიწმიდა მიიღეს“. დღეს ადამიანები ძალიან არიან დასნეულებულნი. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. უცნაური სიბრმავე, რაც ჩვენშია, ეს საკუთარი სნეულების ვერდანახვაა. არადა, ყველაზე საშიში სწორედ ეს არის, იმიტომ რომ, თუ ადამიანი ამჩნევს თავის სნეულებას – მკურნალობს, მაგრამ, როცა – ვერ ხედავს, არ მკურნალობს და, შესაბამისად, ის უკვე მძიმე დაავადებად გადაიქცევა. იმ შემთხვევაში კი, თუ სწორად იცხოვრებს, შეუდგება ქრისტიანულ ცხოვრებას, ის აუცილებლად შეიცვლება, განიკურნება და ამაში მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება დაეხმარება.
– რატომ არის ადამიანისთვის ყველაზე საშინელი მოულოდნელი სიკვდილი?
– ეს არის უფლის მრისხანების მახვილი. ამგვარი სასტიკი სასჯელის მიზეზი კი, არის ცოდვების სიყვარული, საკუთარი სულისა და მიწიერი ცხოვრების დასასრულის გამო უზრუნველობა და უდარდელობა. ძალიან მძიმე სასჯელია ადამიანისთვის მოულოდნელი სიკვდილი, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც საერთოდ არ ამბობს აღსარებას და არ არის ნაზიარები, რადგან, როგორ მდგომარეობაშიც მოგვისწრებს აღსასრული, იმგვარ მდგომარეობაში მოგვიწევს დარჩენა და მარადიული არსებობაც. სიკვდილის შემდეგ კი არც კეთილისმქმნელი შეიცვლება ბოროტის მქმნელად და არც ცოდვილი – უცოდველ ადამიანად. უდავოა, რომ სიკვდილისგან გათავისუფლება არავის შეგვიძლია, მაგრამ მისთვის მომზადება ყველას ხელგვეწიფება. ეს მომზადება კი იმაში გამოიხატება, რომ შეძლებისდაგვარად, მოვაგვაროთ მიწიერი საქმეები და ვიზრუნოთ სულის გადარჩენისთვის. შევიმსუბუქოთ სული ცოდვებისგან, რაც აღსარებითა და ზიარებით არის შესაძლებელი.
– ქრისტიანობის პირველ წლებში ქრისტიანთა ცხოვრება გაცილებით უფრო მაღალსულიერი და დინამიკური იყო, ვიდრე დღეს. ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი?
– კი და მადლის მოქმედებებიც ბევრად საგრძნობი და აშკარა იყო, ვიდრე დღეს არის. მაგრამ, ამავე დროს, ღმერთის ნებით, ბნელეთის ძალები ისეთ ხანგრძლივ და სახიფათო გამოცდას უწყობდნენ კაცს, რომლის გაძლებასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. ამიტომ, ასეთ ინტენსიურ სულიერ ბრძოლაში, ზიარებისგან განყენებული ადამიანი თითქოს ფიზიკურადაც შეიგრძნობს დემონთა სამყაროს შემოტევას. ჩვენი სისუსტის გამო, დღეს უფალი არ მოუშვებს ასეთ განსაცდელს ჩვენზე, ეშმაკი დღეს ვერ მოქმედებს ადამიანის სულზე ისე აშკარად, როგორც ძველ დროში – მისი ტაქტიკა ახლა უფრო მზაკვრული და შეფარულია, ზიარების გარეშე ეშმაკის წინააღმდეგობის დაძლევა კი, შეუძლებელია. პატერიკონში ვკითხულობთ, როცა წმიდა ბერმა ლოცვის ძალით უბრძანა დემონს, ეთქვა, თუ რისი ეშინოდა ყველაზე მეტად, ბოროტმა სულმა უპასუხა: იმის, რითაც თქვენ განიბანებით (ნათლობის საიდუმლო); იმის, რაც თქვენ გკიდიათ (ჯვარი) და იმის, რასაც თქვენ ჭამთ (ზიარება), მაგრამ უკანასკნელი ყოველივეზე საშინელიაო. ასე რომ, დემონისთვის ყველაზე საშიში, ხოლო კაცთათვის ყველაზე მაცხოვნებელი ზიარებაა. ამიტომ, ცდილობს კაცობრიობის მტერი, ყოველგვარი ძალა იხმაროს, რომ ადამიანი წმიდა ბარძიმთან არ მიუშვას. ღირსი მაკარი დიდის ცხოვრებაში მოთხრობილია ერთი მღვდლის დასჯის შესახებ, რომელიც თავისი მრევლის წევრებს უსამართლოდ განაყენებდა ზიარებისგან, რაც ბევრის ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. იოანე ოქროპირი ამბობს, თუ მღვდლის მიზეზით უზიარებელი ადამიანი გარდაიცვალა ვინმე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მღვდელმა თავი წარიწყმიდაო. ესე იგი, ეს ერთი ცოდვა მთელ მის სათნოებებს აღემატება. წმიდა იოანე კრონშტადტელი წერს, რომ, იმის მიხედვით, თუ რა ხალისითა და მოშურნებით მიდის მღვდელი სნეულთა საზიარებლად, მის რწმენასა და სულიერებაზე შეგვიძლია მსჯელობა.
– დღეს ძალიან ბევრი საკუთარ თავს მორწმუნედ მიიჩნევს. როგორ განისაზღვრება ჭეშმარიტი რწმენა?
– თანამედროვე ადამიანებს გვიწევს თვითდაჯერებული, თვითკმაყოფილი, სიამაყის სულით შეპყრობილი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ადამიანების ნაწილი ბოლომდე არც ღმერთის არსებობაშია დარწმუნებული. საზოგადოების დიდი ნაწილი კი, თავს ქრისტიანს უწოდებს. ასე რომ, დღეს ადამიანების უმეტესობა გარკვეული სარწმუნოებითაც არის შემოსილი და ამ სარწმუნოების შესაბამის საქმეებს აკეთებს. წმიდა მამათა სწავლებით, მარტო სარწმუნოებით ადამიანი ვერ გამართლდება. მისი სულის ცხონებაში ღვთაებრივი ნებაც მონაწილეობს და ადამიანურიც. ადამიანს უფლის წინაშე გამართლებისთვის სჭირდება მართალი რწმენა და კეთილი საქმე. მოყვასის მსახურება მაშინაა კეთილი საქმე, თუ ის ღვთისმსახურების გაგრძელებაა. ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი არაეკლესიური ადამიანებისგან შედგება. დღეს მისი წევრების უმეტესობისთვის ეკლესიური ცხოვრების წესი უცხოა. ისინი წირვა-ლოცვას არ ისმენენ და ტაძარში მხოლოდ სანთლის დასანთებად შემოდიან. ღმერთისადმი ლოცვას არ აღავლენენ, თუმცა ზოგიერთი სახლში მარხულობს, მაგრამ წმიდა ზიარებას არ იღებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ დღევანდელი საზოგადოება მოკლებულია სარწმუნოების ჭეშმარიტ ელემენტარულ ცოდნას. ადამიანებმა დაკარგეს ცათა სასუფევლის იდეა. მათ სარწმუნოდ ისიც არ იციან, რა არის ეკლესია. „მორწმუნეთა გულგრილობა ბევრად საშინელია, ვიდრე ის ფაქტი, რომ საერთოდ ურწმუნონი არსებობენ“, – ბრძანებს ერთი წმიდა მამა. ლიტურგიის დასასრულს, როდესაც მოძღვარი წმიდა ბარძიმში ასხამს მდუღარებას, ბრძანებს: „მდუღარება-სარწმუნოებისა, აღივსება სულისა წმიდისა“, ანუ, ვისაც მდუღარე, ცოცხალი და მხურვალე სარწმუნოება გააჩნია, ის აღივსება სულითა წმიდითა. ვისაც მიეცა ჭეშმარიტება, რომ იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, ბევრი მიმადლა მას უფალმა და მას ძალიან ბევრი მოეკითხება, მაგრამ მრავალი ამას ვერ ხვდება. სახარება კი გვაფრთხილებს, რომ უკანანი იქნებიან წინანი და წინანი იქნებიან უკანანი. ვისაც ჰგონია, რომ სხვაზე უკეთესია, სხვას ზევიდან უყურებს, არ მიიჩნევს თავის სწორად, არ ესაუბრება, არ ეხმარება, არ შედის მასთან კონტაქტში, აცხადებს, რომ მწვალებელი, ათეისტი, ქურდი, ყაჩაღია, ასეთი ადამიანები შორს არიან ჭეშმარიტებისგან. პავლე მოციქული ბრძანებს: „ანგარნი, მპარავნი, მემრუშენი შეგიძღვებიან სასუფეველში“, ანუ ესენი მოინანიებენ, გამოსწორდებიან და ჩვენ, ვისაც გვგონია, რომ შემოსილები ვართ, შეიძლება, შიშვლები აღმოვჩნდეთ.