№31 „ტაქსი 200-200“ – შშმ პირების ერთ-ერთი პირველი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში!
პროფესიით ფიზიკოსმა ნიკა ხოფერიამ წლების წინ ბიზნესში სცადა ბედი. მისი წამოწყება წარმატებით განვითარდა და დღეს თბილისში ყველასთვის ცნობილი ,,ტაქსი 200 200-ს” მფლობელი გახლავთ. ამ კომპანიის სახელი, გარდა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისა, ერთ მნიშვნელოვან ინიციატივასაც უკავშირდება, რაც, შშმ პირების საზოგადოებაში უკეთ ინტერგაციის მიზნით, მათ სამსახურში აყვანას გულისხმობს. როგორ გაჩნდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების იდეა, რა პირობები შექმნა ,,ტაქსი 200 200-მა” სპეციალურად მათთვის, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე, თავად ნიკა ხოფერია გვპასუხობს.
ნიკა ხოფერია: დაახლოებით 90-იანი წლების ბოლო, 2000-იანი წლები იყო, როცა ეგრეთ წოდებული 20-თეთრიანი ტაქსების ბიზნესის წამოწყების იდეა გაჩნდა და მალევე გამოჩნდა ქალაქის ქუჩებში ჩვენი ტაქსები. მგზავრობის ღირებულება ყოველ კილომეტრზე 20 თეთრი გახლდათ. ჩვენამდე ტაქსით გადაადგილება ისეთი ძვირი იყო, რომ ფუფუნებად ითვლებოდა და რაც მთავარია, ფიზიკურად არც მოძრაობდა ქალაქში საკმარისი ტაქსი. ინფორმაციის რადიოკავშირით გადაცემაც პირველად ჩვენ დავნერგეთ. 20-თეთრიანი ტაქსები უმოკლეს დროში გადაადგილების ძალიან მოთხოვნადი საშუალება გახდა. თუმცა, შემდეგ გაჩნდა მთელი რიგი ხარვეზები, რისი გაკონტოლებაც გართულდა და გადავედით ფიქსირებულ ტარიფზე. ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადაადგილება ღირდა 3 ლარი და ამ ტარიფმა დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ კარგად იმუშავა.
– თქვენს კომპანიაში შშმ პირების დასაქმების იდეა როდის გაჩნდა?
– 3 წლის წინ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და რაც მთავარია, გვქონდა იმის საშუალება, მოგვეხდინა მათი გადაადგილების უზრუნველყოფა. სპეციალურად მათთვის შევიძინეთ მანქანები და ვიქირავეთ მძღოლები. ჩვენი მანქანები ყოველდღიურად აკითხავდნენ მათ სახლებში, მოჰყავდათ სამსახურში და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ისევ უკან აბრუნებდნენ. ჩვენმა ინიციატივამ საკმაოდ კარგი რეზონანსი გამოიწვია. საკმაოდ დიდი და ძლიერი ორგანიზაციები მიხვდნენ, რომ, ისეთ პატარა ორგანიზაციას, როგორიც ტაქსი „200 200-ა,” თუ შეუძლია 15 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დასაქმება, მათ გაცილებით დიდი პოტენციალი ჰქონდათ იმისთვის, ბევრად უფრო მეტი შშმ პირი აეყვანათ სამსახურში. თავდაპირველად, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, იყო ბევრი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურად შეასრულებდნენ ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობას. შევძლებდით თუ არა იმათ სამსახურიდან გაშვებას, ვინც სათანადოდ ვერ იმუშავებდა და ასე შემდეგ. მაგრამ, ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით და თავიდანვე ყველა ინფორმირებული იყო, რომ თუ საქმეს სათანადოდ ვერ შეასრულებდნენ, მოუწევდათ დაკავებული პოზიციის დატოვება. მიუხედავად მსგავსი მოსაზრებებისა, ისინი საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ და ამ კუთხით, ჩვენ ერთგვარი მაგალითი გავხდით არაერთი მსხვილი კომპანიისთვის. მაგალითად, ჩვენთან დასაქმებული შშმ პირების ნაწილმა მიიღო საქმიანი შემოთავაზება „თი ბი სი ბანკისგან”, „ვი თი ბი ბანკისგან,” პოლიციის აკადემიისგან და სხვა. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!
– რა არის თქვენი პრიორიტეტი მომხმარებლის გულის მოსაგებად?
– ჩვენთვის მგზავრების უსაფრთხო გადაადგილება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. როდესაც მძღოლი მოდის და სურს ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობა, მას მოჰყავს საკუთარი ავტომობილი, რომელსაც ვამოწმებთ, რომ გავარკვიოთ, არის თუ არა ბოლომდე გამართული და უსაფრთხო მგზავრთა გადასაყვანად. მხოლოდ მას მერე ჩაერთვება საქმეში, რაც დადასტურდება, რომ ისეთ მდგომარეობაშია, შეძლებს მგზავრის უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაყვანას. ჩვენ ვართ ინფორმაციის გადამცემები. როდესაც მომხმარებელს სჭირდება მომსახურება, ჩვენი შვედური აპლიკაციის საშუალებით, ამ ინფორმაციას ვუშვებთ სისტემაში და მძღოლებს აქვთ შეთავაზება, რომ ის სამუშაო აითვისონ, რაც მათ სჭირდებათ. შეიძლება ითქვას, ჩვენ მხოლოდ ინფორმაციის გამტარებლები ვართ.
– დღეს დიდია მოთხოვნა ტაქსით გადადგილებაზე?
– ზოგადად, ტაქსებზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, გაცილებით მეტი დატვირთვით ვმუშაობდით წინა წლებში, ვიდრე ახლა. არათანაბარ კონკურენტულ პირობებში გვიწევს არსებობა, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახა ჩვენზე. სამწუხაროდ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდით, შეგვემცირებინა თანამშრომლების სამუშაო საათები, მათ შორის, შშმ პირებისაც. ასევე, მათი მომსახურე მანქანების რაოდენობაც. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!