№31 ალხანა და ჩალხანა
ანუ „ღირსი“ გვამები
ამ ჩვენს ოკუპანტ რფ-ს ისეთ პატივში ჰყავს ეს ჩვენი ცხინვალელი სეპარატისტები, რომ იქით – ნომერ პირველი დიპლომატი ლავროვი (სერგეი) ხვდება „იუჟნაია ოსეტიას“ „ელჩ“ დიმიტრი მედოევს, აქეთ კი – თვით რუსეთის ეკლესიის პატრიარქი კირილი „პრ.“ ბიბილოვს.
გარდა სხვა საკითხებისა, ამ პატიოსან გვამებს (უფრო პირდაპირი მნიშვნელობით) მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ცხინვალში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მშენებლობაც განუხილავთ (ოღონდ აი, ის აღარ მკითხოთ, როდის შემდეგ გახდნენ ეს ჩვენი ოკუპანტ-სეპარატისტები ეგზომ ღვთისმოსავები, იმას გარდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, თუ საქმეს მართლმადიდებლური იურისდიქციით მივუდგებით, არათუ ეკლესიის აშენების, სასულიერო პირის კურთხევის უფლებაც კი არ აქვს მოსკოვის საპატრიარქოს).
ამის პარალელურად, იმ შესაძლებლობაზეც უმსჯელიათ, რომ „იუჟნაია ოსეტიას“ მკვიდრებმა რუსეთის სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში გაიღრმაონ სასულიერო ცოდნა.
რთული სათქმელია, რატომ გადადგა ეგზომ რადიკალური ნაბიჯი რფ-ის ეკლესიამ (განსხვავებით რუსული სახელმწიფოსგან, ის ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ეპარქიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციად მოიაზრებს), ხოლო, რაკი აშკარაა ქართული ეკლესიის იგნორირების მცდელობა, ჩნდება ეჭვი, რომ იქ, ჩრდილოეთში, ცხინვალის რეგიონის მისაერთებლად ემზადებიან?! –
თუმცა ისიც აშკარაა, რომ პატრიარქ კირილს ღირსეული კომპანიონი გვამი უშოვნია!