№30 ვინ დაადო ბორკილები ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს და რატომ გაურბოდა ის ცოლისდას, ელისო ჩაფიძეს
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭომ 2017 წლის უფლებადამცველად გამოაცხადა. აღიარება და გამორჩევა მილიონ ადვოკატს შორის, ქართველი ადვოკატისთვის, რომელიც წლის ბოლოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე მეორე ვადას ასრულებს, ნამდვილი სასწაული იყო. როგორ მოიგო ზაზა ხატიაშვილმა ევროპელი კოლეგების გული, ძნელი გამოსაცნობი არაა – ორიგინალური და ხმაურიანი აქციებით, ადვოკატთა უფლებების დასაცავად, ზაზა ხატიაშვილმა ევროპელებსაც კარგად გააცნო თავი. ვინ იყო მისი მახარობელი მუხურადან და სად ხვდებიან ზაზა ხატიაშვილს წითელი ხალიჩებით, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელმაც თავის ძველ და საყვარელ გატაცებაზეც ბევრი რამ გაგვანდო.
ზაზა ხატიაშვილი: ეს იყო ჩემი ცხოვრების ნამდვილი სასწაული, რომლის დაჯერებაც იოლი არაა. ამ ჯილდოზე, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭომ დააწესა და ყოველწლიურად გადასცემენ საუკეთესო უფლებადამცველს, პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციამ წარმადგინა. ევროპის ადვოკატთა ასოციაციასა და სამართლის საბჭოში მილიონი ევროპელი ადვოკატია გაერთიანებული. მილიონ ადამიანში რომ გამოგარჩევენ, ეს უფლებადამცველისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დაახლოებით ისეა, მსახიობმა კანის ფესტივალზე რომ გაიმარჯვოს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პატარა ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდებოდა ამ ჯილდოს მფლობელი. ეს ჩემი მოღვაწეობის პიკია. წინასწარი ეტაპის გავლის შემდეგ, 10 ადვოკატს შორის, მეც აღმოვჩნდი. კანდიდატებში იყო ვაცლავ ჰაველის ხელისუფლების დროინდელი იუსტიციის მინისტრი და რატომრაც ვფიქრობდი, რომ ჯილდოს მას გადასცემდნენ. პროცედურულად საკმაოდ ბევრი ეტაპის გავლა ხდება – კანდიდატურების განხილვის შემდეგ, არის კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარმოდგენილი 15 ქვეყანა. მე ხმა მომცა ათი ქვეყნის წარმომადგენელმა, ორი ხმა - ჩემს კონკურენტ ქალბატონს ერგო. მხარი დამიჭირეს საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის ადვოკატთა ასოციაციებმა. ეს ქვეყნები ადვოკატების გულია. მე თვითონ ამ პროცესს არ დავსწრებივარ. იმ პერიოდში ყაზახეთში ვიყავი, სადაც ლექციებს ვატარებდი ყაზახი ადვოკატებისთვის. როცა დამირეკეს და ეს ამბავი შემატყობინეს, თავი სიზმარში მეგონა. ჩემი ცოლისგან გავიგე. ის ბავშვებთან ერთად მუხურაში ისვენებდა ორი დღით და იქიდან დამირეკა.
– ბრიუსელიდან მუხურაში გაიგო თქვენმა მეუღლემ ეს ამბავი და თქვენ კოლეგების წრეში გამოგეპარათ?
– ჩემი ცოლი სულ კარგი ამბების მახარობელია. ისეთი კივილით დამირეკა, იცი, რა მოხდაო, თავიდან ცოტა შემეშინდა (იცინის). ამ ამბავში ჩართული იყო დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი, რომლისგანაც შეიტყო ჩემმა მეუღლემ ეს ამბავი. მერე ატყდა სატელეფონო ზარები სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებიდან. შვილებს გეფიცებით, სანამ ჩემმა მეუღლემ არ შემატყობინა, არაფერი ვიცოდი. ახლა და ახლა ვიგებ დათოსგან რამდენი ტექნიკური სირთულის გავლა მოუწია. ბრიუსელში საფრანგეთიდან ჩავიდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ობსერვატორიის დამფუძნებელი ანა სოლელიაკი, რომელიც თბილისში სამჯერ იყო, როდესაც ჩვენთან ადვოკატების უფლებები სასტიკად ირღვეოდა. ამ ქალბატონმა აქ ყველაფერი გადაიღო და ფრანგულ პრესაში დაბეჭდა, რის შემდეგაც ერთ საათში შეწყდა ციხეებში ადვოკატების რიგები. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ ვიდექი ციხესთან ბორკილდადებული. როგორც მითხრეს, ჩემზე არჩევანი გაკეთდა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე. მე ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის ერთადერთი თავმჯდომარე, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში, რომელიც არ აცდენდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პლენარულ სესიებს, შიმშილობდა ევროპულ ქვეყნებში ადვოკატების უფლებების დასაცავად. პირველი პირისგან ასეთი რამ არავის გაუგია, რადგან, როგორც წესი, ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარეები ადვოკატების გამო ხელისუფლებას არ უპირისპირდებიან. იყო მომენტები, როცა ადვოკატების უფლებების დასაცავად, ძალიან რადიკალურ ნაბიჯებზე მივდიოდი. ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინ ვაწყობდი აქციებს დაკავებული ადვოკატების ფოტოებით და მათ გათავისუფლებას ვითხოვდი. მტკიცებულებებით ვამბობდი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო რეჟიმი. ის, რომ მაშინ ხელშეუხებელი დავრჩი, მაშინდელი საფრანგეთის პრეზიდენტის, სარკოზის დამსახურებაა, რომელსაც ჩემი ინტერესების დაცვა ევროპელმა ადვოკატებმა სთხოვეს. მერე, როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, მასზე ვამბობდი, რომ ის იყო ფეოდალი და საქართველოში შექმნა ფეოდალიზმი. ასეთი რამ, ევროპის დავოკატთა ასოციაციას არცერთი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელისგან არ მოუსმენია არასდროს. რასაც ვაკეთებდი წინა ხელისუფლების დროს, იგივე გავაგრძლე ახალი ხელისუფლების პირობებში. თებერვალში ჩავედი ვენაში, ადვოკატთა ასოციაციების პრეზიდენტების ფორუმზე. სულ რაღაც 5 კილო ტანსაცმელი წავიღე თან, რომ გამომეცვალა. ერთი დიდი ჩანთა კი ნაწამები ადვოკატების ფოტოებით მქონდა სავსე, რომელიც 150 სტუმარს დავურიგე. გამოვედი სიტყვით, მოვყევი ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ არასრულწლოვან პატიმარს კონსულტაცია გაუწია. ჩემს სიტყვას დარბაზში დიდი ემოციები მოჰყვა. ეს ყველაფერი ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ შეაფასა. სექტემბერში მოხდება გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცება, ნოემბერში კი საზეიმო ვითარებაში გადმომცემენ ჯილდოს – ისეა, როგორც კანის კინოფესტივალზე. მიმიმუმ 200 სტუმარი ესწრება ამ ცერემონიალს, რასაც მოჰყვება სადღესასწაულო ვახშამი კეთილი სურვილებით, სადღეგრძელოებით.
– ყველაფერი წინ გქონიათ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის მეორე ვადას საპატიო ჯილდოთი დაემშვიდობებით. საით გაქვთ გეზი? პროცესებში თქვენი აქტიურობებიდან გამომდინარე, სულ ვრცელდება ხმები, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვებით.
– ყველა არჩევნების წინ მიგონებდნენ, რომ უნდა გადავმდგარიყავი ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან და მეყარა კენჭი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ან ვაპირებდი თბლისის მერობას, იყო ვერსიები პარლამენტის დეპუტატობაზეც. სინამდვილეში ეს ყველაფერი იყო ჭორი და ტყუილი. ამ ხელისუფლებისგან შემოთავაზების მეტი რა მქონია, მათ შორის, კარგ პოციებზეც, ისეთზე, არცერთი ჭკუამყოფელი უარს რომ არ იტყოდა. მე არ მქონია პოლიტიკაში ჩართვის სურვილი და ეს არც ახლა მაქვს. დეკემბერში, როცა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის მეორე ვადა ამომეწურება, გავაკეთებ ფირმას და ვიქნები ისევ ადვოკატი. გავაგრძელებ ჩემს საქმეს. მაქვს შემოთავაზებები აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, რომ ჩავიდე იქ და წავიკითხო ლექციები. მინდა, გავაკეთო დიდი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ადვოკატების უფლებების დასაცავად, როცა ამისი საჭიროება დადგება. ამიტომ მეცინება, როცა ამბობენ, რომ პოლიტიკური გეგმები მაქვს. ქუჩაში ფეხით რომ დავდივარ, ან მეტროში ჩავდივარ, იმდენი ხალხი მეფერება, მკოცნის, პატივს მცემს, თბილ სიტყვებს მეუბნება – საკოცნელი პირი სალანძღავად რატომ გავიხადო? აბა, წამოვიდნენ ჩემთან ერთად მეტროთი მინისტრები, იქიდან თუ ცოცხლები გამოასწრებენ. აბა, ვნახოთ. იმდენად მძულს პოლიტიკოსები, არ მინდა, ჩემი თავი შემძულდეს. როცა ადამიანი პოლიტიკაში მიდის, ის თანხმდება იმ თამაშს და სიბინძურეს, რაც პოლიტიკას ახლავს. ჯიბით კორსიზი დამაქვს. ჩემი ცოლი მეუბნება, როცა თავმჯდომარე აღარ იქნები, გულის ექიმთან უნდა წაგიყვანოო.
– პოლიტიკაში იყო თქვენი ახლო ნათესავი ელისო ჩაფიძე, თუ როგორც ჭეშმარიტი ქიზიყელი, ცოლის ნათესავს ნათესავად არ მიიჩნევთ?
– არა, კაცო, ცოლის ნათესავი ნათესავია, აბა, რა არის?! ჩემს ცოლისდას უზარმაზარი ამაგი აქვს ჩემს შვილებზე. ელისო ჩაფიძე იყო ძალიან ღირსეული დეპუტატი და პოლიტიკოსი. ეტყობა, იმიტომაც არ არის დღეს პარლამენტის წევრი. ძალიან ბევრი ტყიბულელი მეუბნება თვალცრემლიანი, რომ ახლა აღარავინ აქცევთ ყურადღებას. როდესაც ელისო პოლიტიკაში მიდიოდა, ვეუბნებოდი: შენ ჟურნალისტიკის ვარსკვლავი ხარ, პრესის დედოფალს გეძახიან და პოლიტიკაში არ წახვიდე-მეთქი. სიმართლეს გეტყვით, განსხავავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, იმ დროს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ერთმანეთთან დისკომფორტი გვქონდა, თითქოს გავურბოდით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ეს ყველაფერი მალე დასრულდა. ახლა მე რომ პოლიტიკაში წავიდე, იგივე დამემართება, რაც ელისოს დაემართა. თუმცა, მე ის ელისო ჩაფიძე მახსოვს და მიყვარს დღემდე, რომელიც კახა თარგამაძეს, გაზეთის ყოველი ნომრის გამოსვლის წინ, შავ პარასკევს უთენებდა. ადამიანის უფლებათა მიმართულებით, სადაც არ უნდა ჩავიდე, წითელი ხალიჩებით მხვდებიან. ჩემი ავტორიტეტი მაქვს და ეს ავტორიტეტი, რატომ უნდა დავკარგო?!
– როგორია თქვენი ცხოვრება კადრს მიღმა?
– ძალიან რომატიკული ვარ. ასეთ მძიმე ცხოვრებაში და ამდენ დაპირისპირებაში, რომანტიკული რომ არ ვიყო, ვერ გადავრჩებოდი. ყოველდღე ჩხუბი, დაქცეული ადამიანების ყურება, იოლი ხომ არაა? მე ჩემი სამყარო მაქვს – დღე არ გავა, შვილი სკოლაში არ წავიყვანო და არ გამოვიყვანო. ასე დამყავდა ლუკაც. შვილებთან კონტაქტი ჩემთვის ყველაფერია. ძალიან მიყვარს კინო და თეატრი. ჩემს სამუშაო ოთახში გაკრული მაქვს პლაკატები მსოფლიოს ცნობილი ფილმებიდან. ძალიან მიყვარს რობიკო სტურუა. როცა სტუდენტი ვიყავი, თეატრში მეძინა. მის სპექტაკლებზე გავიზარდე. თითო სპექტაკლს ათჯერ ვნახულობდი. მიყვარს 40-50-იანი წლების მსოფლიო კინოს ლეგენდები. როცა უცხოეთში ჩავდივარ, აუცილებლად ვესწრები ოპერას, ბალეტს. ჩემი ოცნებაა, ჩემი ქალიშვილი – მერიკო მსახიობი გამოვიდეს. როცა დაიბადა ვუთხარი, შენ „ოსკარი” უნდა მომიტანო-მეთქი. ცოტა რომ წამოიზარდა, ძმამ „ოსკარი” უყიდა და თავთან უდევს. ცოლი მეჩხუბება, პირველად ვნახე, მამა შვილის მსახიობობაზე რომ ოცნებობსო. მსახიობობა მერიკოსაც ისე შევაყვარე, „მემუქრება,” „ოსკარი” უნდა მივიღოო (იცინის). მერიკო ფრანგულ სკოლაში დადის, კარგად ხატავს. მინდა, საფრანგეთის ხელოვნების აკადემიაში ისწავლოს. იმდენი მიწვევა მაქვს, არ გამიჭირდება, თვეში 400-500 ევრო გავუგაზავნო, რომ თავი შეინახოს. სწავლის პროცესი უფასოა, ისწავლოს, ბატონო!
– ასე რომ გიყვართ კინო, ერთ ეპიზოდურ როლშიც არ მოგისინჯავთ ძალები?
– მე კინო მიყვარს როგორც მაყურებელს. კარგი ფილმები ხუთჯერ-ექვსჯერ მაქვს ნანახი. მირჩევნია, ვუყურო „ქარწაღებულნს,” ჯეკ ნიკოლსონს „კუკუშკაში”, დასტინ ჰოფმანის ფილმებს. კვირა ისე არ გავა, ერთი ახალი ფილმი არ ვნახო. ბოლოს, რაც ძალიან მომეწონა, სტივენ სპილბერგის ფილმია ადვოკატზე. ადვოკატის როლს ტომ ჰენქსი თამაშობს. რასაც მე ვაკეთებ, იმას აკეთებს ისიც, ტომ ჰენქსის გმირმა საკუთარი თავი გამახსენა, ისე მგავდა, თითქოს მე ვიყავი (იცინის).