№30 სად გეგმავდა ბომბების აფეთქებას ლაშა ონიანი და როგორ გადაარჩინა მან პარიზში, ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩაშლას
რეჟისორ ლაშა ონიანს წლების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტზე უმუშავია და საკმაოდ წარმატებულადაც. ცოტა ხნის წინ ლაშა, როგორც დამდგმელი რეჟიოსრი, ჯერ TSR-ის საერთაშორისო ჩემპიონატის გახსნაზე მუშაობდა, მოგვიანებით კი – ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე.
ლაშა ონიანი: TSR – ეს არის ძვირად ღირებული ძარიანი ავტომობილების ჩემპიონატი, რომელთა ძრავა დაახლოებით 100 ათას ევრომდე ღირს. 18 ქვეყნიდან იყვნენ საქართველოში ჩამოსული. ამ შეჯიბრების გახსნა წელიწადში ერთხელ, რომელიღაც ქვეყანაში ხდება და წელს ჩვენთან ჩატარდა. დიდი სიამოვნებით ვიმუშავე. გავითვალისწინეთ, რომ 18 ქვეყნიდან ჩამოდიოდა ხალხი და შესაბამისად, ყველას ინტერესი უნდა დაგვეკმაყოფილებინა. რამდენადაც მასობრივი იყო შეჯიბრება, მსგავსი მასობრივი სახე მივეცით გახსნასაც. დაახლოებით 670 ადამიანი მონაწილეობდა. ვიზუალურად, ახალგაზრდებით ქართული დროშა შევქმენით. გარდა ამისა, მონაწილეობდა დასი, თავისი შოუებით, აკრობატებით, მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო დროშებით.
– როგორი იყო შეფასებები უცხოური მხრიდან?
– ყველანაირად ვეცადეთ, კარგი გამოსულიყო და გამოვიდა კიდეც. შედეგი დავდეთ აბსოლუტურად მისაღები. პროექტი ორ ნაწილად გავყავით, ცოცხლად გავუკეთეთ TSR-ს რეკლამა. რუსთაველის გამზირი გადავკეტეთ და ვარდების მოედანზე მოეწყო ამ ავტომობილების ღია ჩვენება-დათვალიერება. გადამზიდებით მივიყვანეთ, ლამაზად განვალაგეთ. მრბოლელებიც მოვიდნენ და უამრავი გულშემატკივარიც. ძალიან კარგი პარტნიორობა გაგვიწია „პორშემ“. დაახლოებით 28 ავტომობილი მოგვიყვანა და „პორშეებით“ მოვაწყვეთ ვარდების მოედანი. შიგნით განვალაგეთ TSR-ს ავტომობილები. ჩამოსული სტუმრები გაკვირვებულები იყვნენ. ვერ წარმოედგინათ, თუ მსგავსი რეკლამირება შესაძლებელი იყო. ამის მერე მოვაწყვეთ დიდი სვლა, რაც საკმაოდ ლამაზი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. TSR-ის ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში გადაიცემოდა, „ევროსპორტმაც“ გააშუქა, ასევე სხვა სპორტულმა არხებმაც, ყველა ქვეყნიდან. დაახლოებით 4-5 ქვეყნიდან მივიღე ზარები: ვა, რა მაგარიაო. ზოგადად, როგორც იხსნება, იმ ხარისხით გრძელდება და ჩვენ ნამდვილად დავდეთ ხარისხი. წარმატებით ჩავაბარეთ გამოცდა.
– როდესმე მიგიღია რალიში მონაწილეობა?
– ეს იგივეა, მიწაზე რომ დაფრინავ, ისეთი დიდი სიჩქარეა. „ფორმულაში“ არც ჩავჯდები. TSR-ის მანქანასაც არ გავეკარები. სიჩქარის გამო არა, იქ მართვის სხვა სისტემაა. პროფესიონალურ კარტინგებში მიმიღია მონაწილეობა, მაინც ვუფრთხილდები თავს. ძალიან დიდი ადრენალინია, ნახევარი საათი დადიხარ გაუჩერებლად. ენერგიას ითხოვს, ძალა გჭირდება, საჭე უნდა დაიმორჩილო. მერე ვიღაც გეჯახება, არ გიშვებს წინ, შენც ეჯახები... მოკლედ, იბრძვი.
– ცოტა ხნის წინ ფეხბურთში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონალში მიიღე მონაწილეობა.
– ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. 90-ათასიანი მაყურებლის წინაშე ჩაგვიბარებია გამოცდა. ამაზე დიდი სტადიონები აღარ არსებობს. 85 ათასი მაყურებელი რომის ოლიმპიურ სტადიონზე – ეს არის კოშმარულად დიდი რიცხვი და სულ სხვა შეგრძნებებია. ახლა გორის სტადიონზე ჩატარდა და ძალიან საინტერესო იყო. მიდგომა ყოველთვის ერთნაირია, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ათასი მაყურებელი იქნება. არ ვიცი, „უეფამ“ რატომ გადაწყვიტა, გორში ჩატარებულიყო, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი ცოტა პოლიტიზებულია. რამდენიმე ათეულ მეტრში მცოცავი საზღვარია, რომელიც ყოველდღე გვიახლოვდება. ევროპამ, რომელმაც საზღვრები სულ მოგვიხსნა, მცოცავი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტში თავისი ჩემპიონატის გახსნა უჩვენა. გახსნაში მონაწილეობდა: აჭარის, აფხაზეთის, ოსეთის სახელმწიფო ანსამბლები და ასევე, ანსამბლი „რუსთავი“. მთლიანი საქართველო დადგა ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.
– არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაგიხსნია.
– ღონისძიება, რომელიც არ მავიწყდება, ეს პარიზში გაკეთებული ჩემპიონთა ლიგის ფინალია 2006 წელს. სცენარში მფრინავი აკრობატი გვყავდა ჩასმული, რომელსაც, შოუს პარალელურად, სტადიონისთვის ჰაერში უნდა დაერტყა წრე. ის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელსაც ვიყენებდით, მაშინ ახალი იყო. „უეფაც” დაინტერესდა და რა თქმა უნდა – ჩვენც. ღამის სამ საათზე ვფიქრობდი: ტროსებზე დაკიდული, ოთხ წერტილში დაბმული ადამიანი, რომელიც იმართება პულტით, ეს პულტი კი უჭირავს ვიღაცას... კოლეგასთან ერთად წავედით სტადიონზე: ტექნიკოსები იქ არიან და კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ. ტექნიკოსებიც საგონებელში იყვნენ. სირთულე ის იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი არის ამ სფეროში, ფეხბურთის ბიზნესში, ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების, ასე ვთქვათ, ბაზრობა. გახსნის ცერმონიალი 7 წუთი გრძელდება და ამ ტექნიკას რამე პრობლემა რომ შეჰქმნოდა, აკორობატის ჩამოხსნას მინიმუმ 45 წუთი დასჭირდებოდა. მოიტანეს 95-კილოგრამიანი ტომარა, ჩართეს პულტი და მშვენივრად შეასრულა ტომარამ დავალება. მე ვეუბნები: გააღვიძეთ აკრობატი, დაკიდეთ და ეს ყველაფერი გადავიღოთ-მეთქი. ცირკიდან ამ ტექნიკის გამოყენება დაახლოებით 120 ათასიდან 150 ათას ევრომდე დაჯდა. კომპანიას „უეფასთან” ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, მოკლედ, ძალიან დიდი რისკი იყო. გავაღვიძეთ აკრობატი. ჩააცვეს, დაკიდეს. ჩართეს პულტი, დაიწყო აკრობატმა თავისი ნომრის შესრულება და გაიჭედა. იგივე რომ მომხდარიყო გახსნაზე, ეს იქნებოდა მთელი დღის ჩაგდება, რაც უთვალავ თანხებთან გახლდათ დაკავშირებული. მოკლედ, 42 წუთში ჩამოხსნეს. ქვედა ტანი ჩაულურჯდა, საშინელ დღეში იყო. არ ვიცი, ფრანგულად რას გვეძახდა, მაგრამ ქართულად რომ ეთქვა, გავუგებდი. მე დავისვენე და ვთქვი: აკრობატმა არ უნდა გააკეთოს ხვალ წრე. ვერავინ გამიწია წინააღმდეგობა: ახმელა თანხა გვაქვს გადახდილი და ეს უნდა გაკეთდესო. რეალურად რომ შეაფასეს ფინალის დღე, გადახდილი თანხა უკვე აღარაფერ შუაში იყო. რადგან ხელშეკრულება არსებობდა და ეს ტექნიკა უნდა გამოგვეყენებინა, დავტოვე შუა ნაწილში ასეთი რამ: პლატინისა და ბეკენბაუერის დიდი ბანერი უნდა აეწია და დაეშვა ძირს. კოშმარი ღამე გაგვითენდა, მაგრამ საბოლოოდ, გადავრჩით. კაციშვილს არ გაუგია. მოვიდნენ, უყურეს მაგარ თამაშს და წავიდნენ.
ერთხელ მქონდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ჩავარდნა, როცა ცრემლებამდე მივედი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პროექტი იყო „კარმინა ბურანას“ დადგმა 90-იან წლებში. სამი თვე მოვანდომე ამ დადგმას: ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა: გუნდი, ორკესტრი, მსახიობები. ლუქსემბურგის საზღვარზე უნდა ჩატარებულიყო ცოცხალი ბობმების აფეთქებებით და მოკლედ, მთელი ეფექტებით. „კარმინა ბურანამ“ მაშინ შემოიარა მთელი ევროპის დედაქალაქები და ლუქსემბურგის საზღვართან უნდა გამეკეთებინა მე. ერთი საათით ადრე, რომ დაიწყო თავსხმა წვიმა – არადა, 7-8 ათასი ბილეთი გაყიდულია. ძველი ფაბრიკის ეზოში უნდა ჩატარებულიყო შოუ ღია ცისქვეშ. ორკესტრის ინსტრუმენტებმა შექმნა პრობლემა – ძალიან ძვირი ღირს და დირიჟორმა უარი თქვა. 4 საათი წვიმდა, სცენის ქვეშ შევედი, ჩემთვის ვიჯექი დიდი ხნის განმავლობაში, ლამის ინფარქტი მივიღე. ხალხი იდგა და ელოდა... თუ რამეს მივაღწიე დღემდე, ამ სპექტაკლით 10 წლით ადრე მივაღწევდი. მას ჩასვამდნენ იმ დიდ სერიაში, სადაც ყველა ჩატარებული „კარმინა ბურანაა“ ჩაწერილი. თავისი მკვლევრები, გულშემატკივრები ჰყავს და ამ სიაში რომ ვერ მოვხვდი, ჩემთვის ეს იყო დამანგრეველი. თან, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მაშინ ეს იქნებოდა კოსმოსში გაფრენა და უცბად, დასრულდა ყველაფერი. ეს იყო დიდი დარტყმა... დილით ჩანაწერი მოვიტანე და ხალხს ვაყურებინე, რომ ნდობის ამბავი დარჩენილიყო.