№30 როგორ მიიღო ორიანი ისტორიის გამოცდაზე რამაზ ჩხიკვაძემ ხელების ქნევის გამო
ცნობილი ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ასეთ ისტორიას იხსენებდა: „მე და გია ბადრიძე თანაკლასელები ვიყავით და მთაწმინდაზე, ვაჟთა სკოლაში (ამჟამად 47-ე სკოლა) ვსწავლობდით. ისტორიას ცნობილი პედაგოგი თემურ ერისთავი გვასწავლიდა. მეცხრე კლასში ისტორიის გამოცდა გვქონდა და მომავალში ისტორიის ასპირანტურადამთავრებულმა გიამ იზარმაცა და საგამოცდოდ მოუმზადებელი მოვიდა. ერისთავთან კარნახი გამორიცხული იყო. ეგრევე აგდებდა გარეთ, ამიტომ საგონებელში ჩავვარდით. გამოსავალი ისევ გიამ მოძებნა და მითხრა:
– მუნჯურად მიკარნახე. თემური ვერც ვერაფერს გაიგებს და ვერც მიხვდებაო.
საქმე ის იყო, რომ მთაწმინდელ გია ბადრიძეს ერთი სომეხი მეზობელი ჰყავდა ძია ისაკა, რომელიც დაბადებიდან ყრუ-მუნჯი იყო და სწორედ მასთან „დავამუღამეთ“ ჟესტების ენა.
მე ჭკუაში ჩამიჯდა გიას ოინი და დავთანხმდი. გამოცდა რომ დაიწყო, პირველი გია გავიდა დაფასთან. აიღო ბილეთი და საკითხები ხმამაღლა წაიკითხა. მე ბოლო მერხზე ვიჯექი და მიდი მოვდივარ, შევუბერე... მე გამწარებული ვიქნევ ხელებს, გია კი – დინჯად ყვება. სამივე საკითხი რომ ჩავაბულბულეთ, ერისთავმა ხელით მიხმო. გია ბადრიძის გვერდით დამაყენა და მუნჯურად მოგვახალა ასეთი ფრაზა: ორივეს ორიანი, ყმაწვილებო! წადით და გადაბარებაზე მოდით, მაგრამ ხელების ქნევა აღარ დამანახვოთო.
როგორც გაირკვა, ბატონი თეიმურაზი ადრე ყრუ-მუნჯთა სკოლის დირექტორი ყოფილა და ჟესტების ენა საუცხოოდ იცოდა.