№30 რატომ უნდა აფრიკული სიღარიბიდან დაბრუნებულ ლიკა ტორიკაშვილს საქართველოს პრეზიდენტობა და რა საჩუქარი გაუკეთა მას სვაზილენდის მეფის ვაჟმა
ლიკა ტორიკაშვილი, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა საკმაოდ მიზანდასახული და დამოუკიდებელია. მან, ცხრა თვე აფრიკაში გაატარა და ახლახან ჩამოვიდა საქართველოში. ლიკა სვაზილენდის მეფის სასახლეში, თავად უფლისწულმა მიიპატიჟა და იმ სიღარიბის მიღმა, სადაც ის ცხოვრობდა, ნამდვილ ოქროს ზღაპარში მოხვდა. იქიდან დაბრუნებული, ახლა ამერიკაში აპირებს სწავლის გაგრძელებას და იმედი აქვს, სამყაროს გაფერადებასა და საქართველოს პრეზიდენტობას, აუცილებლად შეძლებს.
ლიკა ტორიკაშვილი: აფრიკაში, სვაზილენდის სამეფში, მოხალისედ წავედი. ეს ჩემი სურვილი იყო და პირველი ქართველი ვარ, ვინც სამხრეთ აფრიკის პატარა ქვეყანაში, ცხრა თვე გაატარა. 14 წლის ვიყავი, როცა იაშვილის კლინიკაში, მეგობრებთან ერთად, ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოვინახულე. ამის შემდეგ, დავიწყეთ თანამოაზრეების მოძიება და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვებთან მისვლა. გვინდოდა, მათ ცხოვრებაში სიხარული და ნათელი ფერები შეგვეტანა. 16 წლის ასაკში კი, ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია – „გაუფერადე სამყარო“. მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯების პროექტში მონაწილეობის უფლება მოვიპოვე და სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებს გავუზიარე იდეები, საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ. კოლეჯმა, თავად გამოთქვა სურვილი, დაეფინანსებინა „გაუფერადე სამყაროს“ საერთაშორისო პროექტი. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მოვაგროვე ბილეთის ფული და აფრიკაში წავედი მოხალისედ. ბავშვთა სახლი დედაქალაქიდან მოშორებით იყო. ეს პერიოდი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის. თან, იქ თეთრკანიანს უცნაურად გიყურებენ, არ გენდობიან, გერიდებიან. პირველ ეტაპზე ეს მირთულებდა საქმეს. არა მარტო სვაზილენდში, სამხრეთ აფრიკაში, ზიმბაბვესა და მოზამბიკშიც ვიცხოვრე. პირველი ორი თვე ძალიან გამიჭირდა. სულ მარტო ვცხოვრობდი აფრიკულ სოფელში, სადაც პატარა თიხის სახლებია და არც წყალია, არც შუქი, არც ინტერნეტი. იქაური მოსახლეობის გაჭირვებულმა ცხოვრებამ მთელი ჩემი ხედვა შეცვალა. იმ ორ თვეში გავიზარდე, ალბათ, 40 წლით. ვცხოვრობდი ხალხთან, რომლებსაც არაფერი გააჩნდათ, მაგრამ მაინც ბედნიერები იყვნენ. ბავშვთა სახლში ვმუშაობდი და ვცდილობდი, უდედმამო, მშიერი, ჩაუცმელი ბავშვებისთვის, ფერადი და ბედნიერი გამეხადა სამყარო. თითქმის ყოველი მეორე ბავშვი დაავადებულია შიდსით. განათლების მხრივ საშინელი სიტუაციაა. ვასწავლიდი მათემატიკას, უცხო ენას და მათ შორის, ქართულსაც. ჩემი პროექტის მთავარი მიზანიც ეს არის, მივიტანო განათლება იმ ქვეყნებსა და ადგილებში, სადაც ამის დეფიციტია. იმ სიმარტოვეში ვიპოვე მეგობრები, აფრიკელები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე ჩემს უახლოეს ადამიანებად დარჩებიან და თვალდახუჭული ვენდობი. დავრწმუნდი, არ აქვს მნიშვნელობა სად მოხვდები, ყველგან იპოვი ნაღდ და სუფთა ადამიანს, რომელსაც ენდობი. შემდგომ, დედობილიც გავიჩინე, ქალბატონი ჯუდი, რომელიც შემთხვევით გავიცანი და რომელთანაც განშორება გამიჭირდა. მიუხედავად იქაური გაჭირვებისა, ჩემი დედობილი, საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს, ადვოკატია, თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელი. ხშირად მირეკავს, ყველაფერი იცის ჩემზე და მგულშემატკივრობს.
– როგორც ვიცი, სვაზილენდის სამეფოშიც მიგიპატიჟეს და პირველი ქართველი ხარ, ვინც იქ დადგა ფეხი.
– დიახ, ასეა. სვაზებს აქვთ ერთი დღე, როცა კონკრეტულ ტანსაცმელს იცვამენ და ყველა ქალიშვილი იკრიბება, რომ მეფისთვის იცეკვოს. მეფეს ჰყავს 15 ცოლი და 30 შვილი. მართალია, ეს სამოსი მეც მოვირგე, მაგრამ მეფის თავის მოსაწონებლად არ მიცეკვია (იცინის). მისი ორი შვილი გავიცანი და დავმეგობრდით. სხვათა შორის, მისმა ვაჟმა, მაჯახა გვამინიმ, დამპატიჟა მეფის სასახლეში და ნამდვილ, მოოქრულ ზღაპარში მოვხვდი, რომლის გარეთაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან. მეფე ვერ ვნახე, რადგან მისი ნახვა რთულია. ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა. ის როგორც ღმერთი ისე ჰყავთ, თუმცა, იქ არც იმყოფებოდა. სასახლე კი, ნამდვილი მუზეუმი იყო – ყველაფერი ბრჭყვიალებდა, მოოქრული იყო და როგორც პრინცმა მითხრა, ეს სიმდიდრე დუბაიდან ყოფილა ჩამოტანილი. თან, ამაყობდა იმით, რომ ასეთ სიმდიდრეში ცხოვრობდა და თან, იმასაც ამბობდა, სასახლის გარეთ რომ გავდივარ, გზაზე ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ამას განვიცდიო.
– რით გაგიმასპინძლდა პრინცი?
– ერთად ვისაუზმეთ და თან ვისაუბრეთ. მაჩუქა სვაზილენდური ყელსაბამი, რომელიც ბისერებით კეთდება და მათი ტრადიციული სამოსის ნაწილია – აუცილებელი ატრიბუტი ქალისთვის და ხელნაკეთია. ულამაზესია, მას ქალები ამზადებენ და ამ ქვეყნის სიმბოლოა. ზემოდან, სვაზილენდის დროშები აქვს და საქართველოშიც ვატარებ. იქაური სამოსიც ჩამოვიტანე, ულამაზესი ფერებია. თუმცა, ჯერ ქუჩაში ჩაცმას ვერიდები. როგორც მითხრა, თურმე, საქართველოში ნამყოფი იყო. 19 წლის ვიყავი, ძალიან მომეწონა თქვენი ქვეყანა და კიდევ მინდა ჩამოსვლაო. დავპატიჟე საქართველოში. ხშირად ვკონტაქტობთ ტელეფონითაც და სოციალური ქსელითაც. თუმცა, მე ახლა ამერიკაში მიწევს წასვლა და ამიტომ, ვერ მოვახერხებ მის საქართველოში ჩამოყვანას. ჩემი ოცნებაა, დიდი წვეულება მოვაწყო საქართველოში და დავპატიჟო ჩემი მეგობრები – სვაზილენდის პრინცი და პრინცესა, ასევე, მალალა – პაკისტანელი გოგო, რომელიც განათლებისთვის იბრძვის, ტერორისტებმა დაჭრეს და ახლა, ახალგაზრდა გოგონების ლიდერი, გაეროს ახალგაზრდა მშვიდობის ელჩია. ის ჩემი ეტალონია და მინდა მისი გაცნობა. მისი მეგობრები ბრიტანეთში, ჩემთან ერთად სწავლობდნენ და ბევრს მიყვებოდნენ მასზე.
– ლიკა, ოცი წლის აფრიკაში გახდი. სად შეხვდი დაბადების დღეს?
– ბავშვობის ოცნება იყო, ჩემი თვალით მენახა კეთილი იმედის კონცხი – ადგილი კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკაში, სადაც ატლანტისა და წყნარი ოკეანე ერთმანეთს უერთდება. ეს ოცნება ჩემს დაბადების დღეზე ავიხდინე. თუმცა, მეგონა, ვერასდროს ავიხდენდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. იქიდან პატარა ნიჟარები ჩამოვიტანე და ეს დიდი განძია ჩემთვის.
– ოჯახმა როგორ გაგიშვა პატარა გოგონა უცხო მხარეში, სრულიად მარტო? წინააღმდეგობა არ გაგიწიეს?
– ოჯახის წევრებს არ უნდოდათ ჩემი გაშვება. ნერვიულობდნენ, მეუბნებოდნენ, სად მიდიხარ მარტოო. სულ ვამბობ, ჩემი სიგიჟეები მაქვს, ყველაზე გიჟი ვარ და ჩემი საიდუმლოებები მაქვს და ამით დავითანხმე-მეთქი (იციანის). ახლა ოთხი წლით ამერიკაში მივდივარ. დიდი გეგმები მაქვს. მინდა, სამყარო შევცვალო და საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი გავხდე. მიმაჩნია, რომ ქალი გადაარჩენს სამყაროს და მალალაც, ამის ნათელი მაგალითია. მე ქართველი ებრაელი ვარ, ისრაელშიც ხშირად ჩავდივარ და იქაც ვაპირებ პროექტების განხორციელებას. მალაიზიელი, მუსლიმანი მეგობარი მყავს. ყოველთვის, როცა ვხვდებით, აღვნიშნავთ, რომ ებრაელი და მუსლიმანი უახლოესი მეგობრები ვართ და ერთად ვაფერადებთ სამყაროს. ვფიქრობ, მშვიდობით და მეგობრობით შეიძლება, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა.