№30 როგორ „გააპო შუაზე“ სანდრა რულოვსის მძღოლმა ხვიჩა მაღლაკელიძე და როგორ ხვდება ის წინასწარ ახლობელთა გარდაცვალებას
მუსიკოს და მომღერალ ხვიჩა მაღლაკელიძეს, ყველა მხიარულ, ენერგიულ და ენაკვიმატ ადამიანად იცნობს. თუმცა, არის დღეები, როცა ის ცუდ განწყობაზე იღვიძებს და ზუსტად იცის, რომ, რომელიმე ახლობლის გარდაცვალება უნდა გაიგოს. ამას ის სიზმრითა და შინაგანი განწყობით, წინასწარ გრძნობს. როგორც თავად აღნიშნავს, ინტუიციაც საკმაოდ აქვს განვითარებული და მისი ღამის ზმანებაც, არასდროს ცდება.
ხვიჩა მაღლაკელიძე: ყველას ჰგონია, სულ კარგ ხასიათზე ვარ, მაგრამ ეს, ასე არ არის. უბრალოდ, ბავშვობიდან მივეჩვიე პრობლემის დანახვას, აღქმას და გადმოცემას სასაცილოდ. ყველა ცუდსა და პრობლემაში სახალისოს ვეძებ. წყალი წავიდა, დენი წავიდა... ვღადაობ. მოვიდა, გაორმაგებული ტარიფი გადასახადზე? ვიხოცებით ოჯახში სიცილით. უნდა დააძალო და იუმორით შეხედო ყველა ფაქტს ცხოვრებაში.
– როცა დენი ქრება და წყალი მიდის, თან გაორმაგებული გადასახადი მოდის, ამაზე როგორ ვიცინოთ?
– სხვა რა გზაა? აბა, დაჯექი და გაიხეთქე გული ტირილითა და დარდით – რა, წყალი და დენი მოვა თუ თავისით გადაიხდება გადასახადი? ტრაგედიასაც, იუმორით უნდა შეხედო, შენეული ინტერპრეტაციით აღიქვა და ცხოვრებაც გამარტივდება. მუსიკაშიც ასე ხდება. როცა დამწყები ხარ, პლაგიატობა „მოსულა“. თავიდან ვიღაცას უნდა მიბაძო და მერე, შენი ინტერპრეტაციის უნარიც „გეხსნება“ იმ სხვის ხარჯზე. ეს არ არის დასაძრახი, მაგრამ, ვიღაცის ნაწარმოებს რომ ნოტი-ნოტში დაუკრავ და გაიძახი, ჩემიაო, ეს დანაშაულია და თან, დასჯადი.
– ასეთი დანაშაული ჩაგიდენია?
– მსგავსი, კეთილი დანაშაული, ძალიან ბევრჯერ ჩამიდენია. დავსესხებივარ დიდ მუსიკოსებს ფრაზებში და მელოდიურ მონახაზებში. მაგრამ, ეს იყო წლების წინ, როცა ვეძებდი – რა ჟანრში დამეფუძნებინა საკუთრი თავი.
– ეს დანაშაულებები ხახვივით შეგრჩა?
– ხახვივით იმიტომ შემრჩა, რომ ამით ფული არ მიკეთებია, შოუ არ დამიდგამს და არც მიტრაბახია, ჩემია-მეთქი. ამას წინათ მოვისმინე, რაიმონდ პაულსის „მილიონ ალიხ როზ“, თურმე ირანული სიმღერა ყოფილა და გადმოღებული აქვს, ნოტი-ნოტში. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, რკინის კედელი იყო და ეტყობა, მოისმინა და გადმოწერა. იფიქრა, საბჭოთა კავშირის საზღვრებს ვერ გაცდება მაინც და ვინ მიხვდებაო. ამ იმედით გადააკოპირა და სახელმწიფო პრემიაც დაიმსახურა. ასეთი რამეები ხდებოდა და მოხდება.
– ამბობენ, რომ საშინელი ინტუიცია გაქვს – წინასწარ ზუსტად ხვდები, მოსალოდნელ ფაქტებს. ასეა?
– მართალია, მოსალოდნელი საშიშროებისა და საფრთხის ინტუიცია ნამდვილად მაქვს განვითარებული. ზუსტად ვხვდები – სად არ უნდა წავიდე, სად რა არ უნდა ვთქვა, როდის არ ჩავუშვა ბავშვი ეზოში, არ წავიდე კონკრეტულ ადგილას და ასე შემდეგ. ინტუიცია ყოველთვის მიმართლებს და ბავშვობიდან ვუჯერებ. მაგრამ, ეს ხდება საფრთხის მიმართ, თორემ აზარტულ თამაშებში, არ მიჭრის. ამის გამო, „დურაკას“ და „რეზინობანას“ თამაშის გარდა, თამაში არ ვიცი. „რეზინობანას“ იმიტომ ვთმაშობდი, გოგონებს „ტრუსიკები” უჩანდათ ფეხს რომ აწევდნენ და „დურაკას“ თამაში კიდევ, ბათუმი-თბილისის ღამის მატარებელში ვისწავლე, დროის გასაყვანად.
– ხვიჩა, სიკვდილისთვის თუ ჩაგიხედავს თვალებში?
– როგორ არა! ავარიაში, სიკვდილს ბეწვზე გადავურჩი. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სანდრას მძღოლმა, ისე დამარტყა, შუაზე გამაპო. მე ჩემს გზაზე მივდიოდი, ეტყობა, არ მოეწონა, წითელი ფერის შუქნიშანზე გამოვარდა და რომ დამარტყა, აღარაფერი მახსოვს. მართალია, ის გაამტყუნეს, მანქანაც გამიკეთა, მაგრამ ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს. მახსოვს, დარტყმის მომენტში, ბათუმის, თბილისის, ფოთის, ხაშურის კადრებმა თვალწინ ჩამიარა. წამში, ყველა ქალაქი მოვიარე და თან ლუბა აბრამია, ბებიაჩემიც დავინახე, გარდაცვლილია, ხელს მიქნევდა და მეძახდა, მოდიო (იცინის). გეფიცებით, ამ მომენტის მერე სიკვდილის აღარ მეშინია, ისეთი ელდა მეცა. თან, არაფერი მახსოვს და თან, ყველაფერი – შენელებული კადრივით. წინ მედო ტორტი, სახლში მიმქონდა და რომ დამარტყა, ტორტში ჩავყავი თავი. ასე რომ, გარდა იმისა, რომ შიში ვჭამე და სიკვდილს გადავურჩი, ტორტსა და მინის ნამსხვრევებში ამოგანგლული მივედი სახლში. თან, გაოგნებული ვიყავი, ეს რა მოხდა-მეთქი და თან, თავს „ვიტლიკავდი” (იცინის). აი, რომ ამბობენ, გვირაბი გავიარე და სინათლე დავინახეო, თუ რიკოთის გვირაბს არ ჩავთვლით, არ გამივლია. თუმცა, იმქვეყნიური ცხოვრების მჯერა და არც სიკვდილის მეშინია, უბრალოდ, ჯერ არ მცალია (იცინის). ზუსტად ვიცი, როცა ეს დრო დადგება, წინასწარ ვიგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და მშვიდად შევეგებები. სხვათა შორის, ამას ყველა გრძნობს, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევს.
– წინასწარმეტყველური სიზმრებით მართლა ხვდები ახლობლების გარდაცვალებას?
– ესეც სიმართლეა. ძალიან უცნაური სიზმრები ვიცი. ბავშვობაში „სტრანნი“, „ჩახლაფორთებულ“, მახინჯ სიზმრებს ვხედავდი. ახლა კი, ვხედავ, მომდევნო დღეს რაც უნდა მოხდეს. ბევრი არ დაიჯერებს, მაგრამ სიზმარში ვხედავ, ხვალ რა მოხდება და ზუსტად ასე ხდება. მეორე დღე, ზუსტად ისეთია, როგორიც სიზმარში ვნახე. რაც შეეხება ახლობლების გარდაცვალებას, ყველას სიკვდილი წინა დღეს ვნახე. დეიდაშვილის ქმარი გარდაიცვალა და სიზმარში ვნახე მამა, რომელიც გარდაცვლილია. მის სახლთან იდგა მანქანით და რომ ვკითხე, ვის ელოდები-მეთქი, ავთოსო. რომ გავიღვიძე, ზუსტად ვიცოდი, ავთოს გარდაცვალებას შემატყობინებდნენ. ასეც მოხდა – ორ დღეში გავიგე. ყველა ახლობელი, ვინც კი გარდაიცვალა, რამდენიმე დღით ადრე ვიცოდი, რომ იმქვეყნად მიდიოდნენ. ჩემი მშობლებისა და სიმამრის გარდაცვალებაც წინასწარ ვიცოდი. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, დაძინება აღარ მინდა. დისკომფორტი მაქვს, როცა წინასწარ ვიცი, ვინ გარდაიცვლება. მირჩევნია, ხვალინდელი დღის არაფერი ვიცოდე. ალბათ, საკუთარ სიკვდილსაც, წინასწარ ვნახავ სიზმარში.
– მერე, ცუდი სიზმარი თუ არ გინდა, ახდეს, რომ ადგები, ონკანი მოუშვი და მოუყევი, წყალს გაატანე...
– ეს, მეც გამიგია, მაგრამ სადაა წყალი? ხომ უნდა მოდიოდეს, რომ გაატანო. მე სიზმარს, უნიტაზში თუ ჩავრეცხავ (იცინის). ზოგადად, ასეთი ცრურწმენების არ მჯერა. ფაქტია, ხდება ჩემი სიზმრები და რა აზრი აქვს, წყალს რომ მოვუყვე? ამით ახლობელი აღარ მოკვდება? სხვათა შორის, ოჯახის წევრების ან ახლობლების ავადმყოფობასაც წინასწარ ვგრძნობ ან სიზმარში ვნახულობ. დილით ცოლს რომ ვეუბნები, ბავშვებს მიხედე, გაამზადე წამლები-მეთქი, გიჟდება, აღარ დაიძინოო (იცინის). რა ვქნა, კაცო, წინასწარ ვაფრთხილებ და მეტი, რა გავაკეთო? ხომ უნდა დავწვე და დავიძინო ღამე, სკამს ხომ ვერ დავესკოჩები? როცა რამე უჭირს ოჯახის წევრს და მე შორს ვარ, სხეულით ვგრძნობ, მოუსვენრობა მაწუხებს და ვფორიაქობ. წინასწარ ვიცი, რომ რაღაცას გავიგებ. ამას ტანით ვგრძნობ, ადგილს ვერ ვპოულობ. ცოლს რომ ვურეკავ, ეგრევე მეუბნება: ჰა, რა მოხდება, შენი ზარის უკვე მეშინიაო (იცინის). რა ვქნა, სიზმრებით ვსაზღვრავ წინასწარ, რა მოხდება. მაგალითად, მამა არ სვამდა, არ ეწეოდა, სკოლის დირექტორი გახლდათ და არ ავადმყოფობდა. მის სიკვდილს ვერავინ წარმოიდგენდა ასე ადრე. ცუდი სიზმარი ვნახე, დავურეკე და ერთი საათით ადრე მოვიკითხე. მითხრა, თათბირი მაქვს დანიშნული და მეჩქარებაო. მე კი, ზუსტად ვიცოდი, რომ ბოლო საუბარი იყო მასთან.