№30 ყირამალა საყვარლები
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-29(864)
ისტორია ოცდამეხუთე
სხვისი ქმრის სურვილის გემო
(მოქმედი პირები: ეკა და ლაშა)
– არც არაფერი მაქვს, რომ შემოგთავაზო… – ჩაილაპარაკა ლაშამ.
– ჰო, ეს ხომ ვიცი, პრეზერვატივიც კი არ გაქვს, – მე თვითონვე გამეცინა ჩემს ნათქვამზე.
ლაშასაც გაეცინა: ჰო, არ მაქვს, ძალიან არათადარიგიანი ვარ.
– არათადარიგიანი ძალიან რბილად ნათქვამია: მე ვიტყოდი, რომ ცოტა შტერი ხარ. აბა, ჩემნაირ ქალს რომ ეპატიჟები სხვა ქალაქში, თან, რომელიც გთხოვს, სიყვარული ვითამაშოთო, ცოტა არ უნდა მოემზადო, ადამიანო?!
– დამნაშავე ვარ, ვიღებ შენიშვნას. ვერ გამოვასწორებ ჩემს სიშტერეს? – მომეჩვენა, რომ გულწრფელად მკითხა.
– ვერა! გამორიცხულია. ბედნიერების ლურჯი ფრინველი მხოლოდ ერთხელ ჩაგიფრენს და თუ ხელიდან გაუშვებ, შენი საქმე წასულია!
ლაშამ, ვითომ მოწყენილმა, გამომხედა და ამოიოხრა.
მეც მომეშვა გულზე და უხერხულობამაც გამიარა: აბა, მომიყევი შენზე. გაგიცნო მაინც, თორემ ისე გამომივა, გიჟი ქალაქს, ანუ სტამბოლს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო.
– მე მქვია ლაშა, ვარ 35 წლის, ვარ…
– დაოჯახებული, – შევეშველე.
– ეს პასაჟი აუცილებელია?
– პრინციპში, არა, იმიტომ რომ, არც მე ვარ ორლეანელი ქალწული. განაგრძე.
– ვარ ბიზნესმენი, მაქვს ბიზნესი, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს, ვგეგმავ გაფართოებას… ახლა შენ მოყევი შენს თავზე და მერე ისევ მე გავაგრძელებ.
– მე მქვია ეკა, ასაკს არ გეტყვი, რადგან ამ საღამოს ბანალობას ვერ ვცდები, ვიქნები ბოლომდე ბანალური და თავს იმით გავიმართლებ, რომ ქალს ასაკს არ ეკითხებიან. მეც მაქვს ჩემი ბიზნესი, ნუ, ისეთი სიდიდისა და სიფართოვის არა, როგორიც შენ, მაგრამ მაინც არა უშავს. სიმართლე გითხრა, გაფართოება მეზარება, იმიტომ რომ, ბევრ დროს წაიღებს. მე კიდევ დრო მჭირდება თავისუფალი სივრცისთვის. ჰო, და კიდევ, დაოჯახებული არ ვარ.
– ეს პასაჟი აუცილებელია?
– კი, იმიტომ რომ, ჩემი პოტენციალური ქმრების სიაში ხარ.
– ამით მაფრთხობ?
– რით?
– რომ ვითომ ჩემზე გათხოვება გინდა?
– და რატომ არ უნდა მინდოდეს? ცუდი ბიჭი ხარ თუ?! ბიზნესიო, კარგი შემოსავალიო, გაფართოებას ვგეგმავო, არც ბებერი ხარ და შესახედავადაც არა გიშავს. ჩემი ასაკის ქალის ცისფერი ოცნება ხარ, ფაქტობრივად, მე აწი რა გამასაღებს, თუ არა შენნაირის შეცდენა?!
– ჩემნაირის?! ბევრია ჩემნაირი?! – ვითომ გაბრაზდა ლაშა.
– ოო, ბოდიში, შენი შეცდენა! ერთადერთ ეგზემპლარად ხარ და ისიც მე უნდა მერგო!
– ცოლის ტიპაჟს არ ჰგავხარ, – გადამიწურა წყალი ლაშამ.
– აი, შენი ც… – და ენაზე ვიკბინე.
– მართალი ხარ, – მომეჩვენა, რომ ლაშას საერთოდ არ სწყენია ის, რის თქმასაც ვაპირებდი: ეგ მამაჩემის ჯინაზე გავაკეთე. სულ ცდილობდა, თავისი სურვილები მოეხვია თავზე და ისე მეცხოვრა, როგორც მას უნდოდა, ის მეკეთებინა, რაც მას უნდოდა და ვერ გამოუვიდა. თან, ცოტა კონსერვატული აზრები აქვს. ხოდა, ახლა ჰყავს ისეთი რძალი, როგორიც ჰყავს, – ლაშამ გულიანად გაიცინა.
– და შენ? მეც კარგა ხანს ვიცხოვრე ვიღაცეების ჯინაზე და ის ჯინები ძლივს მოვიშორე მერე თავიდან. იცი, არ მსიამოვნებს მამაშენის ახლანდელი რძლის ხსენება.
– კი ბატონო. როგორც იტყვი… და რატომ არ გსიამოვნებს?
– იმიტომ რომ, მე უნდა ვიყო მამაშენის მარადიული რძალი!
ლაშას ისეთი სიცილი აუტყდა, კინაღამ ლოგინიდან ჩამოვარდა: კარგი, მაგრამ ჯერ ტესტირება უნდა გაიარო.
– მზად ვარ.
– როგორი მზარეული ხარ?
– ისეთი, რომ ჩემზე ლეგენდები დადის! ინათებს თუ არა, სამზარეულოში რომ შევდივარ, სანამ მთვარე არ ამოგორდება ცაზე, იქიდან ვერანაირი ძალა ვერ გამომიყვანს! ვინც ჩემს ნახელავს სინჯავს, უთითებოდ რჩება, იმიტომ რომ, ერთიანად ჩააკვნეტს ხოლმე! და როგორი ხეხვა-ლაგება ვიცი?! სულ წკრიალ-ბზრიალი გააქვს ყველაფერს, რასაც ჩემი ხელი მოხვდება! ციბრუტივით ვარ, ჩემი დაჯდომა და გაჩერება არ არის!
– კარგია. საერთო განათლების დონე როგორი გაქვს?
– კურტიზან ქალებსაც რომ შეშურდებოდათ: ლექსებსა და პოემებსაც კი ვთხზავ ეგრევე, ვციტირებ კლასიკოსებს, უბადლო დეკლამატორიც ვარ!
– მამაჩემს აუცილებლად მოეწონები რძლად, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა დაამტკიცო საქმით.
– ცხადია! ნანახი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს! ისეთ შთაბეჭდილებას მოვახდენ მამაშენზე, თქვას, მე იმ წლების დედა ვატირე, ეს ქალი რომ ჩემი რძალი არ იყოო!
– და ბოლოს, გეცოდინება, რომ მომავალი ცოლები სადედამთილოებს აბანოში მიჰყავდათ ხოლმე…
ლაშა წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. იმდენად ბუნებრივად გააკეთა ეს, რომ მეც წამოვდექი სკამიდან.
ხელი მომკიდა და აბაზანაში შევედით: ჩემი ნომრისგან განსხვავებით, იქ საშხაპეც იყო და ჯაკუზიც.
ჩემს ფეხებთან დაიხარა, მივხვდი, რომ ფეხსაცმელების გახდას აპირებდა. წინააღმდეგობა არ გამიწევია. მერე წყალი მოუშვა: შიშველი ხომ არ წახვალ, სველ ტანსაცმელს კი ვერ ჩაიცვამ. ამიტომ ვერ გამექცევი.
მასაც ჯერ ტანსაცმელი ეცვა.
თავზე წყლის ჭავლი მეცემოდა საკმაოდ დიდი ფართობიდან და თითქოს თბილ, თავსხმა წვიმაში ვიდექი. თვალები დავხუჭე. ლაშას ხელები ჯერ ისევ ჩემს ტანსაცმელს ეხებოდა… როდესაც თვალები გავახილე, აბაზანაში მხოლოდ სარკის გარშემო ფერადი განათება ენთო. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ლაშა ჩემ უკან იდგა. წყალი ისევ რბილად მესხმებოდა მთელ სხეულზე. ზურგზე, მხართან, ღრუბლის შეხება ვიგრძენი, რამაც დენის მსუბუქი დარტყმასავით დამიარა მთელ სხეულში. თვალები ისევ დავხუჭე, ასე მეგონა, თუ გავახელდი, ყველაფერი გაქრებოდა და იქით მივტრიალდი, საითაც ლაშა მეგულებოდა...
ისტორია ოცდამეექვსე
ორს პლუს ორი, როცა მაინც სამია
(მოქმედი პირები: თეო და დუდუ)
კარზე კაკუნმა ორივე ერთნაირად და ერთდროულად წამოყარა. თეო ისეთი შეშინებული უყურებდა გვერდით წამომჯდარ დუდუს გაშიშვლებულ, დაკუნთულ სხეულს, თითქოს პირველად დაინახა არამც თუ დუდუ, არამედ შიშველი მამაკაციც. არც დუდუ ჩანდა მთლად მშვიდი, მაგრამ მისი მწვანე თვალები უცნაურად ციმციმებდნენ, აი, ისე, პირველად რომ გამოუტყდა თეო სიყვარულში და თეომ პირველადვე კოცნის უფლება რომ მისცა. ეს აციმციმებული სიმწვანე კიდევ უფრო აგიჟებდა და კარზე გაძლიერებულ კაკუნს სრულად გამოჰყავდა წყობიდან. ხმას არცერთი არ იღებდა და ორივეს ერთი და იგივე კითხვა აწვალებდა: ვინ აკაკუნებდა დილაუთენია!?
ზურაა?! – გაიფიქრა თეომ, – მაგრამ ზურას გასაღები აქვს! ზურას გასაღები აქვს!!! ეს როგორ დაავიწყდა?! – გველნაკბენივით წამოხტა საწოლიდან, მერე მიხვდა, რომ სრულიად შიშველი იყო და ფილმებში ნანახი მოძრაობით დასწვდა ზეწარს და მოქაჩა. დუდუმ დაუჭირა ბოლო და უხმო სიცილი დააყარა. თეოს კი გაეღიმა, მაგრამ აზრი იმის შესახებ, რომ ზურას შეეძლო, ასეთ სიტუაციაში შემოეღო კარი, სისხლს უყინავდა.
– თეო, ბაბუ! სად ხარ, გოგო, გამიღე კარი...
ბაგრატიჩი! ორივემ ერთდროულად ამოისუნთქა, მაგრამ ისევ გაისუსნენ. არც ბაგრატიჩი იყო ახლა აქ სასურველი სტუმარი.
ნეტავ, რამ მოიყვანა ამ დილაუთენია ბაბუა? ხომ მშვიდობა აქვს? და რატომ არ დარეკა? შეიძლება, დარეკა კიდეც – თეოს გაახსენდა, ზურას წასვლის შემდეგ როგორ გათიშა ტელეფონი და სადღაც სამზარეულოში მიაგდო. იქნებ ბება გახდა ცუდად, მაგრამ მაშინ ამდენ ხანს არ დააბრახუნებდა და არც მიატოვებდა... ღმერთო, მაკლდა ვითომ დამალობანას თამაში და ახალი დავიმატე. ახლა ზურასაც უნდა დავემალო...
თეო უცბად გამხიარულდა. თითქოს რაღაც სასაცილო გაახსენდაო, პირზე ხელისგული მიიფარა და მოიკეცა. დუდუც აჰყვა და ორივე ჩაბჟირდა. როგორც იქნა, ბაგრატიჩი გაერიდა კარს! და დუდუ და თეო ხარხარზე გადავიდნენ. იცინოდნენ ისევე გულამოგდებულები, როგორც გუშინ ტიროდა თეო, როგორც კოცნიდა დუდუ, როგორც გმინავდნენ ორივენი და როგორც იმალებოდა მათი შემხედვარე გაოცებულ-დარცხვენილი მთვარე...
– მომეცი, აბაზანაში მინდა, – თეო ისევ დასწვდა ზეწარს.
– ასე წადი!
– არა, მოიტა-მეთქი...
– კარგი, ოღონდ მალე დაბრუნდი!
თეომ დაკუჭული სატინა შემოიხვია ტანზე და სანამ აბაზანის კარს გამოაღებდა, შემოსასვლელი კარი ურდულით ჩარაზა...
აბაზანიდან რომ გამოვიდა, დუდუ საწოლში არ დახვდა. გული და სხეული კი დაასვენა კონტრასტული შხაპის ქვეშ და აზრებიც ოდნავ დავარცხნა. დალაგებასა და გააზრებაზე ზედმეტი იყო ზრუნვა. ამ სიტუაციას ახლა გამჩენი თუ დაალაგებდა, თორემ თეოს ეს ნამდვილად არ გამოუვიდოდა... ცალკე ბაგრატიჩის უჩვეულო სტუმრობა აფიქრებდა, ბაბუა უცერემონიოდ არასდროს დასდგომია თავზე და თან, დილის 7 საათზე. არადა, რომ არა ბაბუ, ვინ იცის, როდის გამოფხიზლდებოდა და ზურას რომ... არა, ეს წარმოუდგენელია. კუსტურიცასთვისაც კი! არანაირი მეორე სამკუთხედი, აი, ესღა აკლია ახლა! არადა, ფაქტია, წუხანდელი ღამე შექსპირის სონეტების კითხვაში არ გაუტარებია დუდუსთან ერთად... დუდუსთან ერთად! ღმერთო, რას მერჩი!? რა დროს დააბრუნე ან როგორ გამაბრუე და ზუსტად ზურაზე გამწარებული დავხვდი...სად იყო აქამდე და, საერთოდაც, მე ვარ ხომ ნორმალური?! ამის შემდეგ რით უნდა ვიმართლო თავი? აქამდე თუ ვიცოდი, ზურა მიყვარდა და მისი ცოლობა მინდოდა, ახლა რა პირით... და საერთოდ, ზურაზე ფიქრი არაფრით გამომდის... სრულად ავირიე, აშკარად, თავი სადღაც სიზმარსა და სერიალს შორის მგონია...
თეომ ზურას ნაჩუქარი აბრეშუმის ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში გავიდა. იქიდან ახლად მოდუღებული ყავის სურნელი შემოესმა.
– წაგდგომია დრო და ასაკი! დილას ასე იწყებთ ერთმორწმუნეში?
– გეგონოს! იქაც ჩემი საქართველო ავაწყვე და წესებიც ჩემი დავაწესე. დილას ასე, შენთან ერთად ვიწყებ!
– აბა, რა! დავიჯერე და დავდნი!
– ჯერ დალიე და მერე იშაყირე... – დუდუს მხოლოდ ტრუსი ეცვა და შიშველი აპოლონივით იდგა თეოს მომცრო სამზარეულოში ყავადანით ხელში. მაგიდაზე კი უკვე ტოსტები ელაგა, საკარაქით კარაქი და თაფლი ქილით. კონიაკი, ტრუფელები და ზეთისხილის ასორტი, დაობებული ყველის გვერდით, უკვე თეოს მაცივრიდან არ იყო გამოღებული.
„გუშინდელი საგზალი“, – გაახსენდა თეოს და დუდუს უკვე თბილად, რაღაცნაირად შინაურულად გაუღიმა. ზურა არასდროს ამოიტანდა დაობებულ ყველს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა თეოს სისუსტე. დუდუს კი ამდენი წლის შემდეგ ახსოვს. ზურა საერთოდაც არაფერს ამოიტანდა. როგორც ყოველთვის, უბრალოდ ჩაურიცხავდა ანგარიშზე თანხას და რაც გინდა, თვითონ იჩუქეო. სულ ეს იყო ზურას რომანტიზმი. ყვავილებით ვერ ვივლიო, საჩუქრების ყიდვას რაც მოჰყვება, იცი შენცო და ასე ყველაზე უსაფრთხოა, თანაც გამართლებულიო... მოკლედ, დუდუს ეს დილის საუზმე თეოსთვის საყვარლის ხასიათის გადახედვა-გახსენების მიზეზად იქცა.
– შენ... არა, ჩვენ გაგვიმარჯოს! - დუდუმ რამდენიმე წვეთი კონიაკი ჩაისხა ყავაში და თეოს მიუჭახუნა.
– დილით შამპანურს ვინ სვამს, ვიცი და ყავას კონიაკით?
– ჩვენ! – დუდუს ბროლივით ქათქათა კბილები ზუსტი, მწყობრი და სრული შემადგენლობით დაენახვა თეოს და თითქოს მზემ შეანათაო, ისე გაუთბა ღიმილიც და გულიც, ამ ღიმილს მონატრებულ ქალს...
დუდუს თვალები და ღიმილი ხომ ყველა სოლოლაკელი და მთაწმინდელი გოგონას საოცნებო სიზმარივით იყო. ისე არავინ იღიმებოდა და არც არავის ჰქონდა ისეთი მწვანე და ჭაობისფრად ჩაბინდული მზერა, როგორც დუდუ დიდებულიძეს. ეს კიდევ უფრო მეტად ახარებდა თეოს, რომ ასეთი განძი მხოლოდ მას ეკუთვნოდა... თუმცა, თურმე, არა მხოლოდ მას... მაგრამ ახლა რაღა ამაზე ფიქრის დროა. ახლა ზურაა საფიქრალი. არა, ზურა კი არა – მე, ზურა, დუდუ და ლანა! ერთ საღამოში ამდენი ხლართის მოხერხება უკვე შენთვისაც ბევრია, – დატუქსა თეომ საკუთარი თავი და ქაფქაფა ყავა მოსვა.
„მართლაც გემრიელი მოუდუღებია“... თეო პირველად სვამდა მამაკაცის მოდუღებულ ყავას საკუთარ სამზარეულოში და ისიც დილაუთენია და იმნაირი ღამის შემდეგ. იჯდა და ვითომ ასეც უცხოვრია და არც არაფერი! ვითომ დუდუ მთელი ცხოვრება შიშველი ტორსით უმზადებდეს საუზმეს, ვითომ არც არავინ ჰყავდეს მის გარდა და თითქოს, საერთოდაც, ჯერ კიდევ გუშინ არ ჩაეტარებინა სტრატეგიული სვლა კოდური სახელწოდებით: „როგორ გავთხოვდეთ საყვარელ მამაკაცზე“...
თეოს თავში იმდენი აზრი იწყებდა და წყვეტდა არსებობას, რომ საბოლოოდ გადაყარა ყველა და გადაწყვიტა, რაც იქნება, იქნება. ვერაფერს ვწყვეტ მე ამ სამყაროში. რასაც ვგეგმავ, არაფერი ლაგდება დაგეგმილად. ჰოდა, აწი თვითონ იმტვრიონ თავი ზურამაც, ლანამაც და ამანაც... მაინც როგორ მოახერხა და გრამი ცხიმი არ დაიდო სხეულზე?! თეომ შურის თვალით შეათვალიერა დუდუს უზადო სხეული და შეუმჩნევლად შეისუნთქა ოდნავ მომრგვალებული მუცელი. ამ მუცლის გამო ზურა სულ დასცინის და „ჩემს ღიპუცელას“ უძახის... არა, არ უნდა ვიფიქრო ახლა ზურაზე. ახლა აქ ვარ და აქ არის დუდუ, რომელიც, მეგონა, არასდროს იქნებოდა აქ და მეტიც, წუხელ... არა, არც ამაზე უნდა ვიფიქრო: რა იყო წუხელ და რატომ. დუდუც არ შემახსენებს, ვიცი. ასე რომ, ვითომცდა არაფერი მომხდარა. ახლა დავლევ ამ ყავას და მერე?! რა უნდა გავაკეთო მერე?! არც ამაზე ვინაღვლებ! დარდი პელოს! თვითონ მოვიდა, თვითონ მაცდუნა და თვითონვე თქვას, რას აპირებს. და რა უნდა დააპიროს?! რასაც უნდა აპირებდეს, მთავარია, მე რა მინდა... მე მინდა გავთხოვდე და... სულერთია ვითომ ვისზე? რატომაა სულერთი?! მე ზურას... არა, ზურაზე ფიქრი საერთოდაც არ გამომდის...
გაგრძელება შემდეგ ნომერში