№30 პრესტიჟული გამოძიება
ჟორჟ სიმენონი
დიდი თანხა არ დაკარგულა, მაგრამ ქურდობამ უდიდესი სკანდალი გამოიწვია. ისეთი ხმაური ატყდა, რომ პატარა ქალაქში მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდნენ. საქმე ისაა, რომ ლიცეუმს უზადო რეპუტაცია ჰქონდა. აქ მხოლოდ საპატიო მოქალაქეების შვილები სწავლობდნენ და ქვეყნის სხვა ქალაქებიდანაც გზავნიდნენ სასწავლებლად. დიდი ტრადიციების მქონე ლიცეუმს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. საფრანგეთის სამხრეთში ამ ადამიანს იცნობდნენ, როგორც ძალიან პატიოსან, წესიერსა და მტკიცე ნებისყოფის მქონეს. უცებ კი, ასეთი ამბავი. თანაც, ქურდობა საკმაოდ უცნაურ გარემოებაში მოხდა. ფული დირექტორის კაბინეტიდან გაქრა. ორი ათას სამას ოთხმოცი ფრანკი შავი ხის პატარა კომოდის ქვედა, ჩაკეტილ უჯრაში იდო. უჯრა არავის გაუღია. ფული ისე მოიპარეს, რომ გასაღებიც კი არ დაკარგულა. დირექტორი იფიცებოდა, რომ გასაღები ყოველთვის თან ჰქონდა და როცა დაკეტილი უჯრა გახსნა, ნახა, რომ იქ ფული აღარ იდო. სიტუაციას ართულებდა სხვა გარემოებებიც. მაგალითად ის, რომ პატარა ქალაქში იმ დღეების განმავლობაში უცხო არავინ შეუნიშნავთ. არც ლიცეუმის ტერიტორიაზე დაუნახავთ ვინმე, ვისაც მსგავსი დანაშაულის ჩადენას დააბრალებდნენ. ან როგორ უნდა მოეხერხებინა უცხოს ლიცეუმის დირექტორის კაბინეტში შეღწევა და ფულის აღება ჩაკეტილი უჯრიდან ისე, რომ ვერც ვერავის შეენიშნა და საკეტსაც არ შეხებოდა. გამოძიება საგონებელში ჩავარდა და პარიზიდან ცნობილი მაძებარი, ჟოზეფ ლებორნიე მოიწვიეს. მოსიე ლებორნიემ, უპირველესად, ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ფული ინახებოდა და დირექტორს მიმართა.
– მოსიე რონი, საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ ქურდმა საფრთხეში ჩაიგდო თავი ისეთი უმნიშვნელო თანხისთვის, როგორიც ორი ათას სამასი ფრანკია? ეს ხომ ძალიან ცოტაა სერიოზული მძარცველისთვის, მით უფრო ისეთისთვის, ვინც ჩაკეტილი უჯრიდან გააქრო ფული? ასეთები მხოლოდ ბანკებს ტეხენ.
დირექტორმა თავი დააქნია.
– დიახ, ძალიან ლოგიკურად მსჯელობთ. მაგრამ ფაქტს რა ვუყო?
– დიახ, ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. ინდივიდუალური და არალეგალური გამოკითხვა უნდა ჩავატარო. მითხრეს, რომ პოლიციას თქვენს ფილოსოფიის დოქტორზე აქვს ეჭვი.
დირექტორი გაფითრდა.
– გროკლოდი? დიახ... მის ქცევებში რაღაც საეჭვო აღმოაჩინეს.
– კონკრეტულად?
– ცოტათი უცნაური ახალგაზრდაა, თანაც ჩემი ქალიშვილი მოსწონს. საქმე ისაა, რომ გროკლოდმა რამდენიმე ლექცია ჩაატარა კრიმინალის ძიებისა და არსის შესახებ. მეორე დოქტორმა, მოსიე მაჟორელმა გაიგონა, როგორ უხსნიდა სტუდენტებს იდეალური დანაშაულის სქემას. ის ამბობდა: მე რომ დანაშაულის ჩადენა მოვინდომო, ამას ისე გავაკეთებ, გამოძიება პირში ჩალაგამოვლებული დარჩება. ამისთვის კი, სრულიად საკმარისია მათი ძიების ხერხების ცოდნაო.
ჟოზეფ ლებორნიე შეიჭმუხნა.
– კიდევ რა სამხილებია მის წინააღმდეგ?
– ის აქაური არ არის. საფრანგეთის ჩრდილოეთიდანაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვენდობოდი, მაგრამ ჩვენმა შვეიცარმა, ფულის გაქრობამდე რამდენიმე დღით ადრე, დაინახა, გროკლოდი თავისი ფანჯრიდან ფანრით როგორ აჩვენებდა რაღაც ნიშნებს.
– საინტერესოა, თუმცა ეს კონკრეტული ფაქტი მე არ გამომადგება. შეიძლება, თქვენი კაბინეტი დავათვალიერო?
– რა თქმა უნდა, წამობრძანდით.
ლებორნიემ მდუმარედ დაათვალიერა ოთახი და კომოდთან მივიდა. ზედა უჯრა თავისუფლად დაემორჩილა.
– ეს უჯრა არ იკეტება?
– არა, საჭიროებას არ წარმოადგენს. მანდ მნიშვნელოვანი დოკუმენტები არ მიწყვია. მხოლოდ მომდევნო უჯრა იკეტება. სწორედ ამ უჯრიდან დაიკარგა ფული.
ლებორნიემ ზედა უჯრა საერთოდ გამოიღო. კომოდის ზედაპირზე დადო და სიცარიელეში ხელი მოაფათურა. საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. ყოველ შემთხვევაში, ლიცეუმის დირექტორს ასე მოეჩენა.
– პოლიციამ ხომ არ დააკავა დოქტორი?
– არ ვიცი. შესაძლებელია. დილით ეჭვების საფუძველი გააცნეს და უთხრეს, რომ მისი დაკავების მიზეზი აქვთ.
– ჰო? მაშინ მე გეტყვით, ის მხოლოდ იმაშია დამნაშავე, რომ, მისდა უნებურად, ქურდს ამ დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა.
– ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობთ?
– ახლავე ყველაფერს მიხვდებით. მობრძანდით აქ და ხელი კომოდში ჩაყავით სწორედ აქედან. დიახ, დიახ. ასეა. ფული სწორედ აქედან ამოიღეს. მაგრამ ვერც თქვენ, ვერც მე და ვერც მოსიე გროკლოდი ამას ვერ შევძლებდით. ჭრილი საკმაოდ ვიწროა, რომ ქვედა უჯრის ფსკერს ჩავწვდეთ.
– ანუ...
– ანუ ის, რომ ქურდობა ლიცეუმის რომელიმე სტუდენტის ჩადენილია. ან რამდენიმესი ერთად. მგონი, არ გაგიჭირდებათ ამისი გარკვევა. საკმარისია, ცოტა „მიაწვეთ“ და მაშინვე ყველაფერს მოყვებიან. რაც შეეხება მოსიე გროკლოდს, ის საკმაოდ თავმოყვარე ჩანს. ამიტომ, გირჩევთ, პოლიცია შეაჩეროთ, რამე, უფრო დიდი უბედურება არ მოხდეს.
– რას გულისხმობთ.
– თუ გავითვალისწინებთ მის მდიდარ ფანტაზიას, ასევე უნარს, ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადოს, საშიშროება არსებობს, რომ თავი მოიკლას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მას თქვენი ქალიშვილი უყვარს. რეპუტაციის შებღალვას განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს და შეუძლია, თავი ყველაზე ცუდისთვის გაიმეტოს. ბატონო დირექტორო! ახლა თქვენზეა, მე ჩემი საქმე გავაკეთე. ყოველთვის უნდა იფიქრო იმაზე, ვის ძალუძს დანაშაულის განხორციელება. ერთია თეორიები, მეორეა პრაქტიკა. სწორედ პრაქტიკამ დაგვანახვა, ვის შეეძლო ფულის უჯრიდან ამოღება. პოლიციამ კინაღამ უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრა.