№30 როგორ ავიცილოთ მზისგან დამწვრობა და რომელი დაავადებების არსებობის შემთხვევაში არ უნდა გავირუჯოთ
ზაფხულის დადგომასთან ერთად, იწყება ზღვის სეზონი და ყოველთვის ძალიან აქტუალურია რუჯის თემა. აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ როგორ მოვამზადოთ კანი ლამაზი და თანაბარი რუჯისთვის, როდის არ შეიძლება გარუჯვა. დღის რომელ მონაკვეთში უნდა მივეფიცხოთ მზეს, როგორ დავიცვათ თავი დამწვრობისგან და მივიღოთ ლამაზი და ჯანსაღი რუჯი – ყოველივე ამაზე გვესაუბრა დერმატოვენეროლოგი შალვა კევლიშვილი.
შალვა კევლიშვილი: არსებობს კანის სხვადასხვა ტიპი და ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება გარუჯვისას. უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, როცა ადამიანს სურს გარუჯვა, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რა ტიპის კანი აქვს. მზის სხივებზე რეაქციის მიხედვით, ადამიანის კანი 6 ტიპად იყოფა: პირველი – არასდროს ირუჯება, მხოლოდ იწვება; მეორე კანი ადვილად იწვება, მაგრამ შეიძლება, გაირუჯოს კიდეც; მესამე – ძნელად, მაგრამ მაინც ირუჯება და დამწვრობას, შედარებით ნაკლებად იღებს; მეოთხე – ადვილად ირუჯება და იშვიათად იწვება; მეხუთე – კანი არ იწვება და ადვილად ირუჯება; მეექვსე – ნეგროიდული რასა, კანი ძალზე შავია და არასდროს იწვება. პირველ და მეორე ტიპს მიეკუთვნება, ძირითადად, ჩრდილოეთ ევროპის მოსახლეობა: ირლანდიელები, შოტლანდიელები, შვედები, ნორვეგიელები და ასე შემდეგ. მესამე და მეოთხე ტიპს მიეკუთვნება ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების მოსახლეობა – იტალიელები, ბერძნები, ესპანელები, ქართველები და ასე შემდეგ. მეხუთე ტიპს მიეკუთვნება ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მოსახლეობა, მეექვსეს – შავკანიანები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტო ეთნიკურ ჯგუფს არა აქვს მნიშვნელობა, აუცილებელია ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებებისა და თავისებურებების გათვალისწინება. გარუჯვისას უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვას ყველამ, განსაკუთრებით, რისკის ჯგუფში შემავალმა პიროვნებებმა (პირველი და მეორე ტიპი) და ვისაც სხეულზე ბევრი ხალი აქვს, მათ წყლიდან ამოსვლისთანავე კარგად უნდა გაიმშრალონ კანი და ქოლგის ქვეშ დასხდნენ.
– ორგანიზმის რა ინდივიდუალური თვისებების, დაავადებების არსებობის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული რუჯის მიღება?
– რუჯის მიღება არ არის რეკომენდებული: ულტრაიისფერი სხივებისადმი ალერგიის შემთხვევაში, ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს, გულის დაავადებების არსებობისას, მაღალი არტერიული წნევის, ონკოლოგიური დაავადებების დროს, ვარიკოზის, ვენების პრობლემების დროს, ვისაც ცოტა ხნით ადრე აქვს გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია, ენდოკრინული დაავადებების, განსაკუთრებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას, სარძევე ჯირკვალზე არსებული პათოლოგიების დროს. ქიმიური პილინგი, ლაზერული, ელექტროეპილაცია და სხვა, მსგავსი კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდეგ, გარუჯვა არ არის რეკომენდებული. ამიტომ, აღნიშნული პროცედურები სასურველია, გაიკეთოთ 2-3 კვირით ადრე.
– რა სასარგებლო თვისებები აქვს მზის სხივებს?
– დიდი ხანია, ცნობილია, რომ ზომიერად, გარკვეული დოზით, ულტრაიისფერი სხივები სასარგებლოა არა მარტო კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისათვის – აძლიერებს იმუნიტეტს, ანადგურებს ბაქტერიებს. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმში იწყება D ვიტამინის სინთეზი, რომელიც აუცილებელია ძვლებისთვის – ამაგრებს მათ და აწესრიგებს მინერალების ცვლას. აღნიშნული სხივების გავლენით, ორგანიზმში წარმოიქმნება და გამოიყოფა ენდორფინები – სიამოვნების ჰორმონები, სეროტონინი და ასე შემდეგ.
– როგორ მოვამზადოთ კანი ზღვაზე დასვენებამდე?
– ვინც გადაწყვიტა, რომ დასვენების პერიოდი ზღვაზე გაატაროს და მიიღოს ჯანმრთელი, თანაბარი რუჯი, ვურჩევ, ერთი შეხედვით სასიამოვნო პროცესი, კანისთვის საზიანოდ რომ არ გადაიქცეს, მზის აბაზანის მიღებისას, შესაბამისი წესები დაიცვას. ზღვაზე გამგზავრებამდე, შეიძლება სოლარიუმში რამდენიმე ვიზიტი მცირე ხნით, 3-5 წუთით, კვირაში ორჯერ (კანის ტიპიდან გამომდინარე). რა თქმა უნდა, თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ არის. გარუჯვა კანის ტრავმაა. მექანიკური ტრავმირებისას კანი წითლდება, გარუჯვისას კი – შავდება, რაც მისი დაცვითი რეაქციაა. ეს კი არანაირი სიჯანსაღის მომტანი არ არის. მაგრამ, რადგან ასე ძალიან მოსწონთ ის, დასაშვებია, ოღონდ არსებობს გარკვეული წესები, რაც გარუჯვის დროს უნდა დაიცვათ.
– რა წესები უნდა დავიცვათ, რომ თანაბარი და ჯანსაღი რუჯი მივიღოთ?
_ თუ გინდათ, რომ რუჯი ჯანმრთელი და თანაბარი იყოს, ულტრაიისფერ სხივებს მიეფიცხეთ ნელ-ნელა, ყოველდღე მხოლოდ დღის დასაშვებ პერიოდში. იმისთვის, რომ კანი ბუნებრივად ლამაზი (ოქროსფერი) შეფერილობის იყოს, შეგიძლიათ, დილით სტაფილოს წვენი (ეგრეთ წოდებული, ფრეში) მიიღოთ. სანამ მზის სხივებს მიეფიცხებით, აუცილებელია, შეამზადოთ კანი: მზის სხივების ინსოლაციამდე და მას შემდეგაც, მიიღეთ შხაპი არატუტირებული დასაბანი საშუალებით; გამოიყენეთ დამატენიანებელი კოსმეტიკა, გაიწმინდეთ კანი რბილი გამწმენდი საშუალებებით. ზღვაზე აუცილებლად დაგჭირდებათ მზის დამცავი ეფექტის კოსმეტიკა. თუმცა, მათი პრაქტიკული გამოყენება გამგზავრებამდე აჯობებს, რადგან თუ ზღვაზე აღმოაჩენთ, რომ ესა თუ ის საშუალება ალერგიას იწვევს თქვენში, ამის გამო დისკომფორტი შეგექმნებათ. დამცავი კრემის წასმა სასურველია ინსოლაციამდე 30-40 წუთით ადრე, სქელ ფენად და ყოველ 2 საათის შემდეგ, კვლავ უნდა გაიმეოროთ აღნიშნული პროცედურა. საერთაშორისო სტანდარტია „ესპეეფი“, რომელიც მზისგან დამცავ ყველა კრემზე უნდა იყოს მითითებული. რაც უფრო მაღალია მისი ნომერი, მით უფრო დიდხანს შეიძლება გარუჯვა. არ არის მიზანშეწონილი დეოდორანტების, პარფიუმერიული საშუალებების, სუნამოების გამოყენება გარუჯვის დროს. ამ ნივთიერებებმა შეიძლება, კანის სიჭრელე გამოიწვიოს. ყოვლად დაუშვებელია თვითშემოქმედება – სწრაფი რუჯის მიღების მიზნით, სახლში დამზადებული ნაყენება და სითხეების წასმა. ამ დროს შესაძლებელია, თერმულ დამწვრობასთან ერთად, ქიმიური დამწვრობაც მიიღოთ და შესაბამისად, შედეგიც მძიმე იქნება.
– დღის რომელ მონაკვეთშია გარუჯვა მიზანშეწონილი?
– რა თქმა უნდა, 10 საათამდე და 16 საათის შემდეგ პერიოდში. მზის სხივების მოქმედება დაცემის კუთხეზეა დამოკიდებული. დილის 10 საათამდე და 16 საათის შემდეგ, მზის სხივები დახრილი კუთხით ეცემა ობიექტს და მათი მოქმედება ნაკლებად ინტენსიურია. 10-დან 16 საათამდე კი მზის აბაზანების მიღება სახიფათოა.
ხშირად იწვებიან წყალშიც, რადგან მზის სხივები სამი მეტრის სიღრმეზეც არ კარგავს ძალას. 10-დან 16 საათამდე ზღვის სანაპიროზე ჩრდილში ყოფნაც კი მიზანშეუწონელია. სასურველია, წყლიდან ამოსვლისას წვეთები შეიმშრალოთ, რადგან, როგორც გამადიდებელი შუშის ქვეშ, კონცენტრირებული მზის სხივი მხოლოდ ერთ ადგილას ხვდება და შეიძლება, დამწვრობა წარმოიქმნას.