კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ესტაფეტა

თათია ფარესაშვილი არდაშელ თაქთირიძე


– ხედავ, ბოდიშის მოხდაც არ იკადრაო?! – ქოთქოთებდა დედამთილი.
– ბოდიში კი არა, თვითონვე გაიბუტაო! – აქეზებდა დედამთილს მული.
– უზრდელი, რა ოჯახში გაიზარდა, ვაი, ჩემო საწყალო შვილოო!
***
ემანდ, უშვილძიროდ არ გადავშენდეო, 37 წლის აივენგომ 33 წლის ტერეზა რომ მოიყვანა ცოლად, დედამ და დამ – ალბინამ და მანონმა, საძილე ოთახი ახალშეუღლებულებს დაუთმეს და თავისი ნებით გადმოსახლდნენ სასადილო ოთახში. აივენგოს ტერეზა არ უძებნია და არც „ჯობს.გე–ზე“ გამოუცხადებია ვაკანსია. უბრალოდ, ნაცნობის და მოეწონა და ალბათ, სახელი კერიამ მოითხოვაო, ცოლადაც მოიყვანა.
პირველივე დღიდან გაჩნდა ოჯახში პრობლემები
 – ეს თეფში აქ რატომ დევს, იქ უნდა იდოსო!
 – სარეცხ მანქანაში „პერსილი” რატომ ჩაყარე, ჩვენ „არიელით” ვრეცხავთო!
 – ნახე, ბიჭს დილით თვალები დასიებული ჰქონდა, ეტყობა, მთელი ღამე „ამუშავაო”!
– ქალი კი არა, ცხენიაო!
– რას ჰგავსო!
– ეგ ჩვენი ოჯახის ღირსი არ არის, წავიდეს ჩვენი სახლიდანო! – მაგრამ ერთი წლის თავზე, ტერეზამ ბიჭი – 5 კოლოგრამიანი ჟანრი რომ გააგორა, მისი სახლიდან წასვლა აღარ მოუთხოვიათ. რძალმა კი, შვილის გაჩენით პოზიციები გაიმყარა და იქით შეტევაზე გადავიდა. ქმარს მოსთხოვა:
– ან ეგენი, ან მეო! –  დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ოჯახი ორ ნაწილად გაიყო, მაგრამ უპირატესობა ტერეზას დარჩა, რაგან ისეთ ბერკეტს ფლობდა პატარა ჟანრის სახით, რომელზეც მთელ ოჯახს მზე და მთვარე ამოსდიოდა. ეცადა აივენგო მეტოქეების შერიგებას თუ არა, დაშოშმინებას მაინც, მაგრამ ორმხრივ წნეხს რომ ვეღარ გაუძლო, არჩევანი გააკეთა – ცოლის მხარე დაიჭირა და დაისვენა.
ერთ დღესაც, ტერეზამ ბავშვი რომ მოიყვანა საბავშვო ბაღიდან, სამზარეულოდან გაუგებარი ბგერების ლუღლუღის ხმა მოესმა. შევიდა და ცალმხარწართმეული დედამთილი დახვდა იატაკზე წამოგორებული. სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ქმარს დაურეკა. დედამთილი განაგრძობდა ლუღლუღს, მაგრამ ტერეზამ რომ განაცხადა:
– გარკვევით გავიგე, ჩემი სახელი ახსენა, სიკვდილის წინ შენდობას მთხოვსო! – ეტყობა, იმდენად შორს იყო მისი „მოსმენილი” რეალობისგან, რომ ავადმყოფმა ერთი ამოიხროტინა, სიმწრით გააკანკალა და გონზე მოუსვლელად მიაბარა სული უფალს. გამოიტირეს საწყალი ალბინა, დამარხეს.
– გოგო, ახლა მაინც შეურიგდი მანონსო! – სთხოვდა ქმარი.
– გველის წიწილი, ეგ არ იყო, დედამისს რომ აქეზებდა ჩემს წინააღმდეგ?! იმას, კიდევ წაქეზება უნდოდა, ისედაც ყოველ სიტყვაზე ცოფიანი ძაღლივით მეცემოდა ხოლმეო! – ცოცხალი თავით არ ურიგდებოდა მულს ტერეზა.
– შვილო, დედაშენი ცუდი ქალია, მაგან შეიწირა ბებიაშენიო! – დედის წინააღმდეგ განაწყობდა ბავშვს მამიდა.
– შვილო, მამიდაშენი ცუდი ქალია, ჩემი ოჯახის დანგრევა უნდოდაო! – ზემოქმედებდა ბავშვზე დედა. პატარა ჟანრის ვერ გაეგო, ასე კარგ და კეთილ დედას როგორ შეეძლო, ბებიისთვის რამე დაეშავებინა, ან მის საყვარელ მამიდას, ვინმეს ოჯახი დაენგრია.
იმ ზაფხულს, ჟანრი მეორე კლასში გადავიდა, აივენგოს მეგობარმა მანქანით რომ გამოუარა.
 – სოფელში მივდივარ და წამომყევიო! – მძღოლის გვერდით მოკალათდა, შვილი კალთაში ჩაისვა. გზაში, ახალგაწვიმებულზე, მანქანა მოცურდა და მარჯვენა მხრიდან ხეს შეეჯახა. აივენგოს ცხედარი რომ გამოეტანათ, ავტომობილი გასაჭრელი გახდა. საწყალი, ისე იყო შვილზე გადაფარებული, ბავშვს არაფერი დაშავებია.
 – ეს რა უბედურება შეგვემთხვა, მანონო!
 – ვაიმე, ჩემო ტერეზაო! – მიხვდა რძალ-მული, რომ ერთმანეთს ყველაზე უკეთ გაუგებდნენ, რადგან ქმრისა და ძმის სიყვარული აერთიანებდათ და აქამდეც, მხოლოდ იმიტომ ჰქონდათ უკმაყოფილება, რომ ამ სიყვარულს ვერ იყოფდნენ.
 – შვილო, დედაშენი საუკეთესო ქალიაო! – უქებდა დედას მამიდა.
– შვილო, შენისთანა მამიდა არავის ჰყავსო! – უქებდა მამიდას დედა. ასე, სიტკბოსა და სიყვარულში იზრდებოდა ჟანრი. სკოლა ფრიადზე დაამთავრა, ინსტიტუტი – წარჩინებით, ცოლიც შესაფერისი მოიყვანა – ანა–მარია.
***
– ხედავ, ბოდიშის მოხდაც არ იკადრაო?! – ქოთქოთებდა დედამთილი.
– ბოდიში კი არა, თვითონვე გაიბუტაო! – აქეზებდა დედამთილს ქმრის მამიდა.
– უზრდელი, რა ოჯახში გაიზარდა, ვაი, ჩემო საწყალო შვილოო!
– ეს ორი სახელი რაღააო?! – უკვირდა ორივეს.
скачать dle 11.3