№30 ორმოცგრადუსიან სიცხეში მუშაობა, ბერიას ბრძანებით აიკრძალა
მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია „ჩეკაში“ დაწინაურებული ნომენკლატურული კადრი გახლდათ და ამ ძალოვან სტრუქტურაში არაერთი წელი ჰქონდა ნამუშევარი, როგორც კი პარტიულ სამუშაოზე დააწინაურეს, უმალვე გამოავლინა ისეთი უნიკალური თვისებები, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ, გამოუვლენიათ საქართველოს პარტიულ ლიდერებს... ისტორიის დოქტორი ივანე ელისეევი წერს: „საქართველოს „ჩეკას“ უფროსობიდან საქართველოს „ცეკას” პირველ მდივნად გადაყვანილმა ბერიამ საფუძვლიანად მოჰკიდა საქმეს ხელი და თავისი მმართველობის შვიდწლიან პერიოდში, საქართველო მოწინავე რესპუბლიკად გადააქცია; თბილისი კი – თანამედროვე ტიპის, ევროპული დონის კულტურულ დედაქალაქად. ანუ, ინოვაციურმა, მეურნე ბერიამ მაქსიმალურად გამოიყენა რესპუბლიკის შესაძლებლობები. მას საკავშირო ბიუჯეტი „მიუერთა“ და თავისი სამშობლოს აღმშენებლობის მიჰყო ხელი. რა თქმა უნდა, „ცენტრის“ (მოსკოვის) და სტალინის ნებართვით. მართალია, იმ პერიოდში ყველა რესპუბლიკა ყველაფერს კრემლთან ათანხმებდა და „სკამზე ლურსმნასაც ვერ დააჭედებდა“ მოსკოვის ნებართვის გარეშე, მაგრამ ეშმაკი ბერია მაინც ახერხებდა დამოუკიდებელ მოქმედებას. 1954 წელს უცხოეთში გაქცეული ბერიას ერთ-ერთი თანაშემწე, ვალერიან ჭითანავა წერდა: „ბერია ისეთი ეშმაკი იყო, თვით სტალინის მოთაფვლასაც ახერხებდა. ბერიამ კარგად იცოდა ადამიანების ფსიქოლოგია. თავად საუცხოო შემსრულებელ-ორგანიზატორი იყო და შეეძლო, ადამიანები ისე „დაექოქა,“ კარგა ხანს ნაყოფიერად ემუშავათ. ბერიას მუშაობის ასეთი სტილი ჰქონდა: ის (ბერია) ჯერ კარგად აწონ-დაწონიდა ყველაფერს, შემდეგ იდეოლოგიურ სარჩულს მიაკერებდა და ბოლოს ასრულებდა... მაგალითად, როდესაც ლავრენტი ბერიას ინიციატივით, პირველად საბჭოთა კავშირში, თბილისში გაიხსნა საზოგადოებრივი ტუალეტები, შესაბამის განკარგულებაში, რომელსაც ბერია აწერდა ხელს, ეწერა: „მშრომელთა ჰიგიენისა და საერთო კულტურული დონის ამაღლების უზრუნველსაყოფად“. სტალინს ბერიას ეს ინოვაცია ისე მოეწონა, რომ ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი, რუსეთისა და უკრაინის სხვა ქალაქებშიც გახსნეს საზოგადოებრივი ტუალეტები. მაგრამ, პირველი მაინც თბილისი იყო, იდეის ავტორი კი ბერია გახლდათ... სხვათა შორის, ბერია ყოველთვის დიდ დროს უთმობდა გასაკეთებელი საქმის დეტალებს და სანამ, რომ იტყვიან, ბოლო ხრახნამდე არ ჩასწვდებოდა ყველაფერს, მანამდე არ ანებებდა თავს. ბოლოს კი თავს აწევდა, დაღლილ-დაქანცულებს პენსნედან გამოგვხედავდა და გვეტყოდა: „დღეისთვის კმარა, ამხანაგებო. წადით და დაისვენეთ...“ მახსოვს, თბილისის ფუნიკულიორის დასასვენებელი პარკის კეთილმოწყობის პროექტზე რა გულდასმით მუშაობდა ბერია. მან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თითოეული დასარგავი ხის ადგილი პირადად აღნიშნა გეგმაზე. დაუზარებლად, თითქმის ყოველდღე ადიოდა იქ და საკუთარი თვალით ამოწმებდა ყველაფერს. სხვათა შორის, ფუნიკულიორის ზემო ფასადი – ბოძებიანი შენობა თეთრ მარმარილოში, ლავრენტი ბერიას იდეით დაპროექტდა, აშენდა და მართლაც ძალიან მოუხდა თბილისს...“
ბერიას დროს მიიღო მთაწმინდის პარკმა, რომელსაც სტალინის სახელი მიენიჭა, თანამედროვე სახე და თბილისელების უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილი გახდა. თავისუფალ დროს თავად ლავრენტი ბერიასაც ძალიან უყვარდა იქ ასვლა და ცოლ-შვილთან ერთად დასვენება. ბერია და მისი ოჯახი ფუნიკულიორზე საბაგირო გზით ადიოდნენ. ტრამვაიში სხდებოდნენ და თითქმის არასდროს სარგებლობდნენ საავტომობილო გზით, რომელიც აგრეთვე, ბერიას განკარგულებით გაკეთდა – სოლოლაკიდან მთაწმინდის ფუნიკულიორამდე მოასფალტებული ტრასა სარეკორდოდ მოკლე დროში, სულ რაღაც 33 დღეში გაიჭრა. ბერიას განკარგულებით, გზის მშენებლობაზე 2 ათასი პატიმარი მუშაობდა. სამუშაოები პერმანენტულად მიმდინარეობდა ოთხ ცვლაში. სწორედ ამიტომაც გაიჭრა ეს რთული ტრასა ასე მოკლე დროში. ბერიას სასამართლო პროცესზე პატიმრების მონურ ექსპლუატაციაში დასდეს ბრალი, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. გენერალი სერგო გოგლიძე წერდა: „სოლოლაკი-ოქროყანის მონაკვეთზე პატიმრების გამოყენება ლავრენტი პავლოვიჩის იდეა იყო. მან დამიბარა და მითხრა:
– ორი ათასი კაცია საჭირო ოთხცვლიანი, უწყვეტი მუშაობისთვის სოლოლაკი-ოქროყანის გზის მშანებლობაზე. შენს ხელქვეითებს დაავალე, რომ მსჯავრდებულთა შორის ამოარჩიოს უსაქმურობისთვის, წვრილმანი ხულიგნობისა და ლოთობისთვის გასამართლებულები. სწორედ მათგან შეარჩიონ ნებაყოფლობით საწყისებზე ორი ათასი მუშა და „გზამშენს“ გადასცენო.
სამი დღის შემდეგ „გზამშენს“ უკვე ორი ათასი მოხალისე პატიმარი ჰყავდა განკარგულებაში და მათ 33 დღეში გაჭრეს გზის ეს ურთულესი მონაკვეთი...“
საგულისხმო ფაქტია, რომ გზის მშენებლობაზე მომუშავე 2 ათასმა პატიმარმა ისე დაასრულა მშენებლობა, არცერთი შენიშვნა არ მიუღია, რომ არაფერი ვთქვათ, დისციპლინის დარღვევაზე. უმეტეს მათგანს სასჯელი გაუნახევრდა და მალე გათავისუფლდნენ. მათ კარგად კვებავდნენ და ნორმალურად ექცეოდნენ. ხოლო, ხრუშჩოვის მიერ ორგანიზებულ ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე, მას (ბერიას) ბრალი რომ დასდეს პატიმრების მონური შრომის გამოყენებაში (კონკრეტულად, სოლოლაკი-ოქროყანის გზის მშენებლობაზე), მტკნარი სიცრუეა... უფრო მართებული იქნებოდა, ბერია დაედანაშაულებინათ იმავე ბრალდებით, ოღონდ საკავშირო მნიშვნელობის მშენებლობებზე. მაგრამ, ნიკიტა ხრუშჩოვი და შეთქმულთა ხროვა ამას იმ უბრალო მიზეზით არ გააკეთებდნენ, რომ ბერიაზე მეტი დანაშაული, მილიონობით ადამიანის დამონებასა და ექსპლუატაციაში, სწორედ, მათ მიუძღოდათ და არა ბერიას. ამიტომ, ლავრენტი პავლოვიჩს „ლოკალური მონობის“ ბრალდება აკმარეს.
ბერიაზე იმის თქმა, რომ ის რბილი ადამიანი იყო, სიცრუე იქნება. მაგრამ, არც ისაა მართალი, თუ როგორც ხატავენ ბერიას პორტრეტს მიკერძოებული პუბლიცისტები: როგორც სისხლისმსმელ ვამპირს, რომელსაც ადამიანები არაფერში ედარდებოდა. თუმცა ირკვევა, რომ ეს მთლად ასე არ ყოფილა და თურმე, ბერიაც ზრუნავდა ხალხზე“.
იგივე ჭითანავა წერს: „ბერია მკაცრი მმართველი იყო და არა სადისტი. მას შეხურებაც შეეძლო და შექება-წახალისებაც. ხალხზე ზრუნვის ნათელი მაგალითია ის, რომ მან ორმოცგრადუსიან სიცხეში მუშაობა აკრძალა. შემდეგ, ეს წესი ცენტრშიც გადაიტანეს და უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოფიციალურად აიკრძალა ორმოცგრადუსიან სიცხეში მუშაობა. 1935 წლის აგვისტო ძალიან ცხელი გამოდგა და სწორედ მაშინ მოიწვია ბერიამ შესაბამისი დარგის სპეციალისტები საკონსულტაციოდ. მათ ურჩიეს ბერიას ასეთი აკრძალვის შემოღება. მომდევნო, 1936 წლისთვის, რომლის ზაფხულიც არანაკლებ ცხელი იყო და რამდენჯერმე საგანგებო მდგომარეობაც კი გამოცხადდა სიცხის გამო, თბილისში უკვე მრავალი ახალაშენებული შადრევანი ამოქმედდა. სწორედ იქ გრილდებოდნენ და სვამდნენ წყალს თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები...“
ბერიასვე განკარგულებით აშენდა ყინულის მწარმოებელი მინი-ქარხანა და შეიქმნა ნაყინის გამყიდველთა მოძრავი ჯგუფები, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე ფუნქციონირებდა. უფროსი თაობის ადამიანებს კარგად ემახსოვრებათ თეთრ, ქათქათა ხალათებში გამოწყობილი მენაყინეები, რომლებიც გორგოლაჭიან მაცივრებს ქუჩებში დააგორებდნენ და მოქალაქეებს უგემრიელესი ნაყინით უმასპინძლდებოდნენ. ბერიასვე ინოვაცია გახლდათ მსუბუქი ტიპის კონსტრუქციისგან აგებული კვების ფარდულები, სადაც უგემრიელეს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ყიდდნენ საკმაოდ იაფად... საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ როგორც მთაწმინდის პარკში, ასევე, უბრალოდ, ქუჩაში ან სკვერში, ბერია თავის ცოლ-შვილთან ერთად, ყოველგვარი დაცვის გარეშე სეირნობდა.“