კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ ვრცელდება დღეს მცირედმორწმუნეობა და უმეცრება და რატომ მოდიოდა მრევლზე ყველა დიდი განსაცდელი, სასულიერო პირების მაგივრად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 დღეს არაერთი სასწაული ხდება ჩვენ გვერდით, ჩვენ ირგვლივ. ბევრი ადამიანისთვის ეს დიდი ნუგეში და იმედია. თუმცა, თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი უიმედო მდგომარეობაშია ჩავარდნილი, მათი სული ხშირად დაავადებული და არაჯანმრთელია. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).


– მამაო, დღეს ბევრი სასწაული ხდება ჩვენ გვერდით. ამასთანავე, ცრუ სარწმუნეობაც ვრცელდება. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ქრისტიანი?
– თანდათანობით ხდება საზოგადოების შემზადება  იმისთვის, რომ ბევრი სასწაული უნდა მოხდეს. იმის მაგივრად, რომ ჭეშმარიტებაში გაერკვეს საზოგადოება, პირიქით, ანტიჭეშმარიტებითა და ანტირელიგიური საკითხებითაა დაინტერესებული. სახარებაში კარგად წერია, რომ, სადაც არ იყო შიში, იქ დაეცა მათ შიში. არაფერია საშიში და ადამიანს ეშინია. ყველაფრის შიში არსებობს, გარდა ღვთის შიშისა. ვინც ღვთის შიშით ცხოვრობს, მას ვერაფერი შეაშინებს. იმდენად გავრცელდა მცირედმორწმუნეობა და უმეცრება, რომ დღეს სამარცხვინო მდგომარეობამდე მივედით. ხშირად, როცა რაღაც მოვლენები ხდება, იქ მიდიან სასულიერო პირები, ასხურებენ წმიდა წყალს. მაგრამ, რამდენიც უნდა ასხურო, ლიტანიობა რამდენჯერაც არ უნდა ჩაატარო, ადამიანს არაფერი ეშველება, თუ მას მიმღებლობა არ აქვს. მაცხოვარიც ქადაგებდა, კურნავდა, მაგრამ ვინც იღებდა, ის იკურნებდა, ვინც არა – არ იკურნებოდა. ადამიანი თავისი სარწმუნოებისამებრ იღებს ყველაფერს. როცა ადამიანი არ არის ღმერთთან, ავტომატურად ბოროტ სულთანაა. ბოროტ ძალას თავისი სახარება აქვს, თავისი სწავლება, ბიბლია, თავისი წმიდა მამები ჰყავთ – ტელევიზორი ჩართეთ და ნახავთ. გვამზადებენ ანტიქრისტეს მოსასვლელად ცრუ წინასწარმეტყველები, ცრუ მქადაგებლები. პირველ საუკუნეში, როცა ვინმე იტყოდა, ქრისტიანი ვარო, ძელზე ჰკიდებდნენ, ნავთს ასხამდნენ და ღამე ცეცხლს უკიდებდნენ. ცეცხლმოკიდებული ქრისტიანის სხეული კი ანათებდა. ძალიან  მეეჭვება, რომ დღეს ვინმე თავისი ცხოვრებით ანათებდეს. მეორე მდგომარეობა: ეს არის უდებება, სიზარმაცე, რომელიც განსაკუთრებით სიცხეში იჩენს თავს. ყველაფერი ვიცი, მახსოვს, მაგრამ მეზარება გაკეთება და ისე ვცხოვრობ, როგორც წარმართი. დავიწყება და უდებება – ეს არის ცოდვები, რომლის დაფიქსირებაც შეგვიძლია საკუთარ თავში. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პოლიტიკოსები თავიანთი პოლიტიკით არიან დაკავებულები. უამრავი თანხა იხარჯება იმაში, რომ, მივიდნენ შტურვალთან და გემი, რომელიც იძირება, ბოლომდე ჩაძირონ. კაიუტებიდან ამოზიდონ ის ოქრო-ვერცხლი, რომელიც დარჩენილია და საკუთარ სახლებში შეზიდონ. სასულიერო პირებიც განმოსილები არიან, სადღაც ერთობიან და ავიწყდებათ, სასულიერო პირები რომ არიან. დარჩა უბრალო მრევლი, პირველი ფენა, ვისზეც დგას ეკლესია. ყველა დიდი განსაცდელი სწორედ მრევლზე მოდიოდა, რადგან მას დასაკარგი არაფერი აქვს. სასულიერო პირს შეიძლება, ხარისხი აჰყარონ, სხვა ეკლესიაში გადაიყვანონ, მრევლს კი სულის გარდა, დასაკარგი არაფერი აქვს. ამიტომაც, ყოველთვის მრევლი იდგა ჭეშმარიტების საჯარადოზე.
– ადამიანები თითქოსდა ღმერთთან ვართ, მაგრამ როგორც კი საშუალება მოგვეცემა, მაშინვე უარვყოფთ და გავურბივართ.
– ზიარების ლოცვაში ასეთი რამ წერია: „სერობასა მას საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რამეთუ არა მტერთან შენთა ვუთხრა საიდუმლო შენი, არცა ამბორს გიყოფ, ვითარცა იუდა“. ამ დროს ბევრს ეშინია და ფიქრობს: უღირსი ვარ, მართლა ამბორით გასცა იუდამ ქრისტე? ქრისტეს ყველა იცნობდა და მაინც შეიპყრობდნენ მას. აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ქრისტესთან არიან, ეკლესიასთან, მოძღვრებთან, პატრიარქთან ჩახუტებულები; ლოცულობენ, ეზიარებიან, მაგრამ ეკლესიის გამყიდველები არიან. სწორედ ამას ვევედრებით: ზიარების შემდეგ რომ გავდივარ ეკლესიიდან, იუდასავით არ გავყიდო ჩემი მაცხოვარი, რომელიც უკვე ჩემშია. თუ შენ იცი ავაზაკის აღიარება, აღარ გაგიჭირდება აღსარების თქმა. აღსარებაში ადამიანები ხშირად, საკუთარი თავის მაგივრად, მხოლოდ სხვებზე საუბრობენ. რა მდგომარეობაშიც ვართ: საპყრობილეში, გაჭირვებაში, შიმშილში, ეს ჩვენი ბრალია – რაც დავთესეთ, ის მოვიმკეთ. უნდა ვთხოვოთ უფალს: მომიხსენე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. ისევე, როგორც ჯვარზე გაკრულმა ავაზკმა სთხოვა მაცხოვარს: არ ვარ ღირსი, მაგრამ, უბრალოდ, მახსენე, რადგან მეტის ღირსი არ ვარო. ავაზაკი ღმერთმა ყველაზე წინ შეიყვანა სამოთხეში. ამიტომ არის ქრისტიანობა ყველაზე უნივერსალური და მოერგება ყველა რჯულის ადამიანს. ამიტომაც, ცუდი არაფერი თქვათ სხვაზე. ავაზაკი სიკვდილამდე ხუთი წუთით ადრე ცხონდა, მაშინ, როცა იუდა მთელი ცხოვრება იყო ქრისტესთან, მისი ჯამიდან ჭამდა და ჯოჯოხეთში აახილა თვალი. ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ, რადგან დღეს უკვე გვიწევს კამათი არა სექტანტებთან, არამედ ეკლესიაში შემოჭრილ გადაცმულ მგლებთან.
– დღეს ბევრი ადამიანია უიმედო მდგომარეობაში.
– კი. ბევრი ადამიანი გარეგნულად კარგად გამოიყურება, მაგრამ ავადმყოფი სული აქვს. ამის მანიშნებელი კი მისი უიმედობაა. ნახეთ, როგორ მომრავლდნენ ახალგაზრდები, რომლებიც თავს იკლავენ; რამდენი ადამიანია უიმედო მდგომარეობაში. თუ შენ უიმედო მდგომარეობაში ხარ, არაფრის გჯერა და არაფრის იმედი არ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შენი სული ძალიან დასნეულებულია. უიმედობის წამალი იმედია, რომელიც ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან მოდის. ხშირად ადამიანებს მუშაობის დროს აწუხებთ კითხვა: სწორად მოვიქეცი თუ არა? ჩემი საქმე კეთილს ემსახურება თუ ბოროტს? თუ შენ რამეს აკეთებ და გაღიზიანებული ხარ, ესე იგი, არასწორად იქცევი. მაგალითად, უფროსი მთელი დღე ჩხუბობს სამსახურში; ქმარი ჩხუბობს ოჯახში; ცოლი – მასწავლებელი ჩხუბით აკეთებენ ყველაფერს. შენ თუ ჩხუბით მოქმედებ, ესე იგი, არასწორად იქცევი, რადგან, თუ სწორად იქცევი, მაშინ, რაღა გაჩხუბებს? თუ არასწორად იქცევი, მაშინ, მით უმეტეს, არ უნდა იჩხუბო, რადგან, თავად ხარ დამნაშავე. იგივე ითქმის მოძღვარზეც – დღეს ძალიან ბევრი მოძღვარი ჩხუბობს, რაც ძალიან ცუდია. თუ რამეს კარგს აკეთებ, თავმდაბლობითა და სიყვარულით აკეთე და არა ჩხუბით. კიდევ ერთი საკითხი – როგორ შევაფასოთ საკუთარი თავი: ძლიერი ვარ თუ არა? სულიერი ვარ თუ არა?.. ჩემი ქრისტიანობა კარგია თუ არა? ვინ არის ძლიერი? – ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს დაამარცხებს. ნებისმიერი აღსარება საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ და არა მოძღვარს, რადგან, თუ გინდა, რომ ძლიერი იყო, აღმოაჩინე საკუთარ თავში ნაკლი, ვნებები და შემდეგ გამოასწორე, დაამარცხე ისინი. უამრავი რამ არსებობს, რაც დღეს ადამიანს სტანჯავს. ეკლესია ტანჯვას უპირისპირებს მოთმინებას. ბევრი ითმენს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც არის. თუმცა, თანამედროვე შეხედულებებით: რატომ უნდა მოვითმინო ანჩხლი ცოლი, ნარკომანი ქმარი, თავხედი შვილი, ეს მთავრობა, ან ის მთავრობა. რომ არ ვითმენთ, მოთმინება რომ აღარ გვაქვს, მარტივად ვანგრევთ, ვუშვებთ, ახალს ვირჩევთ, ვჩხუბობთ, რევოლუციას ვაწყობთ. იმიტომაც მიდის ჩვენი ცხოვრება „კარგად“ – მოუთმენელები რომ ვართ. იოანეს გამოცხადებიდან მინდა, შეგახსენოთ – იოანემ როდესაც იხილა კრავის ტახტთან უამრავი ხალხი, ჰკითხა ქრისტეს: ეს ხალხი ვინ არისო. მან უპასუხა: ესენი დიდი გასაჭირიდან მოსული ხალხიაო. ის ხალხი შევა სასუფეველში, ვინც გაჭირვებას, უბედურებას, სისასტიკეს, უგუნურებას მოითმენს და თავმდაბლობით, ლოცვით, სიყვარულით გაუმკლავდება მას.  

скачать dle 11.3