№30 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: უნდა ვერწმუნოთ თუ არა ამა თუ იმ მღვდელმსახურზე გავრცელებულ ხმებს, თუკი მათი საქციელი ხანდახან მართლაც გვაეჭვებს.
პასუხი: ნურასდროს დაუჯერებთ მოარულ ხმებს და მით უმეტეს, ცილისწამებას. განსაკუთრებით, თუ ისინი მღვდელმსახურებს ეხება. უფალი გვეუბნება: „ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ“. ჭეშმარიტად ღვთისმოსავი მრევლი, კიდეც რომ ხედავდეს მოძღვრის არც თუ მოსაწონ საქციელს (თუ, რა თქმა უნდა, ეს ეკლესიის გმობასა და მართლმადიდებლობისგან გადახვევასთან არ არის დაკავშირებული), მის ადამიანურ სისუსტეს მიაწერს და გაიხსენებს, რომ არავინაა დაზღვეული ნაკლისგან. ხოლო, ნაკლი, საქვეყნოდ გახმაურებით, ან კიდევ უარესი, ცილისწამებით კი არ სწორდება, არამედ კეთილმოსურნეობითა და სიყვარულით.
კითხვა: თითქმის ორი წელია, რაც გარდამეცვალა მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარდა. ნუგეშს რომ ვერსად ვპოულობ, მისი გადიდებული ფოტოები ყველა ოთახში მიკიდია. ახლობლები მეუბნებიან, რომ ამდენი სურათის გამოფენა არ არის სწორი და მიკიჟინებენ, ჩამოვხსნა ისინი. როგორ მოვიქცე?
პასუხი: გარდაცვლილთა პატივისცემა ყველას გვევალება და მათი ფოტოებიც უნდა გვქონდეს. თუმცა, ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ უხერხულობა შევუქმნათ სხვებს. იქონიეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფოტოები ალბომში, ან სახლის კონკრეტულ ადგილზე მოათავსეთ.
კითხვა: მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი – გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც არ იყო მონათლული. მოძღვარმა, ჩვენი დიდი თხოვნის მიუხედავად, გარდაცვლილი ბავშვი არ მონათლა. სწორია თუ არა ეს და რა გავაკეთოთ მისი სულისთვის?
პასუხი: გარდაცვლილის მონათვლა დაუშვებელია. მღვდელი ვერ მონათლავდა უსულო სხეულს. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, გააკეთოთ უნათლავად აღსრულებული ყრმისთვის, გაეცით მოწყალება მისი სახელით. დანარჩენი კი ყოვლადმოწყალე უფალს მიანდეთ.
კითხვა: ზოგ მორწმუნეს სახლში უამრავი ხატი და საეკლესიო ნივთი აქვს. უფრო მეტიც, ზოგიერთს სამსახურში, კაბინეტებშიც აქვს მოწყობილი ხატებით გადაჭედილი კუთხე. სწორია თუ არა ასეთი მიდგომა?
პასუხი: ყოფით ცხოვრებაში ნებისმიერი ნივთი და საგანი აღძრავს ადამიანში ამა თუ იმ გრძნობას, აზრსა და სურვილს. ამიტომ, სულის ხსნისთვის, უმჯობესია, ისეთი საგნების გარემოცვაში ყოფნა, რაც უფალთან სიახლოვის განცდას შეგვძენს და არა ბილწი ვნებებით აღგვავსებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერების დაცვა ყველაფერში უმთავრესია. ამასთანავე, აუცილებელია, კრძალვით მივეახლოთ ამ ნივთებს.
კითხვა: ახლახან ვიპოვე წლების წინ დაკარგული ჩემი ნათლობის ჯვარი. ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ მაინტერესებს, ხომ არ დაკარგა ძალა და უნდა ვაკურთხებინო თუ არა ის მოძღვარს ხელახლა?
პასუხი: ნათლობის ჯვარი განსაკუთრებით ძვირფასია ადამიანისთვის და აუცილებელია, სათუთად მოვეპყროთ მას. ჯვარი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალას არ კარგავს, მაგრამ თუ ჟამთა ვითარებაში ან დაუდევრობით გაჭუჭყიანდა, მაგალითად, მიწით დაისვარა, უნდა გაიწმინდოს და თავიდან აკურთხებინოთ.
კითხვა: ხშირად მესიზმრება ჩემი გარდაცვლილი ახლობლები. ხანდახან შიში მიპყრობს, რატომ ხდება ასე? რას უნდა მოასწავებდეს მათი ხშირი დასიზმრება?
პასუხი: ქრისტიანმა ეს შეიძლება, მიიღოს როგორც შეხსენება, რომ უფრო მეტი გულმოდგინებით ილოცოს გარდაცვლილი ახლობლების სულების ცხონებისთვის.