№30 როგორ აკომპლექსებს კაცს წარმატებული ცოლი და პოულობს თუ არა ის შვებას ღალატში
მამაკაცს ყველაფრით შეუძლია გაამართლოს თავისი ღალატი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახის შენარჩუნება სურს. ზოგადად, მამაკაცი თავდაცვის საუკეთესო საშუალებად, ხშირად თავდასხმას ირჩევს. არ აღიარებს თავის ბრალეულობას. ცდილობს, ჩიხში შესულმაც კი, გაფუჭებული ურთიერთობის მთელი „ტვირთი“ ქალს აკიდოს. ზოგიერთ კაცს ეს გამოსდის კიდეც.
მაკა (37 წლის): სერიოზულად ვფიქრობ, რომ კაცები ყველაზე უმადური და უსინდისო არსებები არიან, დიდი არასრულფასოვნების კომპლექსით და იმის პრეტენზიით, რომ ძალიან მაგარი ტიპები არიან... და სწორედ მათ გარშემო ბრუნავს სამყარო. ისე ვარ საკუთარ ქმარზე ნაწყენი, ისე გამიცრუა იმედი, რომ მეეჭვება, მასზე გული როდისმე მომიბრუნდეს. გულში „დამჭრა“ – როგორც იტყვიან. ერთად ვართ, მაგრამ... წარმოუდგენელი რაღაც დაემართა ჩვენს ურთიერთობას. ყველაფერი კი ისე შესანიშნავად დაიწყო. გავიცანი, შემიყვარდა. მასაც შევუყვარდი... მაშინვე მიზანდასახული ვიყავი და ცხოვრებაში დიდი გეგმები მქონდა. ჩემმა ქმარმა ამის შესახებ თავიდანვე იცოდა.
– რის შესახებ იცოდა?
– ჩემი მომავლის გეგმების შესახებ. არ მივეკუთვნები ისეთ ქალთა კატეგორიას, რომ თხოვდება და მორჩა, – მისი ერთადერთი ინტერესი ოჯახი და ქმარია. მქონდა კონკრეტული მიზანი და მივდიოდი კიდეც ამ მიზნისკენ. მაშინ ჩემი ქმარიც გვერდში მედგა და მხარს მიჭერდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ფრთაშესხმული... არ მესმის, რატომ მაშინ არ ჰქონდა ეს პრეტენზიები, მერე რომ გაუჩნდა.
– რა პრეტენზიები?
– მეუბნება, რომ, რაც გააკეთა, ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია. მიღალატა და აქეთ მადანაშაულებს, რომ მე მივიყვანე ამ ზომამდე.
– გიღალატათ, საყვარელი გაიჩინა?
– დიახ. თუმცა, იფიცება, რომ ახლა იმ ქალთან აღარაფერი აკავშირებს და... რომ მაშინაც იმიტომ იყო მასთან, მე ვაიძულე. ისე შევიცვალე, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავაგდე. გამიტაცა ჩემმა საქმიანობამ. ვტკბებოდი ძალაულებით და გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი, ვერც ქმარს, რომელსაც თურმე, ძალიან ვჭირდებოდი. ჩემ თვალწინ იქეცი „სწერვად“, ისეთ ქალად, როგორიც ყოველთვის მძულდაო.
– რას გულისხმობს. როგორ ქალად იქეცით?
– გეტყვით. სხვა მამაკაცები სრულ კომფორტში არიან ცოლებისგან, განებივრებულები და ყურადღებით გაფუფუნებულები. მე შენ გვერდით აღარაფერს წარმოვადგენ, სრულ არარაობად ვიქეციო.
– ამას რატომ ამბობს
– იმიტომ, რომ თავისი დანაშაული გადაფაროს. წარმოიდგინეთ, სადამდე მიდის მისი უსინდისობა. მიღალატა და ცდილობს, „გააპრავოს“. ისეთ ურჩხულად გამოვყავარ, მართლა რომ ასეთი ვიყო, შემეშინდებოდა. დიახ, მე სერიოზულ წარმატებას მივაღწიე. ძლიერი, მიწაზე მყარად მდგარი ადამიანი ვარ, რომელსაც ყველაფერი გამოუვიდა. შესაბამისად, მაქვს ყველა ის თვისება, რომელიც ძლიერ, დამოუკიდებელ, მიზანდასახულ და რისკიან ადამიანებს აქვთ. მკაცრიც ვარ, მომთხოვნიც და შეიძლება, ცოტათი მრძანებელიც. მაგრამ ოჯახის წევრებისგან განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვდი. არც ქმრისგან. უბრალოდ, მინდოდა, ჩემი ქმარი სუსტი და მაჩანჩალა არ ყოფილიყო.
– თქვენ იცით, რომ სწორედ ეს არ მოსწონთ მამაკაცებს?
– არ მოსწონთ გვერდით ძლიერი ქალი? მაშინ რატომ იყო კმაყოფილი იმით, მისი ცოლი წინ რომ მიიწევდა?! ჩვენ შორის გაუგებრობა ხომ თავიდანვე არ დაწყებულა?! 37 წლის ვარ. რვა წელია, გათხოვილი ვარ და ბოლო ოთხი წელი წარმატების პიკს მივაღწიე. ორი წელია, „აურია“ ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ. მანამდე ხომ იყო კმაყოფილი?!
– გამოხატავდა თავის კმაყოფილებას?
– რა თქმა უნდა. სრული მხარდაჭერა მქონდა მისგან. ეამაყებოდა, რომ ასეთ წარმატებას ვაღწევდი. ხმამაღლაც ამბობდა ამას. ყველგან დამყვებოდა. მერე შევატყვე, რომ რაღაც შეიცვალა. „დაიგრუზა“, დაიბოღმა. თავს მარიდებდა. ხან ისე შემომხედავდა, როგორც უცხოს... ცოტა ხანი ვაცადე, ვფიქრობდი, ეტყობა, რთული პერიოდი აქვს-მეთქი.
– იქნებ, სწორედ მაშინ უნდა დალაპარაკებოდით და ხელსაყრელი მომენტი ხელიდან გაუშვით?
– შეიძლება. არ გამოვრიცხავ. ახლა უკვე ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი. თან, ისე ვნერვიულობ. ბუნებრივია, ურთიერთობაში შეცდომა მეც მაქვს დაშვებული. მაგრამ, რაც გააკეთა, იმის „გაპრავება“ წარმოუდგენელია, მით უმეტეს, ასეთი ფორმით. ნუთუ მართლა შესაძლებელია, კაცმა, არასრულფასოვნების კომპლექსის გამო, გიღალატოს?! მინდოდა, ფსიქოლოგებისთვის მეკითხა, მაგრამ არ მომიხერხდა. მიმალავდა, სხვა ქალი რომ ჰყავდა, სანამ თვითონ არ გავიგე, უბრალოდ, თვალებში ნაცარს რომ მაყრიდა. როცა ვუთხარი, რომ ვიცოდი, მისი უზნეობის შესახებ, არც კი შეწუხებულა. აქეთ შემომიტია – აბა, რა გეგონა, არაფრად რომ არ მაგდებდიო. მე იმასთან წავედი, ვისთვისაც რაღაცას წარმოვადგენ. შენ ისეთი ხარ, ისეთი გახდი, კაცი საერთოდ არ გჭირდებაო. გავოგნდი, სინანულის გრძნობა საერთოდ რომ ვერ შევამჩნიე. წელიწადზე მეტია, რაც ეს ამბავი მოხდა და ისევ უტიფრად იმეორებს, რომ მართალია და მისი ღალატის ცოდვა ჩემს კისერზეა. ზედ ვყვებოდი, არაფერი აკლდა. პატივისცემით ვექცეოდი და ვერ შეიფერა, ვერ შეირგო. აუცილებლად საყვარელი უნდა გაეჩინა, რომ თავი „სრულფასოვან“ მამაკაცად ეგრძნო? ხომ არის ეს სისულელე? მითხარით, რანაირად ვაპატიო?! ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. რომ ჰკითხო, ისიც შეურაცხყოფილი იყო და ასე იმიტომ მოიქცა. როგორ დავუჯერო?!