№30 ჩამომედოებული
ჯაყოს კვანტებში
არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მოსკოვში თვით რფ-ის ნომერ პირველი დიპლომატისა და ამ ჩვენი სეპარატისტული ცხინვალის რეგიონის, „იუჟნაია ოსეტიად“ რომ უხმობენ ოკუპანტები და სეპარატისტები, „საგარეო საქმეთა მინისტრ“ დიმიტრი მედოევის შეხვედრა გაიმართა (აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ, უმალვე).
მხარეებმა, თქვენ წარმოიდგინეთ, „იუჟნაია ოსეტიას“ სატრანზიტო ფუნქცია განიხილეს. მანამდე კი, კარასინ-აბაშიძემ ისაუბრეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ვალდებულებების შესრულების შესახებ (მოგეხსენებათ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და რფ სხვადასხვა საზღვრებში აღიარებენ საქართველოს ტერიტორიას და ორგანიზაციის ყველა წევრს აქვს ვეტოს უფლება. თუმცა 2011-ში, როდესაც რფ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდა, საქართველო აშშ-მა დაიყოლია, რომ მხარი დაეჭირა რუსეთის გაწევრიანებისთვის, იმ საკაზმით, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთში მესამე ქვეყნის, ანუ შვეიცარიის წარმომადგენლები განაბაჟებდნენ ტვირთს, რადგან ქართველი მებაჟეების ფსოუზე და როკთან დანლაგებას რფ ეწინააღმდეგებოდა, ხოლო, თუკი ტვირთები იქ არ შემოწმდება, გამოდის, რომ თბილისი აღიარებს თავის სეპარატისტულ რეგიონებს).
თუმცა რფ რის რუსეთი იქნებოდა, რომ კვანტი არ დაედო. ჰოდა, რაკი ვერ იქნება, სერგეი ლავროვმა დიმიტრი მედოევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოკუპანტ-სეპარატისტთა სამწყსოს აუწყა, რომ „იუჟნაია ოსეტიის“ კონსტრუქციული პოზიციის გარეშე, ამ საკითხს ვერ გადაწყვეტენ. „იუჟნაია ოსეტია“ კი მოითხოვს, რომ ამ პროცესში სრულფასოვან მხარედ ჩაერთოს (მანამდე არ აუდგათ გვერდები ჯაყოებს!).
ცხადია, რომ რფ გვეთამაშება (ერთი – მე გავხდები მეფე არტური და მეორე – „იუჟნაია ოსეტია“ სრულფასოვანი მხარე!), რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმაც აქვს, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ, ძირითადად, მარშირებითა ან საპროტესტო პლაკატების (გულისმომკვლელის) წარწერებით ვართ გართულნი (პროფესიულმა ჯარმა დაგვიცვას, რათა თავისუფლად დავბოლდეთო), თუ ჭკუას ღონე არ დავატანეთ, ოკუპანტის კვანტმა ჯაყოს ქვეშ არ გაგვაკრას. –