კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რომელი სვანური ტრადიციის ნახვისას გაოგნდა უცხოელი მაყურებელი და რის გამო გამოარჩიეს კარლოვი-ვარში, 15 ათასს შორის მარიამ ხაჭვანის სვანურ ენაზე გადაღებული ფილმი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმი – „დედე“,  კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე, მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ფილმი სვან გოგონაზეა, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს. „დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და თბილისში მიმდინარეობდა. ფილმი სვანურ ენაზეა და პირველი წარმატება მოუტანა საპილოტე ვერსიამ – „დინოლა”, რომელიც 18 საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი პრიზების მფლობელი გახდა. სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა კი, კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე შედგა. სულ მალე, „დედეს” პრემიერა საქართველოში, ბათუმის კინოფესტივალზე შედგება. თბილისში მისი ნახვა კი, ნოემბერში იქნება შესაძლებელი. თავად, გამარჯვებულ რეჟისორს პრაღაში დავუკავშირდით და ხორვატიაში წასვლამდე, სადაც ფილმი მიაქვს საჩვენებლად, ინტერვიუ ჩავწერეთ.
მარიამ ხაჭვანი
: ძალიან ბედნიერი, ამაყი და გახარებული ვარ. არ მოგატყუებთ, გამარჯვებას ველოდი, რადგან კარლოვი-ვარში, პრემიერამდე აჩვენეს ფილმი და საკმაოდ კარგი შეფასებები ჰქონდა. აქ მოხვედრა, ძალიან ძნელია და პრესტიჟული. 15 ათასი ნამუშევრიდან, 12 აარჩიეს, მათ შორის, ჩემი და სწორედ, ის გახდა გამარჯვებული. კინორეჟისორობა, ძალიან ძნელი პროფესიაა და გამარჯვებამდე მისვლა, კიდევ უფრო რთული. მე, გამარჯვება ვიგემე და ყველაფერი ცუდი, რაც გადაღების დროს მოხდა, ამ სიხარულმა გადაფარა. „დინოლა”, ისევე როგორც „დედე”, ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. მან მთავარი ჯილდოები 18 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია. „დედე” სვანურ ენაზეა და სვანია, ფილმის ყველა მსახიობი. უშგულში ვარ დაბადებული და კარგად ვიცი ამ კუთხის უძველესი ტრადიციები და დღევანდელი ყოფა. სწორედ ეს მინდოდა მეჩვენებინა ჩემი ფილმით და არ შევცდი, მან წარმატება მომიტანა. სვანეთი, დიდი კულტურის მხარე, ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული ტრადიციებით. მაგრამ, ეს ტრადიციები ხშირად არასწორი და უარყოფითი კუთხით არის ნაჩვენები. ამიტომ, გადავწყვიტე, გადამეღო ფილმი, რომელიც ასახავს ნამდვილ სვანურ ყოფას – განსხვავებულს, რეალურსა და საინტერესოს. ამაყი ვარ რომ, ჩემი ფილმი გამარჯვებულია და მისი ნახვის მერე, ხალხი დიდ ხანს უკრავდა ტაშს, ოვაციას ვერ მალავდა.
– როგორც ვიცი, ფილმში რეალური ამბავია ასახული და ის შენს ოჯახთანაა კავშირში. ასევე, ფილმში, შენი ოჯახის წევრები და ნათესავები ათამაშე...
– დიახ, სვანურ ტრადიციებზე გადაღებულმა ამბავმა, თუ როგორ დაობლდა პატარა გოგონა დინოლა და მერე როგორ გაუთხოვეს დედა, ბევრი მაყურებელი და კინოკრიტიკოსი შეძრა. ეს ამბავი რეალურია, ბებიას ცხოვრება გამოვიყენე და ამგვარი წესი, რომ დაქვრივებული ქალი კვლავ გათხოვილიყო, ახალი ოჯახი შეექმნა და შვილი მამისეულ სახლში დაეტოვებინა, ძველად სვანეთში ნამდვილად არსებობდა. ეს და კიდევ ბევრი წესი და ტრადიცია ცხოვრების მაშინდელი პირობებისა და დემოგრაფიული მდგომარეობიდან იყო ნაკარნახევი და იმ დროს, სავსებით გამართლებულიც. მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი და ჩემი ძმა,  ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ. ასევე, ბიძაშვილებიც არიან ამ ფილშმი დაკავებულები და უბრალო, სვანი მოსახლეობა. ფილმის გადაღება სამი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ცხოვრება უშგულში მაქვს გატარებული, რამდენჯერაც ავდივარ, იმდენჯერ გაოცებული და ბედნიერი შევყურებ კოშკებს და ვრწმუნდები, რომ სამოთხეში დავიბადე. ვცდილობ, სვანური ხასიათი და ცხოვრება არ დაიკარგოს და მაქსიმალურად, რეალურად ვიღებ ფაქტებს. სიმართლე გითხრათ, წლების წინ მეც ვაკრიტიკებდი სვანურ ტრადიციებს, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ტრადიციები და წესები, იმ დროისთვის აუცილებელი იყო. ძალიან მიყვარს ჩემი კუთხის ხალხი, ბევრი დადებითი თვისება აქვთ, ძალიან ნიჭიერები არიან. მათი უმეტესობა არაჩვეულებრივად მღერის, ცეკვავს, წერს ლექსებს და ეს ჩემს ფილმში გამოჩნდა. ასე რომ, სვანურმა გენეტიკამ ითამაშა ჩემს წარმატებაში დიდი როლი. როცა გამარჯვებულს პრიზი გადმომცეს – მოვერცხლილი გლობუსი, საკმაოდ მძიმე იყო და ვხუმრობდი: კიდევ კარგი სვანური სიძლიერე მაქვს გენეტიკაში, თორემ ამას რა მოერეოდა-მეთქი (იცინის).
– ფილმის გადაღებების დროს, შენი ოჯახის წევრები და ნათესავები დაიჭირეს და ამის გამო, ფილმის სცენარის გადაკეთება მოგიხდა. წარმომიდგენია, როგორ გაგიჭირდა, სცენარის გადაკეთებას რომ თავი დავანებოთ, ასეთ სტრესულ სიტუაციაში გადაღებების გაგრძელება.
– პოლიციასთან გაუგებრობის გამო, ჩემი ოჯახის ოთხი წევრი დაიჭირეს. მათ შორის, მეუღლე და ჩემი ძმა, ნუკრი, რომელიც ფილმში მთავარ როლს თამაშობს. სცენები უნდა გადამეღო და ასევე, დაიჭირეს – ბიძაშვილები, რომლებიც უშგულიდან ჩამოვიყვანე და  ფილმში თამაშობდნენ. ფაქტობრივად, მსახიობების გარეშე დავრჩი და მომიწია, სცენარის შეცვლა. მადლობა ღმერთს, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაირკვა, მოგვარდა და ციხიდან გამოვიდნენ. თუმცა, ეს ჩემთვის დიდი სტრესი იყო – არაპროგნოზირებადი ვიყავი,  ძალიან გამიჭირდა. ყველაფრის მიუხედავად, ფილმი დავასრულე და ჩემი ემოცია და ეს ცუდი ფაქტი, ფილმში არ იგრძნობა. ამას მაყურებელი ვერ ხვდება. მინდოდა, სვანური ისტორია, ტრადიცია, კულტურა და წესები, რაც ნელ-ნელა იკარგება, ამ ფილმში ამესახა და ისტორიას დარჩენოდა. ფილმი ასი წუთი გრძელდება. გადმოვეცი, ჩემი დამოკიდებულება და იმავდროულად, „სამოთხე“, სადაც სვანი ხალხი ცხოვრობს. არც სიძველე და არც რეალური ცხოვრება დამიკარგავს. სხვათა შორის, ყველა, ვინც ფილმი ნახა, ამბობდნენ, ეს ასი წუთი, უშგულში ვიცხოვრეთო.
– სვანები ცოტა მკაცრი ბუნების ადამიანები არიან – ცივები და საკმაოდ, თავდაჯერებულები. ეს თვისებები თუ ჩანს შენს ფილმში?
სვანები მკაცრი კი არა თავისუფალი და გახსნილი ხალხია.  თუმცა, რატომღაც, ცუდი კლიშე აქვთ. მე მომწონს სვანების სითამამე, ვაჟკაცობა და თავისუფალი ბუნება. არ დამავიწყდება, უნდა გადამეღო მკვდრის დატირების სცენა. სადაც ვიღებდი, იმ ოჯახის ცოტა მომერიდა, როგორია, უცხო მიცვალებულის დასვენება სახლში?  ვფიქრობდი, როგორ ვუთხრა, რომ გასვენების სცენა უნდა დავდგა-მეთქი. მომიახლოვდა ოჯახის წევრი ქალი და მითხრა, მივხვდი, მკვდარი უნდა დაასვენოთ ჩემს სახლში და უარს ნუ მეტყვი, ბარემ, მე დავიტირებო. გაოგნებული დავრჩი. მართლა, საოცრად დაიტირა. სვანები ჩემს ფილმში არ თამაშობენ,  ბუნებრივები და ისეთები არიან, როგორიც ნამდვილ ცხოვრებაში. ალბათ, ეს არის მთავარი, რამაც ამ ფილმს წარმატება მოუტანა.
– რა არის შენი კუთხის ტრადიცია, რომელსაც ვერასდროს უღალატებ?
ეს არის „მიცვალებულთა მასპინძლობა“, რომელიც ძალიან მომწონს. მჯერა, ამ დღეს სულები მოდიან და არ ვუღალატებ, ყოველთვის შევასრულებ ამ რიტუალს. ისეთი შეგრძნება მაქვს ამ დროს, რომ ცოცხლები და მიცვალებულები, ყველანი ერთად ვართ და ამის მჯერა. არ არის აუცილებელი, სად ვიქნები, ყველგან შევასრულებ ამ რიტუალს და მოვიპატიჟებ მიცვალებულთა სულებს – გინდა უშგულში ვიყო, გინდა – თბილისში და გინდაც – ჰოლივუდში. ეს ტრადიცია – „მიცვალებულის სულების მოპატიჟება“ ჩემს ფილმშიც ავსახე და უცხოელი კინოკრიტიკოსები წერდნენ: ხაჭვანმა,  უცნაური რამ გვაჩვენა – ტრადიცია, რომელიც გარდაცვლილებს აცოცხლებს და მათთან რეალურ კონტაქტზე გვიამბობსო.
– გამოდის, რომ შენს ფილმში მიცვალებულთა სულებიც ათამაშე?
– ასე გამოვიდა და მათი დამსახურებაცაა ეს წარმატება. რაც კინოსამყაროს ვეზიარე,  ოცნება მაქვს, „ოქროს პალმის რტოს“ ფესტივალის გამარჯვებული გავხდე. მანამდე კი, მინდა, „დედე“ „ოსკარის” დაჯილოებაზე ვნახო. წარმომიდგენია, სვანური ქუდით,  გარდაცვლილთა სულებთან ერთად, როგორ გავივლი წითელ ხალიჩაზე, მერე კი მოგებული პრიზით, უშგულში როგორ ჩავალ. სხვათა შორის, უცხოეთში, სვანური ქუდი მაფარია თავზე და ისე დავდივარ ქუჩაში. ყველა ინტერესდება, მეკითხებიან, რა არისო და მეც ვუხსნი, რომ ეს სვანური, ტრადიციული ქუდია. ფილმში მსახიობებს ახურავთ სვანური ქუდები და ვინც ნახა ფილმი და მერე გადამეყარა ქუჩაში სვანური ქუდით, ყველამ მიცნო.  მიხვდა, რომ მე სვანი ვარ. ბევრმა გამოთქვა სურვილი, ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს სვანეთის სილამაზე. ჩეხეთში, კერძოდ, საკურორტო ქალაქ კარლოვი-ვარში, არის ქართული რესტორანი „ფიროსმანი”. რაც ფილმი ნახეს, მას შემდეგ, უამრავმა ადამიანმა მიაკითხა მას.
скачать dle 11.3