№29 რატომ აქვს დავით ხარშილაძეს ნახევარი თავის ქალა ხელოვნური და რატომ ამაყობს ის თავისი პირველი ნასამართლეობით
გასულ კვირას ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე, თხუთმეტიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს. თუმცა, პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ, ის ოჯახს დაუბრუნდა და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო. როგორ იყო ის საპატიმროში, რა გზა გაიარა მანამდე და რას აპირებს სამომავლოდ, ამას პირადად მისგან შეიტყობთ.
– დაკავებამდე ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე მქონდა ინფორმაცია, რომ ამას აპირებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ელისო კილაძის შვილი ვიყავი. ეს განზრახვა 13 მარტს განახორციელეს, როცა პოლიციელებმა მოულოდნელად ალყაში მომაქციეს და მოკლედ რომ გითხრათ, ნარკოტიკი ჩამიდეს. განყოფილებაში მომაწოდეს ცარიელი ფურცელი და მთხოვდნენ, ხელი მომეწერა. რაზეც, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. განყოფილებაში მიხსენებდნენ ელისოს და მეუბნებოდნენ, რამ გაგაბლატავათ ეს „ქრონიკა +“. ჩემი პასუხი იყო, რომ მე წინა ხელისუფლებასაც იგივე მეთოდებით ვებრძოდი და ესენიც იძულებულს მხდიდნენ, ანალოგიური მეთოდებისთვის მიმემართა. ნარკოლოგიურშიც შემამოწმეს, მაგრამ არაფერი ამომსვლია. კლინიკურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ სუფთა ვიყავი. ბიოლოგიურის 12 ტესტიდან ერთ-ერთზე გაუჩნდათ ეჭვი და ამით ჩემს მანამდე ნათქვამ ხუმრობას – „სუბო“ მაინც ჩაგედოთ, უფრო სარწმუნო იქნებოდა-მეთქი, შემატეს დამაჯერებლობა. ბავშვობაში მიღებული ტრავმის შედეგად, მარცხენა მხარის რეფლექსები დაქვეითებული მაქვს, არადა სწორედ მარცხენა ჯიბეში „აღმომიჩინეს“ ნარკოტიკი. ერთს გეტყვით, ამდენი „სუბოტექსი“ ფხვნილის სახით, არც არსებობს თბილისში. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. მოკლედ, მთელი საქმე გაყალბებულია.
– ელოდი სასამართლო პროცესზე ასეთ შედეგს?
– არანაირად არ ველოდი. მეტიც, ამ სასამართლოს გადადებას ვაპირებდი, გამოუძინებელი ვიყავი, არადა მოსამართლისთვის მინდოდა, დეტალურად გამეცნო ყველაფერი. სასამართლომ ეს თავისი ინიციატივით გააკეთა. ალბათ, მოსამართლემ ჩემს ნაამბობში დამაჯერებელი არგუმენტები დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ მითქვამს ყველაფერი. ჩემი საქმე 18-ში გაგრძელდება. გირაოს სანაცვლოდ, გამოშვება საზოგადოების მაღალმა აქტიურობამ განაპირობა. გულწრფელად გეტყვით, მე ველოდები საქართველოში გამართლებას, ჯერ ერთი, იმიტომ რომ მართალი ვარ, გარდა ამისა, ვხედავ, რომ სასამართლოში ისეთი ფონია შექმნილი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გარღვევა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს მიმართულებით. ეს სხვა ბიჭების საქმეებშიც ჩანს, მათ შორის, თათარიშვილისაშიც, რომლის დაჭერაც პოლიციელების მიერ ჩემს თვალწინ დაიგეგმა. თუმცა, მაშინ არ ვიცოდი, ვისზე იყო ლაპარაკი.
– ეს პირველი პატიმრობაა? როგორი იყო საკანთან შეგუება?
– კი. პირველად მოვხვდი ციხეში. პირველი ათი დღე, უბრალოდ, გაოგნებული ვიყავი. ძალიან ბევრ თემას კიდევ ვერ ვეხები, იმიტომ რომ, ბევრი მეგობარი მყავს „ქართულ ოცნებაში“, ისევე როგორც „ნაციონალებში“. თუმცა, ვიბრძვი ორივე მათგანის წინააღმდეგ, როცა რაღაც არასწორად ხდება, იმიტომ რომ, შვილი მეზრდება და არ მინდა, ჩემი შვილის თაობასაც ჩაუდონ. რეალურად, ეს ყველაფერი ელისოს გამო მოხდა. ფიზიკურად თავადაც ხედავთ, ამ ოთხი თვის გამო რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი. თუმცა, სულიერად ეს ძალიან მაგარი ოთხი თვე იყო. მთავარია, ემოციებს არ აჰყვე. ამის ძალიან კარგი მაგალითი საპატიმროში მქონდა, როცა ჩემი იქ ყოფნის დროს, ერთ-ერთი პატიმარი ფსიქიკური აშლილობის ზღვრამდე მივიდა. პირველი ათი დღე ძალიან დაბნეული ვიყავი. მერე მივხვდი, რომ ეს უკვე შემდგარი ფაქტი იყო და ნერვიულობას აზრი არ ჰქონდა. „ოცნების“ ჯგუფმა ვერ შეძლო, აღეკვეთა ეს მანკიერება, იმ ჯგუფმა, რომელშიც ჩემი ძალიან ბევრი მეგობარია. ძალაუფლება იმ ადამიანებმა აიღეს ხელში, ვინც თავიდანვე ჩადებისკენ იყო მომართული და რეპრესიებს ახორციელებენ, იქნება ეს ეკონომიკური თუ სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი. ჩემი საკანი გახდა ჩემი სენაკი, ციხე – ტაძარი, სადაც უამრავი მეგობარი შევიძინე. მეტსაც გეტყვი, ბევრ ოფიცერთანაც ვმეგობრობდი. ძალიან ადამიანური გარემო იყო. „დილა მშვიდობისას“ თქმას ერთმანეთს ვასწრებდით. აბსოლუტურად არ იყო ციხის გარემო. ჩათვალეთ, რომ მთელი ეს პერიოდი მონასტერში ვცხოვრობდი, დიდი სიყვარულით გარემოცული. მინდა, თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან მოვიკითხო ის ადამიანები, ვინც იქ დავტოვე. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ისინი დამნაშავეები არიან თუ უდანაშაულოები. მეც პატიმარი ვიყავი და მათ გვერდით ვცხოვრობდი.
– მინდა, ჩვენმა მკითხველმა უფრო ახლოს გაგიცნოს. როგორი იყო შენი ცხოვრება საპატიმრომდე?
– ქუთაისში დაბადებული ერთი სპორტსმენი ახალგაზრდა ვარ. დავამთავრე კლასიკური გიმნაზია. ორი თვე ციხეში ეს სკოლა მესიზმრებოდა. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ალბათ, მშობლებში „არ გამიმართლა“. იმას ვგულისხმობ, რომ ცნობილი მშობლების შვილი ვარ. ჩემი ოცნებაა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება და ასეც ვცხოვრობდი. თუმცა, ახლა რეალობა შეიცვალა. იმ მოედანზე გამომიყვანეს სათამაშოდ, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებ, რადგან სიმართლე ჩემს მხარესაა. ფეხბურთს ვთამაშობდი და გულანთებული ფეხბურთელი ვიყავი, რომელიც ოცნებობდა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ფორმა ჩაეცვა და ქალაქის სახელით ეთამაშა. თუმცა, შემდეგ, თავზე სერიოზული ტრავმა მივიღე და იძულებული გავხდი, თავი დამენებებინა. საღამო ხანს ბავშვები ეზოში ვისხედით. ბედის ირონიაა, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იყო. განათების ლამპიონი ჩამოვარდა, ტალავერს დაეცა. ისიც ჩამოიშალა და ყველაფერი ერთად თავზე დამეცა. ელისოს პირდაპირ უთხრეს, რომ მორგის კანდიდატი ვიყავი. საბედნიეროდ, ოჯახი არ დანებდა, ორგანიზმმაც შემიწყო ხელი და „გამოვძვერი“. ზუსტად მილიმეტრი დააკლდა ისეთ დაზიანებას, რომლის შედეგადაც დავინვალიდდებოდი. თავის ქალის ნაწილი ხელოვნური მაქვს, მაგრამ დაინვალიდებას გადავრჩი. თუმცა, დეფექტი მაინც დამრჩა, სიმაღლეში აღარ გავიზარდე. მაშინ, როდესაც ჩემს ასაკში, გუნდშიც და კლასშიც, ყველაზე მაღალი მე ვიყავი. 17 წლიდან სტაბილურად 62 კილო ვარ.
– რაც შეეხება მშობლებს...
– მამაჩემი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და წესიერი სამართალდამცველი იყო. მიმაჩნია, რომ ყველაზე მაგარი მამა მყავს. იცით, ქუთაისი როგორი ქალაქიცაა და ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა პერიოდში მომიწევდა იქ გარდატეხის ასაკის გავლა. თუმცა, სწორედ მამაჩემის გამო, პრობლემა არასდროს შემქმნია ქუჩასთან ურთიერთობაში. პირიქით, ჩემი ადამიანობის გამო ყველას ვუყვარვარ. მამა ქალაქის სამძებროს უფროსის მოადგილე იყო. ძალიან ძლიერი პოლიციელი და სახელმწიფო ჯილდოებიც აქვს მიღებული, რომელიც ჩემი დაჭერის შემდეგ, სახელმწიფოს დაუბრუნა. თუმცა, ახლა აღარ არის პოლიციელი, 2015 წლამდე მუშაობდა.
– ქუთაისი „ავტორიტეტების” ქალაქია და იქ, როცა პოლიციელის შვილი ხარ, ალბათ, ცოტა რთულადაა საქმე.
– კი. „ავტორიტეტების” ქალაქია, მაგრამ იქ ყველამ იცის თავისი ადგილი და ისიც – სად გადის ზღვარი. თბილისში შეიძლება, დღეში 20 ადამიანი დაეჭრათ, ქუთაისში არავინ ისროდა. თბილისი უზომოდ მიყვარს, მაგრამ ამიტომაც ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში. რაც შეეხება დედას, ელისო კილაძის შესახებ ყველამ იცით. ის ჩემთვის არც დედაა, არც ჟურნალისტი, ჩემი მაგარი ძმაკაცია, ასევეა, ჩემი მეგობრებისთვის. მყავს და, რომელიც ჩემზე 6 წლით უმცროსია.
– ბავშვობაში როგორი იყავი?
– ყოველთვის სხვისი ქომაგი. თუ რამე შარში გავხვეულვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას გადავფარებივარ. ხომ აპელირებენ იმ თემით, რომ რამდენჯერმე ვარ ნასამართლევი. თამამად გეტყვი, რომ მე ვამაყობ ჩემი პირველი ნასამართლეობით. ვამაყობ იმიტომ, რომ ამ ნაბიჯით ნახევარ კლასს გადავეფარე. 10-12 ადამიანი მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით, მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით. გვერდით მაგიდაზე ვიღაცები ქეიფობდნენ და ისე მოხდა, რომ ფული დაკარგეს. აქვე გეტყვით, რომ იმ სუფრის ყველა მონაწილე აღნიშნავდა, რომ მე მათ მაგიდას საერთოდ არ მივკარებივარ. თუმცა, მოხდა შემდეგი რამ: მე ავედი ზემოთ და ვხედავ, რომ ვიღაც ტიპი ფულს ითვლის. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის ფული იყო, რომელიც ქვემოთ დაიკარგა. მოვკიდე ფულს ხელი და უკან გამოვბრუნდი. ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, ჩემი თავი დავიჭირე. სინამდვილეში, მე ეს ფული პატრონისთვის მიმქონდა, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ფული ჩემს ხელში იყო და ეჭვი ჩემზე მოიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან პატარა, მეათეკლასელი ვიყავი, აბსოლუტურად გაცნობიერებულად გადავწყვიტე, თუ მე ამ ფაქტს ვაღიარებდი, ამით ჩემს კლასელებს, რომლებიც ასევე, ეჭვმიტანილები იყვნენ, გადავარჩენდი. თუმცა, რა თქმა უნდა, ვხვდებოდი იმასაც, რომ მეორე სუფრის წევრებს დაჰკითხავდნენ, სიმართლე გაირკვეოდა და ნამდვილი დამნაშავე ვერ შეძლებდა თავის გამართლებას. მაშინ ნულოვანი ტოლერანტობა აქტუალური იყო და რომ არა ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯი, ეს თერთმეტი ადამიანი ძალიან მარტივად აღმოჩნდებოდა საპატიმროში. ამ ორი შემთხვევის გარდა, ნასამართლევი არ ვარ.
– ხიფათიანი თუ ხარ?
– მარტო თავის ამბავი რად ღირს, თუმცა მანამდე, 5 წლის ვიყავი, მეორე სართულის აივნიდან რომ გადმოვხტი (იცინის). მაშინ მოსკოვი იყო ჩვენთან, მედიცინის კუთხით მოდაში და იქ მიშველეს. ქუთაისთან დაკავშირებით, ერთსაც გეტყვი – ამ ქალაქს ან უყვარხარ, ან საერთოდ არ აინტერესებ. ციხეში ყოფნისას განსაკუთრებით დიდი სიყვარული ვიგრძენი მათგან, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ.
– ყველა ბიჭის ცხოვრებაში არის რაღაც დოზით ქუჩის ეტაპი, მით უმეტეს, როცა ქუთაისში იზრდები. შენს შემთხვევაში როგორ იყო?
– მე, პოლიციელის ოჯახში გაზრდილ ბიჭს, არასდროს პრობლემა არ მქონია არც ქუჩასთან, არც პოლიციასთან. ყველა წესიერი პოლიციელი ჩემს მეგობრად მიმაჩნია. თუმცა, რა თქმა უნდა, მყავს მეგობრები კრიმინალურ ავტორიტეტებშიც, რამდენიმე კანონიერი ქურდია, რომელთან ერთადაც, ბავშვობის წლები მაქვს გატარებული. გვერდზე ნამდვილად ვერ გავწევ მათ იმის გამო, რომ ფორმა აცვია ან სხვა საქმეს ემსახურება. ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამ ადამიანებს ჩემი ბავშვობა და საუკეთესო მოგონებები უკავშირდება. ქუჩა ჩემს ცხოვრებაშიც იყო, მაგრამ 14 წლიდან ჩემი ღირებულებები მქონდა გაცნობიერებული. ჩემი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანის ჩარჩოებში მოქცევა წარმოუდგენელია.
იმ ტრავმის შემდეგ, როცა ფეხბურთზე უარის თქმა დამჭირდა, ცხოვრების აზრი დავკარგე. რას ვიზამთ, ნახევარი თავი ხელოვნური მაქვს. მერე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც შემიყვარდა. ამ კუთხით, საერთოდ, აქტიური ვიყავი, თუმცა, შეიძლება ითქვას, ჩემი პირველი სიყვარული ფეხბურთს შეეწირა. მეორე დიდი სიყვარული ქორწინებით დასრულდა. მაშინ მე თვრამეტი წლის ვიყავი, მეუღლე – ჩვიდმეტის. გვყავს ქალიშვილი, რომელიც ჩემი ცხოვრების აზრია. მე და ჩემი მეუღლე 5 წელიწადი ვიყავით ერთად. ახლა ის ჩემი დისტანცირებული მეგობარია. ციხიდან რომ გამოვედი, გათავისუფლებაც მომილოცა. რას ვიზამთ, ჩვენს ცხოვრებაშიც დადგა ის მომენტი, როცა ადამიანები ერთად ყოფნის აზრს ვეღარ ხედავენ. პირად ურთიერთობებში საერთო ინტერესები აღარ გვქონდა. ამ შემთხვევაში, მოგვიწია, შვილის ინტერესებიც ოდნავ გვერდზე გადაგვედო და დავშორებოდით, რადგან ასეთ ცხოვრებას, უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა. საბედნიეროდ, ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი წიგნიერი, ქერა, უსაყვარლესი გოგონა მარიამი, რომელიც დღეს ჩემი ცოლია. ოფიციალურ ქორწინებაში არ ვართ, ციხეში ხელისმოწერა არ მინდოდა, თუმცა მალე ვაპირებთ. ჩემი შვილი – ლიზი, ფაქტობრივად, 2 წლამდე მე გავზარდე, მაშინ, როცა დედიკო უნივერსიტეტში მიდიოდა, მე ვიტოვებდი. აღმზრდელის როლი დიდი ენთუზიაზმით შევითავსე – შვილია და ეს რა პრობლემა უნდა ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობით აღსავსე მამა ვარ. უბრალოდ, ცხოვრებაში მაქვს პერიოდები, როცა მარტო მინდა ყოფნა, იმიტომ რომ, ძალიან ბევრს ვფიქრობ.
– როგორი ურთიერთობა აქვს შენს ახლანდელ მეუღლეს შვილთან?
– ძალიან ხშირად არიან ერთად, დასეირნობენ ხან სად, ხან სად. მამიკოს შეყვარებულს ეძახის და ერთად არაჩვეულებრივად ატარგებენ დროს (იცინის). ცოტა ბრაზილიური სერიალივით გამომივიდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, მოწესრიგებული ბრაზილიაა. ყველამ კარგად ვიცით ჩვენ-ჩვენი ადგილი. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ვფიქრობ, ამ კუთხითაც მოწესრიგებული ცხოვრება მაქვს. რაც შეეხება შვილთან შეხვედრას, სამწუხაროდ, ჯერ ეს ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ, საჩხერეში ჰყავს ბაბუას დასასვენებლად წაყვანილი. მე კი ქალაქიდან გასვლა ჯერ არ შემიძლია.
– სამომავლოდ რას აპირებ?
– აუცილებლად ვიქნები აქტიური უფლებადამცველი – ყველა დაჩაგრული ადამიანის უფლებას დავიცავ. თუმცა, ჩემი ცხოვრების უმთავრესი გამოწვევა მაინც ფეხბურთია და თავს ამ სფეროში ვხედავ. რა თქმა უნდა, თამაშზე არ მაქვს საუბარი. შეიძლება, ვიყო მენეჯერი, მწვრთნელი, პიარი ან თუნდაც, ფედერაციის ხელმძღვანელი. ძალიან სერიოზული გეგმები მაქვს, იმიტომ რომ, ზუსტად ვიცი, დღევანდელი ქართული ფეხბურთის ამ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი და გამოსწორების გზებიც.