№29 როდის გადააფასა გია გაჩეჩილაძემ თავისი ცხოვრება და რა შეცდომის გამო მოუხადეს ბოდიში მან და მამა სერაფიმემ პატრიარქს
გასულ კვირას ინტერენეტსივრცეში სქემარქიმანდრიტ სერაფიმე ბით ხარიბისა და გია გაჩეჩილაძის ერთობლივი საგალობელი „აღსარება“ გავრცელდა. ამ ლექსმა საზოგადოების აზრი ორად გაყო. ნაწილი აღფრთოვანებული იყო და ემოციებს ვერ მალავდა, მეორე ნაწილმა კი, საგალობელი ეკლესიაში გამართულ სპექტაკლად აღიქვა, რასაც უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.
მამა სერაფიმე: თავიდან ამ საგალობლის გამოქვეყნებას არ ვაპირებდით. ძალიან მალე, მცხეთობას, 14 ოქტომბერს, უნდა შედგეს პროექტი „ერი და ბერი“, რომლის ფარგლებშიც „თეატრონში“ ლამაზი საღამო მოეწყობა. მასში რამდენიმე მომღერალი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, გია გაჩეჩილაძე. ასევე, მეგი გოგიტიძე, რომელთან ერთადაც ვწერ სიმღერას. რეალურად, მცხეთაში გასამართი გალობების საღამოსთვის ვემზადებოდით და ამ პროცესში გიამ ეს ნამუშევარი უწმიდესს მოასმენინა. უწმიდესმა ტირილი დაიწყო მისი მოსმენისას. მუხლებში ჩავუვარდი და მეც ავტირდი. მან გვითხრა, გაავრცელეთო. ეს სწორედ უწმიდესის ლოცვა-კურთხევით მოხდა. რაც შეეხება საზოგადოების რეაქციას, ხომ იცით, უამრავი აზრი არსებობს – ზოგი გვადიდებს, ზოგი გვაგინებს, რაც ნორმალურია. ზოგმა თქვა, რომ თეატრი გავმართეთ ეკლესიაში. არ ვიცი, აქ მსგავსი რა ნახეს?! ადრე საერთოდ, ეკლესიის შიგნით აღსარებას ხმამაღლა, სახალხოდ ამბობდნენ. რაც მთავარია, ამ ლექსს „აღსარება“ თავად უწმიდესმა უწოდა.
– საზოგადოებამ შედეგი ნახა. როგორი იყო მუშაობის პროცესი?
– ყველაფერი ძალიან ადვილი იყო. ეს ლექსი გიას ექვსი-შვიდი თვის წინ ჰქონდა დაწერილი. თავისი წიგნი მომცა და მე მასში წავიკითხე ლექსები, რომლებიც საოცრად მოხვდა გულს. ერთხელაც რომ მოვიდა, ვთხოვე, ერთ-ერთი მათგანი წაეკითხა ჩემთვის და ბერებისთვის. გიამ წაიკითხა, გალობა დავიწყე და საოცრად ლამაზი გამოვიდა.
– დასაწყისში თავადაც ახსენეთ უარყოფითი შეფასებები. ელოდით ასეთ კომენტარებს?
– უფრო მეტად უარყოფით შეფასებებს ველოდი, ვიდრე დადებითს. იმიტომ რომ, გია გაჩეჩილაძე არის პიროვნება, რომელსაც პოლიტიკასთან აიგივებენ. ჩემთვის გია არ არის პოლიტიკოსი, ის მრევლია და მე მისი მჯერა. ვიცოდი, რომ ბევრი ჩასაფრებული იქნებოდა და ამ ნაბიჯს მოჰყვებოდა უარყოფითი შეფასებები, მაგრამ ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, მიხარია, რომ ქართველ ხალხს გული სტკივა საკუთარი ეკლესიის ბედის, თუნდაც ჩემი და გიას გამო. სიყვარულზე მიუთითებს ის, რომ ღელავენ და მიმანიშნებენ, რომ ეს არ არის სწორი. აზრთა სხვაობა კი მოციქულთა შორისაც იყო და როგორ შეიძლება, ადამიანები ყველაფერში ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს?!
– ამის გაკეთება ეკლესიაში როგორ შეიძლებაო, წერდნენ... არის აქ რომელიმე საეკლესიო ნორმის დარღვევა?
– ამ დროს მსახურება დამთავრებული იყო. ვიმეორებ, ძველად ხალხი აღსარებას სახალხოდ ამბობდა. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ მსგავსი დაშვება ერთხელ, კატასტროფა არ იქნებოდა. დარღვევას მე აქ ვერ ვხედავ. ტაშფანდურა რომ მოჰყოლოდა, მაშინ, კი ბატონო. ბევრ ქართველ მომღერალს უგალობია სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიაში. მაგალითად, გოგი დოლიძეს – კორსიკელებთან ერთად კათოლიკურ ეკლესიაში. ასეთი არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება და ამის შესახებ რატომ არავინ არაფერს ამბობს?!
– თუმცა, წეღან თვითონ აღნიშნეთ უცნობის პოლიტიკური წარსული. გარდა ამისა, ის მსუბუქ და გასართობ სიმღერებთანაც ასოცირდება. შესაბამისად, მაყურებელს ალბათ, ცოტა გაუჭირდა მისი შემოქმედების ეკლესიასთან დაკავშირება.
– მე მახსოვს უცნობის პირველი სიმღერა, შევარდნაძის დროს, როცა უშუქოდ ვიჯექით და გარეთ გასვლისაც გვეშინოდა ყაჩაღობების გამო. გია იყო პირველი, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებს დაუპირისპირდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გია გაჩეჩილაძე არის მომღერალი და მსუბუქი სიმღერების ან პოლიტიკაში ჩართულობის გამო, პასუხს ვერ მოვთხოვთ. იცით, რა ხდებოდა, როცა გია ამ ლექსს კითხულობდა? – ტაძარი ხალხით იყო გადატენილი. შიგნით თუ გარეთ უამრავი ადამიანი იყო. უსმენდნენ გიას აღსარებას და ტიროდნენ. თუ ეს ხალხს ტაძრისკენ იზიდავს, თუ ხალხში სინანულის გრძნობა იბადება, რატომაც არა?! ამიტომაც დავუშვით ეს გამონაკლისი, თორემ იმას კი არ ვამბობთ, ყოველ კვირას პოეზიის საღამოს გავმართავთ-მეთქი. ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე დღეს ძალიან ბევრი დამაბრკოლებელია. ზოგისთვის ეს „ჯიპიანი“ მამაოა, ზოგისთვის – „ტაბურეტკიანი“ და ასეთ სიტუაციაში, მე მადლობას ვუხდი უფალს, თუ „აღსარებამ“ ერთი ადამიანი მაინც მოიყვანა ეკლესიაში.
– თუმცა, იმასაც იტყვიან, რომ ეკლესიას რატომ გაუჩნდა სურვილი, საკურთხეველთან დამდგარიყო ადამიანი ასეთი წარსულით?!
– საკურთხეველთან არ იდგა. მე – ამბიონზე, ის კი ჩემგან საკმაოდ მოშორებით იდგა. ეკლესიას არ გასჩენია ეს სურვილი. ეს კონკრეტული ტაძარია და მე კონკრეტული ტაძრის წინამძღვარი ვარ. ეს მე დავუშვი და ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. მე თვითონ დავუშვი, რომ ჩემს ტაძარში ამ ფორმით გვეგალობა, პატრიარქმა კი მისი გავრცელების კურთხევა მოგვცა. ჩვენს ცხოვრებაში არაერთი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი ცუდი წარსულით მოსულა ეკლესიაში, მაგრამ მას თავისი ცხოვრების წესი შეუცვლია. ვიმედოვნებ, ამჯერადაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
– საეკლესიო პირები იზიარებენ თქვენს დამოკიდებულებას?
– საეკლესიო პირებს შორისაც იყვნენ ისეთები, ვისაც არ მოეწონა ეს ყველაფერი. თქვეს, ტაძარი თეატრად აქციეთო. კი ბატონო, გასაგებია, რომ არ მოგეწონა და ხმამაღლა თქვი, მაგრამ შემდგომ ასეთი კომენტარები წავიკითხე: „მოდი, ახლა მეც ვიტყვი ლექსს და შენ ბანი მომეცი,“ ეს უკვე მათ სულიერ მდგომარეობაზე ბევრ რამეს ამბობს. სერიოზული სასულიერო პირი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს და ამით დაამთავრებს. დაცინვა ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება, მე მართლა შევცდი, მაგრამ შენ რომ ქილიკობ, ეს რომელ სარწმუნოებრივ ნორმაში ჯდება? თუმცა, ესენი ძირითადად ის სასულიერო პირები არიან, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ. ეპარქიიდან ეპარქიაში გადადიან, წვერი გაიპარსეს, ბლანჟე მოუშვეს და „ევროპული ღირებულებებისკენ“ მისწრაფებებით გამოირჩევიან. გამოდიან პატრიარქის შეხედულებების წინააღმდეგ, თუნდაც მონარქიასთან დაკავშირებით. მე განსხვავებულ აზრს ყველასგან მივიღებ, მაგრამ ვიმეორებ, ქილიკი სხვა რამეზე მიუთითებს.
– გია გაჩეჩილაძე თქვენი მრევლია?
– ჩვენ ყველანი ქრისტეს მრევლი ვართ. უბრალოდ, გია გაჩეჩილაძემ ეს ეკლესია აირჩია. ბევრმა ისიც თქვა, მამაო რომ პოპულარულია, გიამ ამიტომ გადაწყვიტა მასთან ერთად საგალობლის შესრულებაო. სირცხვილია, ადამიანებო. გიას თავად აქვს არაჩვეულებრივი რეიტინგი, გონებაც და შესაძლებლობებიც.
– თქვენი ურთიერთობა როგორ დაიწყო?
– ცამეტი ასურელი მამის ხსენების დღეზე გავიცანით ერთმანეთი. ის ჩვენთან მოვიდა და ვისაუბრეთ. იგრძნობოდა, რომ დაძაბული იყო. შევეცადეთ, მისთვის დაძაბულობა მოგვეხსნა. უფრო და უფრო გაიხსნა და დაიწყო საუბარი. ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღიურად მოდის. ადრე ასე არ იყო, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ურწმუნო გახლდათ. მე მინახავს მისი თბილი ურთიერთობა უწმიდესთან – თუ როგორ ეფერებოდა მას პატრიარქი. ამბობს, რომ აქ, საკუთარ სახლში გრძნობს თავს. ცდილობს, მავნე ჩვევებს გადაეჩვიოს და საკუთარ სულს არგოს. რადგან პოლიტიკური წარსული ჰქონდა, ხელი ვკრათ? როგორ, როცა უფალი გვეუბნება: „მოსულსა ჩემთან უკან არ განვაგდებ“. ყველას აქვს უფლება, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოს. თუ რამე დაეხმარება ადამიანს ეკლესიამდე მოსვლაში, ვცდილობ, ეს გავაკეთო. თუ ჩემი ქმედებით ვინმე დავაბრკოლე, მზად ვარ, მუხლზე ჩოქვით მივიდე და შენდობა ვთხოვო, ოღონდ ეკლესიას არ განეშოროს. პირადადაც უთქვამს ჩემს მრევლს: მამაო, არ მომეწონა, გია გაჩეჩილაძის ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა მომწონებოდაო. ეს თემაა. უფრო გიას გამო აქვთ პრობლემა, მაგრამ ვინც აქამდე ჩვენი მრევლი იყო, ამის გამო ეკლესიაზე უარს არ იტყვის.
– გასაგებია, რომ შეიძლება, თავად საზოგადოების ასეთ რეაქციას მიჩვეულია, თუმცა ამჯერად მხოლოდ საკუთარი თავის კი არა თქვენდამიც ჰქონდა პასუხისმგებლობა.
– მომიხსნია გიასთვის ყველანაირი პასუხისმგებლობა ჩემ მიმართ. ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ. ხალხო, მე ვარ დამნაშავე ყველაფერში, მაპატიეთ. ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, ბოდიშს და შენდობას ვითხოვ მათგან, ვინც ამით დავაბრკოლე.
– თუმცა, ეს საუბარი ყველას არ ეხება, რადგან ძალიან დიდი ნაწილის მხრიდან, პირიქით, საოცარი შეფასებები მოჰყვა ამასაც და თქვენს პირველ საგალობელსაც, რომელიც რომის პაპის ვიზიტის დროს შეასრულეთ.
– ნამდვილად, 90 პროცენტი დადებითი რეაქცია იყო. თუმცა, დასაწყისში, საქართველოში ისე არ იყო გავრცელებული ჩემი გალობა, როგორც უცხოეთში. დღესაც უცხოელი რეჟისორები საკუთარ ფილმებში იყენებენ მას. ოთხ ფრანგულ ფილმშია გამოყენებული ჩემი შესრულებული საგალობელი და როგორც მითხრეს, ფესტივალებზე ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, საქართველოში ჩვენი ხალხი ძალიან რთულად იღებს თავიდან ყველაფერს და მერე, ნელ-ნელა შეიძლება, მოეწონოს.
– უმეტესი ნაწილი დადებითადაა განწყობილი.
– კი და ძალიან მიხარია. რას ვაშავებ? ღმერთს ვუგალობ. გიტარაზე ვუკრავ, ვცეკვავ? კაცმა აღსარება თქვა და მითხარით, რა დავაშავეთ?
– რას შეიძლება, ველოდოთ სამომავლოდ?
– გსურს, გააცინო ღმერთი, მოუყევი მას შენი გეგმების შესახებ. არ ვიცი, პირველ რიგში მინდა, ჯანმრთელობას მივხედო. ეზოფაგოსპაზმი მაქვს. ეს საყლაპავი მილის ანთებაა, რომელიც გახრჩობს. 23 დღეში ათი, თვე-ნახევარში კი, 16 კილოგრამი დავიკელი. სასმელს და საჭმელს მილით ვიღებდი, სხვანაირად არ შემეძლო. რთული დაავადებაა და მინდა მივხედო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებამდე, სახალხოდ აღარ ვიმსახურებ და აღარც ვიგალობებ. შეიძლება, საერთოდ წავიდე. უწმიდესმა მეორე მონასტერი მომაბარა მაჩხაანში, მცხეთის რაიონში. გზა უკვე გავიყვანეთ, კელიაც დავდგით და მშენებლობა დავიწყეთ. ველოდები მომენტს, როცა უწმიდესი მეტყვის, დრო მოვიდა, ის მონასტერი ჩაიბაროო და წავალ.
ამ თემაზე, მოგვიანებით მამა სერაფიმეს და გია გაჩეჩილაძეს ერთად ვესაუბრეთ:
– ბატონო გია, თქვენ რატომ გაგიჩნდათ ასეთი გულწრფელი და ემოციური აღსარების საჯაროდ თქმის სურვილი?
გია გაჩეჩილაძე: 2008 წლის შემდეგ, სახლში ვარ ჩაკეტილი და ამ დროის განმავლობაში, ძალიან ბევრი რაღაც გადავაფასე. ბევრი ლექსი დაიწერა ამ პერიოდში. მამაოს გაცნობის შემდეგ კი, სრულიად სპონტანურად გადავწყვიტეთ მისი ჩაწერა. გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. ეს აღსარება ჩემი ცხოვრებაა. მეყო ძალა, რომ ყველაფერი ხმამაღლა მეთქვა. მამაოს ძალიან გაუხრდა, რომ შევძელი და ხმამაღლა ვთქვი ჩემი ტკივილისა და შეცდომების შესახებ. მამა სერაფიმეს გაცნობის შემდეგ, საერთოდ გადავაფასე ჩემი ცხოვრება. ძალიან თავისუფლად და სიყვარულით სავსედ ვგრძნობ თავს. სულ არ მიფიქრია იმაზე, რომ ამას ამხელა ამბავი მოჰყვებოდა.
– არაერთი უარყოფითი შეფასება იყო. სპექტაკლი უწოდეს ამ ყველაფერს და თქვენი პოლიტიკური წარსულიც გაიხსენეს.
– მე რაც არ მომწონს, იმას საერთოდ არ ვუყურებ და ასეთი რამ ქართულ ტელესივრცეში ძალიან ბევრია. თუ არ მოგწონს, არ უყურო. კი ბატონო, წერონ უარყოფითი კომენტარები, მაგრამ მე ხომ ვატყობ, რომ ეს ძალიან დიდ ემოციას და ცრემლს იწვევს ადამიანებში.
– ბევრმა აღიარა, რომ ეს საგალობელი ძალიან ამაღელვებელი იყო, მაგრამ ხაზს უსვამდნენ თქვენს ფაქტორს. ანუ, რომ არ ყოფილიყო გია გაჩეჩილაძე თავის პოლიტიკური წარსულით, არ იქნებოდა უარყოფითი რეაქცია.
– პოლიტიკაში მე ერთი წამით არ შემიდგამს ფეხი და ამას არც არასდროს ვაპირებ. მე ყოველთვის იმ განცხადებებს ვაკეთებდი, რომელიც იმ დროს საქართველოს სჭირდებოდა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს ვერაფრით გავჩერდებოდი და ისე ვერ მოვიქცეოდი, თითქოს არაფერი ვიცი. ყოველთვის ვიდგები იქ, სადაც საჭიროა და ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ. ეს შემიძლია და ეს უნდა ვაკეთო. ვინც ამას პოლიტიკას დაუკავშირებს, კი ბატონო. ჩემთვის ეს სამშობლოს სიყვარულია. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ თქვენთან, რომ დედამიწის ზურგზე რაც უნდა მოხდეს, პოლიტიკაში ფეხს არასდროს შევადგამ.
– შეიძლება ვთქვათ, რომ ეს თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპია?
– არა, ეს არის ჩემი ცხოვრება. ახალ ეტაპს ვერ დავარქმევდი.
– მამა სერაფიმე, პატრიარქთან მეორედ შეხვედრის შესახებ საუბრისას თქვით, რომ ბოდიში მოუხადეთ ამ შეცდომის გამო. რას გულისხმობთ?
მამა სერაფიმე: პატრიარქის პასუხი იყო: ნუ იტყვი, რომ ეს იყო შენი შეცდომაო. ისე მოხდა, რომ ხალხმა იფიქრა, თითქოს ეს ყველაფერი წირვის დროს მოხდა. სინამდვილეში, ამ დროს ყველაფერი დამთავრებული იყო.
გია: თუმცა, ესეც ყურით მოთრეული თემა მგონია. მთავარი ქვეყანაში არსებული ძალიან დიდი ღვარძლია. შეიძლება, ჩემმა გამოჩენამ გააღიზიანა ხალხი. არ ვიცი, თუ რამე ვაწყენინე მათ, ყველას ბოდიშს ვუხდი. შემინდონ, არავის წყენინება არ მინდოდა.
მამა სერაფიმე: რაც ტაძარში მოხდა, ჩემი თხოვნით იყო. ისაა დაბრკოლებული, ვინც ამაზე ამდენს ლაპარაკობს. გვიყვარხართ, შეგვინდეთ, ახალ რამეს შევქმნით და როგორც ჩათვლით საჭიროდ, ისე შეგვაფასეთ. მაგრამ მოდი, ერთმანეთს არ დავცინოთ, საღი აზრი დავაფიქსიროთ.
– ერთი მომენტია, თქვენი რამდენი სიმღერაა გასართობი ხასიათის და ალბათ, ადამიანებისთვის რთულია, ამ ყველაფრის ეკლესიასთან ასოცირება. თუმცა, აქამდე თქვენს შემოქმედებაზე მხოლოდ თქვენ გქონდათ პასუხისმგებლობა. ახლა უკვე ეკლესიის კონტექსტში განიხილებით და სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდით, არ გიფიქრიათ ამ პასუხისმგებლობაზე?
გია: რა გითხრათ, აქ ახალი არაფერია. პავლე სავლე იყო მანამ, სანამ პავლე გახდებოდა. არც ისეთი საპასუხისმგებლო გაგვიკეთებია რამე, რომ პასუხისმგებლობები ავიღოთ. ეს ყველაფერი გულიდან წამოსული და ნამდვილი იყო. გეთანხმებით, რომ შეიძლება, ბევრს ვაღიზიანებ, მაგრამ ღიზიანდებიან, ძირითადად, ისინი, ვინც თავად არაფერს აკეთებს. მოდი, შექმენით რაღაც და მე მერე შემაფასეთ. ვერასდროს ვიქნები იმ ადამიანის აზრზე, თავად რომ არაფერი შეუქმნია და მხოლოდ კლავიატურას უკაკუნებს.