კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ შეხვდა კოკო გამსახურდია ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩის ნარმანიას ქუჩით შეცვლას და რას შეეწირა მისი ოჯახი

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე


 ბოლო წლებია,  კოკო გამსახურდია  პოლიტიკურ ასპარეზე  აქტიურად  აღარ  ჩანს.  ის, ძირითადად,  პედაგოგიური საქმიანობითაა დაკავებული. თუმცა, როგორც პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების” თავმჯდომარე, ინტერაქტიულ ფორმატშიც  არის. ამბობს, რომ  ბორტს მიღმა დარჩენილად თავს არ გრძნობს, რადგან უკვე დიდი ხანია,  „წაუგებელ თამაშს” თამაშობს. კოკო გამსახურდია, რესპონდენტის როლში,  კადრს მიღმა დარჩენილ ცხოვრებაზე, შვილებსა და ქართული პოლიტიკის კომპასზე,   გულახდილად საუბრობს.      

კოკო  გამსახურდია:  იმ პერიოდში, როცა მე  უფრო აქტიურად ვჩანდი პოლიტიკურ ასპარეზზე,  პოლიტიკა  სხვანაირი იყო დღეს- სხვანაირია. მაშინ პოლიტიკა  არ იყო ამ დონემდე მონოპოლიზებული – ერთი მხრივ მილიარდერის მიერ დაფუძნებული მმართველი  ძალის და მეორეს მხრივ, ოპოზიციად გამოცხადებული ყოფილი სახელისუფლო ძალის მიერ, როგორც დღეს არის. რეალურად, ამ ორმა ძალამ ძალიან მცირე სივრცე დატოვა პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს ყველას შეეხო, მათ შორის, მეც, რამაც დააზარალა   არსებული გარემო.
– ამ ეტაპზე, ძირითადად, რას საქმიანობთ?
– ოთხ  წელიწადზე მეტია, მუდმივად თბილისში ვცხოვრობ.  მე ვარ  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ვკითხულობ  საგანს:  სიმძიმის ცენტრი – საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა და ისტორია.   დაახლოებით ნახევარი წელია, კვლავ გავხდი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების” თავმჯდომარე. როცა დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი, პოლიტიკურ მოძრაობაში ტაიმაუტი მქონდა აღებული.  2011-2013 წლებში ვიყავი საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი შვეიცარიაში.  ახალი ხელისუფლების ძალაში შესვლის   შემდეგ, მათ ჩემთან თანამშრომლობა არ ისურვეს და მე დავბრუნდი თბილისში.   
– როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდით „ბორტს მიღმა:” და არ გაიზიარეთ თქვენი სხვა კოლეგების ბედი, რომლებიც დღემდე აქტიურად თანამშრომლობენ  „ქართულ ოცნებასთან”.
–  მე ბორტს მიღმა არასდროს აღმოვჩნდები, რადგან ვიღაც-ვიღაცეებისგან განსხვავებით, წაუგებელ თამაშს ვთამაშობ. დღეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის კულისები ფულზე, პიარსა და ძალაუფლებაზე დგას. ესაა ქართული პოლიტიკის კომპასი.  ჩემი „კოპმასი”  კი ყოველთვის სხვა იყო.  მე  ვიბრძოდი ამ ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობისთვის.  ვაგრძელებ იმ ბრძოლას, რაც დაიწყეს ჩემმა წინაპრებმა.
–  ახლახან თქვენგან შევიტყვეთ,   რომ ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვა და ნარმანიას ქუჩა  ეწოდა. როგორი რეაქცია გქონდათ ამ ფაქტზე?
– დევნილების წერილი ვნახე და ამის შემდეგ  გავიგე. ეს  მარტო ზუგდიდში ხომ არ მოხდა, სადაც  მხოლოდ ერთ ჩიხს შეეცვალა   სახელი.   უფრო რთულადაა საქმე თბილისში,  სადაც  კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას და პირველი პრეზიდენტის სახელების დაკნინება წლების წინ დაიწყო. კონსტანტინე გამსახურდიას პროსპექტს მიშა სააკაშვილმა სახელი იმ მოტივით შეუცვალა და პეკინის  ქუჩის სახელი დაუბრუნა, ჩინეთში ღვინო უნდა გავყიდოთო.  ფონიჭალაში ერთი ძალიან პატარა ქუჩაა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას სახელს ატარებს. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩას, მარჯვენა სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთია, სადაც არცერთი სახლი და დაწესებულება არაა   და პრინციპში, შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ მონაკვეთს  ჰქვია  ზვიად გამსახურდიას  სახელი. ეს ყველაფერი პოლიტიკური თაღლითობაა,  როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ახლანდელი მერიების მიერ. მე  მივმართე თბილისის საკრებულოს განცხადებით, რომ პეკინის ქუჩას დაბრუნებოდა კონსტანტინე გამსახურდიას სახელი, თუმცა პასუხი ჯერ არ მიმიღია.  ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, არ უნდოდათ, რომ ჩემი სახელი და გვარი რქმეოდა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალს. არ მესმის რა შუაშია ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ჩემს სახელსა და გვართან,   ქვეყნის დამქცევიც რომ ვიყო?!
– როგორც ჩანს, პოლიტიკამ ძალიან გაართულა თქვენი ცხოვრება.
–   მე არასდროს მქონია ადვილი ცხოვრება. ია-ვარდით მოფენილ გზაზე არასდროს მივლია. როცა წარსულს ვიხსენებ, მახსენდება დევნა, უმუშევრობა, ბრძოლა არსებობისთვის.  შედარებით ნათელი  პერიოდი იყო 1991 წელი, ისიც შემოდგომამდე, ვიდრე ამ ქვეყანაში საშინელება დაიწყო. ემიგრაციაში გავატარე ცხოვრება. იქაური, ერთი შეხედვით, მშვიდი ცხოვრება, სინამდვილეში არის ტკივილი, ნოსტალგია.  როცა ვერ გადაადგილდები იქ, სადაც გინდა, მუშაობ სხვა ხალხისა და  ქვეყნისთვის და ცხოვრების  საუკეთესო წლებს სხვაგან ატარებ.   ეს არაა მარტივად  გადასატანი.  უცხოეთში უზარმაზარი შრომა გჭირდება იმისთვის, რომ არსებობა, ოჯახის შენახვა მოახერხო.  იმ წლებში ჩემი შვილები პატარები იყვნენ, თუმცა არც მათთვის იყო ის ცხოვრება იოლი.
– დღეს თქვენი შვილები სად ცხოვრობენ?
–   უმცროსი ბიჭი,   ზვიადი   ცხოვრობს ბერლინში, ფილოსოფიას სწავლობს მაგისტრატურაში. თუმცა, ის  ასევე,  ძალიან კარგი მევიოლინეა. რაც შეეხება უფროსს, დემეტრე  შვეიცარიაში  ცხოვრობს.  დაამთავარა მაგისტრატურა ფორტეპიანოს პედაგოგიკისა და კომპოზიციის განხრით.  დემეტრე  მუშაობს კონსერვატორიაში,  პროფესორის ასისტენტია.  უფრო სკაიპით ვუკავშირდებით ერთმანეთს.  როდესაც საშუალება მაქვს, მივდვარ მათ მოსანახულებლად.  ახლახან ბერლინშიც  გახლდით.  
– რაც მეუღლეს დაშორდით,  ოჯახის  გარეშე ცხოვრება  იოლი არ უნდა იყოს თქვენთვის. თქვენი ოჯახი პოლიტიკას შეეწირა?   
–    ჩვენ  ერთად აღარ ვართ, ეს ხდება ხოლმე. შვილები ურთიერთობენ ორივესთან.  პოლიტიკამ  გააფუჭა  და დაამძიმა აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის, ჩემი პირადი ცხოვრებაც.  როცა გავხდი 13 წლის, ხელისუფლებაში მოვიდა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც  დაიწყო ჩუმი, ანტიქართული რევოლუცია. ეს იყო გადატრიალება. იქიდან დაიწყო ჩვენი მძიმე ცხოვრება – რეპრესიები, დევნა, დაპატიმრება, უხერხული   სიტუაციები.  ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს, ეს მართლაც ასეა.  ამ მძიმე ცხოვრებამ ჩვენ  შეგვაკავშირა. ჩვენ ვიყავით პოლიტიკის მძევლები. ემიგრაციაში რომ  აღმოვჩნდით, პოლიტიკის ბრალია და რომ დავბრუნდი – ესეც. თუმცა, ეს ჩემი სამშობლოა და ეს იყო ჩემი არჩევანი, რასაც არ ვნანობ. სხვანაირად, ვერც კი წარმომიდგენია ჩვენი ოჯახის ცხოვრება.  როცა მსჯელობენ, რატომ დაბრუნდა ზვიადი სამეგრელოში, ეს შეცდომა არ იყოო? – კითხულობენ. ეს შეცდომა კი არა, მისი არჩევანი იყო. ზვიადი ვერ იჯდებოდა გროზნოში და იქიდან ვერ უყურებდა აფხაზეთის დაკარგვას.
– მძიმე არჩევნები ხშირად გაქვთ ცხოვრებაში  გამსახურდიებს. თითქოს, ეს თქვენი ბედისწერაა?
–  შესაძლოა. ბედისწერა,  ალბათ, არის ადამიანში და ესაა, რაც არ გვაძლევს საშუალებას, სხვანაირად მოვიქცეთ. გროზნოში მყოფი ზვიად გამსახურდია, როცა გადადგამს ამ ნაბიჯს, ეს ამისი ნათელი  მაგალითია. ზუსტად ეს გზა გავიარე მეც – ვერ ვიჯდებოდი შვეიცარიაში, სადაც აწყობილი ცხოვრება იყო  და ვერ ვუყურებდი იქიდან ამ ყველაფერს, რაც აქ ხდებოდა. როდესაც საქართველოში ამოიწურა ის მიზეზები, რის გამოც აქ ვერ ვბრუნდებოდი, მე უყოყმანოდ ჩამოვედი სამშობლოში. ეს იყო 2006 წლის დასაწყისი. ჩემი ოჯახი აქეთ ვერ გადმოვიდოდა, მე კი დავრჩი აქ და ჩავერთე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემს ძმას,  ცოტნეს ჰკითხეს, მამისგან რა დაგრჩათო?  ცოტნემ უპასუხა: მამისგან  დამრჩა  დანგრეული სახლი, კარგი სახელი და მტრებიო. მეც ასე ვარ. ზვიად გამსახურდიას შვილი ვარ და სხვანაირად როგორ იქნება?!
– როგორი ურთიერთობა გაქვთ დღეს ძმებთან. ამ მხრივ სულ იყო საუბრები და ჭორები. გაურკვევლობები  წარსულში  დარჩა?
–  არ ვიცი, უკან  რა დარჩა, ალბათ, არც არაფერი იყო ისეთი, რომ გახსენებად ღირდეს.  დღეს   სამივე ძმას  კარგი ურთიერთობა გვაქვს. გიორგი თითქმის ორი წელია, პოლონეთში მუშაობს.  ჩვენს  დიპლომატიურ სამსახურშია  შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთხით.  ცოტნე აქ არის. როცა საშუალება გვაქვს,  ერთმანეთს ვნახულობთ.  ხანდახან ავდივარ ხოლმე კოლხურ კოშკში, სადაც წინაპრების საფლავებია. თუმცა, ბაბუა  ჩვენთან წინაპრად არ ითვლება.
– თქვენ სად ცხოვრობთ?
–  ჩემს სახლში,  როგორც იქნა დავასრულე სახლის მშენებლობა. სანერგე მეურნეობაში, თბილისის ზღვის არეალშია ეს დასახლება. ეზოში ვაზი მოვიყვანე, ჯერ მოსავალი არ იქნება, მაგრამ ვენახი  კარგი რამ არის.  მსხმოიარე ხეების დარგვას მოვერიდე. მარტო ვცხოვრობ ამ სახლში, წელიწადში ერთხელ ბიჭები ჩამოდიან ხოლმე. მივეჩვიე მარტო ცხოვრებას.  
– თუმცა, ხშირად  ლაპარაკობენ თქვენს პირად ურთიერთობებზე ცნობილ ქალბატონებთან.
  ეს ყველაფერი ჭორია, თუმცა რამე რომც იყოს ჩემს ცხოვრებაში, რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს? მე მარტო ვარ და მაქვს პირადი ცხოვრების უფლება. თუ  მომავალში ვინმე გამოჩნდება  ჩემს ცხოვრებაში, ახალ ურთიერთობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი და ამას არც დავმალავ, საჯაროდ,  ყველა გაიგებს.
скачать dle 11.3