№29 რატომ არის მითი ქართველების ჭამა-სმის მოყვარულობა და რატომ გახდა ქართველი ყველაზე ბალახიჭამია ადამიანი დედამიწაზე
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილია კალორიების ის რაოდენობა, რაც ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, რათა ორგანიზმმა ნორმალურად იფუნქციონიროს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეს მაჩვენებელი რეალურადაც განსხვავებულია და ადამიანებიც განსხავებულ თანხას ხარჯავენ საკვებში. დადგენილია, რომ, რაც მდიდარია ქვეყანა, მით ნაკლებს ახმარენ საერთო ხარჯიდან მისი მოქალაქეები სურსათის ხარჯს (განა იმიტომ, რომ ცოტას მიირთმევენ, უბრალოდ შემოსავალი აქვთ დიდი), მაშინ, როდესაც ღარიბი ქვეყნის მოქალაქეების შემოსავლების ნახევარი (თუ მეტი არა) კვებას ხმარდება, ისიც – დაუბალანსებელს. რამდენს ხარჯავენ საქართველოს მოქალექები საკვებად და საიდან იღებს სათავეს მითები ქართველების გადაჭარბებული გემოთმოყვარეობის შესახებ, – ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– რა ინფორმაციას გვაწვდის ქვეყნის შესახებ მონაცემი, თუ რამდენს ხარჯავენ მისი მოქალაქეები კვების პროდუქტებზე?
– სხვადასხვა ასპექტით შეიძლება, შევხედოთ სურსათის მოხმარებას: როგორც კულტურის ნაწილს, როგორც ყოფის განუყოფელ ელემენტს, როგორც ეკონომიკურ კატეგორიას და სხვა. თუმცა დღეს, როდესაც წინა პლანზე საბაზრო ურთიერთობებია, ამ ურთიერობათა მონეტიზაციას თითქმის აბსოლუტური ფორმა აქვს. ამდენად, სურსათის მოხმარებას, უპირველესად, უკავშირებენ ეკონომიკურ შესაძლებლობას. ანუ გამოდის ძველი ქართული ანდაზა: ჭამა ქონებაზე ჰკიდიაო. სურსათი არსებობისთვის აუცილებელია და მის გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერ იარსებებდა. ხომ გახსოვთ ცნობილი ისტორიული ფაქტი, სპარტაკის მიერ ნათქვამი: სჯობს მახვილმა მოგვიღოს ბოლო, ვიდრე შიმშილმაო, როდესაც აჯანყებულები რომის ლეგიონებმა ალყაში მოაქციეს. მასლოუს ცნობილ პირამიდაშიც სურსათია პირველ ადგილზე და შემდეგაა სხვა დანარჩენი მოთხოვნილებები.
საქართველოში, მინიმუმ, 2 300 კილოკალორიის მიღებაა მიჩნეული მიზანშეწონილად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ეს კალორიები უნდა იყოს დაბალანსებული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით, რომ კვებაც, შესაბამისად, დაბალანსებული გამოვიდეს. ზოგადად, რაც უფრო მაღალშემოსავლიანია საზოგადოება, მით მეტს ხარჯავს ის სურსათზე, მაგრამ ეს მეტი საერთო შემოსავლებში ნაკლებია. შემიძლია, მოვიტანო რამდენიმე ციფრი: მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სურსათისთვის საერთო შემოსავლების, დაახლოებით, 7 პროცენტს ხარჯავენ.
– და ამ დროს მიიჩნევა, რომ ამერიკელები საკმაოდ ბევრს მიირთმევენ.
– და კალორიებსაც ბევრს მოიხმარენ: დაახლოებით, 3 800 კილოკალორიას დღეში მოსახლეობის ერთ სულზე და საკვების მოცულობაც საკმაოდ დიდია. მათგან განსხვავებით, მაგალითად, ნიგერიელების სურსათის ხარჯი არის საერთო ხარჯის 57 პროცენტი, მაგრამ მოსახლეობის ერთ სულზე ნიგერიელები სურსათისთვის ხარჯავენ სამჯერ უფრო ნაკლებ თანხას, ვიდრე ამერიკელები. ამ დროს კი ნიგერია არ არის აფრიკის ყველაზე სუსტად განვითარებული ქვეყანა. თან, აშშ-ში სურსათი გაცილებით იაფია. იაპონიაში სურსათისთვის იხარჯება საერთო შემოსავლების, დაახლოებით, 14 პროცენტი, ისევე, როგორც საფრანგეთში. ანუ, რაც ნაკლებია მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოება, მით მეტად იზრდება სურსათის ხარჯი. მაგალითად, პოლონეთში სურსათისთვის ხარჯავენ მთლიანი შემოსავლების 18 პროცენტს, თურქეთში – 22 პროცენტს.
– ჩინელები რამდენს ახარჯავენ კვებას?
– ჩინელები ხარჯავენ, დაახლოებით, 26 პროცენტს. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი – 30 პროცენტზე მეტს, აზერბაიჯანი – 45 პროცენტს, ჩვენ – თითქმის 38 პროცენტს.
– ჩვენზე მეტს როგორ ხარჯავენ აზერაბიჯანში სურსათს, მათი მთლიანი შინა პროდუქტის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე ხომ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი ანალოგიური მაჩვენებელი?
– არც ისე მეტია უკვე, იმდენად დევალვირდა მანათი: 2,2-ჯერ შემცირდა დოლართან მიმართებაში, თანაც, ისინი ამცირებენ სურსათის მოხმარებას და აზერბაიჯანში სურსათის ფასი გადაყვანილი დოლარებში საკმაოდ მაღალია. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები. ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, მაგრამ მწვავედ დგას სასურსათო პრობლემა.
– სურსათის დეფიციტია თუ ნაკლებია ხელმისაწვდომობა სიდუხჭირის გამო?
– კალორიულობაში გადავაჭარბეთ მინიმალურ მოხმარებას და, დაახლოებით, 500 კილოკალორიით მეტს მოვიხმართ.
– ანუ არა 2 300-ს, არამედ 2 800 კილოკალორიას დღეში?
– თუმცა ბალანსი აბსოლუტურად დარღვეულია. იმისთვის, რომ ჩვენი კვება იყოს რაციონალური, საკმარისი რაოდენობით მივიღოთ ხორცი და ხორცპროდუქტები, ჩვენ ყოველწლიურად დამატებით გვჭირდება 100 000 ტონა ხორცი. ჩვენ გასულ წელს ვაწარმოეთ, დაახლოებით, 66 000 ტონა ხორცი და 13 000 ტონა გავიდა და ჩვენ დაგვრჩა 53 000 ტონა ხორცი. სამაგიეროდ, შემოვიდა 80 000 ტონაზე მეტი იმპორტირებული ხორცი და ხორცპროდუქტები. ჩვენ რომ რაციონალურად მოვიხმარდეთ ხორცსა და ხორცპროდუქტებს, 100 000 ტონით მეტი რესურსი უნდა გვქონდეს, ანუ ან ადგილობრივი წარმოება უნდა გავზარდოთ 2,5-ჯერ, ან იმპორტი – 2-ჯერ.
– მოთხოვნა არ არის, თორემ ხომ შემოიტანდნენ უფრო მეტს ან აწარმოებდნენ?
– დასაწყისში ვახსენე, ჭამა ქონებაზე ჰკიდია-მეთქი. ეს რას ნიშნავს?
– შემოსავალი არ გვაქვს, რომ შევიძინოთ მეტი ხორცი და ჩვენი კვება იყოს რაციონალური?
– დიახ, შემოსავლებს ვგულისხმობ. ჩვენ ყოველწლიურად აგროსასურსათო პროდუქცია შემოგვაქვს 300 დან 600 მილიონ დოლარამდე უფრო მეტი ღირებულების, ვიდრე გაგვაქვს. ანუ რომ გვქონდეს საკმარისად განვითარებული სოფლის მეურნეობა, მაშინ ეს თანხა დარჩებოდა საქართველოში და ხელს შეუწყობდა ადგილზე წარმოების განვითარებას, ინვესტიციებს. გაანგარიშებულია, რომ თითოეული მილიონი იმპორტირებული საქონლის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით იძლევა ქვეყანაში დამატებითი 60-65 მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას. თან, ეს არ არის დასაქმება დახლთან. წარმოიდგინეთ, როდესაც წელიწადში ნახევარი მილიარდით მეტი სასურსათო საქონელი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს, რამდენ სამუშაო ადგილს კარგავს ქვეყანა და რა მოცულობის ვალუტა გაედინება სხვა ქვეყნებში?! ისევ ხორცს რომ დავუბრუნდეთ: ადგილობრივი წარმოება საკმარისი იქნებოდა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ხორცით მხოლოდ თბილისის რაციონალური მოხმარების დასაკმაყოფილებლად. თუ იმპორტსაც დავამატებთ, ეს საკმარისი იქნებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კახეთის გამოკლებით და დასავლეთ საქართველოს გარეშე. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ კახური სუფრა ხაშლამისა და მწვადის გარეშე?! ეს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და საჭიროა მეტი რესურსი მეცხოველეობის უფრო ინტენსიური განვითარებისთვის და საერთოდ, სახელმწიფოს უფრო სერიოზული სტრატეგია სჭირდება ამ მიმართულებით.
– აგროსასურსათო პროდუქციას უფრო მეტს მოვიხმართ და ამასთანავე, ცნობილია, რომ ყველაზე ბალახიჭამია ერი ვართ დედამიწაზე მოსახლეობის ერთ სულზე. გენეტიკური მიდრეკილებაა თუ უფრო ხელმისაწვდომია ეს პროდუქტი, ანუ იაფია თუ ორივე ერთად?
– ორი მომენტია: ეს არის გამოწვეული ჩვენი ბუნებრივი კლიმატური პირობებითა და კულტურული ტრადიციით. გვაქვს ფხალეულის სხვადასხვა სახეობა, მათი ნიგვზითა თუ სხვა სანელებლებით შეკაზმვის წესით, რაც თითქმის ფოლკლორის დონეზეა.
– და ასეთი საკვები, მათ შორის, ბოსტნეულის სალათები მდიდარია ვიტამინებითაც და არ არის მაღალკალორიული, ანუ ჭარბწონიანობას არ ეხმარება.
– აფრიკისა და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში იზრდება ბანანი, მაგრამ ისინი ბანანისმჭამელები იმიტომ კი არ არიან, რომ მათ ბანანისადმი იმთავითვე ჰქონდათ გენეტიკური მიდრეკილება, უბრალოდ, იმ კლიმატურმა პირობებმა დააკავშირა ეს ერთმანეთს. ამდენად, ჩვენთან იზრდება კიდეც შესაბამისი ფხალეულობა და მისი მოხმარებაც საკმაოდ მაღალ დონეზეა და მეორე, თვითონ ქართველებმა მოახერხეს, ადგილობრივი და ინდური, ზოგადად, აღმოსავლური რეცეპტებით, კერძების შექმნა. მაგალითად, ჩრდილოეთის ქვეყნებში ხორცის მოხმარება უფრო მაღალია.
– ხორცი აქვთ ბევრი, ფული თუ ჩრდილოური მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ხორცის მოხმარება აუცილებელია ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის?
– ხელმისაწვდომობაც უფრო მაღალია და მოხმარებაც წინა პლანზეა, რადგან არ გამოიფიტოს მათი ორგანიზმი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იგრძნობოდა აშკარა განსხვავება კავკასიის, შუა აზიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის ხორცის მოხმარებით. ბალტიისპირეთში ორჯერ უფრო მეტ ხორცს მოიხმარდნენ, ვიდრე საქართველოში. შუა აზიაში კი ჩვენზე დაბალი იყო მოხმარების დონე. ამდენად, ჩვენ უნდა გავზარდოთ ხორცის მოხმარება და რაციონალური გავხადოთ მცენარეული წარმოშობის პროდუქტების მიღება. ეს უფრო მეტად დააბალანსებს ჩვენს კვების რაციონს.
– მაშინ საიდან ღიპები ქართველ მამაკაცებს და, ზოგადად, არ ვართ ძალიან ტანსუსტები...
– ბევრი ჩვენი თანამემამულე არა მხოლოდ ირაციონალურად იკვებება, არამედ ცხოვრების წესიც ნაკლებად დინამიკური აქვს. ის, რომ ქალაქში წაიშალა პიკის საათისა და „უიქენდის“ ცნება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ადამიანები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ ფეხით ან ველოსიპედებით და უპირატესობას ანიჭებენ კომფორტულ, მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესისგან დაშორებულ ავტომანქანებს. მე არ ვამბობ, რომ ვისაც ავტომანქანა ჰყავს, ის ჯანმრთელ წონასთან დისონანსშია, მაგრამ ესეც პრობლემაა. თუმცა, მაგალითად, ამერიკაში ცხოვრების ჯანსაღი წესის კულტია და დიდიან-პატარიანა, ყველა, ცდილობს, იმოძრაოს და წარმატებასაც აღწევენ, ამ მხრივ. მაგრამ იქ ყოველი მეოთხე ადამიანი ჭარბწონიანობას უჩივის, რაც იმ ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემაა. იმდენად, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, შუშხუნა და გაზიანი სასმელების მცირე მოცულობის ჭურჭლებში გამოშვების, რომ ერთ ჯერზე ნაკლები იყოს მოხმარება.
– საიდან იღებს სათავეს მითები, რომ ქართველები არიან ჭამა-სმის მოყვარულები? იმას გარდა, რომ ხორცს ცოტას მივირთმევთ, თურმე, ისიც აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლსაც ძალიან მოკრძალებულად მოვიხმართ, არადა ჩვენი ფოლკლორიც ხაზს უსვამს ჩვენს ცხოვრებაში ქეიფის როლს.
– ფოლკლორი ხშირად ამახინჯებს რეალობას. საქართველოს ისტორიულად არ ჰქონია დალხენილი ცხოვრება. რაცაა შემორჩენილი, დარეჯანის სასახლე თუ ერეკლეს სასახლე თელავში, წარმოგვადგენინებს, როგორი იქნებოდა უფრო დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელთა ყოფა.
– მაგრამ „გოგია უიშვილში“ ეგზეკუციის შემდეგ მარინამ, გოგიას ცოლმა, არცთუ ურიგო სურფა გაშალა, მოხარშული დედლითა და ხაჭაპურებით.
– ეს იყო საკალანდო სუფრა, თორემ უიშვილების ოჯახის ყოველდღიური მენიუ რომ ყოფილიყო, მწერალი ასე დეტალურად არ აღწერდა. ამდენად, მაინც ვფიქრობ, რომ ეროვნული თავმოყვარეობა და, მეორე მხრივ, რესურსების ნაკლებობის სუბლიმაცია ხდებოდა ფოლკლორსა და სიმღერებში. ანუ, რაც აკლდა, იმაზე აკეთებდა აქცენტს.
– ოღონდ ქართული სამზარეულო არის მრავალფეროვანი, ორიგინალური და, ფაქტია, განვითარდა კიდეც და შეიქმნა ქართული სამზარეულოს ფენომენი. როგორ? თუ სულ მშიერ-მწყურვალნი ვიყავით?
– ადამიანის ეროვნულ ენერგიასა და პოტენციალს აქვს გარკვეული რესურსი და ის წარიმართება ამა თუ იმ მიმართულებით. საქართველოს არ ჰქონია მაღალტექნოლოგიური წარმოება, კაპიტალი, რომ ფინანსებსა და მოგების მიღებაზე ეზრუნა, ამიტომ მისი ეროვნული გაქანება მიემართებოდა იმ სფეროებში, რომლებშიც შედარებით ნაკლები კაპიტალდაბანდება სჭირდებოდა და უფრო ადამიანის ბუნებრივი ნიჭი იყო მთავარი. ამიტომაც განსაკუთრებით წარმატებული იყო ქართველი კაცი იმ სფეროებში, რასაც ინდივიდუალობა სჭირდებოდა: მწერლობა, მხატვრობა, სიმღერა და მათ შორის, კულინარიული ხელოვნება.