კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რატომ არ უნდოდა დავით კვირცხალიას გრიშა კაკაჩიას ცხოვრებაში შვილის გამოჩენა და რატომ არ იჯერებდა ის ქალიშვილის დაბადებას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ახირებულმა მილიონერმა გრიშა კაკაჩიამ ბოლო სერიებში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. მის ცხოვრებაში შესაძლო შვილის გამოჩენამ, მასში ადამიანური თვისებები გააღვიძა და ალბათ, მაყურებლის დიდი ნაწილისთვის საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა – ბიჭი, რომელიც მისი ბიოლოგიური შვილი არ აღმოჩნდა, მაინც აღიარა და ოჯახში მიიღო. ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ რას ფიქრობს კაკაჩიას გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მისი როლის შემსრულებელი დავით კვირცხალია, რომელიც უკვე 45 წელია, რუსთაველის თეატრის სცენაზე დგას, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა ამ როლმა მოუტანა.
დავით კვირცხალია:
კაკაჩიამ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი დაიკავა. უამრავ კოპლიმენტს ვიღებ და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებს. ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი, როგორც ახლობლების, ისე სრულიად უცხო ადამიანებისგან. ერთი შემთხვევა მახსენდება განსაკუთრებით. ერთმა შესანიშნავმა ქალბატონმა გამაჩერა და ფოტოს გადაღება მთხოვა. რად გინდათ, ქალბატონო, ჩემთან ფოტო-მეთქი, გავეპრანჭე და ჩემი ქმარი გიჟდება თქვენზეო (იცინის). ამან გამაგიჟა, პრინციპში, ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო (იცინის). ხალხს დააინტერესა ამ პერსონაჟისადმი ჩემეულმა მიდგომამ და რაკი დადებითად მაფასებენ, ესე იგი, გაამართლა როლმა. ნება მომეცით, მეც ცოტა წავიკეკლუცო (იცინის). თუმცა, არ მინდა, ტრაბახი გამომივიდეს. ეს როლი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რაც არ უნდა მოვინდომო, გრიშა კაკაჩიას ვერ გავექცევი (იცინის).
– საინტერესო ისტორია მაქვს მოსმენილი ეკა მჟავანაძისგან იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა იდეა, რომ გრიშა კაკაჩიას როლი სწორედ თქვენ შეგესრულებინათ.
– ეს იყო ნოდარ წულეისკირის მოთხრობის, „დავით აღმაშენებლის ქვის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი. იქ იყო ჩინოვნიკი, რომელიც თავის ძალაუფლებით სარგებლობდა და ისტორიული ქვის მისაკუთრებას ცდილობდა. მას წინააღმდეგობას უწევდა ერთი პატიოსანი კაცი, რომლის როლსაც გოგი გეგეჭკორი ასრულებდა. მე მისი შვილი ვიყავი. რომელიც ასევე, გაუკუღმართებული კარიერისტების მხარეს იყო. მოკლედ, უარყოფითი როლი მქონდა. ამ სპექტაკლში იყო მეგრული კილოთი საუბარი და ეკამ მითხრა, რომ ძალიან კარგად ახსოვდა ეს როლი.
– გამოდის, დიდი ხნის წინ ნათამაშებმა უარყოფითმა როლმა, შეიძლება ითქვას, განსაზღვრა კაკაჩიას ბედი.
– მთლად ასეც ნუ ვიტყვით, იმიტომ რომ,  ბატონ რობერტ სტურუას სპექტაკლშიც მითამაშია მეგრელი კაცის როლი, სადაც ბორის წიფურია შევცვალე. თუმცა, ვცდილობ, გრიშა კაკაჩია მარტო მეგრელი არ იყოს და თუ დააკვირდებით, ხანდახან სხვადასხვა კუთხის სხარტულებითაც ვსაუბრობ ხოლმე.
–  ბოლო სერიებში შეიცვალა კაკაჩია. თავიდან გაცილებით ახირებული მილიონერი იყო.
– ამაში ძალიან დიდი დამსხურება მიუძღვის სცენარისტს – ქეთი დევდარიანს. როგორც ჩანს, მან დაინახა, რომ მე ამ როლს, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითისკენ არ ვექაჩებოდი. მინდოდა, ადამიანური მომენტები დამეჭირა მასში, რომელიც ვიღაცის გაჭირვებასაც გაიზიარებდა და სიხარულსაც. არ მინდოდა, კაკაჩია მაძღარი, ღორისმჭამელი და მხოლოდ კულინარიის შედევრებითა და ფულის კეთებით ყოფილიყო დაკავებული. კი, რა თქმა უნდა, მას ღალატობს გემოვნება და აქვს ახირებული სურვილები, მაგრამ ეს ყველაფერი ქართველი კაცის ხასიათიდან მოდის. თუნდაც, აკლდამა ავიღოთ – ქართველების სასაფლაოებს რომ გადავხედოთ, მთლად აკლდამების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ რამდენ მარმარილოს და გრანიტის საფლავს ნახავთ, სხვადასხვა სახის მორთულობებით. ფაქტია, რომ კაკაჩია გაკეთლშობილდა. შვილი მას ყოველთვის აკლდა. როგორც თვითონ ამბობს, სულ მინდოდა, ბიჭი მყოლოდა, მაგრამ უფალმა არ ინება, რომ მე და ლუდას საერთო შვილი გვყოლოდაო. ბიჭის გამოჩენამ ის სიცარიელე ამოავსო, რომელიც სულ დაჰყვებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ბიოლოგიური შვილია თუ არა, მთავარია, ადამიანური ურთიერთობები.
– ელოდით, რომ შეიძლებოდა, ბილოგიური შვილი არ აღმოჩენილიყო, მაგრამ მაინც ეღიარებინა?
– სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. ეს ხომ არ არის ნაწარმოები, რომელიც ბოლომდეა დაწერილი. გზადაგზა იწერება და ნამდვილად არ ვიცით წინასწარ, რას შეიძლება, ველოდეთ მომდევნო სერიებში.
– როგორც ვიცი, არ გინდოდათ, რომ ეს ბიჭი კაკაჩიას შვილი აღმოჩენილიყო.
– თავიდან ეს ბიჭი რომ გამოჩნდა, გახსოვთ,  გრიშამ ძალიან ცუდად მიიღო. ლანძღავდა და აგდებდა – ვიღაც აფერისტი ხარო. ამ დროს უამრავი ადამიანი მეკითხებოდა: მართლა შვილი აღმოჩნდებაო? ხალხს უნდოდა, ამ კაცის თავს რაღაც კარგი მომხდარიყო. მე ალღოთი ვგრძნობდი, საითაც მიდიოდა ეს ამბავი. არ აქვს მნიშვნელობა ბიოლოგიური შვილია თუ არა. ვიცი, რომ გადასარევ ოჯახებში დაბადებულან მკვლელები და პირიქით, მაგრამ არ მინდოდა, შვილი აღმოჩენილიყო, რადგან ამ შემთხვევაში, გრიშას გზა უფრო გართულდებოდა, რაც ბევრად საინტერესოა.  
– თქვენი და „თქვენი შვილის“, ბექა ლემონჯავას ურთიერთობა როგორ აეწყო?

– მგონი, კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ძალიან მომწონს ეს ახალგაზრდა ყმაწვილი. საინტერესო მანერა აქვს. წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვის.
– ნამდვილ შვილებზე გადავიდეთ.
– ქალიშვილების მამა ვარ. მე მგონი, ჩემი და ჩემი მეუღლის დამსახურებაცაა, რომ კარგ მოქალაქეებად გაიზარდნენ. საზოგადოებაში კარგ ადამიანებად არიან ჩაწერილები და პატივისცემით სარგებლობენ. თავის საქმესაც წარმატებით ასრულებენ. უფროსი ქალიშვილი – ელენე კვირცხალია პროდიუსერია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთ-ერთი გადაცემის – „შაბათ საღამოს ლიზასთან.“ მეორე ქალიშვილი – რუსუდანი ამჟამად საზოგადოებრივი საქმიანობით არაა დაკავებული. თუმცა, მყავს შესანიშნავი სიძე და ორი შვილიშვილი, რომლებიც ყველაფერს მირჩევნია. სხვათა შორის, მათაც ძალიან ბევრ კომპლიმენტს ეუბნებიან, მამასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო გავიფხორები ხოლმე: აბა, რა გეგონათ-მეთქი (იცინის).
– რას ამბობენ შვილები, რამით ჰგავს კაკაჩია მამაჩვენსო?
– აბსოლუტურად არა. უპირველესად, შემოსავლებით არ ვგავარ კაკაჩიას, რაც შვილიშვილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რომ მეუბნებიან: ბაბუ, ფული მომეცი, ტყლარწი ან რაღაც მსგავსი უნდა ვიყიდოო და ვეტყვი: არ მაქვს-მეთქი, კაკაჩიას ხატი იქვე იმსხვრევა (იცინის). თუმცა, თუ მაქვს, მათთვის არაფერი მენანება. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში მსახიობებს მაინცდამაინც დალხინებული ცხოვრება არ გვაქვს, რომ ყველაფერი შევუსრულო შვილებსა და შვილიშვილებს. მაგრამ, რასაც ვახერხებ, ნამდვილად არ მენანება.
– არაფერი გვითქვამს მეუღლის შესახებ.
– მეუღლე პროფესიით ექიმი-ბიოლოგია. ამჯამად არ მუშაობს. მეორე შვილიშვილი რომ გაგვიჩნდა, თქვა: ჯობია, ბავშვს დავუთმო მეტი ყურადღებაო და სამსახურიდან წამოვიდა. მანამდე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მეზობლები ვიყავით, ერთ სკოლაში ვსწავლობდით და სულ ჩემი თვალთახედვის არეში იყო.  როგორც კი ინსტიტუტი დავამთავრეთ, ოჯახი შევქმენით. ისე დაემთხვა, რომ ორივე ოჯახისთვის სასურველი აღმოჩნდა ჩვენი ქორწინება. ასე, მოვდივართ ერთად. 40 წელზე მეტია, ცოლ-ქმარი ვართ და ერთმანეთს ვუძლებთ (იცინის). მე ძალიან ერთგული ქმარი აღმოვჩნდი. როგორც ყველა, ჩხუბი და დაძაბული ურთიერთობები ჩვენც გავიარეთ, მაგრამ ისეთი, რომ ურთიერთობას საფრთხე შექმნოდა – არა.
– კაკაჩიაზე თქვით, ყოველთვის უნდოდა, ბიჭი ჰყოლოდაო. თქვენ, ორი ქალიშვილის მამა ხართ, არ გქონდათ მსგავსი სურვილი?
– პირველი შვილი რომ გამიჩნდა, 22 წლის ვიყავი და მაშინ სქესის წინასწარ გაგება არ ხდებოდა. იმ ასაკში მეც ძალიან მინდოდა, ბიჭი მყოლოდა და ბაბუას სახელი დამერქმია. რომ მითხრეს, გოგო დაიბადაო, ვერ ვიჯერებდი, იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭი გვეყოლებოდა (იცინის). თან, ჩემამდე ჩემი გვარის ყველა წევრს ორი ბიჭი ჰყავდა (იცინის). მერე მე და ბიძაჩემი აღმოვჩნდით ორ-ორი გოგოს მამა. მაგრამ, გაგვიმართლა, კარგი და ჯანმრთელი შვილები გვყავს. ვლოცულობ მათი კარგად ყოფნისთვის.
– ბოლოს მითხარით, როგორ ატარებს კაკაჩია ზაფხულს?
– ახლა სამტრედიაში ვარ. ეს ჩემი მშობლიური კუთხეა. ყველაზე კარგად აქ ვისვენებ. აქტიური დროსტარებისთვის უკვე დიდი ვარ და ჩემს ასაკში, ეს ყველაზე შესაფერისი ადგილია (იცინის).
скачать dle 11.3