№29 როგორ დავატრიალოთ ბედის ისარი ჩვენ სასარგებლოდ ჩვეულებრივი, მექანიკური საათის საშუალებით და რამდენ სექტორად იყოფა „წინასწარმეტყველი“ ციფერბლატი
რას გიჩვენებს შენი საათი? გგონია, მხოლოდ ჩვეულებრივ დროს? – არა, ეს შენი მომავალის პროგნოზია! მაგია მიიჩნევს, რომ საათის წინასწარმეტყველება თითქმის ყველაზე ზუსტია და არ გეგონოთ, რაიმე განსაკუთრებულ ნივთზეა საუბარი – ჩვეულებრივ ციფერბლატიან მექანიკურ საათს ვგულისხმობთ, რომელიც ყველას აქვს და ნებისმიერს მიუწვდება მასზე ხელი. სწორედ ასეთ საათებს იყენებდნენ მაგები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან. ახლა კი დროა, თავად გავერკვეთ, რა შეგვიძლია, შევიტყოთ საკუთართ მომავლზე ამ უძველესი „ჟამთა მდევრისგან”, რაშიც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ბატონი დავითი დაგვეხმარება.
– როგორც გავიგე, საათს მაგები ერთგვარ „ინსტუმენტად” იყენებდნენ ჯადოსნობაში?
– მექანიკური საათი საყვარელი „მოკარნახე” იყო ცნობილი მაგის, ჯუზეპე კალიოსტროსი. სხვათა შორის მასზე გადაღებულ შესანიშნავ ფილმში ქართველი მსახიობი, ნოდარ მგალობლიშვილი ბრწყინვალედ ასრულებს დიდი მაგის როლს... და ის, ნამდვილი კალიოსტრო და არა მისი ქართველი პროტოტიპი, ცნობილი გახლდათ იმით, რომ მომაკვდავ ავადმყოფებს სიცოცხლეს უნარჩუნებდა, ელაპარაკებოდა სულებს და გამდიდრების საიდუმლოს ფლობდა. სწორედ კალიოსტრო ამტკიცებდა, რომ დრო მას ციფრების ენით ელაპარაკებოდა.
– ციფრების მაგიურობაზე ბევრი რამაა ცნობილი...
– ციფრი – ეს ენაა, რომელშიც ადამიანმა თავისი ემოციები, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში ჩადო. პირველი ადამიანები ციფრებს არქმევდნენ სიტყვებს, ციფრების კომბინაციას კი სიტყვათა შეთახმებით ადგენდნენ. გამომდინარე აქედან, რიცხვებს ემოციური ბუნება აქვს და ჩვენი ქვეცნობიერი მას აღიქვამს, როგორც დაშიფრულ სიტყვიერ ინფორმაციას. სწორედ ამ მიზეზით დაიწყეს მისი გამოყენება მაგიაში. საათი შლის ზღვარს წარსულსა და მომავალს შორის – ყალიბდება ერთიანი საათობრივი საინფორმაციო სივრცე და ადამიანს შეუძლია, გამოთვალოს საჭირო ინფორმაცია თავისი ცხოვრების ნებისმიერი პერიოდიდან.
– ანუ, ჩვეულებრივი საათით ნებისმიერს შეუძლია, გამოთვალოს, რა ელის მომავალში?
– საათით მკითხაობაში ყველაზე იოლი ახლო მომავლის გამოთვლაა, რასაც შეიძლება, იღბლის ნიშანი ან მაგიური დრო ვუწოდოთ. მისი არსი ასეთია: ციფერბლატზე საათისა და წუთების მაჩვენებელი ისრები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ვთქვათ, შემთხვევით დახედეთ საათს, რომელიც წყვილთა კომბინაციაში კენტ რიცხვებს უჩვენებს, მაგალითად ასე: 15:15. პითაგორას უძველესი ნუმეროლოგიის მიხედვით, ყველა კენტი რიცხვი იღბლიანად მიიჩნეოდა. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი კომბინაცია დაფიქსირდა თქვენს საათზე, ჩათვალეთ, რომ ცხოვრებაში კარგი დრო დაგიდგათ. გამონაკლისია მხოლოდ ციფრი 9 და მისი კომბინაციები (19:19, 9:09). ის, როგორც დამამთავრებელი ციფრი, შეთანხმებული და სტაბილური ცხოვრების დასასრულზე მიუთითებს – რაც ნიშანია იმისა, რომ ადამიანის ცხოვრებაში გამოცდის დრო დგება. მაგრამ, თუ საათის მაჩვენებელთა წყვილი ლუწ რიცხვებს იმეორებს (2:02, 4:04, 6:06, 12:12, 20:20), ეს არასტაბილურ გარემოზე, მტრების შეძენასა და წინააღმდეგობებზე მეტყველებს, რომელთა დაძლევაც მოგიწევთ. 14:14 – კომბინაცია კი ისეთ გაუთვალისწინებელ სიტუაციაზე მიანიშნებს, რასაც შეიძლება, უბედური შემთხვევაც კი მოჰყვეს.
– გამიგია, რომ საათი და სიზმარიც რაღაც კავშირშია ერთმანეთთან?!
– დიახ, არსებობს საათზე მკითხაობის პრაქტიკა სიზმრის საშუალებით. ამ დროს საათს შეუძლია, უფრო შორეული მომავლის მოვლენები დაგვანახვოს, ვიდრე – წინა შემთხვევაში. ამისთვის კი, უნდა გააჩეროთ საათი, მერე კი ისრები დააყენოთ შემდეგნაირად: საათის მაჩვენებელი ისარი – მიმდინარე თვის რიგითი ნომრის შესაბამის ციფრზე (რადგან დროის სვლას ის უფრო ნელა ითვლის); წუთების კი – რიცხვზე, რომელიც თვის იმდღევანდელ თარიღს აღნიშნავს. ამის შემდეგ, გონებაში კარგად დაალაგეთ და გაიაზრეთ ყველაფერი, რის პასუხსაც მოცემულ დროს ჩაფიქრებულ კითხვაზე ელით და რომლის შესახებაც გინდათ, რომ სიზმარში მიიღოთ ინფორმაცია. სანამ დაიძინებთ, დაიდეთ აღნიშნული საათი გვერდით და მისი საშუალებით ყველა საჭირო ინფორმაციას სიზმარში მიიღებთ. ხოლო, როცა გაიღვიძებთ, თქვენს საათზე ისრები კვლავ რეალურ დროს გიჩვენებთ.
– თურმე, გატეხილ საათსაც შეუძლია მომავლის განჭვრეტა...
– დიახ, გატეხილ საათს შეუძლია, გიკარნახოთ, როგორ მოიქცეთ, რომ პრობლემებს თავი აარიდოთ და ცხოვრება სურვილისამებრ დაალაგოთ. ამისთვის კი, არ უნდა დაინანოთ და მექანიკური საათი, რომელიც სამკითხაოდ დაგჭირდებათ, თქვენივე ხელით დაამტვრიოთ. შემდეგში ის უკვე აღარ გამოგადგებათ. მოკლედ, საჭირო ინფორმაციის გამოსათვლელად, აიღებთ მექანიკურ საათს და უპირველესად, ჩაამსხვრევთ ციფერბლატის დამცავ მინას. ასე, თქვენსა და საათს შორის პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი დამყარდება. მერე ფაქიზად მოამტვრიეთ საათის მაჩვენებელი ისარი და დატოვეთ მხოლოდ – წუთების. ახლა უკვე საჭიროა, გონება მოიკრიბოთ, დახუჭოთ თვალები და დასაქოქი ღილაკის საშუალებით, ისარი 12-ჯერ დაატრიალოთ, რადგან ეს ციფრი დასრულებულ საათობრივ და ინფორმაციულ ციკლს აღნიშნავს. ამ დროს მნიშვნელობა აქვს, რომელ ციფრობრივ სექტორში გააჩერებთ ისარს.
ნუმეროლოგები ციფერბლატს ოთხ სექტორად ყოფენ. პირველია: 12-დან 3-მდე და სიყვარულს განაგებს; 3-დან 6-მდე – ჯანმრთელობას; 6-დან 9-მდე – კარიერას; 9-დან 12-მდე კი – სოციუმში წარმატების საწინდარია.
– მაგრამ, თითოეულ სექტორში ხომ სამი რიცხვია?!
– სამია და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს: სექტორში პირველი ციფრი ნიშნავს, რომ – რაღაცას მიიღებთ; მეორე – გასცემთ, მესამე – სრულყოფთ.
– და ეს რას ნიშნავს?
– მაგალითად, თუ ციფრი – 7 სექტორში ნიშნავს „გაცემას”, თქვენ რაღაცას, რაც სამსახურთანაა დაკავშირებული, კი უნდა შეელიოთ, მაგრამ ამით ქვეყანა არ იქცევა. შეხვდით ამას განწყობით: „მადლობა და მშვიდობით!” – და პრობლემაც ამოწურულია.
– თუ ისარი ციფრებშორის გაჩერდა?
– ავხსნი ამას მაგალითზე. თუ ისარი 9-სა და 10-ს შორისაა და უფრო 9-ისკენ იხრება, ეს ნიშნავს, აუცილებლად გაარკვიოთ: რას ითხოვს თქვენგან გარემოცვა; რა საერთო გაქვთ და რით განსხვადებით ერთმანეთისგან და საერთოდ, რას წარმოადგენთ თავად და ვინ არიან ისინი. ამას გირჩევთ საათი და სანამ ასე არ მოიქცევით, პრობლემებს თავს ვერ დააღწევთ.
მკითხაობის შემდეგ გამოყენებული საათი აუცილებლად მარილიან წყალში ჩააგდეთ. ასე, დროის სვლის ძველი ვექტორი ენერგეტიკულად დაიბლოკება და დაიწყება – ახალი. გისურვებთ წარმატებებს!