№29 როგორ დაუმეგობრდნენ აჩიკო ნიჟარაძე და მისი მეუღლე სტივ უანდერის ბენდის წევრებს და რატომ აპროტესტებს მომღერალი პროსტიტუციისა და მარიხუანის ლეგალიზებას საქართველოში
აჩიკო ნიჟარაძე და მისი მეუღლე, ნუცა ქირია ექვსი წელია, რაც დაქორწინებული არიან. მათ ერთი შვილი – ალექსანდრე ჰყავთ. აჩიკო და ნუცა დღესაც ახალი შეყვარებულებივით გამოიყურებიან, ყველგან ერთად მოგზაურობენ და ოჯახური იდილიით ტკბებიან
აჩიკო ნიჟარაძე: მე და ჩემი მეუღლე ნუცა ქირია ექვსი წელია, ერთად ვართ. ჩვენ ერთმანეთი სიმღერამ გაგვაცნო. გოგი დოლიძისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ვიღებდით მონაწილეობას და იქ მოგვიწია დუეტში სიმღერა. რაღაც სიმპათიები გაჩნდა, მერე რამდენჯერმე გამოვედით ერთად – ხან რუსთველის თეატრში, ხან ფილარმონიაში ვიმღერეთ. ნუცაც „ნუცას სკოლაში“ მღეროდა. როცა გავიცანი, პატარა იყო. ექვსი წელი გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ველოდე, ველოდე, ბოლოს ვთქვი, ახლა უნივერსიტეტის დამთავრებას ვეღარ დაველოდები-მეთქი და შევქმენით ოჯახი. მერე პატარა ალექსანდრეც გვეყოლა.
– შენ და ნუცა სულ ერთად მოგზაურობთ, ალბათ, საინტერესო თავგადასავლებიც გექნებათ...
– ძირითადად, ჩემი მოგზაურობები გასვლითი კონცერტებია, სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ჩვენი დიასპორისთვის. ნუცაც ყველგან ჩემთან ერთადაა. სადაც შემიძლია, რომ წავიყავნო, ალექსანდრეც მიმყავს. ადრე უცხოეთში ვერ მიმყავდა, პატარა იყო. ახლა უკვე შეიძლება. მე, ნუცა და ბავშვი ყველგან ერთად დავდივართ. ძალიან მიყვარს მათთან ერთად ყოფნა – ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან. მე მაშინ ვიქნები კარგი მამა და ნუცა კარგი დედა, როცა მოვა დრო და ალექსანდრეზე გავიგებთ, კარგი ბიჭიაო. არ ვგულისხმობ იმას, რომ ახლა ლამაზი, კეთილი და ზრდილობიანი ბავშვია – ამას ამბობენ. მე ვგულისხმობ, როცა გაიზრდება და დამოუკიდებელი იქნება. დუბაიში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე საქორწინო მოგზაურობაში. ისე მოხდა, რომ ჩვენი იქ ყოფნა დაემთხვა სტივ უანდერის კონცერტს, რაც ჩემთვის და ნუცასთვის ძალიან სასიხარულო იყო – სულ ვოცნებობდით მის კონცერტზე მოხვედრაზე. აღმოჩნდა, რომ სტივ უანდერის მთელი ბენდი ცხოვრობს ჩვენს სასტუმროში. გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არ ჩამოდიან საქართველოში. ვისხედით მაგიდასთან, ისინი ქართულ ღვინოს აგემოვნებდნენ. მე ჩემთვის ვიჯექი და უბრალოდ, ვღიღინებდი მაიკლ ჯეკსონის რაღაც მელოდიას. გამოიარა უანდერის ბექვოკალმა, გაიგონა ეს ხმა და ამყვა. მაგარი მომღერალია, მერე რა, რომ ბექვოკალში დგას. მომიტრიალდა და მეუბნება: კაცო, უანდერის ბექვოკალი ვარ და ჯეკსონის სიმღერას მამღერებ შენო? მერე კონცერტსაც დავესწარით. ჩემი რამდენიმე მეგობარი იყო ჩემთან ერთად წამოსული და მერე, თურქეთშიც რომ შეხვდნენ უანდერის ბენდის წევრებს, იქაც მივიდნენ სპეციალურად, ნახეს და გადაირივნენ ტიპები: თბილი დამოკიდებულება კი არ გვაკლია – უანდერისადმი აქვთ ხოლმე, მაგრამ ასეთ რამ ჩვენ მიმართ არავის გამოუჩენიაო. მერე მიწერ-მოწერაც გვქონდა და თუ საქართველოში ჩამოიყვანენ, სიამოვნებით მივალთ და ვნახავთ ამ ადამიანებს. ასე რომ, ასეთი პატარა დუეტივით წავიმღერეთ ერთად. რომ ჩამოდიოდნენ და ვხვდებოდით – „ჰელოუ ჯორჯიაო“, ასე გვესალმებოდნენ. ერთ-ერთი საქსოფონისტი, რომელიც ამათთან უკრავდა, იყო შტატ ჯორჯიადან და უხაროდა ძალიან – რა კარგი დამთხვევაა: ჩემს შტატსაც ჯორჯია ჰქვია და თქვენს ქვეყანასაცო.
– შენ და ნუცა ექვსი წლის მერეც ახალი შეყვარებულებივით გამოიყურებით. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ურთიერთობა წლებთან ერთად არ გაუფერულდეს?
– სიყვარული რომ შეინარჩუნო, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს სულ ძაფივით დაჭიმული, რომელიც არ უნდა გაწყდეს. თუ მოხდება ისე, რომ რაღაცაში განელდა ურთიერთობა, ჯობია, ისევ რაღაცით გაამძაფრო. თუ გიყვარს, ბოლომდე გიყვარს. როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტე, კარგად ნაფიქრი მქონდა – მინდოდა ამ ადამიანთან ყოფნა და ვაპირებ მთელი ცხოვრება ასე ვიყო.
– რას იტყვი, გენდერულ თანასწორობაზე, თქვენს ოჯახში როგორაა ამ კუთხით ურთიერთობა დაბალანსებული?
– კაცი უფროსია – არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება. შენ უფროსი ხარ, არა მე ვარ უფროსი – არ მომწონს. ვფიქრობ, ქალი უნდა გრძნობდეს თავს კარგად – დამოკიდებული კი არ უნდა იყოს მეუღლეზე, მაგრამ ქმარი საყრდენი უნდა იყოს მისთვის. მე მგონია, რომ თავისუფლებას ვაძლევ. არც ქალი და არც კაცი არ უნდა იყოს შეზღუდული თავის არჩევანში. თუმცა, ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებები უფრო კარგი იქნება, ვიდრე – ცალ-ცალკე. არც ის მომწონს, რომ იციან: კაცს ღალატი ეპატიება, ქალს – არა. არავის არაფერი ეპატიება. სიტყვა ღალატი არც მეგობარს ეპატიება, არც მშობელს, არც შვილს, არც ქმარს და არავის. ეს არის ვიღაც სულელის ნათქვამი. გაგწირა შენ იმ ადამიანმა, ასეთი ახსნა უნდა ჰქონდეს და არა ისეთი – ჩემი ქმარი თუ სხვასთან წავა, არა უშავს. მცირედი შეცდომები ყველას აქვს, მაგრამ იმ ფუნდამენტურ ურთიერთობებში, რასაც ოჯახური სიყვარული და ოჯახური ცხოვრება ჰქვია, შეცდომას ვერ დავუშვებ და ვერ გავამართლებ ვერაფრით. ქალის პატიოსნება მხოლოდ ფიზიკურ ღალატში არ გამოიხატება – ქალი ან არის პატიოსანი, ან არა. ქალი ოჯახის ერთგული უნდა იყოს. სანამ ოჯახს შექმნი, ხარ დედ-მამასთან. თუ მათთანაც არ ხარ, ერთგული და არც მეგობრებთან – ნებისმიერ რაღაცაში იტყუები და მიჩვეული ხარ ამ რაღაცეებს, მერე ოჯახშიც მოიტყუები. მე და ჩემი მეუღლე არასდროს ვატყუებთ ერთმანეთს, უმნიშვნელო რამესაც კი. ჯერ ერთი, არ ვარ მიჩვეული და სახეზე მეტყობა და – არც მინდა, რატომ უნდა მოვატყუო, ცუდ რამეს კი არ ვაკეთებ. როცა ცუდს აკეთებ, მოტყუება მაშინ გინდა. ჩვენ კი სუფთა, გამჭვირვალე ურთიერთობა გვაქვს.
– სოციალურ ქსელში ხშირად გამოხატავ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ შენს დამოკიდებულებას. წერდი, პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე, რას იტყვი მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე?
– მე ერთი რამ ვიცი – რაც ადამიანის ორგანიზმს ავნებს, ჩემთვის ყველაფერი მიუღებელია. მარიხუანის დეკრიმინალიზაცია რომ იყოს ნებადართული, მე არ ვიქნები ამისი მომხრე. ჯერ ერთი, გამომდინარე იქიდან, რომ სიგარეტიც არ მომიწევია ცხოვრებაში – ხმას აფუჭებს, აზიანებს ორგანიზმს. მე ვმღერი, ღმერთმა რაღაცის ნიჭი მომცა და როგორ შეიძლება, დავაზიანო. იგივე სიყვარულიც – ღმერთმა მოგცა, გყავს მეუღლე და უნდა გაუფრთხილდე. ყველაფერს, რაც ღმერთისგან გვაქვს ბოძებული, უნდა გავუფრთხილდეთ. რადგან სიგარეტის მიმართ მაქვს ასეთი დამოკიდებულება, მარიხუანის მიმართ უფრო მეტი მაქვს. ბევრი მინახავს მისგან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილი. ჩემთვის მიუღებელია, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის. ვისაც მოწევა უნდა, დარგოს სახლში, ქოთნებში და მოწიოს. ჩვენ ევროპასთან გაგვეხსნა ურთიერთობა, რამდენი კარგი რამის გადმოღება შეიძლება იქიდან. სისუფთავის, წესრიგის მხრივ ნელ-ნელა ვემსგავსებით. ევროპიდან, რაც შეიძლება, კარგი უნდა გადმოვიღოთ. ჰოლანდიაში რომ მინახავს, ერთ-ერთ ქუჩაზე ვიტრინაში გამომდგარი ქალები, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ თბილისში ასეთ რამეს. იქ ხომ პატარა ბავშვიც გაივლის. ისეთი რაღაც არ უნდა გააკეთო, რაც ფსიქიკას შეურყევს ბავშვს. ამიტომ, არ მინდა პლანის დეკრიმინალიზაცია და არ მინდა, ლეგალური პროსტიტუცია. ნამდვილად მიუღებელია, აქ, სადღაც პლანი იყიდებოდეს და ვიღაც ქალი ვიტრინაში იყოს გამომდგარი.