კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რა ხდება სინამდვილეში გიგა კუხალაშვილის დაკავების ამსახველ კადრებში და როდის აფრთხობს ის რუს გოგონებს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


 ცოტა ხნის წინ, რუსულ მედიასივრცეში სკანდალური ვიდეორგოლი გავრცელდა,  სადაც რუსეთში მოღვაწე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონის, გიგა კუხალაშვილის დაკითხვის კადრებია ასახული... ამ კადრებმა დიდი დაინტერესება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გიგა მსოფლიო ქამრის მფლობელია ემემე-იში და ასევე,  კა-1-ში.  მის მიერ შესრულებული ნოკაუტი საუკეთესო ათეულში შევიდა.  ჩვენ დავუკავშირდით გიგას. ის ამ და სხვა საინტერესო თემებზე გულახდილად გვესაუბრა.

გიგა კუხალაშვილი:
შეიძლება ითქვას, საკმაოდ კურიოზულ ვითარებაში აღმოვჩნდი. ამ ვიდეოს უკვე მისცეს სკანდალური სახე, თუმცა ასე არ არის. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი რეჟისორი, რომლის დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ, ფილმის გამოსვლამდე მუშაობს პროექტზე, სადაც კრიმინალური პერსონაჟი ესაჭიროებოდა. გადავწყვიტეთ, გადაგვეღო ვიდეო და დაახლოებით მივმხვდარიყავით, როგორი ტიპის პერსონაჟი შეიქმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში განთავსებას არ ვაპირებდი, ის ჩემმა მეგობარმა ატვირთა თავის „ინსტაგრამზე”. შემდეგ მეც გავიზიარე, რასაც დიდი ამბები მოჰყვა. ხალხმა დაიჯერა, რომ მე მართლა დაკავებული ვარ. ეს ვიდეო გავრცელდა რუსულ მედიასივრცეში, შემდეგ – ქართულ საიტებზეც. არც მიფიქრია, თუ ამხელა ამბავს გამოიწვევდა... მირეკავენ: მეგობრები, ნათესავები... სოციალურ ქსელში გულშემატკივრები ინტერესდებიან – რა მოხდა და რა გახდა ჩემი დაკავების მიზეზი; ახლა თუ გამათავისუფლეს... ზოგჯერ მეცინება კიდეც, ნუთუ ასე კარგად ვითამაშე ეს როლი, რომ ყველამ დაიჯერა...
– ასე დამაჯერებლად როგორ ითამაშე, რაიმე სამსახიობო გამოცდილება გაქვს?
– სამსახიობო გამოცდილებას ვერ დავარქმევ, უბრალოდ, რამდენიმე პროექტში ვმონაწილეობდი. მაგალითად, ამირან ამირანაშვილის პროექტში „საქართველოს ისტორია“. რუსეთშიც რამდენიმე ფილმში ვმონაწილეობდი, რამდენიმე თვის წინ კი, კლიპში გადამიღეს, სადაც ჯერ უნდა მეთამაშა ბრაზიანი მოჩხუბრის როლი, რომელიც საბოლოოდ, კეთილი ხდება და გაღიმებული და ბედნიერი სახით არის გაბრწყინებული. გადაღების დროს სირთულე არასდროს მიგრძნია. პირიქით, ვიტყოდი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. ერთ-ერთი გადაღებისას პატარა ოცდაათწამიანი მონაკვეთი, ალბათ, ასჯერ გადაიღეს და იმდენად ჩაჯდა ჩემში, მეორე დღესაც იგივე სცენა მიტრიალებდა თავში.
– ისე დაიჯერა ხალხმა, რომ კომენტარებში, ზოგი კრიმინალებთან კავშირს გაბრალებს, ზოგი – კოკაინის მოხმარებას...  შენ რას იტყვი ამასთან დაკავშირებით?
– არ ვიცი, რას იფიქრებენ, შეიძლება დაიჯერონ, შეიძლება – არა. არავის დარწმუნებას არ ვაპირებ, ვისაც უნდა, დაიჯეროს. სპორტსმენს, ისევე, როგორც არასპორტსმენს, შეიძლება, ბევრ ადამიანთან ჰქონდეს ურთიერთობა. მე, პირადად, მხოლოდ კანონმორჩილ ხალხთან ვმეგობრობ. კოკაინის მოხმარებასთან დაკავშირებით, ახლა შენგან გავიგე პირველად და ამას, როგორც იუმორს, ისე აღვიქვამ.
– ბრაზიანი მოჩხუბრის როლი კი მოირგე, მაგრამ შეხედულებაც ასეთი გაქვს. სინამდვილეში, რამდენად ბრაზიანი ხარ და შენ ფიზიკურ მონაცემებს თუ იყენებ რინგს გარეთ?
– ქუჩაში ჩხუბს და საერთოდ, კონფლიქტურ სიტუაციას, ძალიან ვერიდები. თუმცა, რაც არ  უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ ხშირად ცდილობენ, კონფლიქტში ჩამითრიონ. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც არ მიცნობს. ეს შეიძლება, ასე, პირდაპირ არ გამოხატონ, მაგრამ რაღაც გარკვეული ხუმრობითა და ასე ვთქვათ, წაკბენებით ცდილობენ გამაღიზიანონ. მაგრამ, როცა სიტყვიერად დალაგებულ აზრს იღებენ იმის შესახებ, თუ როგორ კატეგორიულად შეიძლება შეცვალოს ასეთმა მოქცევამ მათი უახლოესი მომავალი, სიტუაცია იცვლება (იცინის). რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მუქარას ან მსგავს რამეს ჩემი მხრიდან, უბრალოდ, ყველანაირად ვცდილობ, სიტყვიერად გავაგებინო, რომ კონფლიქტი კარგს არავის მოუტანს. საქმე ისაა, თითოეული სპორტსმენი უნდა აცნობიერებდეს, რომ მას შეუძლია, არანავარჯიშებ ადამიანს ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება მიაყენოს, გამოუსწორებელი აღმოჩნდეს, ან სულაც, ფატალურად დამთავრდეს. ამიტომ, ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეს. ისე კი, ქუჩაში მომსვლია კონფლიქტები, მაგრამ ეს უფრო გარდატეხის ასაკში, – როცა საკუთარ თავს გამოცდას ვუწყობდი იმაში, თუ როგორ დავამუშავე ესა თუ ის ტექნიკა. ერთხელ ტაილანდში მივფრინავდი და საზღვარზე მესაზღვრეები არ მიშვებდნენ – შეშინებული მიყურებდნენ, მეკითხებოდნენ, სად მიფრინავ და რამდენი ხნითო. მე კი უკან დასაბრუნებელი ბილეთი ნაყიდი არ მქონდა, რადგან ზუსტად არ ვიცოდი, როდის დავბრუნდებოდი. ძალიან აინტერესებდათ: წვერი რატომ მქონდა მოშვებული; რაიმე ექტრემისტულ დაჯგუფებაში ხომ არ ვიყავი, მაგრამ, საბოლოოდ, ყველა ინფორმაცია რომ მოიპოვეს, დამშვიდდნენ და კეთილი მგზავრობაც მისურვეს.
–  რუს გოგონებსაც ხომ არ აშინებ?  ვიცი, რომ მათში პოპულარობით სარგებლობ...
– გოგონებს არ ვაშინებ, თუმცა ზოგჯერ შეშინებიათ, ჩემი ფიზიკურობიდან გამომდინარე. მაგრამ, ეს მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ დაველაპარაკები და გამიცნობენ. მერე უკვე ხვდებიან, რომ არც ისე საშიში ვარ, როგორც გამოვიყურები... კი, რუს გოგონებში პოპულარობით ვსარგებლობ. სიმპათიას თავისუფლად გამოხატავენ – არ ეშინიათ არც საკუთრი თავის და არც გრძნობების. თუ მოსწონხარ, შეიძლება, პირდაპირ შეეცადოს, საუბარი წამოიწყოს და დამიმეგობრდეს. სოციალურ ქსელშიც მწერენ ხოლმე: მომწონხარ, დიდი ხანია, თვალყურს გადევნებენო და ჩემი გაცნობა უნდათ. ეს აქ ჩვეულებრივი რამეა. რატომაც არა, ადამიანი თუ მოგწონს და გამოხატე მის მიმართ სიმპათია ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. მქონია შემთხვევა, როცა საიდანღაც გაუგიათ ჩემი ნომერი და მესიჯების წერიდან დაწყებული ვიდეოზარებით დამთავრებული, არ ისვენებდნენ. ერთხელ როსტოვში ჩატარდა შეჯიბრება, რომლის მერეც, ჩემთან მოვიდა გოგო – მეხუტებოდა, ლამისაა თავზე დამხტომოდა და გავეტაცებინე. მითხრა, სურათს გადავიღებ შენთანო და რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა – მისი ქმარი უღებდა სურათს. ეს გოგო რომ ასე შემომახტა, ერთი კი ვიფიქრე, ახლახან მოვრჩი ჩხუბს და ახლა შენს ქმართნ არ მაჩხუბო-მეთქი, მაგრამ,  გაღიმებული კაცი რომ დავინახე, ფოტოს გვიღებდა, გულზე მომეშვა...
– შენ, როგორც ყველა, კარგ ფორმაში მყოფი, არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცებშიც პოპულარული იქნები...
– კაცებიც მწერენ და ჩემდა გასაკვირად, ბევრია ქართველიც: ზოგი გაცნობის მიზნით, ზოგიც – კომპლიმენტებით. ნამდვილად არ მეგონა, ქართველი კაცები ასე თუ იაქტიურებდნენ, გოგოებზე მეტადაც კი. იმდენი შეტყობინება დამიგროვდა, ბოლოს გადავწყვიტე, „სქრინშოტები“ გამეკეთებინა და ჩემს „ფეისბუქის” გვერდზე ამეტვირთა. სხვათა შორის, ამის მერე აღარ მწერენ. უკვე მშვიდად ვარ. ყველა შეტყობინება არ ამიტვირთავს, რადგან ზოგი მათგანი ცნობილი სახეა – ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი და თავი შევიკავე.
– პროფესიიდან გამომდინარე, პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩება დრო? მაჭანკლობასა და გარიგებებს თუ ცდილობენ ახლობლები?
– სპორტს ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადგილი უკავია. თითქმის არაფრისთვის მრჩება თავისუფალი დრო. ასეა, როცა გულით აკეთებ საყვარელ საქმეს და ფანატიკური დამოკიდებულება გაქვს. ხშირად მიწევს შეკრებებზე სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება საკმაოდ ხანგრძლივად. ამიტომ, ჯერჯერობით სერიოზული ურთიერთობისგან თავს ვიკავებ. თუმცა, უკვე დროა, დავფიქრდე მეუღლესა და შვილებზე. დედაჩემის აზრით, დიდი ხნის წინ უნდა მეფიქრა ამ საკითხზე და ყოველდღე ელოდება ჩემგან ამასთან დაკავშირებით, რაიმე ახალ ამბავს. ხშირია  გოგოს გარიგების მცდელობებიც, უფრო სწორად, ჩვენების და – „ახლა შენ იცის“, თქმა.
скачать dle 11.3