№29 როგორ გაამართლა ცნობილმა ქართველმა ადვოკატმა, მკვლელობისთვის ბრალდებული პატიმარი
ცნობილი ქართველი საბჭოთა ლიტერატურათმცოდნე, ირაკლი ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) მამამისზე, რუსეთის ცნობილ ადვოკატზე, ლუარსაბ ანდრონიკაშვილზე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მამა ერთ მკვლელს, ვინმე ხოხლოვს იცავდა, რომელმაც თავისი ბავშვობის მეგობარი ზურგში უროს რამდენიმეჯერ ჩარტყმით მოკლა. 40 წლის ხოხლოვს ჩამოხრჩობა თუ არა, ოცწლიანი კატორღა მაინც ემუქრებოდა და განწირული იყო. სასამართლო პროცესის წინა ღამეს, პეტერბურგში მცხოვრები მამა თავის კოლეგებთან, მათ შორის, ცნობილ ადვოკატ მეირსონთან ერთად, „ასტორიაში“ ვახშმობდა. როდესაც ხოხლოვის პროცესზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მამამ კოლეგას უთხრა, რომ მკვლელს გაამართლებდა. მეირსონი კი არ დაეთანხმა და კოლეგები ოქროს ბრიგეტზე (ჯიბის საათი) დანაძლევდნენ.
მეორე დღეს, როცა პროცესი განახლდა, მკვლელს უტყუარი სამხილები დაუდეს წინ და ყველაფერი უმკაცრესი სასჯელისკენ მიდიოდა. მოსამართლე ვრონსკიმ მამას მისცა სიტყვა. მამაჩემი ტრიბუნაზე ავიდა და ოცი წუთის განმავლობაში მოსამართლეს ერთი და იმავე ფრაზით მიმართავდა და ეუბნებოდა: „პატივცემულო, ძვირფასო, კეთილშობილო მოსამართლევ, მოგახსენებთ, რომ“... და ისევ თავიდან იწყებდა საქებარ სიტყვებს მოსამართლის მიმართ. ვრონსკიმ მხოლოდ ოცი წუთი ითმინა, შემდეგ მამაჩემის მიმართულებით თავისი მუხის ჩაქუჩი ისროლა, ტრიბუნას მოარტყა და დააყოლა: „რა გული გააწყალე, თქვი სათქმელი!“ მამას გაეცინა და თქვა: „პატივცემულო მოსამართლევ, მე თქვენ დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში მხოლოდ საქებარ სიტყვებს გეუბნებოდით. თქვენ ვერ გაუძელით ამას და ჩაქუჩი მესროლეთ. მკვლელობაში ბრალდებულს კი მოკლული ოცი წლის განმავლობაში კუზიანს ეძახდა და კიდევ კარგად გაუძლო ასეთ დამცირებას, რომ ადრე არ მოკლაო“.
ხალხით გადაჭედილი დარბაზი ჯერ გაირინდა, შემდეგ კი მქუხარე ტაში დასცხეს. ვრონსკიმ და ნაფიცმა მსაჯულებმა ხოხლოვი გაამართლეს და დარბაზიდან გაუშვეს. მამას კი მისმა კოლეგამ, მეირსონმა ოქროს ბრიგეტი გადასცა.