კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რა დამცირების გადატანა უწევდა მანანა თოდაძეს რუსეთში, რატომ აკეთებს კერძებს საკუთარი კაფეს სამზარეულოში და რატომ მოუწია მას ოჯახსა და კარიერას შორის არჩევნის გაკეთება

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


 ცნობილ მომღერალს, მანანა თოდაძეს, მიუხედავად  წარმატებული კარიერისა და ხალხის სიყვარულისა, ცხოვრებაში რთული გზის გავლა მოუწია. მას ოჯახსა და სიმღერას შორის მოუხდა არჩევნის გაკეთება, მარტო წავიდა რუსეთში, უამრავი პრობლემა და დაბრკოლება გადალახა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა... ის, ამ ბოლო დროს, ხშირადაა საქართველოში და ჩვენთან ინტერვიუში იხსნებს თავის განვლილ ცხოვრებას.
მანანა თოდაძე:
საქართველოში ხშირი ჩამოსვლა ჩემმა პატარა ბიზნესმა განაპირობა. ჩემს მეგობრებთან ერთად, კაფე გავხსენი და მინდა, სახლის იერი მიეცეს. აქ სტუმრები რომ შემოვლენ, იგრძნონ, რომ ოჯახში მოვიდნენ მანანა თოდაძესთან. ადამიანის სიძლიერე რა არის? რასაც ჩაიფიქრებ, ის რომ მშვიდად და დინჯად განახორციელო. ისეთ რამეს არ ჩავიფიქრებ, რისი განხორციელებაც არ შემეძლება და ხასიათიც მშველის სიძლიერეში. მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს ყველა საქციელსა და სიტყვაზე. ძალიან კრიტიკულად ვუდგები საკუთარ თავს, მე დღე და ღამე ვშრომობ, არ ვჩერდები, თუნდაც, ახლა ბიზნესი ავიღოთ – მე მივდივარ ბაზარში, მუხრანში და იქიდან მომაქვს ახალი ხორცი. არ მრცხვენია ამის. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წინ წავიდეს საქმე. ალბათ, ეს თვისებები თუ გაგაჩნია, მაშინ ყველაფერს მიაღწევ ცხოვრებაში. მე ასე ვფიქრობ. ოჯახში ხუთი და-ძმა ვიყავით. მშობლები მუშაობდნენ და აქედან გამომდინარე, მე და ჩემმა დამ, ვიცოდით, რომ ოჯახი სულ წესრიგში უნდა გვქონოდა. დედამ ბევრი რამ მასწავლა და თქმაც არ მჭირდება, დღესაც რომ ვხედავ, რამე გასაკეთებელია, ყველაფერს ვაკეთებ. მე ეს ყველაფერი ვიცი და ნორმალურად მიმაჩნია. ჩემს კაფეში რომ ჩავდივარ, სამზარეულოში ახლაც ვამზადებ. სულ მეხვეწება პერსონალი: ქალბატონო მანანა, იქნებ, თქვენ მოგვიმზადოთო. გუშინაც მოვუმზადე, გუშინწინაც, დღესაც ვაპირებ, რაღაცეები გავაკეთო. თვითონ ვიგონებ კერძებს და მენიუშიც კი მაქვს ჩემი კერძები შეტანილი.
– თქვენი აზრით, სჭირდება თუ არა ქალს გვერდით მამაკაცი, რომ ძლიერად იგრძნოს თავი?
– მე მიმაჩნია, რომ ქალს აუცილებლად უნდა ჰყავდეს გვერდით მამაკაცი, მაგრამ აუცილებლად ძლიერი. კაცი, რომელიც ქალს ხელს უშლის წარმატებაში, ზიანს აყენებს, ჯობია, საერთოდ არ ჰყავდეს. ოცდამეერთე საუკუნეში ქალები უფრი გაძლიერდნენ, უფრო დამოუკიდებლები გახდნენ და მამაკაცებმა რაღაც მოისუსტეს. მე, მაგალითად, სულ მინდა, ჩემზე ძლიერი მამაკაცი მყავდეს გვერდით. ჩემზე სუსტს რომ ვხედავ, უკვე ინტერესს ვკარგავ ასეთი ადამიანის მიმართ. შენთან უნდა იყოს კაცი, რომელიც გვერდით გეყოლება დღეც, ღამეც და ყველა შემთხვევაში დაგიცავს. თუ კაცი ვერ დგას სათანადო დონეზე, მე მგონი, ჯობია, მარტო გაუძღვე ყველაფერს.
– თავის დროზე თქვენც მოგიწიათ კარიერასა და ოჯახს შორის არჩევნის გაკეთება. დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქეცით?
– მე სკოლაც არ მქონდა დამთავრებული, ძალიან ადრეულ ასაკში გავხდი დედა და უკვე მზად ვიყავი ოჯახისთვის. ვრეცხავდი, ვხეხავდი, სადილებს ვამზადებდი. დღესაც იცის ყველამ, მე როგორი მზარეული ვარ. როდესაც სრულყოფილი ოჯახი გვქონდა, კარი არ იკეტებოდა. სადილზე მხოლოდ ოჯახი არასდროს ვმსხდარვართ. ძალიან კარგი ოჯახური სიტუაცია იყო და ჩემს მეუღლეს არ უნდოდა, მე გარეთ გავსულიყავი. იმისიც მესმის, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ მე ვერ დავანებებდი სიმღერას თავს. შეიძლება, კარგი მზარეული ვარ, მაგრამ მე სამზარეულოს ქალი არ ვარ. სიმღერის გარეშე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ამ გაუგებრობის გამო გადავწყვიტე, მიმეხედა საკუთარი თავისთვის. მე ძალიან მომთმენი და პრინციპული ვარ. ბევრს ვითმენ, მაგრამ როცა ზღვარს გადადიან და დავსვამ წერტილს, იქ დამთავრდა ყველაფერი, ვერანაირი ძალა ვერ შემაცვლევინებს აზრს. ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე და მივხვდი ერთ რამეს, უფალი რომ გაძლევს ასეთ ნიჭს, ხმას – შეგიძლია, გამოხვიდე და უამრავ ადამიანს ასიამოვნო, მე რა უფლება მაქვს, ის ნიჭი, რომელიც უფალმა მაჩუქა, არ გამოვიყენო?! დავჯდე სახლში და სამზარეულოში გავატარო მთელი ცხოვრება. მე ვერ გავუძლებდი ამას, დარდი მომკლავდა და დღეს აქ არ ვიჯდებოდი. სიმღერის გარეშე იგივე ვიქნებოდი, ადამიანს ხელ-ფეხი რომ მოაჭრა და უმოძრაოდ იყოს. მე ერთს ვნანობ, რომ ეს ნაბიჯი ცოტა ადრე უნდა გადამედგა.
– სხვა ქვეყანაში წასვლა და თავის დამკვიდრება ადვილი არ იქნებოდა...
– ძალიან რთული და სარისკო იყო ჩემი რუსეთში წასვლა. საქართველოში ვიყავი სუპერ პოპულარული, ამდენი კონცერტი, ამდენი სიყვარული... და მიდიხარ უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ გიცნობს. მე რუსეთში თავიდან შევქმენი მანანა თოდაძე. ბევრი გულისტკენა მქონდა, ღამეები ვტიროდი, განვიცდიდი. მერე ანალიზს ვაკეთებდი და ერთ მშვენიერ დღეს დავწყნარდი, დამშვიდდი. მივხვდი, რომ არ მაქვს უფლება რამეზე ვიწუწუნო, როცა უფალმა მომცა ნიჭი, ვიშრომო და ლუკმა პური ვიშოვო. რთული იყო ხალხის დამოკიდებულება, მიდიოდა ცინიკური საუბრები: შენ, ასეთი დონის მომღერალი, როგორ დგახარ რესტორანში და მღერი? სულ მესროდნენ ასეთ რეპლიკებს. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მერე, აღარ მინერვიულია. ერთ დღესაც ვუთხარი: თქვენი თავი მაღალი წრის საზოგადოების წევრად მიგაჩნიათ? რასაკვირველიაო. მერე აქ რატომ მობრძანდით-მეთქი, ჩვენ აქ უნდა ვივახშმოთო. მერე მე ვკითხე: აქ თუ დაბალი რანგის მომღერალი დაგხვდებოდათ, გესიამოვნებოდათ-მეთქი? არაო... ჰოდა, კეთილი ინებეთ, და პატივი ეცით იმ ადგილს, სადაც მოდიხართ, მე თქვენ მაგით ვერ დამამცირებთ-მეთქი. ამის მერე მივხვდი, რომ არ უნდა მოითმინო. სხვათა შორის, ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ იმ განვლილ წლებს, ახლა მადლობელი ვარ, რომ მე ეს ყველაფერი გავიარე. ამ პერიოდმა არ გამაჩერა, არ მომცა მოდუნების საშუალება. მე დღე და ღამე ვშრომობდი, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მსმენელი კმაყოფილი ყოფილიყო და რასაკვირველია, ჩემი მიზანი ის იყო, ჩემი რეპერტუარი თითქმის სულ ქართული ყოფილიყო. უფალი დამეხმარა ამის გადატანაში. რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარე.
– მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ხართ, ქალი მაინც ქალია... არ გიფიქრიათ, რომ თქვენ გვერდით საყვარელი მამაკაცი ყოფილიყო?
– რთულია, სულ მომართული და სულ შრომაში რომ ხარ ჩაბმული. ხანდახან ისე ვიღლები, საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩები, მიფიქრია: ნეტავ, ისეთი ღირსეული მამაკაცი იყოს ჩემ გვერდით, რომელიც მორალურადაც გამამხნევებდა, გამაძლიერებდა, ანდა, უბრალოდ, მეტყოდა: ნუ ღელავ, მე შენ გვერდით ვარო. როდესაც საყვარელი მამაკაცი გყავს გვერდით, იქ სხვანაირად მიდის ცხოვრება. მაგრამ მე ეს არ მიფუჭებს ხასიათს, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. შემიძლია, მარტო გავუძღვე ყველაფერს. მე ჩემი პრობლემები არ გამომაქვს სახლიდან გარეთ – რომ გამოვდივარ, სრულიად სხვა ადამიანი ვარ.
– ამბობდით, რომ სულ შეყვარებული ხართ...
– შეყვარებული ვარ ზოგადად, როგორც ხელოვანი. სხვანაირად ვერც ვიმღერებდი. ცხოვრებაში კი ძალიან რეალისტი ვარ. კონკრეტული პიროვნება არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, არ გამოჩენილა ისეთი მამაკაცი, ვინც ჩემს ყურადღებას მიიქცევს. არ მესმის, რომ ამბობენ: მინდა იდეალური მამაკაცი... იდეალური არავინაა. რომ შეხედავ მამაკაცს, რაღაც ფარული ძაფები, ფლუიდები, ენერგეტიკა უნდა იყოს, რომლითაც იმ წუთში მიხვდები: შენია თუ არა. არ შემხვედრია ჯერჯერობით ასეთი ადამიანი. რადგან არავის ვიკარებ, ყველა მეუბნება, შენ რა წუნკალი და საზიზღარი ხარო. მეგობრობა კი, ბატონო, მაგრამ, რაც შეეხება ჩემს პირადულს, ეს ჩემი სამყაროა, სადაც არავის ვუშვებ. მე შეგუებული ვარ იმას, რომ ისედაც ბედნიერი ვარ – მაქვს საყვარელი საქმე და მყავს შვილები და შვილიშვილები. რომ ყოფილიყო ისეთი ადამიანი, ვისაც იგივე გრძნობა ექნებოდა ჩემ მიმართ, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის. მაგრამ, როცა ეს არ არსებობს, ჯობია, საერთოდ არ იყოს.
скачать dle 11.3