№29 რატომ დაკარგა ბესო ზანგურმა ადამიანებისადმი ნდობა და არის თუ არა ის სინამდვილეში ნაშვილები
მსახიობ ბესო ზანგურის ცხოვრებაში ახლა დგას როგორც კარგი, ასევე რთული პერიოდი. ის ერევანში მონოსპექტაკლების ფესტივალზე იყო, საიდანაც ჯილდოებით დაბრუნდა, ასევე მალე გამოვა უკრაინული ფილმი „ჩვენებურები“, სადაც ბესო მიხეილ სააკაშვილის როლს თამაშობს. მას ერთი წლის განმავლობაში სწერდნენ, რომ ის აყვანილია. ბესოს დედა ჰყავს მძიმედ ავად და მისი მოვლა მარტოს უწევს. არის თუ არა ის სინამდვილეში ნაშვილები, რატომ უწევს დედის მარტო მოვლა და საერთოდ, რა ხდება მის ცხოვრებაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ
ბესო ზანგური: ერევანში ტარდებოდა მონოსპექტაკლების ფესტივალი, სადაც 28 ქვეყნიდან იყო წარდგენილი სპექტაკლები. იქ დაიბადა პირველად ფესტივალის ასეთი სახეობა. საქართველოდან ვიყავით ჩვენ – რუსთაველის თეატრი და გრიბოედოვის თეატრი. ლაურეატები გავხდით, ჯილდოები ავიღეთ. მოკლედ, წარმატებებით დავბრუნდით. ერთ დღეს ვთმაშობდით მე და რუსეთის წარმომადგენელი. მან განაცხადა, რომ ილაპარაკებდა თავის ენაზე და თარჯიმანი უნდოდა, რაღაცნაირად მომხვდა გულზე და მეც მოვითხოვე, მე ქართულად ვილაპარაკებ და მომიყვანეთ თარჯიმანი-მეთქი. სპექტაკლზეც იგივე განვაცხადე, თარგმანი არ მინდა და ქართულად ვითმაშებ-მეთქი. ასეთი პატარა პროტესტის ფორმა ექსპერიმენტის სახით გავრიკსე და ძალიან კარგი გამოვიდა. იქაური ქართველები აცრემლებულები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ძალიან მაგრად მოიქეციო და მადლობა გადამიხადეს, ასეთი პატივი რომ გვეციო. საერთოდ, ძალიან კარგია, თუ ყველა მსახიობი ამას გაითვალისწინებს. ნება იბოძონ, ილაპარაკონ თავის მშობლიურ ენაზე. მოითხოვონ თარჯიმანი და ბოლოს და ბოლოს ანახვონ სხვებსაც ულამაზესი ქართული ენა როგორ ჟღერს. დაჯილოდებაზე არ დავრჩი, არ მიყვარს ასეთი ცერემონიალები. სხვაგან წავედი, ჩემთვის ჯიგრულად ვიქეიფე. მეუღლეც მყავდა წაყვანილი. ისე მაგრად გავერთეთ, აღარც მინდოდა სპექტაკლის თამაში. ვეუბნებოდი: წამოდი, მოვტყდეთ-მეთქი.
– მალე გამოვა უკრაინული ფილმი, სადაც მიხეილ სააკაშვილის როლი შეასრულე. როგორ მიშას თამაშობ ამ ფილმში?
– უკრაინიდან დამირეკეს და მკითხეს, ხომ არ მინდოდა ფილმში თამაში. დიდი სიამოვნებით, მაგრამ რა როლზე-მეთქი და რომ მითხრეს მიხეილ სააკაშვილის როლი უნდა შეასრულოო, ისტერიკული სიცილი ამიტყდა. რაღაცნაირად მიშა თან მდევს მთელი ცხოვრება. ვუპასუხე, ვითამაშე ერთხელ და მგონი, საკმარისია-მეთქი. არა, მანდ შენ ცუდი მიშა ითამაშე და ჩვენ გვინდა, კარგი მიშა ითამაშოო. მე ვუთხარი: ახლა მიშა მანდაა და ცოტა დისკომფორტს ხომ არ შემიქმნის, რომ გაიგებს, ჩამოვედი და მის როლს ვთამაშობ-მეთქი. მომცეს იმის გარანტია, რომ იქ არაფერი დამემართებოდა. მითხრეს, გამოსწორდა და ისეთს არაფერს სჩადის, რასაც საქართველოში აკეთებდაო. ამის შემდეგ წავედი და ვითამაშე იქაური მიშა, პრემიერ-მინისტრი. მთლად კარგი მიშა არ არის, რაღაცნაირი ფამილარული დამოკიდებულება აქვთ რუსეთსა და უკრაინაში, – ქართულს რომ იგებენ, ჰგონიათ მარტო ხაჭაპური, „გენაცვალე” და „სულიკო”. იმის იქით, საქართველო მათთვის არის სულ მთები. ჰგონიათ, რომ ქორწილებში ვმალავთ პატარძალს და გოგონები დადიან ფარაჯებში და ძალიან უკვირთ, როცა ასეთი, ზანგურისნაირი ტიპი შეხვდებათ. დამოკიდებულება მათი მხრიდან ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით უკრაინელი გოგონების. აბა, ბიჭებთან დიდად არ მიმეგობრია. ფილმს ჰქვია „ჩვენებურები”, თორმეტსერიანია.
– მეუღლე არ ეჭვიანობდა?
– არა, არ ვაძლევ საბაბს. ყოველ შემთხვევაში მან ძალიან კარგად იცოდა, ვის გაყვა ცოლად.
– ბესო, შენს ცხოვრებაში ახლა ძალიან რთული პერიოდია. დედის ავადმყოფობიდან გამომდინარე...
– როგორც არასდროს არავინ დამხმარებია, არც უნივერსიტეტში ჩაბარებაში, არც რუსთაველის თეატრში მოხვედრაში; არასოდეს ვყოფილვარ არც დედიკოს ბიჭი და არც ფულიანი მამის შვილი, ყველაფერს თვითონ მივაღწიე: წვალებით, შრომით, სიმართლით და რაც მთავარია, ერთგულებით. როდესაც ახალი ბინა დავასრულე და მხოლოდ ფარდების ყიდვა მქონდა სანერვიულო; როდესაც ყველაფერს მოვრჩი და უნდა გადავსულიყავი – წყნარად, მშვიდად რომ ვიყავი, დედას ინსულტი დაემართა. სანამ თბილისიდან რუსთავში ჩავედი, ჩემთვის, ფაქტობრივად, ყველაფერი დამთავრდა. შეიძლება ვთქვა, დედის სიკვდილის ტრაგედია უკვე გადავიტანე. ჩავედი და ქალი, რომელიც იყო ულამაზესი და იყო უძლიერესი ექიმი, დაწოლილი, ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. ამ ტრაგედიის დროს ბევრმა გამოაჩინა საკუთარი სახე. ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ მე ვუვლი დედაჩემს. მე და ერთი ქალბატონი და არანარიად არ გვიჭირს, ასე ვთქვათ, არავინ გვჭირდება. ვინც ვერ შეძლო ჩემი ტრაგედიის ატანა, ვერავის გავამტყუნებ, ძალიან რთულია და არ ვიცი, სხვის დედას რომ ეს დამართნოდა, რას ვიზამდი, მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, არავინ არასდროს მიმიტოვებია გასაჭირში და არც ამ დროს მივატოვებდი. მოკლედ, არავინ სჭირდება ჩემს დედას, უფლის და ჩემ გარდა. მთავარია, მე ვარ მის გვერდით, ასევე ჩემი ძმა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს. ახლახან იყო ჩამოსული და საშუალებაც კი მომცა, თურქეთში წავსულიყავი და ერთი კვირა დამესვენა. ის იქიდან მეხმარება. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ის ბესო ზანგური, რაც ვიყავი, გახდა სხვანაირი ბესო ზანგური. ძალიან პირდაპირ დავინახე ცხოვრება – ვინ ვინ არის. ნდობის ფაქტორი გამიქრა ადამიანების მიმართ და რაღაც თვისებები უფრო გამიმყარდა საკუთარ თავში. უფრო ერთგული უნდა ვიყო. უფრო მეტად უნდა გავიცნო ადამიანები, ვიდრე მათ დავეყრდნობი, ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე არასდროს არავის ვენდობოდი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თავის იმედი უნდა მქონდეს.
– თქვი, რომ მხოლოდ შენ და დედა ხართ, მეუღლე არ არის შენთან ერთად?
– არ მსურს ამ თემაზე საუბარი... კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არავინ მყავს დამხმარე – არც მეგობარი, არც მშობელი. ბავშვებთან ყოფნასაც ვახერხებ. ყველაფერი უნდა მოვახერხო, სხვა გზა არ მაქვს. ახალი სპექტაკლები ჩაეშვა, გადაღებაზე მიმიწვიეს კიდევ რუსეთში და წავალ აუცილებლად. დედაჩემის მდგომარეობა ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ხელფასი მაქვს ათასი ლარი. არ ვწუწუნებ, მაგრამ ათასი ლარი დედის მოვლისთვის მხოლოდ რვა დღის ფულია. ძნელად, მაგრამ ნელ-ნელა მივდივართ წინ. ვერ მეტყველებს, ნახევარი სხეულის პარეზი აქვს. მოკლედ, დავაყენებ ფეხზე, მე ამ მისიას შევასრულებ. როგორც მან გამაჩინა და დამაყენა ფეხზე, აუცილებლად მეც ვაჩუქებ მას სიცოცხლეს.
– დეპრესიული ჩანხარ, ალბათ, შენთან ურთიერთობა რთულია...
– ბავშვობიდან ასეთი ტიპი ვიყავი. იმდენად მიყვარს ცხოვრება, ისე მაბედნიერებს პატარა რაღაცეები, რომ მიყვარს უბრალო ნივთებიც და თუნდაც, ამინდი, პატარა დეტალები. განსაკუთრებულად აღვიქვამ ადამიანებს, ნივთებს, გარემოს, სადაც ვცხოვრობ, ჩემს შვილებს. აქედან გამომდინარე, რომ ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი დასრულდება, სევდა მიპყრობს. რაღაცნაირად მომწონს ეს მდგომარეობა – სევდა და ასეთი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. პოეტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ აქედან გამომდინარე, ვწერ ლექსებს. ჩემთან ურთიერთობა რთულია და ამიტომ, არავის ვამტყუნებ, ვინც ვერ ძლებს ჩემ გვერდით.
– შენმა ყოფილმა მეუღლემ ნინუცა მაყაშვილმა „თბილისლებთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილთან ურთიერთობა არ გაქვს. შენ რას იტყვი ამაზე?
– ვერ გავცემ პასუხს. არ შემიძლია მეუღლეებზე ლაპარაკი...
– ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განაცხადე, რომ ვიღაც გწერს, ნაშვილები ხარო. რა გაარკვიე ამ საკითხთან დაკავშირებით?
– ერთი წლის განმავლობაში მწერდნენ: მე ვიცი, შვილო, შენ აყვანილი ხარ და ათას რამეს. რა თქმა უნდა, დიდი სისულელე იყო, მაგრამ თავიდან ძალიან დამაფიქრა და შევშფოთდი. თანხების გადახდა მომიწია, გავარკვიე, ვინც იყო, მივაგენი. 25 წლის ბიჭი აღმოჩნდა, დანარჩენს, ჩხუბის სცენებს ხომ აღარ მოგიყვები?
– როგორც „ფეისბუქიდან” ჩანს, შენ და რობერტ სტურუა ძალიან მეგობრობთ და ხშირად ატარებთ ერთად დროს არაოფიციალურ გარემოში...
– რობიკო უერთგულესი მეგობარი, უმაგრესი კაცია უპირველესად, და მერე არის მსოფლიო რანგის რეჟისორი. ბევრმა არ იცის, მაგრამ თეატრში ცხოვრობს ბატონი რობიკო. იქ გაუკეთა თავისი რეზიდენცია ბატონმა ბიძინამ. ხშირად გვიწევს ერთად ქეიფი, ძალიან შევეწყვეთ სმაში. შეუძლია როკული სუფრა წაიყვანოს და სუფთა ქართულიც – მაგარი თამადაა. საინტერესო რაღაცეებს ყვება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი საყრდენია, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი. 2008 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა: არ მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა ამ დღეშია და მივდივარ ომში. თვითონ უნდა ვნახო, რა ხდებაო. მე ვუთხარი, აუცილებლად დაგხვრეტენ-მეთქი. მითხრა: არ მაინტერესებს, თუ არ წამომყვები, გავაჩერებ ტაქსის და წავალო. მაშინ მყავდა „ვოლვო”, რომელსაც გაფუჭებული ჰქონდა უკან სვლის სიჩქარე, ანუ „ზადნი“. ზუსტად იმ დროს გავიარეთ გორში, როცა დაბომბვა დაიწყო, უკან ვერ მოვბრუნდით, რა თქმა უნდა. ძალიან ვიწრო ქუჩაზე ვიყავით და წავედით დასავლეთისკენ. ფეთქდება რაღაცეები აქეთ-იქეთ. პანიკაა, სრული ქაოსი და ვეუბნები რა გააკეთეთ, ბატონო რობერტ, დაგვხვრეტენ-მეთქი. ვხედავთ, ჩვენს წინ მოდის ტანკების კოლონა – ერთი, ასი ტანკი. ჩვენც შორიდან ხელს ვუწევთ: მიდით, ბიჭებო, მიდითო და ბოლო ტანკი რომ გამოჩნდა, ვხედავთ, ზედ რუსული დროშაა. აი, ასე ავცდით. გრიგოლეთში აქვს ბატონ რობერტს „დაჩა”, ჩავედით, ღამე იქ გავატარეთ. ფოთში ხომ ააფეთქეს რაღაცეები და მაინტერესებს, იქ რა ხდებაო. ვეუბნები, ბატონო რობერტ, თქვენ თუ მოგბეზრდათ სიცოცხლე, იქნებ ჩვენ მაინც გვაცოცხლოთ-მეთქი. არ დაიშალა. ჩავედით, ყველგან რუსები არიან. გაგვაჩერეს, გადმოდითო და რომ გადავედი, უნდა ვუთხრა ბატონი რობიკო გვიზის-მეთქი, მაგრამ იმედი არ მაქვს და ფილმ „ფესვებში“ რომაა – დოდო აბაშიძე ცაში აიხედავს, უნდა დახვრიტონ და უცებ... მესმის რუსი ჯარისკაცის ხმა: ბატონო რობერტ, ეს თქვენ ხართ? და აუღო „ჩესტი“. შეგვყვნენ ბაზარში, გვაყიდინეს რაღაცეები და ასე გამოგვიშვეს უკან.