კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 თამარ გამსახურდიას შექმნილ კორსეტებს ჯაკლინ კენედი, მარლენ დიტრიხი და ბარონესა როტშილდი ატარებდნენ

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 თამარ გამსახურდიას სახელი მეოცე საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებულად პოპულარული იყო. ის ფართო საზოგადოებამ გაიცნო ჯერ როგორც მოცეკვავე და შემდეგ – როგორც დიზაინერი. თამარ გამსახურდიას მეგობრებს შორის ცნობილი მსახიობი, მარლენ დიტრიხი და ამერიკის პრეზიდენტის, კენედის მეუღლე, ჟაკლინი იყვნენ. ისინი თამარის შექმნილ ულამაზეს და ტანზე მორგებულ კორსეტებს დიდი სიამოვნებით ატარებდნენ. თამარ გამსახურდიას ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ გვესაუბრება ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი.

– ქალბატონო რუსუდან, გვიამბეთ თამარ გამსახურდიას შესახებ. როგორ დაიწყო მისი საბალეტო კარიერა და ვინ იყვნენ მისი მშობლები?
რუსუდან დაუშვილი: ცნობილი მოცეკვავე და დიზაინერი თამარ გამსახურდია დაიბადა 1896 წელს, ბაქოსთან ახლოს. მისი მამა, საცირკო ხელოვნების ოსტატი, რომან გამსახურდია ახალგაზრდობისას ბევრს მოგზაურობდა. ერთხელ უნგრეთში, ბოშათა ბანაკში გაიცნო ბოშების მიერ გატაცებული უნგრელი გოგონა. ცირკის დასმა გოგონა გამოისყიდა. სწორედ ეს გოგონა გახდა რომან გამსახურდიას ქალიშვილების – კლარას, ვალენტინასა და თამარის – დედა. თამარი სწავლობდა თბილისის საბალეტო სკოლაში, შემდეგ მოსკოვში – დიდი თეატრის ცნობილი სოლისტის, მიხეილ მორდკინის კერძო სკოლაში. 1917 წელს მან, საგანგებოდ მოწვეული, მატილდა ქშესინსკაია შეცვალა ზიმინის ოპერაში. მოგვიანებით, კონტრაქტიც გააფორმა ოპერასთან პრიმა-ბალერინას სტატუსით. დადგმები მისი მონაწილეობით ძალიან პოპულარული იყო. კრიტიკოსები რეცენზიებში აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მოსკოვის დიდი თეატრის მუზეუმში დაცულია მისი საკონცერტო აფიშები, 1917 წელს დაბეჭდილი ღია ბარათები თამარის პორტრეტებით. მსახიობი მიხაილ ჟაროვი, რომლის სამსახიობო კარიერაც სწორედ ზიმინის თეატრში დაიწყო, თავის მემუარებში იხსენებს 1917 წლის გასტროლებს, სადაც სწორედ თამარ გამსახურდიას გამოსვლები წარმოადგენდა საღამოების გვირგვინს. თუმცა, ფინანსური წარმატება მსახიობს ამ ყოველივემ მაინც ვერ მოუტანა და უკან დასაბრუნებლად, ბილეთის ფულიც თამარისთვის მამას მიუცია, რომელიც სარატოვში საცირკო ანტერპრიზას განაგებდა. უფროსი გამსახურდია თამარის საბალეტო კარიერას ენთუზიაზმის გარეშე ეკიდებოდა და ოცნებობდა, ქალიშვილი საკუთარ საცირკო არენაზე ენახა.
– როდის გახსნა თამარ გამსახურდიამ საბალეტო სტუდია?
– რუსეთის რევოლუციის შემდეგ თამარი ყირიმში გადავიდა. მამის დახმარებით, იალტაში საბალეტო სტუდია გახსნა. გამსახურდიას მოსწავლეთა შორის იყო კავკასიური წარმოშობის მოხალისეთა არმიის ოფიცერი, ალექსანდრე მიროსხეჯი, სასცენო ფსევდონიმით, დემიდოვი. რამდენიმეთვიანი დაძაბული რეპეტიციის შემდეგ, დემიდოვი გამსახურდიას ღირსეული პარტნიორი გახდა. ასე შეიქმნა იმ დროისთვის ძალიან პოპულარული საბალეტო დუეტი – გამსახურდია-დემიდოვი. 1919 წელს ისინი გასტროლებზე წავიდნენ კონსტანტინოპოლსა და მარსელში, სადაც დაქორწინდნენ კიდეც. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, გამსახურდია საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. 1920-1923 წლებში თბილისში ფუნქციონირებდა საბალეტო სტუდია, რომელსაც ანა პავლოვას პარტნიორი, მიხაილ მორდკინი ხელმძღვანელობდა. გამსახურდია მონაწილეობდა მის დადგმებში – „კარნავალი“ და „ჟიზელი“. მორდკინმა საბალეტო დასის მოცეკვავეებისთვის საგანგებო ფოტოსესია მოაწყო. მოცეკვავეთა ფოტოები, სპექტაკლების სარეკლამო ანონსის სახით, თბილისის ქუჩებში ვრცელდებოდა. 1920 წელს ცოლ-ქმარმა მსოფლიო ტურნე წამოიწყო. იცეკვეს ლონდონის თეატრ „კოლიზეუმში“, პარიზის „კაზინო დე პარიში“, ბუენოს-აირესის „კოლონში“. დუეტის ყველაზე დასამახსოვრებელი ნომერი გახლდათ კრისტოფ გლიუკის მუსიკაზე მიხაილ მორდკინის მიერ დადგმული „ბაკჰანალია“. სწორედ ამ ნომრის შესრულებისას დაიზიანა თამარმა ზურგი მეტოქის მიერ სცენაზე ჩარჭობილ ლურსმანზე. ტრავმამ თამარი სცენას ჩამოაშორა. თუმცა, 1927 წელს, ქორეოგრაფად დაიწყო მუშაობა რუს ლილიპუტთა დასში. დასი გამოდიოდა პარიზის კაბარეში „ფოლი ბერჟერი“. მათთვის დადგა რუსული, ჩინური, ჰოლანდიური ცეკვები. თამარი დასს ამერიკის ტურნეშიც გაჰყვა და იქ გაიცნო თავის მეორე მეუღლე, დასის იმპრესარიო, რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი – სერგეი დავითის ძე კობიევი (კობიაშვილი). 1931 წელს თამარი სოლისტად ანა პავლოვამ მიიწვია თავის დასში, თუმცა ეს თანამშრომლობა, ანას მოულოდნელი გარდაცვალების გამო, არ შედგა. 35 წლის თამარ გამსახურდიამ საბოლოოდ დატოვა სცენა. გამსახურდიამ საკუთარი საბალეტო სტუდიის გახსნა გადაწყვიტა. სტუდიის ქირისთვის აუცილებელი თანხა რომ შეეგროვებინა, თამარმა „ლორ ბელენის“ მოდის სახლში დაიწყო მუშაობა.
– როგორ განვითარდა მისი კარიერა მოდის სფეროში? როგორც ცნობილია, მან ამ მხრივ სერიოზულ წარმატებას მიაღწია?

– ქალის თეთრეულის სამოდელო სახლი „ლორ ბელენი“ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ბერლინში დააარსა რუსეთიდან ემიგრირებულმა, წარმოშობით ებრაელმა ლარისა ბეილინამ. „ლორ ბელენი“ 30-იან წლებში პარიზში გადავიდა და 60-იან წლებამდე იარსება. თამარ გამსახურდიამ და ბეილინამ ერთმანეთი ბერლინში გაიცნეს და დამეგრობდნენ. ლარისა გერმანული თეოსოფიითა და გიორგი გურჯიევის მისტიკით იყო გატაცებული, თამარი კი სამოდელო ბიზნესს უძღვებოდა და თან, ძალიან წარმატებულად. „ლორ ბელენი“ აწარმოებდა ქალის კორსეტებს. თამარს მუშაობაში ეხმარებოდა საბალეტო კოსტიუმის ცოდნა. ყოფილი მოცეკვავე ბიუსტჰალტერებსა და კორსეტებს უფრო დახვეწილსა და მოქნილს ხდიდა. რეზინის, კაუჩუკისა და ელასტიკური ქსოვილების წყალობით, ქალის ფიგურა სრულყოფილი ჩანდა. თამარს ეკუთვნის სპორტსა და ცხენოსნობაში გამოსაყენებელი სპეციალური ბიუსტჰალტერების შექმნის იდეაც. მუშაობდა კორსეტების სრულყოფაზეც. შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. კლიენტები ქალები იყვნენ – რეზინისა და ელასტიკური ქსოვილების გამოყენებით, მათი სხეული სრულყოფილ ფორმებს ყოველგვარი დიეტების გარეშე აღწევდა. შედეგად, თამარ გამსახურდიამ უარი თქვა საბალეტო სტუდიის გახსნაზე  და თავი სრულად მიუძღვნა  მოდას.
– როგორც ცნობილია, მის კლიენტებს შორის იყვნენ ჟაკლინ კენედი, მარლენ დიტრიხი. სამოდელო სახლის პოპულარობაზე მეტყველებს თამარის გერის, სერგი დე კობის ქალიშვილის, ირინე ხოლმან დე კობის საოჯახო არქივში დაცული „ლორ ბელენის“ კლიენტების სია. ამათ შორის არიან: ჟაკლინ კენედი, ბეგუმ აღა–ხანი, ბარონესა როტშილდი, იუგოსლავიის დედოფალი ანნამა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარლენ დიტრიხი, რომელიც თამარის არა მხოლოდ კლიენტი, არამედ უახლოესი მეგობარიც იყო. მარლენ დიტრიხს ახლო მეგობრები არ ჰყავდა. გამონაკლისად მისთვის თამარ გამსახურდია იქცა. წარსულში ბალერინა გამსახურდია წლების განმავლობაში მარლენისთვის ყველაზე ახლო ადამიანი გახლდათ. გამსახურდიამ, კაუჩუკის ფირფიტების გამოყენებით, მარლენისთვის ორიგინალური კორსეტი შექმნა, რაც კინოვარსკვლავის სხეულს ღვთაებრივ ელფერს სძენდა. 1963 წელს მარლენ დიტრიხს საბჭოთა კავშირში ვიზიტისას, სწორედ თამარის შექმნილი კორსეტი ეცვა. დიტრიხის გარდა, გამსახურდიას სხვა ცნობილი კლიენტებიც ჰყავდა: ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის, ჟაკლინ კენედის, სათანადოდ შეუფასებია ყოფილი მოცეკვავის ხელობა. დღემდეა შემონახული გამსახურდიასთვის გაგზავნილი ჟაკლინის წერილი, რომელშიც ის მადლობას უხდის თამარს. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ პარიზის ოკუპაციის შემდეგ, ლარისა ბეილინა ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. იმ პერიოდში სამოდელო სახლს მთლიანად გამსახურდია განაგებდა. გააფართოვა წარმოება და დაიწყო დეკოლტირებული საღამოს კაბების გამოშვება. სამოდელო ბიზნესში თამარ გამსახურდიას გვერდში ედგა და „ლორ ბელენში“ მხატვარ-ილუსტრატორად მუშაობდა თამარის გერი – ირინა ხოლმან დე კობი. ლარისა ბეილინას გარდაცვალების შემდეგ, „ლორ ბელენი“ ნიუ-იორკში გადაიტანეს.
– როდის გარდაიცვალა თამარ გამსახურდია და სად არის ის დასაფლავებული?
– თამარ გამსახურდია ნიცაში გადასახლდა, სადაც 1979 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სანტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, თამარ გამსახურდია რუსეთს ეწვია, სადაც დატოვა თავისი პირადი არქივი, რომლის ადგილსამყოფელიც დღეისთვის უცნობია.
скачать dle 11.3