№29 ყირამალა საყვარლები
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-28(863)
ისტორია ოცდამეოთხე
რახათ-ლუხუმის აკრძალული გემო
(მოქმედი პირები: ლაშა და ეკა)
ხალვათობა იყო. ამიტომ ეკა სკამზე გულაღმა დაწვა.
– ყველაზე მეტად ქართული ცა მიყვარს, ბევრი ვარსკვლავია და ბნელიც არ არის. თითქოს ახლოსაა და ქუდივით მახურავს. აქ ცივი ვარსკვლავებია და ძალიან შორსაა; მთვარეც ცალი თვალით მიყურებს – გულგრილად.
გვერდითა სკამზე მეც დავწექი და ცას მივაშტერდი. ეკა სიტყვებს თითქოს ცრიდა.
– თამაში იმიტომ მოვიგონე, რომ არასდროს წავსულვარ არსად ვინმესთან ერთად. ნუ, მთლად ვინმესთან კი არა, ვისთანაც ერთად მინდოდა წასვლა. თუმცა საკუთარ თავს არასდროს გამოვტყდომივარ, რომ მინდოდა. დავაჯერე, რომ არც მინდოდა. თამაშიც იმიტომ მოვიგონე. ისევ ჩემი თავი მოვატყუე. თითქოს არ მინდოდა, ასე უფრო იოლია. განა არ გაქვს, არ გინდა და იმიტომ არ გაქვს. ჰოდა, უცებ დამაინტერესა, როგორია, როდესაც აი, ასე ხელიხელჩაკიდებული დადიხარ ადამიანთან, რომელსაც უყვარხარ და გიყვარს. არ იყო ცუდი, ნამდვილი, ალბათ, უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ შენ არ ხარ ვალდებული, იარო ჩემს ახირებებზე. ასეა თუ ისე, კარგი იყო. გმადლობ.
ეკა რაღაცას მალავდა, მაგრამ კითხვას აზრი არ ჰქონდა. უტაქტოც იქნებოდა ჩემი მხრიდან და მაინც არაფერს მეტყოდა. ამიტომ არაფერი მიპასუხია. მადლობა შევიფერე და თვალები დავხუჭე. მოედანზე დერვიშები ცეკვავდნენ და მათი ყურებით თავბრუ დამეხვა.
– ვიღაც ჩაის დამპირდა, – თავზე ეკა მადგა და ისევ თავის თავს უღიმოდა. იქვე, ღია კაფეში, დავსხედით. ჩილიმისა და ჩაის სურნელი ერთმანეთში ირეოდა და დერვიშების მონოტონურ ტრიალს ფონივით ერწყმოდა, რის წყალობითაც დანამდვილებით ვერ ვიტყოდი, რეალურად იქ ვიყავი თუ უბრალოდ, მესიზმრებოდა. ეკას გვერდით ვიჯექი. მარცხენა ტუჩის კუთხე რახათ-ლუხუმით დასვროდა. ინსტინქტურად მოვწმინდე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით. ეკამ თავი ოდნავ მოატრიალა, მისი სახე ძალიან ახლოს იყო. ხელი თავისით ჩაცურდა კისრისკენ, თავი ფრთხილად მოვუბრუნე ჩემკენ და რატომღაც ტუჩებში ვაკოცე. ოდნავ შევეხე. მის სუნთქვას, კანს, ტუჩების სირბილეს ნაცნობი სურნელი ჰქონდა. გემოც.
არ გამძალიანებია, არც მე დამიძალებია. ხმა არ ამოუღია. ჩაი მოსვა და ცას ახედა.
– თამაში ხომ დავამთავრეთ?
– გამომშვიდობების იყო.
სასტუმროში ისე მივედით, ხმა არ ამოუღია. ნომრამდე მივაცილე. მხოლოდ გალანტურობის გამო არა. არც იმის იმედით, რომ შემიპატიჟებდა ან იქნებ ამ იმედითაც, ოღონდ ეს მართლაც ძალიან ბანალური იქნებოდა და რომ ყოფილიყო, რა მერე?! ვერაფერს ვგრძნობდი მისგან: არც წინააღმდეგობას მიწევდა, არც დამფრთხალი ჩანდა, არც სურვილის ეტყობოდა რამე. რაღაც ნაცნობი მიზიდავდა მასში, თუმცა რა მეცნობოდა, ვერ ვხვდებოდი. კარი გააღო, არც შესულა, ისე შემოტრიალდა ჩემკენ, თვალებში შემომხედა, მერე ტუჩები ჩემს ყურთან მიიტანა და ჩუმად მკითხა:
– პრეზერვატივი გაქვს?
ისტორია ოცდამეხუთე
ახალი სამკუთხედი
(მოქმედი პირები: თეო და დუდუ)
– დუდუ?!. შენ... საიდან მოხვედი, როგორ მიპოვე... ჰო, რა პოვნა მინდა, ლევანო... მაგრამ რატომ...
– შეიძლება, შემოვიდე, თუ ღამის აჩრდილს გინდა დავემსგავსო? – დუდუ არ დალოდებია, სანამ თეო გამოერკვეოდა და ოდნავ შეისუნთქა ისედაც დაკუნთული ტორსი, მუცელი და ისე შევიდა სიბნელესა და სიგარეტის კვამლით დაბინდულ, თითქოს გაოცებულ სიჩუმეში, რომ თეოს მხოლოდ სიგარეტითვე გაჟღენთილ თმის დალალს შეეხო. ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ტვინში ათას ჩაქუჩს დაეწყო დაუნდობელი კაკუნი და სადღაც მზის წნულთან, ისრების მთელი დასტა დასობოდა.
დუდუ თითქოს სიბნელეში ხედავდა, უშეცდომოდ ჩაჯდა სავარძელში. ზუსტად იმ სავარძელში, საიდანაც რამდენიმე საათის წინათ ზურა წამოდგა. თეო ისევ გახევებული იდგა ღია კართან და სადარბაზოდან მბჟუტავი სინათლის შუქზე მართლა აჩრდილივით მოჩანდა.
– თეო, დახურე კარი და თუ შეიძლება, მოდი აქ... ვიცი, გაუფრთხილებლად მოვიქეცი...
– როგორც ყოველთვის... – თეოს ჩახლეწილი და მოგუდული ხმა ერთბაშად ამოუვიდა გადამშრალი ყელიდან. კარი, როგორც იქნა, მიკეტა და იქვე, კედელზე მიყრდნობილი დარჩა. ახლა ისეთი დამძიმებული ჰქონდა თავი, სხეული, ტერფები, რომ მათი ადგილიდან დაძვრა არასგზით არ შეეძლო. უბრალოდ, ძალა არ ჰქონდა, არც რამე აზრი – თავში. მხოლოდ ყურები უწიოდა დაგუბებულივით და სადღაც სიღრმეში, მზის წნულთან, ისრები ერჭობოდა და ესობოდა...
„ან რა უნდა იფიქროს?! თან ახლა, ასეთ მდგომარეობაში... არა, ეს მართლა ბედის ირონიას ჰგავდა. საიდანღაც კუსტურიცა ამოუტივტივდა… კუსტურიცა, რა, მისი მორიგი გადარეული ფილმი: სრული სიგიჟე და გაახსენდა – მთავარია, გრძნობა თუ სიჩქარე... თუ ორივე ერთად ქმნის შედეგს. დროული გრძნობა... და სად იყო ეს გრძნობა, რომელ დროში და რა სისწრაფით უახლოვდებოდა, რომ ახლა და აქ დასტყდომოდა თავს... ამას ისევ გენიალური გიჟი თუ დაალაგებდა, თეო კი, თეო არ იყო კუსტურიცა, მაგრამ არაერთხელ დაუხატავს ეს სცენა საკუთარი წარმოსახვის ეკრანზე... რამდენი უძილო ღამე დაათენდა ამაზე ფიქრსა და ოცნებაში... სულ დეტალურად ჰქონდა გათამაშებული ამ შეხვედრის რამდენიმე ვერსია. როგორი ამაყი და ირონიული იყო იმ სცენებში! როგორი ლამაზი, მოწესრიგებული, სალონიდან ახალი გამოსული, სექსუალურ სამოსში. აბრეშუმის სიფრიფანა მოსასხამი ულივლივებდა მეწამული სხივებით... და ახლა, აქ...”
თეო უფრო ხვდებოდა, სად იჯდა დუდუ, ვიდრე ხედავდა. ფაქტობრივად, ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ მთვარე ანათებდა და კიდევ დუდუს მწვანე თვალების ციალი, რომელიც შესაძლოა, უფრო ელანდებოდა თეოს, ვიდრე ხედავდა.
„დუდუს მწვანე თვალები! ღმერთო, დუდუ ზის იმ სავარძელში, სადაც წეღან ზურა იჯდა და მერე...”
არა, ახლა ზურაზე ფიქრის დრო არ აქვს, მაგრამ დუდუზე რა უნდა იფიქროს?! თეო უცბად ჩაჯდა, უფრო ზუსტად, ჩასრიალდა და იატაკზე გაიშხლართა. უხერხულად მიარტყა კარის კიდეს თავი და ეტკინა კიდეც. სანამ მიხვდა, რა მოხდა, დუდუს ძლიერ და გავარვარებულ მკლავებში ამოყო თავი. დუდუ დასწვდა და ხელებში აიტატა, როგორც პატარა, როგორც ადრე. იდგა დუდუ და ეკავა თეო. არ იცოდა, რა ექნა ამ ძვირფასი ტვირთისთვის. თუმცა საერთოდ ვერ გრძნობდა წონას და სიმძიმეს. იდგა დროც და სიჩუმეც. სიგარეტის კვამლში გახვეული სიბნელეც იდგა და ელოდა, როდის გაიფანტებოდა ეს უხერხული გარინდება და როდის მოიხერხებდა ორი, ზრდასრული ადამიანი უბრალოდ, საუბრის დაწყებას...
– დამსვი... – თეო პირველი გამოერკვა და დუდუს ხელებიდან დაუსხლტა. კედელთან ჩაჯდა და იქვე, ტორშერს ჩამოჰკრა ხელი. ოთახის ერთი კუთხე სიბნელიდან ამოიზლაზნა და თითქოს უფრო დაიბურა სახლიც, ჰაერიც და იქ მყოფების ხასიათიც. ხმას არცერთი არ იღებდა. დუდუ ისევ სავარძელში ჩაჯდა. ფეხი ფეხზე გადაიგდო და ნაძალადევი მხიარულებით თეოს გასძახა:
– არ მეგონა, საქართველოში სტუმარმასპინძლობა თუ აიკრძალა. თან, ბაგრატიჩის ოჯახში! ერთი ჭიქა წყალი მაინც შემომთავაზე, გოგო, რა დაგიშავე ამის ფასი, რომ...
– არაფერი, რა უნდა დაგეშავებინა?! უბრალოდ გამაბედნიერე, როცა თავი გაიბედნიერე! და ახლა რას ელოდები ჩემგან? ინდულგენციას თუ ხანდაზმულობის ვადების თანახმად მოქმედებ?
– თეო, როგორი დაუნდობელი გამხდარხარ... თუმცა დავიმსახურე ასეთი სიცივე, მართალი ხარ...
– დაუნდობელი, არა? დამნდობი როგორი უნდა ვიყო? ცხელ-ცხელი ხაჭაპური და წიწილები დავყარო „სტოლზე“? – თეოს ისევ გაუაზრებელი და დაუოკებელი სიბრაზე ერეოდა. ამჯერად დუდუზე. მზად იყო სამყაროს დაქცევაში დაედანაშაულებინა და აქვე მიესიკვდილებინა ბიჭი, რომელიც ერთ დროს სიცოცხლეს ერჩივნა. ახლა ისეთ დროს დაადგა თავზე, რომ ვერც კი გაუგია, სიცოცხლე ურჩევნია, თუ ისევ სიკვდილი ჯობია... დუდუსი, რა თქმა უნდა!
– თეო, კარგი, მითხარი, რაც გინდა, ყველაფერი დავიმსახურე. ოღონდაც იცოდე, ამჯერად არსად წასვლას არ ვაპირებ და ვერც მაწყენინებ, რაც არ უნდა თქვა. უნდა მომისმინო და...
– აბა, რა?! ისევ ისე მოვიქცევით, როგორც შენ გაგიხარდება! რა იყო, ამჯერად ვინმე ნატაშას ირთავ ცოლად და ისევ ჩემი თანხმობა დაგჭირდა?! რისთვის შეწუხებულხარ, გეთაყვა და ამხელა ხარჯი გაგიღია. გზა და რამე... უი, ხელში რაღაცა გეკავა კიდევაც, მე მომიტანე კანფეტები? ეს უკვე ზედმეტია! შენგან ისედაც დამტკბარი ვარ! ყელამდე ვარ სიტკბოსა და ნეტარებაში აგერ უკვე მერამდენე წელია! რა საჭირო იყო ხარჯი! საერთოდ, რა საჭიროა ეს სპექტაკლი, რას აკეთებ აქ? რატომ მოხვედი?
– თუ მათქმევინებ, აგიხსნი. იმასაც, რაც მაშინ არ მათქმევინე და ამასაც, ახლა რომ აუცილებლად სათქმელია.
– კარგი, თქვი, გისმენ - თეო ისეთ დაღლასა და უენერგიობას გრძნობდა, არაფრის თქმის თავი არ ჰქონდა მეტად და დუდუს უცნაურად გაწელილ ჩრდილს დააშტერდა... დუდუს ხმა თითქოს ქვევრიდან ჩაესმოდა: თან მუცელში პეპლები დაფარფატებდნენ და თან, ყურებში დაბზუილებდა კრაზანების მთელი გუნდი... უცბად პეპლები აფარფატდნენ და აიშალნენ, კრაზანებიც აჰყვნენ და ისრები დანის წვერებად იქცნენ! ყველაფერი ერთად დატრიალდა, დაიკლაკნა, დაიძრა და ახმაურდა. თეოს გაუსაძლისმა ტკივილმა დაუარა მთელ სხეულში. სადღაც ყელში გაეჩხირა, გაიბერა, გახურდა და... ერთი ამოიგმინა, ამოიკივლა, ამოიფრქვა სიმწარე და სიჩუმე, გასკდა ცრემლების ნიაღვარი და ქვითინად დაიღვარა... თეო ტიროდა ისე გულამოგდებით, ხმამაღლა და ისეთი ტკივილიანი გმინვა ამოაყოლა ცრემლების ნიაღვარს, დუდუ გახევებული, დაბნეული, ალეწილი, ვერ ხვდებოდა, რა გაეკეთებინა. როგორ ენუგეშებინა ქალი, რომელიც ისევ ისე ერჩივნა მთელ სამყაროს, როგორ უწინ. როგორ დაემშვიდებინა და გაეშრო ეს უცაბედად მოვარდნილი ნიაღვარი...
როცა აცახცახებული თეო გულში ჩაიკრა და მისი სველი სახე კისერზე შეეხო, დუდუს სრულად დაავიწყდა, სად იყო და რა ხდებოდა. რამდენი წელი იყო გასული უძილო ღამეებსა და საკუთარი თავის დადანაშაულებაში, რამდენი ქალის გვერდით უთენებია ღამე და ჰყავდა თუ არა ამ წლების განმავლობაში თეოს სხვა კაცი... დუდუს საერთოდ არაფერი ახსოვდა და აინტერესებდა. მის მკლავებში თრთოდა და კანკალებდა ყველაზე ძვირფასი, მონატრებული და ერთადერთი ქალი, რომელიც ტიროდა, მის გამო ტიროდა ისევ და დუდუმ, რაც ძალა ჰქონდა შერჩენილი, მოხვია ხელები ძვირფას ადამიანს! როგორც იქნა, მოეხვია საყვარელ ქალს!
ამოვარდნაზე ჰქონდა გული თეოს, ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა, ხმას აღარ იღებდა და სულს ვერ ითქვამდა...
დუდუს ცხელი და გამშრალი, დამსკდარი და გავარვარებული ტუჩები თეოს ყურის ძირში დაეტაკა, მერე კისერი დაუშანთა და თეოს ტუჩებს რომ გადაეყარა, დაკბენილმა და დასიებულმა ტუჩებმა მორჩილად შეაგება გავარვარებული სიმხურვალე და მოულოდნელი ვნება...
დუდუ და თეო, თითქოს სხეულებდაკარგულები, სამყაროს აღქმადაკარგულები კი ნამდვილად, იატაკზე ისხდნენ და გაფერმკრთალებული სიგარეტის კვამლის ბურუსში გახვეულები თავდავიწყებით კოცნიდნენ ერთმანეთს...
ამ გიჟურ ღამეს, ამდენი წლის, ამდენი განცდისა და დანაკარგის შემდეგ, პირველად ეღირსა მათ უიღბლო გრძნობას სხეულებით გადაჯაჭვა და სუნთქვის დაგუბება...
მისაღები ოთახის ფანჯრებამდე, როგორც იქნა, მოაღწია შემრგვალებულმა მთვარემ. ის ცოტა შეტორტმანდა და თითქოს შეცბა დანახულის გამო. მერე გაიბადრა, ჩაიღიმა და მთელი იატაკი უცნაური ნახატებით ააჭრელა. ეს ფოთლების და ჩრდილების ქარგი გადაიხლართა ქალისა და მამაკაცის ჩახვეული სხეულების სილუეტსა და ჩრდილებში...
მთვარე ურცხვად გაშიშვლებულ სხეულებს აფარებდა, რაც ებადა, მაგრამ ამაოდ...
ბოლოს უბრალოდ გადაგორდა სხვა გვერდზე და შემდეგ ფანჯარას მიაშურა...
მიხვდა მთვარე, რომ აქ მესამე იყო. მესამე კი ყველგან ზედმეტია, თითქოს...
სხვისი ქმრის სურვილის გემო
(მოქმედი პირები: ეკა და ლაშა)
არა, რა, რამ მათქმევინა, პრეზერვატივი ხომ გაქვს-მეთქი?! ჩემი ტვინი გამალებით მუშაობდა, თუმცა სხეული აშკარად სხვაგან მექაჩებოდა, კიდევ კარგი, გული ჩუმად იყო.
ლაშას აშკარად შეეტყო, რომ დაიბნა: თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. არ არის ცუდი ადამიანი და არ მინდოდა მისი წყენინება, მაგრამ საკუთარი თავის წყენინება რომ უფრო არ მინდოდა?!
– არა, არ მაქვს, – მიპასუხა მშვიდად, – ეს არ დამიგეგმავს.
ამ პასუხმა უკვე მე ჩამაგდო უხერხულ მდგომარეობაში.
– ცუდად გამომივიდა, უკაცრავად.
– არც მე გამომსვლია უკეთესად.
– მე უბრალოდ არ მინდა, ანგარიშსწორების საშუალება ვიყო ვინმეზე. რაღაც პრობლემა გაქვს, თორემ მე არ წამომიყვანდი...
– შენც პრობლემა გაქვს, თორემ არც შენ გამომყვებოდი.
– რაღაც არ მომწონს, ეს არ არის სწორი. მე კიდევ სულ მართალი უნდა ვიყო, სხვანაირად არ შემიძლია. ახლა კიდევ მართალი არ ვარ და ძალიან ბანალურად ვიქცევი. სხვა ქვეყანაში წამოგყევი ხელის ერთ დაქნევაზე, ცოტა გეკეკლუცე და ახლა თითქოს თავს ვიფასებ იაფფასიანი დედაკაცივით. არც ეს მომწონს.
– აქ ხომ არ ვიდგებით? ან შენთან შევიდეთ, ან ჩემთან ავიდეთ. არაფერს დაგიშავებ, მართლა.
– უკვე დამიშავეს, რაც დასაშავებელი იყო, აწი მხოლოდ მე თუ დავუშავებ ჩემს თავს. შენთან ავიდეთ მაშინ და მერე ჩამოვალ, – ეს დროის გასაყვანად ვთქვი, იქნებ ლაშას ნომრამდე გზაში რამე მომეფიქრებინა, რომ ამ სულელური სიტუაციიდან თავი დამეძვრინა.
ლაშას არაფერი უთქვამს, ხელი მომკიდა და ლიფტისკენ წამიყვანა. ოდნავ რომ მაძალებდა, მომწონდა.
ასეთ უაზრო მდგომარეობაში თავი არასდროს ჩამიყენებია, ყოველ შემთხვევაში, რაც ჭკუა მომემატა, მას მერე. საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. რას ვაკეთებდი ამ უცხო კაცის ნომერში ან უცხო ქალაქში?! ან რატომ არ ავლაგმე ეს დროულად?! ან თბილისში დაბრუნებული რას ვაპირებდი?! ან ბოლოს და ბოლოს, დავწოლილიყავი, თუ მინდოდა ან არ დავწოლილიყავი და დამეძინა ჩემს ნომერში?! ან რეაქცია მქონოდა, როდესაც მაკოცა – რა, არ ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა ამას?! ან რას ვიტყუებდი თავს, რომ თითქოს ვერ ვხვდებოდი, რომ აქეთკენ მიდიოდა საქმე?! ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ვერ გამერკვია, რა მინდოდა.
შუა ოთახში ვიდექი და ვფიქრობდი. ლაშას იქ ყოფნა დამავიწყდა ლამის: ისე, რომ იცოდეთ, დიდი ეგოისტი ვინმე ვარ, ძირითადად, საკუთარი თავით ვარ გართული. ის მაინტერესებს, მე რას ვფიქრობ, რას ვგრძნობ და რა მინდა, ამიტომ ახლაც მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. ლაშამ მიალაგ-მოალაგა მიყრილი ნივთები, ტანსაცმელი და ლოგინზე დაჯდა. მეც მიმანიშნა იქვე მდგარი სკამისკენ.
– თუ გინდა, ადგილები გავცვალოთ, მაინც სკამია და მოუხერხებელია.
სკამზე დავჯექი. წარმოდგენა არ მქონდა, რაზე უნდა მელაპარაკა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში