№29 პრევენცია მთავარია
არსებობს დასკვნები, პირველი, წარუმატებელი ურთიერთობიდან რომ უნდა გამოიტანო და ამაზე ფსიქოლოგები ერთხმად თანხმდებიან.
ჩვენ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და ზღაპრებით ფონს ვერ გავალთ. სანამ თავს უღელში გაყოფდეთ, ანუ მყარი კავშირით დაუკავშირდებით ვიღაცას, ერთი მარცხი აუცილებლად უნდა იწვნიოთ. შესაბამისად, გადატანილი გექნებათ ერთი სერიოზული განშორება.
განშორება კი, ყოველთვის მტკივნეულია და უსიამოვნო. მაგრამ, ეს სულაც არ არის საბაბი, მთელ სამყაროს წყევლიდე და აძაგებდე, მიგაჩნდეს, რომ წლები, რომელიც ერთ დროს საყვარელ ადამიანთან გაატარე, დროის სანაგვეზეა გადაყრილი. ამას აჯობებს, პირველი ურთიერთობიდან სწორი დასკვნები გამოიტანო.
განშორება არ ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა შეცდომა იყო.
საშინელებაა, ასე ფიქრობდე. ისწავლე ყველაფერში დადებითის დანახვა.
ურთიერთობები ყოველთვის დადებითად არ გვცვლის.
ამის აღიარება მარტივი არ არის... ზოგჯერ პარტნიორი ჩვენზე დადებითად არ მოქმედებს და ვიღაც სხვა ვხდებით. ეს ვიღაც სხვა კი, თავადაც არ მოგვწონს. ასეთი ურთიერთობები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს.
თუკი ადამიანს შენთან საუბარი უნდა, ის ამას აკეთებს.
სამწუხაროა, მაგრამ თუკი ვინმე ერთი კვირა ვერ გამონახავს დროს შენთან სასაუბროდ, ეს ნიშნავს, რომ მას შენთან საქმე არ აქვს, ანდა რაღაც თამაშს თამაშობს. ადამიანი კი, ვისაც თამაში უყვარს, შენთვის არ არის.
თუკი ადამიანი წვრილმანებზე იტყუება, ის, სავარაუდოდ, სხვა დროსაც სხვა სერიოზულ საკითხზეც მოიტყუება, მით უმეტეს, სანდო არაა ურთიერთობაში.
ეს დაუწერელი კანონია. თუკი ადამიანს ტყუილებში იჭერ, მისი ნდობა არც ღირს. ანუ... დასაკარგი ყოფილა და ნუღარ ინერვიულებ.
გადავიდეთ მთავარზე
ერთი უცნაურობა შემჩნეული გექნებათ – თუ სიყრმეში ქალები ცდილობენ, საკუთარი თავისთვის ყველაფერი საუკეთესო შეარჩიონ: კოსმეტიკა, ტანსაცმელი, გასართობი, წლებთან ერთად, უმეტესობას „საკუთარ თავზე ეკონომიის“ გაკეთების სინდრომი უჩნდება.
აქ პრობლემა ფინანსურ მდგომარეობაში კი არა, თავის მსხვერპლად შეწირვაშია. რატომღაც ჰგონიათ, რომ ასე მეტად დაფასდებიან შვილების, მეუღლის, საზოგადოების მხრიდან, რაც რეალობას არ შეესაბამება.
სამაგიეროდ, ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი „თვითშეწირვა“, სერიოზულ საფრთხეებთანაა დაკავშირებული.
მოდით, გავერკვიოთ, რას ნიშნავს საკუთარ თავზე ეკონომია.
მაგალითად, ქალი მიდის მაღაზიაში, იძენს პროდუქტს ან ნივთებს შვილებისთვის, ქმრისთვის, ნათესავებისთვის, საკუთარი თავისთვის კი ფული არ რჩება ან ფიქრობს: „სხვა დროს იყოს“... და ასეა ყოველ ჯერზე. რა თქმა უნდა, ახლობლებისთვის ფული არ უნდა დაიშურო, მაგრამ შეიძლება, ისე გათვალო ბიუჯეტი, რომ საკუთარი ინტერესებიც დაიკმაყოფილო.
საუბარია ისეთ ეკონომიაზე, როცა დახეულ კოლგოტებს გაკერავ, ან შეინახავ და შარვლის ქვეშ ჩაიცვამ. როცა თეთრეული უკვე გახუნდა, როცა გარდერობში შეუხამებელი ტანსაცმელია და ერთადერთი კაბა გაქვს გამოსასვლელი, ახალი ტუში გაქვს შესაძენი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რამე ჩნდება, რისთვისაც ფული უნდა დახარჯო და ეს მნიშვნელოვანი რამეები კი არასდროს ილევა.
ხდება, რომ ქალს ფული აქვს, მაგალითად, აჩუქეს ან შეაგროვა. მაგრამ, მაინც მიდის მაღაზიაში, არჩევს მოწონებულ ნივთს, დიდხანს ატრიალებს ხელში და ბოლოს... თანხას სარეცხ საშუალებებზე ხარჯავს იმ მოტივით, რომ შემდეგში რაიმე, უფრო ხარისხიანი და ლამაზი შეხვდეს... მაგრამ ეს „შემდეგ“ არასდროს დგება.
არსებობს ფულის რაციონალურად გადანაწილების ცნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკუთარი თავის წინ დააყენო. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე – ამ ყველაფრის მიღმა დიდი შიში და დანაშაულის გრძნობა იმალება: „ახლა დავხარჯავ და ხვალ რომ ფული რაიმე, უფრო მნიშვნელოვანზე დამჭირდეს? გამოდის, ეგოისტი ვარ, რომელიც არავისზე ფიქრობს”. და ეს შიში ბავშვობიდან მოდის.
ამ „რეჟიმში“ მცხოვრები ქალები კარგავენ მომხიბვლელობას. მათი ყოველდღიურობა სავსეა ხარჯებზე დარდით და ეს მათ სახეზეც აისახება. არცთუ იშვიათად, შურის გრძნობა უჩნდებათ სხვა ქალების მიმართ, რომლებსაც მათზე მეტი აქვთ. აქედან მოდის მუდმივი გაღიზიანება და ქალურობის დაკარგვა. ეს კი, განქორწინების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
მამაკაცს ასეთი ქალისადმი ინტერესი უქრება და ნუ გექნებათ იმედი, რომ, როცა საკუთარ თავზე ეკონომიას სწევთ, ქმარი საჩუქრებით აგავსებთ. შესაძლოა, უხეშად ჟღერს, მაგრამ მამაკაცი ვერ ხედავს აზრს, დახარჯოს ფული იმაზე, რაც იაფია და ამ ეკონომიას ის აღიქვამს, რომ საკუთარი თავის მოვლის სურვილი არ გაქვთ.
ჭკვიანი ქალი ფულის გამო არ დარდობს. მან მშვენივრად იცის, რომ შეიძლება, გამოიმუშავო ან შთააგონო საყვარელი მამაკაცი ახალ ქმედებებზე. მას ეხერხება ბიუჯეტის დაგეგმვა და პრიორიტეტების გადანაწილება ისე, რომ საკუთარი თავი არ დაივიწყოს.
არასდროს გასწიოთ საკუთარ თავზე ეკონომია!
რა არის სიყვარული?
სიყვარული ყველას სხვაგვარად ესმის და სხვაგვარად შეიგრძნობს. ამბობენ, თუ ნამდვილად გიყვარს, ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემო. სიყვარულს ხშირად არ აფასებენ და რჩება დიდი ნაკვალევი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერავინ და ვერაფერი წაშლის. სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ადამიანი თავის მეორე ნახევარს მხოლოდ მაშინ აფასებს, როცა კარგავს. არ არსებობს ერთი და განუმეორებელი სიყვარული. სიყვარული ბრძოლაა. ეს არის გრძნობა, რომლისთვისაც ზოგჯერ უნდა იომო.
თუკი არ ხართ მზად, იტანჯოთ მისთვის, ევნოთ და ეწამოთ, ესე იგი, გაურკვევლობაში ხართ და სიყვარულს კი არა, რაღაც სხვას გრძნობთ. ხოლო, თუ მთელი გულით არ გსურთ რაღაც, მაშინ თქვენ მას არ იმსახურებთ.
ჩვენ გვინდა, რომ ვუყვარდეთ. გვინდა, რომ ჩვენზე ზრუნავდნენ. ვერავინ შეძლებს, ჰქონდეს სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრება, თუ ჩვეულებრივ ჩარჩოებს ვერ დააღწევს თავს. ყველას გვჭირდება ადამიანი, ვინც ამ ჩარჩოებიდან გამოგვაძევებს. სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელზეც ყურადღების კონცენტრირებას ვახერხებთ საკმაოდ დიდხანს.
ის ხანდახან ძალიან მომაბეზრებლადაც შეიძლება, მოგვეჩვენოს. ზოგჯერ კი ურთიერთობა ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით მძიმდება და ძალიან ბევრ ენერგიას ითხოვს ჩვენგან, მაგრამ ამად ღირს. ნამდვილი სიყვარული სხვა ადამიანისთვის კბილებით ბრძოლაა. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ის სწორედ ასე, კბილებით დაგიცავთ, სწორედ ასევე იბრძოლებს თქვენი სიყვარულისთვის, მაშინ იწყება ნამდვილი პარტნიორობა.
არავინ იმსახურებს უსიყვარულო ცხოვრებას. შენ, უბრალოდ, ის უნდა იპოვო, ვისთვისაც ტანჯვა ღირს.