კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როდის თრგუნავს კაცს ოჯახი და ცვლის თუ არა სიყვარულს სიბრალული ცოლ-ქმრის ურთიერთობაში

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

 ამბობენ, რომ ოჯახი ყველაფერს ცვლის – ხუნდება და ცვდება სიყვარული, ფუჭდება ურთიერთობა. განსაკუთრებით მამაკაცები წუწუნებენ, რომ საყვარელი ქალი ოჯახში ძალიან იცვლება.  ის ისეთი „ფისუნია“ აღარ არის, როგორიც შეყვარებულობის პერიოდში იყო. მიზეზი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობას ეს საერთოდ არ აინტერესებს. მხოლოდ იმას ხვდება, რომ ეს ქალი აღარ უყვარს. თუმცა, რჩება მასთან, როგორც თვითონ ფიქრობს, სიბრალულის გამო. 

მარიკა (32 წლის):
თავადაც ვერ ვხვდები, რა ჰქვია დღეს ჩემს მდგომარეობას. მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთი რომ გავიცანით თერთმეტი წლის წინ, თითქმის ბავშვები ვიყავით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ერთი სული გვქონდა, ოჯახი შეგვექმნა. ახლა კი ამბობს, შენ გინდოდა ჩემზე გათხოვებაო, მაგრამ ასეც არ არის. არ ვიცი, რატომ მოსწონს, როცა  ცოლად მოყვანას მაყვედრის.
– რას ნიშნავს, გაყვედრით?
მეუბნება და საკმაოდ ხშირადაც, რომ  ძალიან მონდომებული ვიყავი ოჯახი შემექმნა და მანაც დამითმო. იმიტომ რომ, დაიღალა ყოველდღე ერთი და იგივეს მოსმენით. მშვენივრად ვიყავით შეყვარებულები, რა აუცილებელი იყო უღელში თავის გაყოფაო.
– ათი წლის განმავლობაში გიმეორებთ ამას, თუ დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყო.
– დიდი ხანი არ არის. ორი წელი იქნება, მეტი არა, მაგრამ ის დაწყების მომენტი ვერ „დავიჭირე“. ამიტომაც მიჭირს თქმა, რა იყო მაპროვოცირებელი ფაქტორი. მოკლედ, ჩემი ცხოვრება ტანჯვად იქცა. საკმარისია, რაღაც დაძაბული სიტუაცია შეიქმნას ოჯახში, რომ ეგრევე იწყება: რატომ ვარ შენთან, რა მინდა... არც შენ გიყვარვარ, არც მე მიყვარხარ, რიღასთვის ვართ ერთმანეთის გვერდითო.
– ანუ, არც შენ გიყვარვარო? რის საფუძველზე ამბობს ამას, არ დაინტერესებულხართ?
– როგორ არ დავინტერესდი, მაგრამ ვინ მეუბნება? მარტო იმას გაიძახის, რომ ოჯახის შექმნა შეცდომა იყო. და ეს მე უფრო მინდოდა, ვიდრე მას. გაოგნებული ვარ, მსგავსი არასდროს არაფერი უთქვამს – არც შეყვარებულობის პერიოდში და არც დაქორწინების პირველ წლებში. საკმაოდ  ბედნიერი ჩანდა. უკმაყოფილება არ ემჩნეოდა.
– ახლა რას გეუბნებათ?
რას არა. ჯერ ერთი – მუდმივად ცუდ გუნებაზეა, იბღვირება, შარზეა და წვრილმანებზე „მეკიდება“. სულერთია, რა ფორმით ვიწყებ მასთან საუბარს – თუ ვცდილობ, რბილად შევაპარო სათქმელი, ეგრევე უხეშად მაწყვეტინებს: არ გინდა ეგ „ზახოდები“, ნერვები მეშლებაო. თუ პირდაპირ და შეულამაზებლად ვამბობ იმას, რაც მაწუხებს, მაინც უკმაყოფილოა – რა საშინელი ხასიათი გაქვსო. რა გავაკეთო, არ ვიცი. ფაქტია, რომ საერთოდ ჩემი ჩუმად ყოფნა უნდა. დისკომფორტს ვუქმნი.
– ხომ არ გაქვთ ეჭვი, რომ ამისი მიზეზი სხვა ქალია?
– ეჭვი მქონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მთავარი მიზეზი არ არის – რა მნიშვნელობა აქვს, რატომ აკეთებს ამას. ფაქტია, რომ აკეთებს და ძალიან ცუდადაც. ნელ-ნელა ჭკუიდან გადავყავარ. არ მინდა, ვინმეს ვეცოდებოდე და მხოლოდ ამის გამო იყოს ჩემ გვერდით. მარტო მე კი არა, ზოგადად, ყველა ქალს ლანძღავს – გათხოვების მეტი არაფერი უნდათ. კაცი მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, ქმრად მოისვან. ჩემი არც გესმოდა და არც ახლა გესმისო.
– ოჯახის დანგრევა უნდა? არ გილაპარაკიათ ამაზე?
– ვილაპარაკეთ. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ იძულებული გავხდი. არ ვიცი, რას მოვიმოქმედებდი, რომ ეთქვა – მინდა ოჯახის დანგრევაო. თუმცა, როგორც კი პირდაპირ დავაყენე საკითხი, უკან დაიხია. ცოტა ხანს საერთოდ ჩუმად იყო, მერე კი ჩხუბი დაიწყო – შენ მიზეზს ეძებ, რომ ნერვები მომიშალო. რანაირად უნდა მიყვარდე, როცა ამის სურვილიც კი დამიკარგეო. ყველაფერზე მიშარდება.
– იქნებ, მართლა აღარ უყვარხართ...
– გინდათ, რომ ასე ვიფიქრო? მართლა ფიქრობთ, რომ ჩვენ შორის  სიყვარული აღარ არის და ეს გრძნობა სიბრალულმა ჩაანაცვლა? ჩემი ქმარიც ამას ამბობს ზოგჯერ, როცა ჩვენი ჩხუბი პიკს აღწევს. თან მიხსნის, სიბრალული ცუდი არ არის, აახლოებს ადამიანებს და კრავსო.
– ეს რას ნიშნავს?
– სიყვარულს მუდმივ გრძნობად არ მიიჩნევს. არ სჯერა, რომ შეიძლება, ცოლ-ქმარს სულ უყვარდეს ერთმანეთი. ქორწინება კი, მით უმეტეს,  ამ ყველაფერს აფუჭებსო. რა განერვიულებს, ქმარი ხომ გყავს? ოჯახი ხომ გაქვს და ქალებს ხომ მეტი არაფერი გინდათო. ამას რომ მეუბნება, გული მიკვდება, რატომ აქვს ჩემზე ასეთი წარმოდგენა. მარტო სიბრალული რად მინდა, რაში მეყოფა? ან ქმარს რატომ უნდა ვეცოდებოდე და იმიტომ იყოს ჩემთან?! ნამდვილად არ არის არც საკმარისი და არც სასიამოვნო.  თანაც, ჩემი ქმარი დარწმუნებულია, რომ ჩვენ გამონაკლისები არ ვართ. ამბობს, რომ თითქმის ყველა ცოლ-ქმარი ასე ცხოვრობს. როცა ვცდილობ, საპირისპიროში დავარწმუნო, ირონიულად იცინის. ისე მიყურებს, როგორც ძალიან სულელ ადამიანს და მისი ირონია მანადგურებს. კიდევ მიკვირს, რატომ ცდილობს დამარწმუნოს იმაში, რომ სიბრალული კარგია. ყველა კაცს თრგუნავს ოჯახი და მისი ემოციები სიყვარულს ვეღარ „ქაჩავსო“. მოკლედ, ოჯახის ფასეულობები და მნიშვნელობა მინიმუმამდე დაჰყავს. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ოჯახის დანგრევა არ უნდა.
– თქვენ გინდათ?
– არა, რა თქმა უნდა. მინდა ოჯახი, მაგრამ იმის მოსმენა, რომ მამაკაცი მხოლოდ სიბრალულის გამოა ჩემთან, მანადგურებს და მთრგუნავს.
скачать dle 11.3