№29 რატომ არის ეს პერიოდი ყველაზე რთული ეკლესიური ცხოვრებისთვის და როდის დადგება ქრისტიანებისთვის მეორედ მოსვლა
თანამედროვე ადამიანები ხშირად ორი ბატონის სამსახურში ვიმყოფებით; უფალსაც ვემსახურებით და ეშმაკსაც, სასუფეველი ცათაც გვინდა და წუთისოფლის სიამეებით დატკბობაც. ხშირად ცოდვას, ვნებებს მხოლოდ სხვა ადამიანებში ვხედავთ და საკუთარ თვალში დირესაც ვერ ვამჩნევთ. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქრისტიანი ისე ცხოვრობს, ისე მარხულობს, რომ სახარებას საერთოდ არ კითხულობს. დღეს უკვე იყიდება ყოველდღიურად საკითხავი სახარებების კრებული და ყველას ვურჩევ, წაიკითხოს. თუ ამას ვერ ვახერხებთ, კვირის სახარება მაინც უნდა ვიცოდეთ და წავიკითხოთ. როცა სახარებას ვკითხულობთ, არ უნდა მივემსგავსოთ სექტანტებს, რომლებიც ამონარიდებით საუბრობენ და თვითონ განმარტავენ. როცა სახარებას ვკითხულობთ, კარგად რომ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ: რა მოვლენებს უკავშირდება, ვის მიმართავს ქრისტე: მოციქულებს თუ ხალხს, მწიგნობრებს თუ ფარისევლებს. ყველას გვაინტერესებს, როგორი ადამიანები ვართ. კარგად ვიცით, სხვები როგორები არიან, მაგრამ ჩვენ როგორი ვართ, ხომ უნდა ვიცოდეთ?! ქრისტე გვეუბნება: სხეულის სანათი არის თვალი. თუ ეს თვალი იქნება ნათელი, სხეულიც იქნება ნათელი. თუ ეს თვალი იქნება ბნელი, მთელი სხეული იქნება ბნელი. ანუ, ადამიანის ორგანიზმში მთავარი შემეცნების ორგანო გონებაა. თვალი და გონება ერთად ნიშნავს ადამიანის აზროვნებას, ფსიქიკას, ინტელექტს. თუ შენი თვალი, გონება არის განათებული, შემეცნებითი; იცის, ვინ არის ღმერთი; იცის, რა არის ჭეშმარიტება; მისი გონება, მთელი სხეული, სული იქნება ნათელში, განათებული. მაგრამ, თუ მან არ იცის, ვინ არის ღმერთი; რა არის ჭეშმარიტება, ვინ არის თვითონ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. როცა სხვა ადამიანს განიკითხავ, ვერ ხედავ, თავად როგორი ხარ, ვერ ხედავ ღმერთის წყალობას: დილა გაგითენდა, საავადმყოფოში არ ხარ, საპყრობილეში არ ხარ, სამსახურში შეგიძლია, წახვიდე, შვილები კარგად გყავს, გარკვეული სიმშვიდე და სიყვარული გაგაჩნია – ღმერთის მადლიერი უნდა იყო. რატომ გვეზარება დილით ლოცვების წაკითხვა, იმიტომ რომ, მადლიერება არ შეგვიძლია. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გაღვიძება არის აღდგომა, ხოლო ყოველი დაძინება – გარდაცვალება. თუ გვინდა, ჩვენი გონება იყოს განათლებული, ნათელს უნდა ვხედავდეთ. ნათელი როგორ უნდა დავინახოთ? რა თქმა უნდა, ხიბლში არ უნდა ჩავვარდეთ. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ქრისტე, ღვთისმშობელი გვადგანან თავზე. თუ ჩვენი გონება არ არის განათებული, რაოდენ ბნელში იქნება სხეული. ის, რაც უნდა ანათებდეს, თუ არ ანათებს მაშინ სხვა ორგანოები რა მდგომარეობაში იქნებიან?! დაბნელებული იქნება თქვენი გული, სხვა ორგანოები და ამიტომაცაა თანამედროვე ადამიანი მუდმივად მწუხარე მდგომარეობაში, დამძიმებული, სევდიანი: გული ბოროტებით აქვს სავსე და თვალი – შურით. თუ მოყვასის კარგად ყოფნა არ გვიხარია, ესე იგი, სიბნელეში ვართ და მივხვდებით, როგორებიც ვართ.
– სახარებაში წერია, რომ არ შეიძლება, ორ ბატონს ერთად ემსახურო. თანამედროვე ადამიანები კი მუდმივად ორ ბატონს ვემსახურებით.
– ხშირად გვითქვამს სხვაზე: როგორი ბოროტი მზერა აქვს, თვალი ავიღეო. ის კი გვავიწყდება, რომ ჩვენც ზუსტად ასეთები ვართ. კარგი ყველაფერში კარგს ხედავს, ცუდი – ცუდს. არ შემიძლია, სიმართლე რომ არ ვთქვა და სხვა არ ვამხილოო – ჯერ საკუთარი თავი ამხილე და მერე სხვა. სახარებაში კარგად წერია: არავის შეუძლია ორი ბატონის მსახურება. დღეს ხომ ჩვენ თავისუფლები ვართ, თავისუფალი აზროვნება გვაქვს. რა თქმა უნდა, ადამიანი თავისუფალი ნებით შეიქმნა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება მოდის ჭეშმარიტების შემეცნებისგან. სცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ადამიანები ორი ბატონის სამსახურში ვართ. მაგალითად, მარხვის დროს თითქოს ახლოს ვართ უფალთან, დამთავრდება თუ არა მარხვა, მაშინვე მამონას მონობაში გადავდივართ. უფლის პირდაპირი მოთხოვნაა: ან ემსახურეთ ჭეშმარიტებას, ან არაჭეშმარიტებას. საშუალო მდგომარეობა არ არსებობს. მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, სწორედ ამ ნელთბილ მდგომარეობაში ვართ. იოანეს გამოცხადებაში წერია: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი, ამოგანთხევ ჩემი პირიდანო. ანუ გაგაძევებ ეკლესიიდანო. ერთია, რომ არ გამოგდის და მეორეა – შეგნებულად რომ სცოდავ, შეგნებულად რომ იმყოფები ასეთ მდგომარეობაში – არც ცივი ხარ და არც თბილი. მარხვაში უფალთან ხარ და მარხვის მერე – იგივე ცოდვებს უბრუნდები. ეს ორი ბატონის მსახურებაა. თუ შენი გული უფალთანაა და შემოუშვებ ქრისტეს, იქ ვერ შემოვა ვერანაირი ბოროტება. მაგრამ, თუ შენ არ უღებ ქრისტეს კარს, ამ დროს ეშმაკი სხვადასხვა გზით ახერხებს შენს გულში შემოსვლას.
– როგორ უნდა მივხვდეთ, უფალს ვემსახურებით თუ ეშმაკას?
– ისევ და ისევ ჩვენი თვალისა და გონების შემოწმებით. თუ ბოროტი, შურიანი ხარ, ესე იგი, არ ხარ ღმერთთან. თუ გიხარია, გიყვარს, არ ბრაზდები, აპატიებ – ესე იგი, უფალს ემსახურები. ჩვენი მთავარი მიზანი ცხონებაა. ზოგი ფიქრობს: გამოცდებს ჩავაბარებ, ცოლს მოვიყვან, მანქანას გამოვცვლი – ეს, რა თქმა უნდა, ამქვეყნიური, დროებითია. ჩვენი მთავარი კრედო ცხონებაა, სასუფევლის დამკვიდრება. მთელ მსოფლიოში ორი იდეოლოგია არსებობს. ერთი – წარმართული, ამსოფლიური: რომ აქ არის კარგი ცხოვრება. ამას ქადაგებენ იეღოველები, პოლიტიკური პარტიები. რაც საბოლოოდ, არ არის ასე. მეორე იდოლოგია ასეთია: ამ ყველაფერს ეძებენ წარმართები, თქვენ ეძებეთ სულის ცხონება. ღმერთმა იცის, რომ გშია, გწყურია, გჭირდება სახლი, საჭმელი და მე მოგცემთ ყველაფერსო. ანტიქრისტე რომ მოვა, იტყვის: ჭამეთ, დალიეთ, გაერთეთ და მერე იქნება ყველაფერიო. ჩვენ ხომ მუდამ იმაზე ვფიქრობთ: სად გავერთოთ, სად დავისვენოთ. კარგად უნდა ჩავიხედოთ სარკეში, ანუ სახარებაში და მივხვდებით, რომ შორს ვართ ჭეშმარიტებისგან, ბინძურია ჩემი თვალი. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა ჩაიცვას, ჭამოს, დაისვენოს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სასუფეველზე უნდა იფიქროს. ოღონდ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მერე მივაღწევთ, მერე ველოდებით: სადღაც მწვანე მინდორს, სადაც ჩიტები ჭიკჭიკებენ, ანგელოზები დადიან. არა, აქვე ხდება ყველაფერი: სასუფეველი ცათა თქვენ შორისაა. ანუ, ჩვენს გულში და თუ ჩვენი გული, გონება გაიწმინდება, ჩვენ უკვე სასუფეველში ვიქნებით აქვე, დედამიწაზე. ჩვენი პატრიარქი უკვე აქვე, სასუფეველშია, მისი გული გაწმენდილია. ჩვენ გვიკვირს, არსებულ სიტუაციაში რატომ დუმს პატრიარქი, რატომ ტირის? – იმიტომ რომ, ვეცოდებით, რადგან ასე შორს ვართ ამ ყველაფრისგან. მივბაძოთ პატრიარქს, რომელიც ბაძავს პავლე მოციქულს, ხოლო პავლე მოციქული ბაძავდა მაცხოვარს. როცა ადამიანს ეზარება სახარების მოსმენა, ან წაკითხვა, ან ქადაგების მოსმენა, მერე ამბობენ ხოლმე: არ ვიცოდი, ეს თუ ცოდვა იყო, არ ვიცოდი, რომ სასუფეველი ყოფილა მთავარი და მერე, სიკვდილი რომ მოგვიკაკუნებს კარზე, სარეცელს მივეჯაჭვებით, კარგი მრევლი ვხდებით. მსჯავრდებულების თითქმის 80 პროცენტს გონება გაეხსნა საპყრობილეში. მაინდამაინც ცუდად უნდა გავხდეთ, ან საპყრობილეში აღმოვჩნდეთ, რომ გონება გაგვეხსნას, ცხოვრება შევცვალოთ?! დღეს ორი ბატონის კი არა, ასი ბატონის სამსახურშია ადამიანი.
– გვიყვარს ყველაფრის გადადება: კარგი საქმეების, ეკლესიაში სიარულის, ზიარების, ცოდვებზე უარის თქმის.
– რატომ არ ვიცით მეორედ მოსვლის თარიღი? რომ ვიცოდეთ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა. ხომ ვიტყოდით: ჯერ ადრეა, იქამდე დიდი დრო მაქვსო. მეორედ მოსვლის თარიღი ჩვენი გარდაცვალების დღეა. ადამიანი როგორც კი გარდაიცვლება, მაშინ მოხდება მეორედ მოსვლა მისთვის. როდის გარდავიცვლებით? ეს არავინ იცის. სახარებაში იგავის სახით წერია: მონამ არ იცის, როდის მოვა მისი ბატონი. ჩვენდა საიმედოდ, ისიც წერია – ცოტა ბატონი იგვიანებს. ანუ, ყოველ დილით უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ჩვენი ბოლო დღე, რა თქმა უნდა, დაძაბულები არ უნდა ვიყოთ: მანქანა დამეჯახება, აგური ჩამოვარდებაო – ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა. მობილიზებულები ვიყოთ, ვეზიაროთ, სიმშვიდეში ვიყოთ და მერე ბევრი მოგვბაძავს. ახლანდელი პერიოდი ყველაზე რთულია ეკლესიური ცხოვრებისთვის. ყველა გადის ქალაქიდან, ისვენებს და აღარც წიგნის წაკითხვა უნდა, აღარც აღსარების თქმა და არც – ლოცვა. სიკვდილმა არც ზღვა იცის და არც მთა. ღმერთმა ეს ყველაფერი ჩვენთვის შექმნა, უბრალოდ, სწორად უნდა გამოვიყენოთ.