№29 ბუნება ადამიანზეა დამოკიდებული
ჩვენი ცუდი თვისებები რომ გამქრალიყო, ცოდვები და ვნებები, მაშინ მათი შესაბამისი სახეებიც გაქრებოდა ბუნებაში. მაგრამ, სანამ ადამიანი ადამიანისთვის მგელია, მანამ იქნებიან მგლები.
სანამ ადამიანი ადამიანისთვის წურბელაა, ბუნებაშიც იქნებიან წურბელები.
სანამ მიწიერთან მიჯაჭვული ადამიანის სული მიწაზე ცოცავს, მანამ იცოცებს მიწაზე გველიც.
ერთი სიტყვით, სანამ ადამიანი ამრავლებს თავის უღმერთობასა და უზნეობას, ბუნებაც გაამრავლებს მათი შესაბამისი ბოროტების სახეებს; გამრავლდებიან მტაცებელი ცხოველები, მიკრობები, მოიმატებს ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი და ასე შემდეგ.
შესაბამისად, ბუნება დამოკიდებულია ადამიანზე როგორც სახით, ისე შინაარსითაც.
***
ნუ იდარდებ იმის გამო, რომ უფალმა შენზე ავადმყოფობა დაუშვა. გაიხსენე, რომ გაცილებით უფრო მეტი ავადმყოფობები დაუშვა იმათზე, ვინც შენზე უკეთესია.
წარმოიდგინე მჭედლისგან დავიწყებული რკინის ნაჭერი, რომელიც წლების განმავლობაში, სადღაც, სამჭედლოს კუთხეში გდია. ბოლოს და ბოლოს, რკინა დაუწყებს მჭედელს თხოვნას, აიღოს ის და მუშაობაში გამოიყენოს. მაშინ მჭედელი სწრაფად აიღებს მას, შეაგდებს ცეცხლში და როდესაც გახურდება, გრდემლზე შემოდებს. იდარდებს ამის გამო რკინა?
ასევე, შენი ავადმყოფობა სასიხარულოა და არა სამწუხარო, რამეთუ შენ ლოცულობდი, რომ უფალს უკეთესი გაეხადე. მან, როგორც რკინის მჭედელმა, სამუშაოდ აგიყვანა და დაიწყო შენი გაკაჟება და გამოწრთობა. ძმაო, უფალმა მუშაკად სამუშაოზე აგიყვანა! მაშ, გიხაროდეს მჭედლისგან დავიწყებულო, ჟანგიანო რკინავ!
დაუმორჩილებლობის ცოდვა
ღმრთისადმი დაუმორჩილებლობის ცოდვა იმდენად მძიმეა, რომ მარტო ადამი ვერ შეძლებდა მისი შედეგების ტვირთვას და ვერ დაიღუპებოდა მისი სიმძიმის ქვეშ. დაუმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ეს და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისკენ, რომელიც მას აუცილებლად წაიყვანდა მარადიული სიკვდილისკენ. მაგრამ ბრძენმა შემოქმედმა დაუმორჩილებლობის სულზე მეტი იცოდა. მან გადაწყვიტა, გაემრავლებინა ადამიანთა მოდგმა, რათა მათ შეძლებოდათ, გაეზიარებინათ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე; მარადიული სიკვდილი მან შეცვალა დროებითით, ხოლო განადგურება – ნათლისა და ბნელის სამყაროში არსებობით.
პირველი ადამიანი ჰგავდა დიდ და სუფთა სარკეს, რომელშიც მხოლოდ ღმერთი აისახებოდა. დაუმორჩილებლობის დემონიც ცდილობდა მასში ასახულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ მან გადაწყვიტა, ეს სარკე დაეფარა თავისი სქელი და შავი მელნით, მაგრამ ამ დროს სარკე გატყდა და დემონს სამუშაო მოემატა, იმიტომ რომ, კაცობრიობის გამრავლებით სარკე აგრძელებდა მათ შორის აქეთ-იქით სირბილს და სულ უფრო და უფრო იქანცებოდა. დღესაც სარკე აგრძელებს მსხვრევას მილიარდობით ნაწილად და თითოეულს დემონი დასდევს თავისი შავი მელნით. მაგრამ, სარკე მანამდე განაგრძობს მსხვრევას, სანამ დაუმორჩილებლობა საბოლოოდ არ დამარცხდება; მაშინ ის აღდგება თავის პირველქმნილი ბრწყინვალებით.
ერთხელ, როდესაც დემონი გამარჯვებას ზეიმობდა, რადგან ფიქრობდა, რომ სარკე წარიხოცა და სამუშაო დაასრულა, ღმერთმა კვლავ გამოუჩინა სამყაროს სარკე მისი სიმრთელითა და სრულყოფილებით – თავის ძის, იესო ქრისტეს სახით. ამ მოულოდნელობამ დემონი სასოწარკვეთაში ჩააგდო და აღძრა ის უკანასკნელი ბოროტი თავდასხმისათვის. მაგრამ, მისი დღეები დათვლილია და დასასრული ახლოვდება. ეს უკვე არ ჰგავს ფილოსოფიას, ასე არ არის? ეს თვით ცხოვრებაა და ეს საკმარისია.
საღვთო განგებულება
როდესაც უსამართლო ადამიანის უსამართლობას ვხედავთ, ხშირად ვსვამთ კითხვას: რატომ ღმერთი უმალ არ დასცემს მას მეხს და არ გვიხსნის ჩვენ უსამართლობისგან? მაგრამ, ამასთან გვავიწყდება, ვკითხოთ საკუთარ თავს: უპირველესად, რატომ დედა არ კლავს თავის პაწიას, როგორც კი პირველად შეესწრება მის უგვანო საქციელს? მეორეც, რატომ ჩვენ – მე, შენ – ღმერთმა თავს არ დაგვატეხა მეხი, როცა ჩვენი ბოროტი საქციელი დაინახა?
თითოეულ ადამიანშია ჩადებული საღვთო კაპიტალი, არცერთი მებაღე არ აჩეხავს ბაღს, როცა ის ერთხელ მოსავალს არ მოიტანს, არამედ იმედით დაელოდება მომავალ წელს. ადამიანის ცოდვა – ეს არის მოუსავლიანი წელიწადი და ღმერთიც, იმედით და წყნარად ელოდება.
ზოგჯერ ამაოდ ელოდება: იუდა იუდად დარჩა. მაგრამ ხშირად უხვ მოსავალსაც იღებს: ბაღი იწყებს ნაყოფის გამოღებას და სავლე პავლედ იქცევა.