№28 რატომ არ სჯერა დასავლეთს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, რატომ ეიმედება „ნაციონალური მოძრაობა“ და რატომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობის აღება
გასული კვირა მეტად დატვირთული იყო: ვენეციის კომისიის თავკაცის გასამების შემდეგ (ბ-ნმა ბუკიკიომ ჯერ მოგვიწონა საკონსტიტუციო ცვლილებები, შემდეგ დაგვიწუნა, იმედგაცრუებული ვარ, რადგან კონსენსუსის იმედი მქონდაო და ბოლოს თითქმის მოგვიწონა, იმედს არ ვკარგავ, არც ისე ცუდიაო); პრეზიდენტმა, რომელსაც, კონსტიტუციით, ლამის მხოლოდ და მხოლოდ კრიზისების განმუხტვის ფუნქცია აქვს, განგაშის ზარები დაარისხა: ეროპული ღირებულებები საფრთხეშიაო; ამასობაში, ოპოზიციური სპექტრი (და მერე რა, რომ ელექტორატის მხარდაჭერაში მოიკოჭლებს) კატეგორიულად მოითხოვს, ჩვენთან უნდა შეათანხმოთ საკონსტიტუციო ცვლილებებიო; არასამთავრობო სპექტრი კვლავ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბედითაა შეჭირვებული; მმართველ გუნდს კი, რაკი უმრავლესობა აქვს, დამოუკიდებლადაც შეუძლია ნებისმიერი ცვლილების მიღება. ამ პოლიტიკური არეულობის შეფასებაში ჩვენი ევროკავშირული მომავლის პერსპექტივით, პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე დაგვეხმარება.
– ბუნდოვანი დარჩა, რის ცვლილებას ითხოვდა ვენეციის კომისიის თავკაცი, რადგან კონსენსუსის მეტი არაფერი უხსენებია. კოსნენსუსია თვითმიზანი თუ კონსტიტუციის შინაარსი? თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ჯანი ბუკიკიოს მიერ მამლის ყივილამდე, ანუ წასვლამდე თავისივე ნათქვამის სამჯერ უარყოფამ?
– ჩვენ, ქართველებს, გვიყვარს ფაქტებისა და მოვლენების მიღმური სივრცის ჭვრეტა და არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირით, რომელიც ძირითადად პროპაგანდასთან მეგობრობს, ამიტომაც ცოტა სიღრმისეულია ჩვენი ხედვა. ბატონი ბუკიკიოს მოსაზრება ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც 2010 წელს სააკაშვილი ჭრიდა და კერავდა კონსტიტუციას საკუთარ თავზე მოსარგებად პრემიერის რანგში და ავტორიტარიზმს უყრიდა საძირკველს კონსტიტუციურად, მაშინ რომ ხმა ამოეღო, მაგრამ მაშინ ბუკიკიოც დუმდა და ევროკავშირული სტრუქტურებიც. რადგან ჩვენ გაჭირვებული ქვეყანა ვართ, პრობლემები გვაქვს, გვჩაგრავს ძლიერი მეზობელი, თავის კანტურს ვერ დავიწყებთ ყველაფერზე. ჩვენ უწინარესად, ვართ საქართველოს მოქალაქეები და, ამდენად, ბუკიკიოს განცხადებები კონიუნქტურულია. როდესაც ის ჩამობრძანდა და ბრძანა, რომ იმედგაცრუებულია, მკრეხელური აზრი დამებადა თავში: რითაა იმედგაცრუებული ან რით არ იყო უკმაყოფილო სააკაშვილის კონსტიტუციური ავტორიტარიზმის პრაქტიკით? იქნებ ვიღაცისგან უფრო მეტ ყურადღებასა და პატივისცემას ელოდა?!
– ვისგან?
– იქნებ ოლიგარქისგან? საეჭვო იყო მისი უკმაყოფილების საფანელი. წასვლის წინ კი გვითხრა, ბოლომდე არ აქვს დაკარგული იმედი, რომ კონსენსუსს მივაღწევთ, მაგრამ ვისსა და ვის შორის?
– მე მგონია, რომ ჯობდა, მიეთითებინა კონსტიტუციის რომელი ცვლილებები არ მოსწონდა.
– კონსენსუსი ვიცი თანასწორ ძალებს შორის, რომელთაც აქვთ თანაბარი ელექტორული მხარდაჭერა, თორემ იმ ძალებთან კონსენსუსი, თან ასეთი რიხით, რომლებიც, ფაქტობრივად, უარყო ხალხმა და იქიდან ბიბლიურ მოტივებზე „ნაციონალებიდან“ წარმოიშვა ახალი „პრონაციონალები“, მთლად ლოგიკურად არ მესახება. მართალია, დასავლეთს ისინი ეიმედება სამომავლოდ, მაგრამ ქართველი ხალხის უმრავლესობა ასე არ ფიქრობს. თუ ევროპელი ავტორიტეტი ლაპარაკობს კონსენსუსზე, მაშინ როდესაც მმართველი ძალის ლეგიტიმურობის მეტი წილი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე მოდის, რომელიც დღეს გაუჩინარებულია სარბიელიდან, მორიგ არჩევნებამდე ხალხს უნდა დავეკითხოთ აზრი და კონსენსუსი უნდა შედგეს მთლიანად ქართველ საზოგადოებასთან. რადგან ეჭვქვეშ დგება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის საფუძვლიანობა, ხოლო სხვა დანარჩენ პარტიებს, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც დაიშალა და არავინ იცის, რომელ პარტიას რა რეიტინგი აქვს, საერთოდ არ აქვთ რეიტინგი, ანუ კონსენსუსი აუცილებელია არა ოპოზიციასთან, არამედ მთლიანად ქართველ საზოგადოებასთან. ვკითხოთ მათ აზრი როგორც ზოგადად კონსტიტუციის მიღება-მიუღებლობის, ისე საკვანძო საკითხების შესახებ. ეს იქნება პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო სისტემის საფუძველი, მხოლოდ პროპორციული თუ შერეული, მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი, ქორწინების დეფინიცია და სხვა… თუ ხალხია უზენაესი ძალაუფლების წყარო, მაშინ მათ ვკითხოთ, ისევე, როგორც საფრანგეთსა და ჰოლანდიაში ჰკითხეს, უნდოდათ თუ არა ევროპული კონსტიტუცია. ფრანგმა ხალხმა და ჰოლანდიის მოსახლეობამ ამას უთხრა უარი და ეს საკითხიც გაქრა. ან მეორე მაგალითი: ყველას გვაქვს ტელევიზორი და მცირეოდენი ჭკუა-გონება ამის გასაანალიზებლად: პოლიტიკურ ელიტას თავის უმრავლესობაში არ უნდოდა ბრიტანეთის გამოსვლა ევროკავშირიდან, მაგრამ ხალხმა მცირე უპირატესობით პრიორიტეტი მიანიჭა „ბრექ-სითის“ და მომდევნო არჩევნებზე საკითხი ისე კი არ იდგა, გადავსინჯოთ თუ არა ხალხის ვერდიქტი, რადგან ის მთლად კარგად არ იყო აწონილ-დაწონილიო, არამედ ლაპარაკი იყო იმაზე, თუ ვის ვანდოთ ხალხის ნების აღსრულება – კონსერვატორებს თუ ლეიბორისტებსო. მესმის, რომ ჩვენ 27 წელია, არ ვენდობით ქართველ ხალხს, პირველი არჩევნების გარდა ყველა მეტ-ნაკლებად მანიპულაციებისა და მჩხიბაობის შედეგი იყო, მაგრამ ამ კონტექსტს რატომ არ მიგვითითებენ ჩვენი მეგობრები ევროკავშირიდან, საითკენაც მივდივართ და ჩვენი არჩევანი არის ურყევი?! ოღონდ უნდა მიგვითითონ არა ასე ჩამოქროლვით ან ზედამხედველების პირით. რუსულად კარგად გამოითქმის: „ნადზირატელების“ პირით, არასამთავრობოების სახით რომ გვყავს, ოციოდე კარგად დაფინანსებული, გრანდიოზული შემოსავლებით, რომლებიც გვეუბნებიან, ჩვენ, მესამე სექტორს, მიგვაჩნია, ასე უნდა იყოსო. თუ ასე უნდა იყოს და ამას თქვენი დამფინანსებელი ამერიკელები ფიქრობენ, ამერიკის უზარმაზარი საელჩოა თბილისში, უზარმაზარი დიპლომატიური კორპუსით და მაშინ მოვიფიქროთ და მოვითათბიროთ ოფიციალურად, იმიტომ რომ, ზედამხედველების გნიასი ტოვებს ძალიან არასერიოზულ შთაბეჭდილებას და თავისთავად ეს არის დამაფიქრებელი.
– საქართველოში პარტიულმა მუშაობამ ერთგვარად მახინჯი ფორმა მიიღო: ოცი პარტია იღებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან, რაც ყოველწლიურად 9 მილიონი ლარი ჯდება. ზოგს არც კი გადაულახავს ბარიერი, ზოგი ბლოკის წყალობით იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. მათ აქვთ დაბალი რეიტინგი, მაგრამ მაღალი ამბიცია. კატეგორიულად ითხოვენ გადაწყვეტილებების მათთან შეთანხმებას, ისინიც კი, რომლებსაც ერთი ხმა თუ დაუგროვებიათ. არადა დასავლეთი ითხოვს მათი აზრის გათვალისწინებას და აიგნორებს საზოგადოების აზრს. რა დამოკიდებულება იკითხება ამის უკან?
– ევროპელებისა და ამერიკელებისთვის საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მაგრამ მცირე ქვეყანა, რომელშიც, მათი ხედვით, ძლიერია საბჭოური პერიოდის წანაშრევები, ძლიერია ნაციონალისტური მისწრაფებები და მიდრეკილებები, რომელშიც ძლიერია, როგორც ისინი უწოდებენ, ორთოდოქსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მათ მიერ არ აღიქმება, როგორც პროგრესის ხელშემწყობი ინსტიტუცია. საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმატორთა უზარმაზარი არმია ჰყავთ, მათ მიერვე დაფინანსებული ზედამხედველების სახით, ზოგჯერ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათი წარმოდგენები ძალიან ზერელე და ზედაპირულია. თუ გახსოვთ, 2009 წელს ძლიერი გამოსვლები იყო მაშინდელი ხელისუფლების წინაააღმდეგ, ეგრეთ წოდებულ გალიების აქციას ვგულისხმობ და ადამიანების ჯგუფთან ერთად მოვხვდი, რომლებიც ოპოზიციის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე მუშაობდა და რჩევებს აძლევდა. იქ მოვიდა ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული პიარ-კომპანიის კითხვარი, რომელიც ოპოზიციას უნდა შეევსო და ამ კითხვარიდან ჩანდა, რომ შემდგენლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და გაკვირვებულები, შეიძლება, ითქვას, აღშფოთებულებიც კი იყვნენ, რომ ამ რეფორმატორ მიშა სააკაშვილს როგორ აუმხედრდა ლამის მთელი საქართველო. ჩანდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ ქართველი ხალხის ბუნებაზე, სწრაფვაზე, ინტერესებზე, მის ნამდვილ და ჭეშმარიტ პროდასავლურობაზე. ამდენად, ისინი არ ენდობიან დღევანდელ მმართველ ძალას, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, მილიარდერი ივანიშვილი, რომელსაც თავისი თანხის უმეტესი ნაწილი დასავლეთის ბანკებსა და საფონდო ბირჟებზე აქვს განთავსებული, გაცილებით საიმედო უნდა იყოს, ვიდრე ავანტიურების მოყვარული, გაუწონასწორებელი მიხეილ სააკაშვილი იყო, მაგრამ მაინც არ ენდობიან ამ ძალას და ამიტომ ებღაუჭებიან, ასე ვთქვათ, იმედს, რომ თუ ისევ დადგა ხელისუფლების შეცვლის საკითხი 2020 წელს, ისევ ეიმედებათ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოშობილი პარტიები. ასე რომ, ეს არის საფუძველი – ნდობის დეფიციტი მმართველი ძალის მიმართ, რასაც ამყარებს ისიც, რომ ივანიშვილი ცდილობს, თავიდან მოიშოროს პასუხისმგებლობა და ევედრება თავის მიერვე შერჩეულ ადამიანებს, აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა და თქვენ მართეთ ქვეყანა, მაგრამ მათ არაფრით არ უნდათ ამის გაკეთება: არც პრემიერს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც სხვა ინსტიტუციების ლიდერებს. ისევ ელოდებიან სიგნალებს ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც იძულებული გახდა, გაუჩინარებულიყო და ეს კიდევ სხვა თემაა, რატომ.
ეს ყველაფერი, ბუნებრივია, კარგად იციან ამერიკაში მათ, ვინც ამერიკული და განსაკუთრებით, რეგიონული პოლიტიკის განმსაზღვრელები არიან. ამიტომ ასეთი დამოკიდებულებაა, აქეთ – ევროკავშირი თავისი არეული განწყობებითა და სტრუქტურებით, ბატონი ბუკიკიო თავისი არათანმიმდევრული და გაუგებარი შეფასებებით და ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ მათ არ სჯერათ დღევანდელი მმართველი ძალის?!
– რატომ არ სჯერათ: მმართველმა ძალამ ვერ მოახერხა ნდობის გაღვივება მათში თუ აპრიორი არ სჯერათ, რადგან „ქართული ოცნება“ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“?
– არ სჯერათ იმიტომ, რომ დასავლეთის პოლიტიკური კლასი მიჩვეულია სხვა ენას, სხვა ცნებებითა და კატეგორიებით მსჯელობას. მათ ვერ მიიღეს ამერიკელი ხალხის არჩევანი – დონალდ ტრამპი და დღემდე ოცნებობენ, რაღაც ისეთი უპოვონ, რომ იმპიჩმენტი გამოუცხადონ, რადგან ტრამპი არაორდინარულია. ისინი უკვე ათწლეულებია, მიეჩვივნენ, რომ პოლიტიკური კლასი ლაპარაკობდა ამ ელიტისთვის გასაგებ ენაზე და მათ აქედან კარგი შემოსავლები ჰქონდათ. მათთვის ტრამპი სხვანაირი ლიდერია, ამიტომ არასდროს დანებდებიან მათ, თუ ტრამპმა რამე ეფექტიანი საშუალებები არ მოიძია მათ დასაოკებლად და აი, იგივე ხდება საქართველოსადმიც. მათთვის გაუგებარია არაფორმალური მმართველობა და გარკვეული თვალასზრისით, რთულია აღსაქმელადაც.
– ჩვენთვისაც არ არის გასაგები და დადებითად აღსაქმელი.
– ჩვენთვის მიუღებელიც არის, მაგრამ ადამიანი ამბობს, არ მინდა, ვიყო არაფორმალური ლიდერი, მე ჩემი საქმე გავაკეთე, ახლა წავალ, გავდგები განზეო. მან მართვა არ იცის, პოლიტიკა არ ესმის. ის შესანიშნავი და წარმატებული ბიზნესმენია, მაგრამ პოლიტიკა სხვა სფეროა. მან არ იცის, რომ, თუ ადამიანს აათვალიერ-ჩაათვალიერებს, დაელაპარაკება, მოეწონება და შეარჩევს, შეიძლება, ის არ გამოადგეს. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ყველამ იცის ათამდე მნიშვნელოვანი საკადრო შეცდომა და გაჭირდება წარმატებულის გახსენება. ეს გაუგებარია ამერიკელებისთვის. არის თუ არა კვირიკაშვილი პოლიტიკური ლიდერი?! გაკენწლა ხუხაშვილმა ტელევიზიით და მეორე დღესვე დაჯდა ეთერში და გააკეთა პოლიტიკური განცხადება. ჩვენ ხომ არ უნდა ველოდოთ, როდის გაკენწლავს ვინმე პრემიერს, რომ მან პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია იტვირთოს?! ის განათლებული, რესპექტაბელური, კარგი და გონიერი მენეჯერია, დასავლეთისთვის მისაღები, მაგრამ როდის უნდა იქცეს პოლიტიკოსად?! წლები გადის და მსგავსს ვერაფერს ვხედავთ. მეორე მხრივ, შესანიშნავი, კულტურული ადამიანია ირაკლი კობახიძე, რომელიც უხეშ შეცდომას უშვებს აუდიტორიასთან დამოკიდებულებაში. მას ისეთი არაეთიკური გამონათქვამი წასცდა, რომ დაიწყო ლაპარაკი მის ჩანაცვლებაზე, თითქოს გერმანიაში უშვებენ ელჩად. ასე რომ, რაც უნდა არ გვიყვარდეს პოლიტიკოსები და ბოლო 27 წლის პრაქტიკიდან გამომდინარე, ბევრმა შეირცხვინა თავი, პოლიტიკოსების საქმეა პოლიტიკა და პოლიტიკოსების მწვავე დეფიციტია მმართველ გუნდში. ოპოზიცია შეიძლება, არ ვარგა მთლიანობაში, მაგრამ აქა-იქ პოლიტიკოსები მაინც ჰყავთ, რომლებიც პოლიტიკურად აზროვნებენ. ანუ აქ არის ყრუთა დიალოგი ბრმებთან, რაც გაუგებარი და მიუღებელია დასავლეთისთვის, ამდენად, ამ შემთხვევაში, ჩვენ ქართველმა საზოგადოებამ, უნდა ვიყოჩაღოთ. რომლებსაც არც ტრიბუნა გვაქვს, არც ფინანსები, არც საშუალება, რომ მივდიოთ ამ თემებს ბოლომდე, რათა თავზე არ დაგვექცეს ყველაფერი, რომ მოვლენები არ განვითარდეს ირანის სცენარით. რუსეთის ბოლოდროინდელი გააქტიურება ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებაზე, პრეზიდენტის რიტორიკა „რუსთავზე“, მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობა გამწვავდეს გლობალურ ან კონკრეტულ ასპექტში.