№28 როცა „თქმითაც დაშავდების“
ანუ ვის უნდა წავუკითხო ხმამაღლა „ხუთკუნჭულა“
ცნობილია, რომ ამ ჩვენი განათლების ეს ჩვენი მინისტრი დიდად არ სწყალობს არც ქართულ ფოლკლორს (ქართული ზღაპრებით დაწყებული) და, მაინცდამაინც, არც ქართულ ლიტერატურას (ჰაგიოგრაფიასა და თვით შოთა რუსთაველზე გავლითა და ილია ჭავჭავაძით დამთავრებული), თუმცა ამ ფაქტს ხელი მისი მინისტრობისთვის არ შეუშლია. ასე განსაჯეთ, დაწინაურდა კიდეც. აწ უკვე მესამე ვიცე-პრემიერია და მთავრობის სპიკერი.
ჰოდა, რაკი არ აღიარებს ჭეშმარიტებას, რომ „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“, მთავრობის სპიკერის რანგში ისეთები განმარტა, რომ ვინატრეთ, ისევ ნაცარქექია და რწყილი ეკრიტიკებინა (ეს უკანასკნელი, თუნდაც, ჭიანჭველასთან ტანდემში).
სულ ბოლოს აზრი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების პრობლემის შესახებ გამოთქვა (ზოგიერთ ადგილას გაუსაძლის სიცხეში კონდიციონერებმა არ იმუშავა და აბიტურიენტებს საჰარის პირობებში მოუწიათ გამოცდის ჩაბარება): „გამოცდები სტრესია და სადაც კონდიციონერია, გულის წასვლის შემთხვევები იქაც არის (და იქნებ და, უკონდიციონეროდ მათაც წაუვიდათ გული, კონდიცირების შემთხვევაში რომ კაჟად იქნებოდნენ?!)… სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეთი ვითარება გვაქვს, რომ ის პირიქით, ხელს უშლის რომელიმე აბიტურიენტს („ის“, ანუ კონდიციონერი).“
მე არ ვიცი, რა აუცილებელი იყო ამ ბოლო განმარტების მიყოლება (ანკი ვის უნდა შეუშალოს ხელი 40-გრადუსიან სიცხეში გაგრილებამ), მაგრამ დიდი ეჭვი კი მაქვს, რომ ზოგიერთებს არ აწყენდათ, თუკი იძულების წესითა და ხმამაღლა „ხუთკუნჭულას“ წავუკითხავდით. –