№27 როლში
ანუ სასახლის ბინადარნი
მართალია, ამ ჩვენი მრავალტანჯული კონსტიტუციით და ჯერ კიდევ 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით (მას შემდეგ, რაც საპარლამენტო მოდელზე გადავედით), 2013 წელს არჩეულ პრეზიდენტს (როდესაც სრულად ამოქმედდა 2010 წლის კონსტიტუცია) სიმბოლური ფუნქცია აქვს და უმთავრესად – კრიზისების განმუხტვისა, მაგრამ ამ ჩვენი 2013 წელს არჩეული პრეზიდენტის მიერ განმუხტული კრიზისი პირადად მე თვალად არ მინახავს (თუ თქვენ შეგივლიათ თვალი, არ გამომაპაროთ!).
თუმცა, მაგალითად, გასულ კვირას ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გვაუწყა, რომ დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს. რატომ აირჩია საამისოდ, მაინცდამაინც, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი, უცნობია, თუ, რასაკვირველია, კრიზისის განმუხტვის საპრეზიდენტო ვალდებულებით ვიხელმძღვანელებთ. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, ამით საკუთარი ერთგულებისთვის გაესვა ხაზი ევროპული ფასეულობებისადმი ევროპელების გულისყურის გასაგონად (ვითომ კონსტიტუციის ერთგულება არ ჯობდა?!).
როგორც უნდა იყოს, ამის შემდეგ პრეზიდენტმა არც ის დაგვიმალა, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან კითხვები არ აქვს (მის როლს ისტორია შეაფასებსო). და იქვეც დასძინა, რომ მასთან კარგა ხნის პოლიტიკური დაპირისპირება აკავშირებს, ოღონდ ურთიერთობა დაამთავრა მაშინვე, როდესაც სააკაშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა დაასრულა.
თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნ სააკაშვილს პოლიტიკური მოღვაწეობა არ დაუსრულებია, იქნებდა, ბ-ნ მარგველაშვილს იმის თქმა სურდა, რომ სასახლის ბინადარი სასახლისვე ბინადრის ტყავს ვერ დახევს?! –