№28 უსარგებლო – სასიამოვნოსთან
ანუ დავბოლდეთ და ვისიამოვნოთ?!
მაშინ, როდესაც ამას წინათ რფ-ის პრ.-მა რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე ისლამური სახალიფოს მებრძოლების გადმოსვლის საფრთხეზე ილაპარაკა (დესტაბილიზაციას გეგმავენო), ჩვენთან (ორივე ფლანგის პოლიტოლოგებმა) გული დაგვიარხეინეს, რომ ვლ. პუტინი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიას გულისხმობდაო (თითქოს ცხინვალთან და აფხაზეთში ჩემი სამხედრო ბაზები იყოს განლაგებულ-გამაგრებული?!).
თუმცა განცხადებას იმთავითვე ეტყობოდა, რომ რფ-ის პრ.-ი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიას არ დასჯერდებოდა და ამ ფაქტს საქართველოს, როგორც კვლავ ტერორიზმის საფრთხედ, წარმოჩენისთვის გამოიყენებდა (ჯერჯერობით მთლად აკვნობასაც არ გვაბრალებენ).
სულ ახლახან ჩეჩნეთის სახელმწიფო სააგენტომ კვლავ გაიხსენა პანკისი, ამჯერად, როგორც სახალიფოდან გამოძევებული ისლამისტების თავშესაფარი: „ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერების განსაზღვრული ნაწილი წარმოშობით საქართველოდანაა, უფრო ზუსტად კი, პანკისის ხეობიდან, სადაც უკვე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჩეჩენი ქისტები ცხოვრობენ. ჩეჩნეთის მეორე ომის წლებში პანკისის მცხოვრებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ შორის, „ბოევიკებით.“
მეტიც, ხეობაში ვაჰაბიზმის გაღვივებაც ჩვენ დაგვბრალდა: „საქართველოს ხელისუფლების წაყრუებით… ახალგაზრდებმა ვაჰაბიზმში ერთადერთი რელიგიურად ჭეშმარიტი გზა დაინახეს. უფროსების ნაწილს ახალგაზრდები იმასაც საყვედურობდნენ, რომ პანკისში ქართული ტრადიციების გავლენას წინააღმდეგობას არ უწევდითო.“ ამიტომაც შეშფოთებულან: „სირია-ერაყიდან საქართველოში უკანდაბრუნებული ისლამისტი ტერორისტებით“.
ფაქტია, ჩეჩნური სააგენტოს ენით კრემლი ლაპარაკობს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ისაა გამორიცხული, ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით, რფ-მ კვლავ გახსნას პანკისური ფლანგიც.
ხოლო, რაკი ჩვენ სულ სხვა საქმეებით ვართ გართულნი (ხელისუფლება-ოპოზიცია-სამოქალაქო სექტორი, ზედაც – ახალგაზრდა მომიტინგეებიანად), ვფიქრობ, პრობლემის გადაჭრის გასაღები დაბოლებაა, როდესაც მოდუნება სასიამოვნოს თვით უსაგრებლოსთან შეთავსებაშიც კი დაგვეხმარება?! –