№28 ვისთან ერთად აპირებს საოცნებო ტურნეზე წასვლას სანდრო კურცხალიძე და რა მოხდა მისი დახმარებით სოფო ნიჟარაძის ცხოვრებაში პირველად
როგორც ცნობილია „X ფაქტორის“ გამარჯვებული ბათუმელი სანდრო კურცხალიძე გახდა. გამარჯვებისთანავე ის მშობლიურ ქალაქში გაემგზავრა, რადგან აბიტურიენტია და ეროვნულ გამოცდებს აბარებს.
– სანდრო, გილოცავ გამარჯვებას!
სანდრო კურცხალიძე: დიდი მადლობა მოლოცვისთვის თქვენ და ყველას, ვინც გვერდში მედგა. მათ გარეშე მე ვერაფერს ვიზამდი. სანამ ლაივი დაიწყებოდა, გამარჯვების იმედი მქონდა, მაგისთვის ვიბრძოდი და ვიხარჯებოდი ბოლომდე. მაგრამ, დაჯილდოება რომ დაიწყო, სპონსორების პრიზები ძირითადად გრიგოლმა აიღო და იმედი დავკარგე: შანსი არ არის, მოვიგო. თან ამ პროექტში სულ ბიჭი იმარჯვებს, დროა, ახლა პატარა ბიჭმა მოიგოს-მეთქი. ამიტომ, მეგონა, ის გაიმარჯვებდა. როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა, ემოციების ტალღა, ცუნამი რომ გეჯახება და ვერ დგები. მიმაჯაჭვა სცენაზე, დავჯექი და ვეღარ ვდგებოდი.
– კიდევ გაქვს ეიფორიული მომენტები?
– ვეღარ მექნება ეიფორიული მომენტები, ვერ ვფიქრობ ამაზე, რადგან, რაც ჩამოვედი, მას შემდეგ მასწავლებლებთან დავდივარ, გამოცდებს ვაბარებ. ჯერჯერობით, ვერაფერზე ვფიქრობ. გამარჯვება კი შევირგე, მაგრამ უფრო მეტად, გამოცდების დამთავრების შემდეგ შევირგებ.
– გრიგოლს რომ ბევრი უჭერდა მხარს, სოციალურ ქსელშიც წერდნენ. ამაზე ნერვიულობდი?
– ასეთ დროს ყველაფერი მოქმედებს. ოთახში, სადაც ბახვა ბრეგვაძესთან ცნობილი სახეები იყვნენ ხოლმე, ყველა ამბობდა, რომ გრიგოლს უჭერდა მხარს. ერთადერთი, რუსკა ქარქაშაძემ დამიჭირა მხარი. როდესაც კონკურსი მიმდინარეობს, ცნობილი ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი გამოცდილი აქვს, არ უნდა ამბობდნენ: მხარს ვუჭერ ამას, ჩემი მხარდაჭერა ამ მონაწილესო. ასეთი რაღაცეები დანარჩენ კონკურსანტებზე ძალიან მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი პირველი იყო, ახალი გამოცდილება მაინც მოქმედებდა, მაგრამ „ზადნი“ მაინც არ მიმიცია, უკან არ დამიხევია. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ამისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ სასიამოვნო არ იყოს. რუსკა ქარქაშაძის ერთადერთმა ხმამ ისე გამახარა, რომ ყველაფერი დამავიწყდა. თუმცა, საბოლოოდ გავიმარჯვე, ჩემთვის მხოლოდ ბათუმს არ დაუჭერია მხარი, მე გურიაში ვარ გაზრდილი – გურიაც მიჭერდა მხარს, სვანეთიც, კახეთიც, ყველამ დამიჭირა მხარი. სხვათა შორის, წერდნენ. მამამისმა „რუსთავი 2” იყიდა და ამიტომ მოიგოო. ნეტავ, მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ იყიდოს „რუსთავი 2” მამაჩემმა, მოხარული ვიქნებოდი.
– კრიტიკას ყურადღებას აქცევდი?
– ყველაფერს ვკითხულობდი, არ მქონია ის მომენტი: არ წავიკითხავ, რომ არ „დავიგრუზო“. ვცდილობდი, ყველაფერი წამეკითხა, რადგან ხალხის შენიშვნები მაინტერესებდა. ზოგადად, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ და მიმიღია კიდეც. მოხარული ვარ და „გულგაშლილი“ ვიღებ, მაგრამ პიროვნებას რომ ეხებიან, ეს გულდასაწყვეტია – „დებილიზმში“ გადადის. დებილი, სულელი, რატომ იღრიჯება, ძროხასავით ყმუის – ასეთი კომენტარები მიუღებელია და არ ვიცი, ხალხი რატომ ამბობს ამას. რატომ ვერ განვითარდა მათი აზროვნება იმ დონემდე, რომ ან არ მოუსმინონ ადამიანს, ან არ გალანძღონ და უბრალოდ, შენიშვნა დაწერონ. ჩემი აზრით, არ იყო მოსაწონი მათი მხრიდან ასეთი ქცევა. თუმცა, მათაც მადლობა ამისთვის: მათი „დახმარებით“ გავიზარდე და მათი „დახმარებით“ გავიმარჯვე კიდეც. როცა ჩემი მხარდამჭერები კითხულობდნენ ასეთ კომენტარებს, საკმაოდ კარგი რეაქცია ჰქონდათ. ეს იმით გამოიხატა, რომ გავიმარჯვე. უმეტეს შემთხვევაში, როცა ადამიანს შენიშვნას ცოტა უხეშად აძლევ, ჟარგონულად რომ ვთქვა, „ააგდებ“, ეს მას სტიმულს აძლევს, ეხმარება: ცდილობს, უკეთესად გააკეთოს ყველაფერი. ჩემს შემთხვევაში, სხვანაირადაა: ასეთ დროს „ვიგრუზები“, ნერვები მეშლება და მხოლოდ მის რეპლიკაზე ვფიქრობ. მარტივად ვერ გადამაქვს. როდესაც მაქებენ: ყოჩაღ, სანდრო, მაგარი ბიჭი ხარო, – ამ დროს მინდა, უფრო მეტი გავაკეთო, უფრო მეტად შემაქონ და უფრო მაგარი ბიჭი გავხდე.
– ადვილად „ვარდები“ ასეთ რაღაცეებზე? – მეც ჟარგონს გამოვიყენებ.
– როცა სოციალურ ქსელში წერენ რაღაცას, არ მჩვევია, ვინმეს კომენტარი დავუწერო, ან ვუპასუხო. მაგრამ, როცა პირად ფოტოს ვდებდი, ერთიორჯერ ვიღაცამ ცუდი რაღაც დაწერა. არც მიმიწერია, წავშალე და „დავაიგნორე”. სოციალურ ქსელში ამაზე საუბარი არ ღირს. მაგრამ, პირადად ჩემთვის ცუდი რამ არავის უთქვამს. ბათუმი პატარაა, ყველას ვიცნობ, დიდი სამეგობრო, სანაცნობო წრე მყავს და არავისთან მაქვს ცუდი ურთიერთობა, ყველას ვუყვარვარ. ამიტომ, პირადად არავინ მეტყვის ასეთ რამეს, რადგან არ ვარ ცუდი პიროვნება. კარგი ბიჭი ვარ-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ ვარ. როცა არ მიცნობს და მლანძღავს, მეცინება ხოლმე. პირადად რომ მითხრან, სავარაუდოდ, საკადრის პასუხს გავცემ.
– რა მეთოდით?
– გავლახავ-მეთქი, ნამდვილად არა, ხელს არ გავარტყამ. არ ვარ ჩხუბის მომხრე. მარტივად, კულტურულად, ზრდილობიანად ავუხსნი, რატომ არ არის სწორი.
– ძალიან კარგი პრიზები მოიგე, საუკეთესო.
– დიახ. სახლი მოვიგე, მანქანა და ჩემი საოცნებო ტურნე. სახლი თბილისშია და როგორც კომპანიის დირექტორმა მითხრა: ოქტომბერში დაიწყებს რემონტს. მანქანაზეც დამირეკავენ, როდის უნდა გადამიფორმონ. თბილისში ჩამოვალ და გადმოვიფორმებ. რაც შეეხება ჩემს საოცნებო ტურნეს: სადაც მინდა, როცა მინდა, ვის კონცერტზეც მინდა, იქ წავალ. მე თვითონ ვირჩევ, ვის კონცერტზე და ვისთან ერთად მინდა წასვლა.
– ვისთან ერთად გინდა წასვლა?
– ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ვის კონცერტზე წავალ, მაგრამ ვისთან ერთად წავალ, ეს ვიცი. ჩემი მეგობარია, რომელიც მთელი პროექტის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებია, ღამეებს მითენებდა, ეს არის ლუკა გოგიბერიძე.
– ავტომობილის მართვა იცი?
– კი, ვიცი. თბილისშიც მანქანით ვმოძრაობდი. თავიდან ფრთხილი ვიყავი, მაგრამ მერე კინაღამ გადამიარეს თავზე და მივხვდი, ჩქარა უნდა მევლო.
– ბოლოს რომ ვისაუბრეთ, არ გქონდა ბოლომდე გადაწყვეტილი, სად გააგრძელებდი სწავლას. ახლა გადაწყვიტე უკვე?
– კიდევ არ გადამიწყვეტია. ეროვნულ გამოცდაზე საზღვაო მქონდა ჩაწერილი, სხვა გეგმები არ მქონდა. ალბათ, მოგვიანებით გადმოვალ თბილისში სხვა ფაკულტეტზე და თან, ჩემს კარიერასა და სიმღერას მივხედავ.
– შენს გამარჯვებაში სოფო ნიჟარაძეს დიდი წვლილი მიუძღვის.
– სოფოს ძალიან გაუხარდა, მეცხრე ცაზე იყო. მიხარია, რომ სწორედ მე გავამარჯვებინე, მე ვარ პირველი, ვისთან ერთადაც სოფომ გაიმარჯვა. თუმცა აღნიშვნა ვერ მოვასწარით, რადგან მაშინვე ბათუმში წამოვედი. ახლა ველოდები სოფოს, სხვა კონკურსანტებიც ჩამოდიან და ყველანი ერთად აღვნიშნავთ ჩემს გამარჯვებას.
– მამამ შეიტყო შენი გამარჯვების შესახებ?
– კი. არ მეგონა, თუ შეძლებდა ყურებას, მაგრამ პირდაპირ ეთერს უყურა ზღვაში – სამი ლაივი გასულა. ჯერ არ გვისაუბრია გამარჯვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან გაუხარდა.