№28 როდის იყო ყველაზე მძიმე პერიოდი ბარბარიკას მაჭანკლის ცხოვრებაში და ვის დაქორწინებას აპირებს ის ბარბარიკას შემდეგ
მსახიობი თამუნა აბშილავა იგივე ბარბარიკას მაჭანკალი კლარაა, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალების” ამ სეზონის ბოლო სერიებში განსაკუთრებით გააქტიურდა და დოჩის დავალებით, ცდილობს, მანტკავების ოჯახს ახალი სიძე – ბარბარიკას ქმარი შეურჩიოს.
როგორც მსახიობი ამბობს, პირდაპირი მნიშვნელობით მაჭანკლობა მისთვის უცხოა, მაგრამ უცოლო მამაკაცების დაქორწინებაში, გარკვეული თვალსაზრისით, დიდი წვლილი შეაქვს. როგორ აკეთებს ამას, რატომ არ შექმნა აქამდე ოჯახი და ცდილობენ თუ არა მაჭანკლის მაჭანკლობას მისი ახლობლები, ამას პირადად მისგან გავიგებთ.
თამუნა აბშილავა: სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ვარ. თუმცა, სპექტაკლებს ზუგდიდში ვთამაშობ. მსახიობობა ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურში ჩავაბარე. სტუდენტობისას სხვადასხვა ტელეკომპანიაში ვიმუშავე, მაგრამ ბოლოს ისევ მშობლიურ სენაკში დავბრუნდი. რაც შეეხება სერიალს, ყოველთვის ძალიან მომწონდა „ჩემი ცოლის დაქალები“. პირველივე სერიიდან ვუყურებდი და ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდი, თუ მეც აქ მოვხვდებოდი. ეს ქალბატონი ეკა მჟავანაძის (ქასთინგმენეჯერი – ავტორი) დამსახურებაა. ქასთინგი გავიარე და პირველად პატარა ეპიზოდში გამოვჩნდი. ძალიან მიხარია, რომ ახლა ასე გააქტიურდა ჩემი პერსონაჟის ხაზი.
– მაჭანკლობა საკმაოდ აქტუალური „პროფესიაა“, იცნობთ ასეთებს?
– დედაჩემი და მამაჩემი ერთმანეთს გააცნო ქალბატონმა, რომელსაც მაჭანკლის სტატუსი არ ჰქონდა, მაგრამ ორივე ოჯახის ახლობელი იყო და ბებიაჩემის, მამაჩემის დედის განსაკუთრებული მონდომებით მოხდა ამ ამბის დაგეგმვა. ასე რომ, ჩემი მშობლების ოჯახი მაჭანკლის დახმარებით შეიქმნა (იცინის). ამ როლს ძალიან დადებითად ვუყურებ და უარყოფითი შეფასებები ჯერჯერობით არავისგან მომისმენია.
– თქვენ არ გაქვთ მაჭანკლური თვისებები, არ გქონიათ მსგავსი გამოცდილება?
– არა, მე ნამდვილაად არ მაქვს მაჭანკლის თვისებები (იცინის). ჩემი აზრი ხშირად დამიფიქსირებია, რომ ეს გოგო იმ ბიჭს შეეფერება და პირიქით-მეთქი, მაგრამ ურთიერთობაში არ ჩავრეულვარ. მე მაჭანკლობის ცოტა სხვანაირი ფორმა მეხერხება (იცინის). როგორც კი ჩემს ცხოვრებაში მამაკაცზე დაიწყება საუბარი, ცოტა ხანში ის აუცილებლად ბედნიერდება, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი გვერდის ავლით ხდება. შეიძლება ითქვას, რომ კაცებს ოჯახის შექმნაში ვუწყობ ხელს (იცინის). სხვა მხრივ, მხოლოდ როლისთვის მიწევს მაჭანკლის ტყავში შეძრომა.
– და როგორ გრძნობთ თავს მაჭანკლის ტყავში?
– ცუდი დანამდვილად არაა. ძალიან დიპლომატიური პერსონაჟი მყავს. საინტერესოა, რა განვითარება შეიძლება, ჰქონდეს მას?! მე რომ ვფიქრობ, ბევრი იდეა მომდის. ბარბარიკას შემდეგ, დაქორწინება შეიძლება დოჩისაც მოუნდეს, ბატონ კვაზისაც.... დარწმუნებული ვარ, კლარა ლამაზად შეძლებს ამ საქმეების მოკვარახჭინებას.
– ასეთ როლში რომ გამოჩნდით, არ გთხოვენ მაჭანკლობას?
– კი, ამაზე დიდი ხუმრობებია. ითხოვენ, კლარას ნომერი მოგვეცით, გასათხოვარი გოგო ან საცოლე ბიჭი გვყავსო (იცინის). უკვე მომნათლეს მაჭანკლად და ძალიან სასიამოვნოა, რომ ხალხი გახალისდა, დადებითი შთაბეჭდილებები შეექმნათ. მეგრელებსაც მოეწონათ კლარას თავდაჭერილობა, ის თუ, როგორ მოაგვარა ეს საქმე.
– ცხოვრებაში როგორაა, შეგიძლიათ, სირთულეების დამოუკიდებლად გამკლავება და პრობლემური საქმეების მოგვარება?
– ჩემს პირად ცხოვრებაში ასეთი ბევრი მაგალითია. ჩემი ბუნების ნაწილია რთული სიტუაციების გამკლავება. საკმარისზე მეტადაც იყო ჩემს ცხოვრებაში ასეთი ისტორიები. მშობლები ადრე გარდამეცვალა, მძიმედ იყვნენ ავად და მე მიწევდა მათი მოვლა-პატრონობა. ვერ ვიტყვი, რამდენად კარგად გავუმკლავდი ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ვცდილობდი, მაქსიმალური გამეკეთებინა. მშობლების ავადმყოფობა და გარდაცვალება ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდია. ეს ის მომენტია, როცა დაეცემი, მაგრამ მერე მიხვდები, რომ ცხოვრება აუცილებლად უნდა გააგრძელო. უნდა იბრძოლო, რომ იარსებო. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, ფიზიკურად ისეთი დაუძლურებული ვიყავი, რომ საწოლიდან ვერ ვდგებოდი. ემოციურ მდგომარეობაზე აღარც ვლაპარაკობ, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა მებრძოლა ფეხზე წამოსადგომად და ასეც მოვიქეცი.
– როგორია პირადად თქვენი ოჯახის ისტორია?
– ჩემმა ახლობელმა ამ პერსონაჟის ეკრანზე გამოჩენის შემდეგ მითხრა: შენ ისე არ დაგემართოს, სხვისი მაზიარებელი, თავად უზიარებელი რომ რჩებაო (იცინის). მე ოჯახი არ მაქვს და ისღა დამრჩენია, სხვები დავაწყვილო და გავაბედნიერო (იცინის).
– შეიძლება, გკითხოთ, რატომ არ გადადგით ეს ნაბიჯი დღემდე?
– ამაზე დიდი ანალიზი არ გამიკეთებია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. რამდენიმე წლის წინ მეგონა, რომ ამ ასაკში, როგორც ყველას, მეც მეყოლებოდა ქმარი და შვილები, მაგრამ ასე არ მოხდა. ადრე შეიძლება, რაღაცეებს სხვანაირად შევხედე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე ჩემი ბრალია.
– მარტო ცხოვრობთ?
– არა, ერთი ძმა მყავს, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ არც ისაა დაქორწინებული.
– იმიტომ რომ, პირველ ადგილზე კარიერა დააყენეთ?
– არა, მიმაჩნია, რომ ქალმა ადრეულ ასაკში უნდა მოახერხოს კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსება. ამის მოტივაცია უნდა გქონდეს. ორივე ერთად კი შეუძლებელი არაა, მაგრამ ჩვენი პროფესიის ადამიანებში ცოტა რთულადაა საქმე. თუმცა, არიან ისეთებიც, ყველაფერს რომ ახერხებენ და ვერც მე ვიტყვი, ოჯახის შექმნაში ხელი კარიერამ შემიშალა-მეთქი.
– არასდროს ყოფილხართ ისეთი შეყვარებული, რომ ოჯახის შექმნაზე გეფიქრათ?
– ვყოფილვარ, მაგრამ ამაზე რომ ვფიქრობ, თვითონაც ვერ ვპოულობ პასუხს კითხვაზე – რა მოხდა? რატომ არ დამთავრდა ეს ისტორია ქორწინებით. ზოგჯერ ცოტა მისტიკურ ფიქრებამდეც მივდივარ (იცინის). ყოფილა სერიოზული ურთიერთობები და გრძნობები, რომელიც, წესით, ქორწინებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა. თუმცა, რატომ? – ამას ვერ ვხსნი. ზოგადად, ცვალებადი ხასიათი მაქვს. ვაღიარებ, რომ ცოტა ახირებულიც ვარ, ასე რომ, მთლად მარტივად არ არის საქმე (იცინის).
– ახლა არ ფიქრობთ ოჯახის შექმნაზე?
– რატომაც არა. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, რა შეიძლება, მოხდეს ხვალ.
– როგორი მამაკაცი წარმოგიდგენიათ გვერდით?
– ასე, მკვეთრად ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს, ყოველთვის აბსოლუტურად განსხვავებული ტიპები მომწონდა. სერიალში, როცა ჩემი გმირი ენდის – ვაჟს, რომელიც დოჩიმ აირჩია, ახასიათებს, ამბობს, რომ ჯერ ბევრი ფული არ აქვს, მაგრამ კარგი და პატიოსანი ბიჭია, რომელმაც ყველაფერს თავისით მიაღწიაო. ეს, კლარას აზრით, პლუსია და ალბათ, მეც ასე ვფიქრობ. ვიხიბლები მშრომელი ადამიანებით, რომლებიც მიზნამდე მისაღწევად ბევრს წვალობენ. ის ყველაფერში ძლიერია და მათ შორის, ქალის გვერდითაც. რაც შეეხება სიყვარულს, ის ჩემთვის ჩვეულებრივი მსხვერპლშეწირვაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ხარკი უნდა უხადო და ერთი წუთითაც არ უნდა მოდუნდე. ადამიანს ან გული მართავს, ან – გონება. ჩემს შემთხვევაში, დასაწყისში გრძნობები მოდის წინ, მაგრამ ძალიან მალე, გონება ერთვება და რაციონალურ გადაწყვეტილებას ვიღებ.
– რადგან დაქორწინებული არ ხართ, არ ცდილობენ თქვენი ახლობლები, რომ პირიქით, თქვენ გიმაჭანკლონ?
– დიდი შემოტევა მაქვს-მეთქი ვერ ვიტყვი. რაღაც საუბრები ყოფილა. მაგრამ, როგორც წეღან გითხარით, ვინმეზე რომ მეტყვიან, კარგი ბიჭიაო, ასეთ კაცებს სასწრაფო წესით ვაქორწინებ. ორ კვირაში ვიგებ, რომ ცოლი შეირთო. ვამბობ, არიქა, თუ გყავთ ვინმე დასაქორწინებელი, აქ ვარ-მეთქი (იცინის). იმასაც ვამბობ, ყველა დაიფარა ღმერთმა, რომ მე არ შევხვდი-მეთქი (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.