კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ მიიწვიეს პირველად, 14 წლის ასაკში ამერიკაში სავარჯიშოდ ზეზვა ლილუაშვილი და როგორ სთავაზობენ მას საუკეთესო უნივერსიტეტები მათთან სწავლასა და ვარჯიშს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 
ზეზვა ლილუაშვილის სპორტული კარიერა 6 წლის ასაკში, ქუთაისში დაიწყო. დღეს ის ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობს და იქ აგრძელებს კარიერას კალათბურთში. ზეზვას არა მხოლოდ წარმატებული სპორტული კარიერა აქვს, ასევე, ძალიან წარმატებული სტუდენტია – ერთ-ერთი საუკეთესო, რომლითაც მთელი კოლეჯი ამაყობს. ზეზვა იმდენად მიზანდასახული და შრომისმოყვარეა, რომ დარწმუნებული ვარ, როგორც სპორტულ კარიერაში, ასევე, სხვა მხრივაც, კიდევ ბევრ დიდ წარმატებას მიაღწევს.

ზეზვა ლილუაშვილი: 6 წლის ასაკში დავიწყე კალათბურთზე სიარული და ბოლოს ჩემი სპორტი გახდა. პირველი წარმატება იყო 10 წლის ასაკში: ფესტივალზე ვითამაშე და გავხდი საუკეთესო ბომბარდირი. 15 წლისა თბილისში გადმოვედი, ვთამაშობდი საკალათბურთო აკადემიაში გელა წულაძესთან, სადაც კარგი გამოცდილება მივიღე. 2 წელი გავატარე აკადემიაში, საქართველოს ჩემპიონატი მოვიგეთ.
– როდის გაემგზავრე ამერიკაში?
– საკალათბურთო აკადემიაში გადასვლამდე, 14 წლის ასაკში, პირველად ამერიკაში 2-თვიანი მოწვევა მქონდა მწვრთნელისგან. მამაჩემს მისწერეს: დაინტერესებული ვართ თქვენი შვილით და გვინდა, მოვიწვიოთო. მშვიდობიანად ჩავფრინდი, ადაპტაციაც ადვილად გავიარე – მწვრთნელთან, ოჯახში ვცხოვრობდი. ნახვის შემდეგ კიდევ უფრო დაინტერესდა ჩემით და ამით ამერიკისკენ გზა უფრო გამეხსნა. იმ ოჯახს, სადაც მაშინ ვცხოვრობდი, დღეს ჩემს მეორე ოჯახს ვეძახი. ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი – მათ ამერიკელ დედას და მამას ვეძახი. 2 თვეში დიდი გამოცდილება მივიღე და მერე დავბრუნდი საქართველოში. შემეძლო, სკოლაშიც ამერიკაში მესწავლა, თან მეთამაშა, მაგრამ გადავწყვიტე, სკოლა საქართველოში დამემთავრებინა და ამერიკაში უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა. დაბრუნების შემდეგ განვაგრძე საკალათბურთო აკადემიაში თამაში. 2 წლის შემდეგ ქუთაისში მომიწია დაბრუნება, იქ ვითამაშე ერთი სეზონი და მოვიგეთ ჩემპიონატი. ამის მერე თბილისის „დინამოდან“ მომივიდა პირველი ყველაზე დიდი კონტრაქტი, რომელიც გავაფორმე. გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად და უცხოელებთან ერთად ვცხოვრობდი ბაზაზე და იქვე, 147-ე სკოლაში ვსწავლობდი. იმ დროს ვთამაშობდი 18-წლამდელებში, 20-წლამდელებში და სუპერლიგაში. პლუს ამას, აბიტურიენტიც ვიყავი. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა: ვარჯიში, სკოლა, მასწავლებელი, ასაკობრივებთან ვარჯიში, მეცადინეობა – სასიამოვნოდ ვიყავი დატვირთული. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – 50-პროცენტიანი გრანტი ავიღე. გული კი დამწყდა: მათემატიკის ნაცვლად, გეოგრაფია რომ ჩამებარებინა, შემეძლო 70-პროცენტიანი გრანტი ამეღო. თუმცა, იმ დროს ისეთ რეჟიმში ვიყავი, მითხრეს: ამ შედეგით უნდა დაკმაყოფილდეო. მაგრამ მეტი რომ შეგიძლია, გული გწყდება. ერთი წელი ვისწავლე. ამერიკასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია: მწვრთნელი სულ მაკვირდებოდა და მისი დახმარებით, ჩემით ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, ორგანიზაცია ImPossible Training-ის ხელმძღვანელი, მიკა ლანკასტერი დაინტერესდა. ის NBA-ს მოთამაშეებს ინდივიდუალურად ავარჯიშებს და ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისგან მომივიდა ორკვირიანი მიწვევა 2014 წელს. ჩავედი და მასთან ვვარჯიშობდი როგორც ინდივიდუალურად, ასევე 5-6-კაციანი ჯგუფში, სადაც 22-23 წლის ბიჭები იყვნენ. შრომა არასდროს მეზარებოდა. ტოლს არავის ვუდებდი, მათსავით ვვარჯიშობდი და ბოლოს მკითხა: რას აპირებო. ვუთხარი: ბავშვობიდან ოცნება მაქვს ამერიკაში განვაგრძო კარიერა, უბრალოდ, ახლა ჩემს ქვეყანაში უნივერსიტეტში ვსწავლობ, თუმცა სულ მინდოდა, ამერიკის უნივერსიტეტში მეთამაშა კალათბურთი-მეთქი. მოკლედ, მოვუყევი ჩემს გეგმებზე. დაგიკავშირდები – შენთვის საკმაოდ კარგი ვარიანტები მაქვსო. მასთან მუშაობა სულ სხვა განზომილებაა, სულ სხვა დონეა: ასეთ სტილში მანამდე არც მივარჯიშია. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და „დინამოში“ განვაგრძე თამაში. მასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია. სექტემბერში ჩემთან გელოდები, აქ რომ ჩამოხვალ, უნივერსიტეტებიდან ბევრი შემოთავაზება გექნება. ჩემთან ივარჯიშებ, მოვლენ, გნახავენ და მერე გადავწყვიტოთო.
– მახსოვს, საქართველოში ვარჯიშისას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მოგცეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი შენ მიერ დისციპლინის მკაცრი დარღვევა იყო. რა მოხდა რეალურად?
– გეტყვით. ბოსნიაში იყო ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებლი ეტაპი. იქ ჩემ მიმართ იმდენად პესიმისტური რაღაცეები წამოვიდა, რომ ამას ვერ მოვითმენდი. ეს ხდებოდა ჩემსა და მწვრთნელს შორის. ასეთ ფრაზებს რომ გესვრიან: რა გაგიკეთებია აქ რომ ხარო. თუ არაფერი გამიკეთებაი, აბა, რატომ ვარ აქ... რთულია ასეთი რამის მოსმენა. ამიტომაც მომიწია ევროპის ჩემპიონატის დატოვება და ეროვნული ნაკრებიდან წამოსვლა. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ქვეყანა ჩემთვის ყოველთვის ბევრს ნიშნავდა. 16 წლის ასაკში რომ ჩავიცვი ქვეყნის მაისური და მას შემდეგ ყველგან ჩემი ქვეყნის სახელით გავდიოდი, ზურგი მეწვოდა – ჰიმნს ვუსმენ ტანში, ჟრუანტელი მივლის. ამიტომაც იქ ერთი წუთით ვერ გავჩერდებოდი. თუმცა, ასეთი რაღაცეები უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, ბევრად უფრო გამაძლიერა. ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და რა მოჰყვა და რა იყო – ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ღმერთის წყალობით, წინ მივდივარ. ეს ისტორიაა და ჩემი ქვეყნის მაისურს აუცილებლად ჩავიცვამ.
– ამის მერე დაიწყო შენი წარმატებული ამერიკული კარიერა.
– სექტემბერში წავედი ამერიკაში. ჩემს მწვრთნელთან ვიყავი 5 თვე. მას ჰქონდა აღებული სრული პატრონაჟი: რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მასთან სახლშიც კი ვცხოვრობდი. მისი შვილები „ბიძია ზის“ მეძახდნენ. ერთი ოჯახივით ვიყავით და ვართ კიდეც. ინდივიდუალურადაც მავარჯიშებდა სხვებთან ერთად. ძალიან ბევრი მწვრთნელი მოდიოდა, მნახულობდნენ,  მათ უნივერსიტეტში ვარჯიშს მთავაზობდნენ. ბოლოს „სანდ ჰილსის“ კოლეჯი ავარჩიე. მათ, ძალიან წარმატებული საკალათბურთო პროგრამა აქვთ, აკადემიური მხარეც – უძლიერესი. კოლეჯში მე ვიყავი პირველი უცხოელი კალათბურთის გუნდში და იმდენად ყურადღების ცენტრში მოვექეცი, რომ მხედავდნენ, ყველა ამბობდა: ეს ის არის, ეს ის არისო. პირველი წელი ძალიან წარმატებული მქონდა. პირველ სემესტრში უმაღლესი ქულები ავიღე. იმდენად მოულოდნელი იყო სპორტსმენი ასეთი ქულებითა და ხარისხით, რომ მთელი ამერიკის მასშტაბით ამერიკის საუკეთესო აკადემიურ გუნდში მოვხვდი. დიპლომიც მომცეს და ეს, ძალიან დიდი მიღწევაა. მეორე წელიც ძალიან წარმატებული გვქონდა. ჩვენს ასოციაციაში ასობით გუნდია და მთელი ამერიკის მასშტაბით მე-8 ადგილზე ვიყავით. მეორე წლის პირველ სემესტრშიც „ჯიპიე“ 4,0 ავიღე და ისევ აკადემიურ ჯგუფში მოვხვდი. იმდენად მომგებიანი პირი გავხდი უნივერსიტეტში, რომ ძალიან ბევრ პროგრამაში ჩამრთეს. კოლეჯისთვის თითქოს „სავიზიტო ბარათი” გავხდი. წლის ბოლოს ბანკეტი გვქონდა და იქ დამასახელეს გამორჩეულ მოთამაშედ – სპორტის მხრივ. აკადემიური მოსწრების მხრივაც საუკეთესო სტუდენტი გავხდი. კოლეჯში მანამადე არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ათლეტი საუკეთესო სტუდენტი გამხდარიყო. დიდი ვერცხლის თასი გადმომცეს.
– ამერიკაშიც კი დაარღვიე სტერეოტიპები.
– კი. საქართველოშიც სულ მინდოდა, სპორტი და სწავლა ერთ დონეზე მქონოდა. ამერიკაშიც მაგიტომ მინდოდა წასვლა: იქ თუ არ ისწავლი, არ გათამაშებენ. ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ კრედიტებს ვერ იღებენ და მეორე წელს ვეღარ თამაშობენ. თან, ძალიან სასიამოვნო პროცესია, ყველაფერი საათივითაა აწყობილი. თუმცა, ამ პირობებს ყველა ვერ იყენებს. საკალათბურთო სეზონიც იმდენად კარგი მქონდა, მთელ ამერიკაში, ჩემი ჯარიმების პროცენტულობით, მე-8 ადგილზე ვიყავი. 85 პროცენტით ვისროდი ჯარიმას, სამიანის ხაზიდან კი – 40 პროცენტს და ტოპ-ასეულში ვიყავი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 6 ძალიან კარგი უნივერსიტეტიდან მქონდა საინტერესო შემოთავაზება. ჩემს მენტორთან, ლანკასტერთან გავიარეთ ყველა ვარიანტი: რა იქნებოდა ჩემთვის უკეთესი. მიჩიგანის შტატში გადავიდა თვითონ და მითხრა: მიჩიგანის უნივერსიტეტის შემოთავაზებას თუ დასთანხმდები, ჩემთან ახლოს იქნებიო. იმდენად კარგი შემოთავაზება გახლდათ 42 ათას 500 დოლარის დაფინანსებით, რაშიც შედის სწავლის სრული საფასური, ცხოვრება და კვირის განმავლობაში კიდევ სახარჯო ფულსაც გაძლევენ. საკალათბურთო პროგრამაც ისეთი წარმატებული აქვთ: ეროვნულ ჩემპიონატზე შარშან მეორე ადგილზე გავიდნენ, „ელიტ 16-ში“ არიან და მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან. თან, გამთამაშებელი სჭირდებოდათ. გარდა იმისა, რომ ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას უფრო კარგად მოვახდენ, ევროპისკენაც მექნება გზა ხსნილი. ასე რომ, აგვისტოს ბოლოს გვეწყება სწავლა, მანამდე საქართველოში ვიქნები. აგვისტოს დასაწყისში ჩავალ ლანკასტერთან, ვივარჯიშებ, რომ კარგ ფორმაში შევუერთდე მათ.
– როგორია შენი ამერიკული ცხოვრება?
– საკმაოდ სახალისო. უნივერსიტეტში 8 საათიდან იწყება ლექციები. 15 წუთით ადრე უნდა მიხვიდე, რომ დააფიქსირო შენი მისვლა. დილით ვარჯიში იმდენად მიყვარს, რომ 6-ს რომ წუთები აკლდა მაშინ მივდიოდი და ვვარჯიშობდი. ბოლოს „დარბაზის თაგუნა“ შემარქვეს: დილიდან საღამომდე სულ იქ ვიყავი. შუალედში ვმეცადინეობდი ან ბიბილოთეკაში მივდიოდი. რაც შეეხება გართობას: ძირითადად, საოჯახო ფართებზე დავდიოდით და კარგ დროს ვატარებდით.
скачать dle 11.3