№28 რა ტექნოლოგიები გამოიყენა თემურლენგმა ბირთვისის გაუტეხელი ციხის ასაღებად
მეთხუთმეტე საუკუნე იყო დაწყებული. საქართველოს უკვე შვიდჯერ შემოსეოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამპყრობელი, თემურლენგი.
ადრე დარიალისა და დარუბანდის გადმოსასვლელების ჩაკეტვა ჰქონდა მიზნად თემურლენგს, რათა მისი მტერი, ოქროს ურდოს ყაენი თოხთამიში არ გადმოჭრილიყო სამხრეთში. ამიტომ უნდოდა საქართველოს დამორჩილება. ამ მიზანს მიაღწია, თოხთამიში დაამარცხა. შემდეგ ახალი მიზანი გაუჩნდა ლენგს, ფსიქოლოგიურად უნდოდა გაეტეხა მეფე გიორგი მეშვიდე და მაჰმადიანობაზე გადაეყვანა საქართველოს მოსახლეობასთან ერთად.
მეფე გიორგი თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს, მაგრამ, თემურს მთელი მსოფლიო ვერ აღუდგა წინ. ამიტომ, ზავი ითხოვა და ხარკი იკისრა, მაგრამ ქრისტიანობაზე უარის თქმას არ აპირებდა. ლენგთან საჩუქრებით გააგზავნა მეფემ ელჩი, ესაია, და შეუთვალა: „რაც მოითხოვე, ყველაფერი აღვასრულეთ, ურჩობა არ გაგვიწევია. რასაც ამიერიდან გვიბრძანებთ, იმასაც შევასრულებთ. ისმინე ჩვენი თხოვნა და შეიწყალე ჩვენი ხალხი, ნუ შემოიჭრები და ნუ წაახდენ ქვეყანას, რადგან მოსავლის აღების დროა. თუ ახლა შემოიჭრები, სრულიად აოხრდება ქვეყანა“.
თემურლენგმა არ აიღო მეფე გიორგის მიერ გაგავნილი საჩუქრები, რადგან ძალიან გამწყრალი იყო ჩვენს ხელმწიფეზე და შემოუთვალა:
„თუ გინდა, არ ავაოხრო შენი ქვეყანა, მოდი ჩემთან და გამაჰმადიანდი. თუ გამაჰმადიანდები, არც ხარკს მოგთხოვ და მოგცემ შენს ქვეყანას ხელშეუვალობით, თან უამრავ საჩუქარს გიბოძებ. თუ არ მიიღებ მაჰმადიანობას, იკისრე ხარკი და მაინც მოგცემ შენს ქვეყანას – როგორც გავუშვი შვილი კეისრისა, ისევე გაგიშვებ შენც მშვიდობით, ისიც ხომ შენი სჯულისაა. თუ არ მეახლები, ძალიან გავბრაზდები შენზე და შენს ქვეყანაზე, დავასრულებ შენს სიცოცხლესაც და შენს ქვეყანასაც. თუ მოხვალ ჩემთან, გეფიცები მუჰამედის თავს, კეისარზე უფრო მეტ პატივს გცემ და მშვიდობით გაგიშვებ, თუ არადა, მიეცემიან თქვენი ქვეყნის ძენი და ასულნი ტყვეობას“.
როცა ჩვენი ელჩი წამოვიდა უკან, იფიქრა თემურლენგმა: „ვიცი, აიღებს მოსავალს, გახიზნავს ხალხს, ციხეებში გამაგრდებიან და არ მოვა ჩემთან“.
არ დაელოდა მეფის პასუხს და მრავალრიცხოვანი ჯარით გამოემართა ჩვენი სამშობლოსკენ, რათა შეეპყრო მეფე გიორგი.
როგორც კი აცნობეს მეფეს, დაიძრაო ლენგი საქართველოს წინააღმდეგ, დააჩქარებინა ხალხს მოსავლის აღება, გახიზნა მთებში და მოსავალიც თან წააღებინა.
1403 წლის გაზაფხულზე შემოიჭრა თემურლენგი ქვემო ქართლში. ივლისში მიადგა მსოფლიოს დამყრობლის ჯარის ერთი ნაწილი ბირთვისის ციხეს.
ბირთვისის ციხე მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ალგეთის ხეობაში, სოფელ ტბისის ჩრდილოეთით 2 კილომეტრში. ბირთვისის შესახებ პირველი ცნობა გვხვდება მეთერთმეტე საუკუნიდან. კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღუაშმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ მუხათგვერდში მოტყუებით შეიპყრეს ტფილისის ამირა ჯაფარ მესამე, მიჰგვარეს მცირეწლოვან ბაგრატ მეოთხეს და წაართვეს ბირთვისის ციხე. თუმცა, ციხე უფრო ადრინდელი უნდა იყოს. ბირთვისის ციხე-სიმაგრე აუგიათ ვულკანური კლდეების თავზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლეზე. საკმაოდ დიდ ციხე-სიმაგრეში იყო კოშკები, ღვინის მარნები, წყლის აუზები, გამოყვანილი ყოფილა წყაროები. ვახუშტი ბატონიშვილი ბირთვისის ციხის შესახებ წერს: „ბუჟღულეთს ქუეით იწყებს ალგეთი აღმოსავლეთით დინებასა, და ტბისის უკან, ჩდილოდ კერძ, არს ციხე ბირთვისი, კლდესა ზედა შენი და გარემო კლდითა მოზღუდვილი, ეჯ-ნახევარ ოდენ და შეუალი. დადიან მის შორს წყარონი“. ბირთვისის ციხე მიუდგომელი იყო, კლდეზე აღმართული და მისი აღება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახლდათ. რადგან ციხეში წყარო ყოფილა, როგორც აღნიშნავს ვახუშტი, მის დამცველებს დიდხანს შეეძლებოდათ გაძლება, თუ საკვებს მოიმარაგებდნენ. მტერი დაიღლებოდა უშედეგო შეტევებით და დროის ტყუილა ხარჯვით.
ბირთვისის ციხისთავი იყო ნაზალი, თან ახლდა ოცდაათი თავადი, აზნაურები და მეომრები, იქვე ყოფილან მათი ოჯახის წევრებიც. მემატიანე მოგვითხრობს, თემურლენგის მეომრებს შიში ჰქონდათ ქართველი მეომრებისა, როგორც კანჯარს ლომთაგან, რადგან ერთი ქართველი ათ მათგანს სჯობდაო და მუდამ მზადყოფნაში იყვნენ მოულოდნელად არ დაგვესხან თავსო. იცოდნენ თემურელებმა, რომ საკვები ბლომად ჰქონდათ ციხეში, წყალი, ხედავდნენ ციხის მიუდგომლობას. მაგრამ, ციხის აღების გარეშე გზის გაგრძელება არ ახასიათებდა თემურლენგს, თან არც შეიძლებოდა ციხეში გამაგრებული მეომრების უკან დატოვება, მერე ზურგიდან რომ არ დაერტყათ მაჰმადიანებისთვის. თემურის ჯარს გვერდი რომ აევლო ციხისთვის, ლენგი განრისხდებოდა. ამიტომ, დადგნენ ციხესთან და ამბავი შეუთვალეს მბრძანებელს.
ალყა კარგა ხანს გაგრძელდა. გამოდიოდნენ ქართველები ციხიდან და ებრძოდნენ დამპყრობლებს, მერე ისევ მიუვალ ციხეში მაგრდებოდნენ.
თემურლენგის ჯარის ამ ნაწილს ზოგი რაზმი მოშორებით ჰყავდა დაბანაკებული. მოულოდნელი მანევრით, ჩვენი ციხოვანები თავს დაესხნენ მოალყეებს, გააქციეს და გამოეკიდნენ. გაქცეულები მოშორებით დაბანაკებული რაზმებისკენ გაიქცნენ. არეულობამ და შიშმა დააფრთხო თემურის რაზმები. ამით კარგად ისარგებლეს ჩვენმა წინაპრებმა და დიდი ზიანი მიაყენეს მაჰმადიანებს. მერე კი უკან დაიხიეს, თან წაიღეს დამპყრობლების მიერ მიტოვებული კარვები, იარაღი, საკვები და ისევ ციხეში გამაგრდნენ.
ამ ინფორმაციამ გააცოფა თემურლენგი და თვითონ მივიდა ბირთვისის ციხის აღების სახელმძღვანელოდ. კარგა ხანს თათბირობდნენ ლენგი და მისი სარდლები. გადაწყვიტეს, რამდენიმე ხერხი ეხმარათ ბირთვისის ასაღებად. თემურლენგი ყველანაირ ტექნოლოგიას იყენებდა ლაშქრობებში, ჰყავდა სპეციალურად გაწვრთნილი ადამიანები. ციხის გარშემო რამდენიმე კოშკი ააგეს, ერთიც შესასვლელთან. კოშკებიდან უთვალთვალებდნენ მეციხოვნეებს და ისრებს უშენდნენ. გააწყვეს ლოდსატყორცნები და ქვებს ესროდნენ ბირთვისს. ცდილობდნენ ციხის დანგრევას, და რაც მთავარია, მეციხოვნეების გადაღლას.
ციხეს მაინც ვერაფერი დააკლეს. ბოლოს მოაყვანინეს მთამსვლელობაში დახელოვნებული მისრელი (ეგვიპტელი), სახელად ბეგიჯაგ (ბეგიჯანლ). ის ღამით აცოცდა კლდეზე და მოახერხა ციხეში შესვლა. თან, აიყვანა თხა და დაკლა ციხეში, რომ შეეტყოთ ქართველებს და შეშინებულიყვნენ. ქართველები არხეინად იყვნენ, ფიქრობდნენ, ვერავინ შემოაღწევს ციხეშიო. მეორე დღეს მრისხანე ლენგს უამბო ყველაფერი ეგვიპტელმა მთამსვლელმა. ძალიან გაუხარდა ბებერ დამპყრობელს. დაწნეს ბამბისა და აბრეშუმისგან კიბე და აგზავნეს ღამით მთამსვლელი კლდეზე. მოაბა კიბის წვერი კლდეზე ერთ მაგარ ადგილს და შეიპარნენ თემურლენგის ჯარისკაცები ციხეში. დაქანცულ ქართველებს ეძინათ. მათ რამდენიმე დღე და ღამე, ლოდებს ესროდნენ, რომ ხმაურში ვერ დაეძინათ და გადაღლილიყვნენ.
გააღეს ციხის ჭიშკარი თემურლენგის ჯარისკაცებმა და შეუშვეს თავისი კარგად დასვენებული დამხმარე ნაწილები ციხეში. დაერივნენ თემურელები ქართველ ციხოვანთ. გაეღვიძათ ჩვენს წინაპრებს და თავგანწირული ბრძოლა გაუმართეს მრავალრიცხოვან მტერს. ბევრიც დახოცეს, მაგრამ, მაჰმადიანებს აევსოთ ციხე და სიმრავლემ თავისი ქნა. 12 აგვისტოს ბირთვისი დაეცა.
ტყვედ ჩავარდნილი ციხისთავი ნაზალი და რამდენიმე მეთაური ხელებშეკრული მიჰგვარეს მრისხანე დამპყრობელს. ცოლის თვალწინ თავი მოჰკვეთეს გმირ ციხისთავს და მის თანამებრძოლებს. ნაზალის ქვრივი შირვანშაჰ შეიხ იბრაჰიმს აჩუქა ლენგმა.
დიდი საჩუქრები უწყალობა ეგვიპტელ მთამსვლელს და ციხის ამღებებს თემურლენგმა. ბირთვისში ჩააყენა თავისი გარნიზონი, ვინმე მაჰმადის ხელმძღვანელობით. მაჰმადს უბრძანა გარეშემო ეკლესიებისა და სხვა ნაგებობების დანგრევა და მოსახლეობის დახოცვა, ვისაც იპოვიდნენ.