№28 ეშმაკის ბილიკი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-27(862)
ზურაბმა, როგორც უშიშროების გამოცდილმა თანამშრომელმა, ყოველი შემთხვევისთვის, თავი დაიზღვია. მან გაიფიქრა, რომ ვასილ სტარკოვი, სავარაუდოდ, ევგენი მოროზოვი იყო და არ გამორიცხა, რომ ის ვარლამ კოვზირიძის ცოლ-შვილზე შურისძიებას აპირებდა. ამიტომ, გააგზავნინა ირინე გავაშელის სახლთან დაცვა. მართალია, იმისი შანსი, რომ მოროზოვს სცოდნოდა ირინესა და ეკატერინეს შესახებ, მიზერული იყო, მაგრამ, რადგან მაინც არსებობდა, მაიორს თავი უნდა დაეზღვია და დაიზღვია კიდეც. ზურაბს იმის იმედიც არ ჰქონდა, რომ მოროზოვი სტარკოვის გვარით იმალებოდა და ფიქრობდა, მოროზოვმა ტყუილი უთხრა კვირიკაშვილს. თუმცა, ეს ვერსია მაინც უნდა გადამოწმებულიყო. ამიტომაც, დაავალა მორიგეს სტარკოვების მოძებნა-დადგენა. მაიორი ერთ რამეში მტკიცედ იყო დარწმუნებული, კონკრეტულად კი იმაში, რომ კვირიკაშვილს სწორედ ევგენი მოროზოვი ელაპარაკა და მანვე მოკლა მისსავე ბინაში ექიმი-კოსმეტოლოგი.
დილის ექვსი საათი რომ შესრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ეუხერხულებოდა, გიგაური ყურმილს დასწვდა და ირინე გავაშელს დაურეკა. მაიორის გასაკვირად, დიასახლისმა მაშინვე უპასუხა:
– გისმენთ.
– ირინე, დილა მშვიდობისა, – მიესალმა ზურაბი გავაშელს.
– დილა მშვიდობისა, ზურაბ. ასე ადრე რამ შეგაწუხათ. შეიცვალა რამე?
– არა, არაფერი. ბოდიშს კი გიხდით ასეთი ადრეული ზარისთვის. მეგონა, გეძინებოდათ და ძალიან მეუხერხულებოდა დარეკვა. ალბათ, გასამგზავრებლად ემზადებით და ასე ადრე ამიტომ ადექით.
– გასამგზავრებლად ჯერ კიდევ წუხელ მოვემზადეთ მე და ეკა. ასე ადრე კი მიჩვეული ვარ ადგომას, ექვს საათზე უკვე ფეხზე ვარ.
– ძალიან კარგი. მე კი ვნერვიულობდი – არ გავაღვიძო-მეთქი.
– ზურაბ, ტყუილად არ დარეკავდით. რამე ცუდი ამბავია?
– დამშვიდდით, ირინე. ცუდი არაფერია, უბრალოდ დაგირეკეთ.
– ზურაბ, ვარლამს შეემთხვა რამე?
– არა, რას ამბობთ, ირინე, ცუდი არაფერია. დამშვიდდით.
– ზურაბ, ძალიან გთხოვთ, ნურაფერს დამიმალავთ, – შეევედრა ქალი გიგაურს.
– კარგი, კარგი, გეტყვით. შეგამოწმეთ, უსაფრთხოდ ხომ იყავით.
– უსაფრთხოდ რატომ არ უნდა ვყოფილიყავით?
– ქალბატონო ირინე, ეკაც ხომ სახლშია?
– რა თქმა უნდა, – მიუგო ქალმა, – ზურაბ, არ მეტყვით, რა ხდება?
– თქვენს სახლთან ჩვენი ოპერატიული ჯგუფი მორიგეობს და როგორც ვატყობ, ყველაფერი რიგზეა.
– რატომ მორიგეობს, ზურაბ, რამე საშიშროება გველოდება?
– არანაირი, დამშვიდდით. რომ მოვალ, დანარჩენს შემდეგ გეტყვით. როგორც შევთანხმდით, ცხრაზე გამოგივლით. ნახვამდის, – თქვა ზურაბმა და ტელეფონი გათიშა.
ირინე გავაშელთან საუბარი რომ დაასრულა, მაიორი ზურაბ გიგაური სააბაზანოში შესვლას აპირებდა. მაგრამ, უცებ ტულიდან წამოღებული ვიქტორ პოპოვის, იგივე ევგენი მოროზოვის სახეშეცვლილი ფოტო გაახსენდა. ტელეფონს დასწვდა და მორიგეს დაურეკა „კაგებეში“.
– გისმენთ, – უპასუხა მორიგემ.
ისევ მაიორი ზურაბ გიგაური ვარ.
– გისმენთ, ამხანაგო მაიორო.
– ოპერატიულ განყოფილებაში ძებნილი ვიქტორ პოპოვის სურათი უნდა იყოს. სასწრაფოდ გაამრავლონ ეს სურათი და რაც შეიძლება, მალე დაიწყონ იმ პიროვნების ტოტალური ძებნა. გამორიცხული არაა, რომ ეს პიროვნება ვასილ სტარკოვის საბუთს ატარებდეს. სავარაუდოდ, შეიარაღებულია და თბილისში მკვლელობა აქვს ჩადენილი. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო მაიორო. ახლავე გადავცემ თქვენს განკარგულებას ოპერატიულ განყოფილებას, – უთხრა მორიგემ მაიორ გიგაურს და ტელეფონი გათიშა.
ზურაბმა ჯერ შხაპი მიიღო და შემდეგ ისაუზმა. ჩაიცვა. ბინიდან გავიდა და „პობედით“ ირინე გავაშელისკენ გაემართა. საცხოვრებელ სახლს რომ მიუახლოვდა, თავისი მანქანა „კაგებეს“ ოპერჯგუფის მანქანას გვერდით ამოუყენა და ჩაწეული ფანჯრიდან საჭესთან მჯდომ კოლეგას ჰკითხა:
– ყველაფერი წესრიგშია?
– დიახ, ამხანაგო მაიორო.
– კარგი. ცოტა ხანში მოიხსნებით პოსტიდან. როგორც კი დედა-შვილს ჩამოვიყვან, შეგიძლიათ, სახლებში წახვიდეთ და დაისვენოთ, – უთხრა გიგაურმა კოლეგებს. შემდეგ მანქანა წინ წასწია, გააჩერა, გადმოვიდა და ირინე გავაშელის ბინისკენ აიღო გეზი.
– შემოდით, ზურაბ, – შეიპატიჟა ბინაში მაიორი ირინე გავაშელმა. სასტუმრო ოთახში შეუძღვა, სავარძელზე მიუთითა და ჰკითხა:
– არ იტყვით, რა მოხდა?
– ეკატერინე სადაა? – კითხვითვე უპასუხა ზურაბმა ქალს.
– აბაზანაში. აღარ იტყვით, რა ხდება?
ზურაბმა საათს დახედა და თქვა:
– ცხრის ნახევარია. დრო გვაქვს. სანამ ეკატერინე გამოვა, შევეცდები, ყველაფერი მოგიყვეთ.
– გისმენთ, ზურაბ, – თქვა ქალმა.
– გივი კვირიკაშვილს იცნობთ? – ჰკითხა მაიორმა ქალს.
– რა თქმა უნდა, ვიცნობ. ის ძალიან კარგი ექიმია, ჩემი კოლეგა და ვარლამის მეგობარი.
– წუხელ გივი კვირიკაშვილი თავისსავე ბინაში მოკლეს, – უთხრა ზურაბმა გავაშებს.
– მოკლეს?
– გაიმეორა ქალმა.
– დიახ. სამწუხაროდ, ასეა. კვირიკაშვილი თავში ერთი გასროლითაა მოკლული.
– კი მაგრამ, რას ერჩოდნენ? ის ხომ ძალიან პატიოსანი, უწყინარი ადამიანი იყო და მტრები არ ჰყავდა.
– ქალბატონო ირინე, ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილის მკვლელობა თქვენი მეუღლის საქმესთანაა დაკავშირებული.
– ეგ როგორ?
– როგორ და, გუშინ რომ მოგიყევით ევგენი მოროზოვსა და პრეპარატ „ალ 13-ზე“, მგონი, სახეშეცვლილი მოროზოვი ესტუმრა კვირიკაშვილს და პრეპარატის არალეგალურად გაკეთება სთხოვა თანხის სანაცვლოდ, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ საუბარი თქვენს მეუღლესა და მის ცოლ-შვილზე ჩამოვარდა.
– ჩვენზე, ჩემზე და ეკაზე? – თქვა გავაშელმა.
– ჰო, მაგრამ იმან არ იცის თქვენი არსებობის შესახებ და არც კვირიკაშვილს უთქვამს.
– აბა, რატომ დაგვინიშნეთ დაცვა?
– ყოველი შემთხვევისთვის, – მიუგო ზურაბმა.
– შემდეგ?
– შემდეგ, გივი კვირიკაშვილმა ეჭვი აიღო იმ კაცზე, სავარაუდოდ, ევგენი მოროზოვზე. ის კი მიხვდა კვირიკაშვილის ეჭვებს და თავიდან მოიშორა.
– ამდენი ინფორმაცია საიდან გაქვთ?
– კვირიკაშვილის დღიურიდან.
– დღიურიდან?
– დიახ. მის სახლში აღმოვაჩინეთ. იქ ეწერა მაიორ გიგაურს უნდა დავურეკოო და მირეკავდა კიდეც წუხელ.
– წუხელ?
– დიახ, წუხელ. ერთი სიტყვით, აქ რომ ვიყავი, მკვლელი ამ დროს გივი კვირიკაშვილთან მივიდა. მოკლა და გაუჩინარდა. მასზე ძებნა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ.
– საცოდავი გივი. საწყალი... რას ერჩოდნენ ამ კაცს? – თქვა თვალცრემლიანმა ირინე გავაშელმა.
ამ დროს სააბაზანოდან ეკატერინე გამოვიდა, ზურაბს მიესალმა, დედას კი ჰკითხა:
– რა მოხდა, დედიკო, რატომ ტირი?
– არაფერია, შვილო. ავღელდი. წადი, ჩაიცვი. ბატონი ზურაბი გველოდება და დროზე უნდა წავიდეთ.
ზუსტად დილის ცხრა საათზე გიგაური და დედა-შვილი მაიორის „პობედით“ აეროპორტისკენ გაემგზავრნენ. რეგისტრაცია გაიარეს და დილის ათ საათზე თბილისი-მოსკოვის რეისმა საბჭოთა კავშირის დედაქალაქისკენ აიღო გეზი.
***
კონსპირაციულ ბინას რომ მიადგნენ, ზურაბმა პაროლით დარეკა ზარი. კარები ოპერატიულმა თანამშრომელმა გააღო. ახალმოსულები ბინაში შეუშვა და კარი მიიხურა. გიგაური წინ გაუძღვა დედა-შვილს. ვარლამის ოთახში შევიდა და მას უთხრა:
– აბა, ჩემო ძვირფასო ტუსაღო, შეეგებე ცოლ-შვილს...
ვარლამ კოვზირიძისა და ირინე გავაშელის შეხვედრა იმდენად ემოციური და უხვცრემლიანი იყო, რომ ზურაბ გიგაურსაც კი მოადგა თვალებზე ცრემლი... ვნებები რომ ოდნავ დაცხრა და ვარლამმაც ცოლ-შვილი მოისიყვარულა, თავისი უმშვენიერესი ქალიშვილის ფერებით იჯერა გული, მაიორმა თქვა:
– ახლა ვისადილოთ. შემდეგ მე ეკატერინეს, თუ, რა თქმა უნდა, მასაც სურს, მოსკოვს დავათვალიერებინებ.
– მინდა, მინდა! – გაუხარდა გოგონას.
– ძალიან კარგი, – გაეღიმა ზურაბს, – ახლა კი ვისადილოთ.
სადილს რომ მორჩნენ, ზურაბი, ეკატერინე და „კაგებეს“ ოპერი წავიდნენ. გასვლის წინ ზურაბმა ცოლ-ქმარს უთხრა:
– ამდენი წლის უნახავებს ბევრი სალაპარაკო გექნებათ. ჩვენ საღამოს დავბრუნდებით. საჭმელ-სასმელი გაქვთ. კარი საიმედოდაა ჩაკეტილი და ჩვენს მეტი ვერავინ შემოვა. აბა, საღამომდე...
გიგაური და მისი თანხმლები პირები საღამოს ათ საათზე დაბრუნდნენ კონსპირაციულ ბინაში. ვარლამი და ირინე კმაყოფილი სახეებით დახვდნენ მათ. ეკატერინე ორივე მშობელს ჩაეხუტა და უთხრა:
– მიყვარხართ, ძალიან მიყვარხართ ორივე.
– მოსკოვი მოგეწონა, შვილო? – ჰკითხა ვარლემმა ქალიშვილს.
– კი, მამიკო, ძალიან, – მიუგო გოგონამ, გიგაურმა კი დაამატა:
– მშვენიერი ქალიშვილი გყავთ, ვარლამ, ჭკვიანი, ცნობისმოყვარე და ლამაზი. ქუჩებში რომ დავდიოდით, ყველა მას აქცევდა ყურადღებას და ფრთხილად უნდა იყოთ, არავინ მოგტაცოთ.
ვარლამს გაეღიმა მაიორის სიტყვებზე და ქალიშვილს თავზე გადაუსვა ხელი. ირინემ კი იგრძნო, რომ კაცები მარტო უნდა დაეტოვებინა სერიოზული ლაპარაკისთვის, ეკატერინეს ხელი ჩაჰკიდა და თქვა:
– ალბათ, ჩვენი წასვლის დროა. გვითხარით, სად უნდა დავრჩეთ და ჩვენ თვითონ წავალთ.
– რას ბრძანებთ, ირინე, სად უნდა წახვიდეთ. ღამესაც აქ გაათევთ. ვერ ხედავთ, რამხელა ბინაა. ერთი კვირა აქ იცხოვრებთ.
– ერთი კვირა? – გაიმეორა ქალმა.
– დიახ.
– მერე სამსახური?
– ეგ პრობლემა მოგვარებულია.
– როგორ?
– ერთკვირიანი უხელფასო შვებულება გაქვთ გაფორმებული. ასე რომ, არაფერზე იდარდოთ, – უთხრა ქალს გიგაურმა, – ერთ კვირაში კი უკან დაგაბრუნებთ. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება.
– ვარლამს რა ეშველება? – ინსტინქტურად წამოსცდა ქალს.
– ნუ დარდობთ. ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი თქვენს ოთახში მოისვენეთ. მე და ვარლამს საქმე გვაქვს და ნუ გვიწყენთ.
დედა-შვილი საძინებელში გავიდა. ვარლამი და ზურაბი კი ცალკე კაბინეტში განმარტოვდნენ და მაიორმა კოვზირიძეს უთხრა:
– თქვენმა მეუღლემ გივი კვირიკაშვილის ამბავი გიამბოთ?
– არა. რა მოხდა? – მიუგო ვარლამმა.
– თქვენი მეგობარი მოკლეს.
– ვინ, როგორ, რატომ? – გაფითრდა კოვზირიძე.
– გუშინ, ღამით, დაახლოებით ამ დროს. მე მის ბინაში მივედი და ტყვიით შუბლგახვრეტილი ვიპოვე.
– კი მაგრამ, რას ერჩოდნენ?
– სავარაუდოდ, ეს მკვლელობა თქვენს საქმესთანაა დაკავშირებული, – უთხრა მაიორმა ვარლამს. შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით უამბო, კვირიკაშვილის ბლოკნოტი მიაწოდა და დააყოლა, – აი, ეს ჩანაწერები.
კოვზირიძე ყურადღებით გაეცნო მეგობრის დღიურის იმ ნაწილს, სადაც ვასილ სტარკოვზე ეწერა და მაიორს უთხრა:
– ლოგიკურად თუ მივყვებით მოვლენებს, გამოდის, რომ სტარკოვი ევგენი მოროზოვია. გივი კვალის წაშლის მიზნით მოკლა. ჩემს ცოლ-შვილს კი, სავარაუდოდ, ჩემზე გამოსასვლელად და აგრეთვე, შურისძიების მიზნით ეძებდა.
– უფრო თქვენზე გამოსასვლელად. მან ხომ არ იცის, ცოლ-შვილი რომ გყავთ. თქვენზე კი იმიტომ უნდა გამოსვლა, რომ იცის, ეძებთ და ამ ჯაჭვის ჩაჭრას ცდილობს.
– ალბათ, – თქვა კოვზირიძემ, – ეჰ, გივი, გივი, რამ ათქმევინა იმ ნაძირლისთვის, ვარლამმა ხომ არ გაგიკეთათ ოპერაციაო. ეს გახდა, ალბათ, მკვლელობის მიზეზი.
– ალბათ, – დაეთანხმა მაიორი.
– სტარკოვს, ალბათ, ეძებენ.
– რა თქმა უნდა. მისი ინტენსიური ძებნა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. თუ რაიმე სიახლე იქნა, დაუყოვნებლივ შემატყობინებენ.
– თუ სწორად მივხვდი, მე აღარ ვარ საჭირო. ფაქტობრივად, კვალზე ხართ გასულები და ალბათ, სულ მალე დაიჭერთ. მე კი ზონაში მომიწევს დაბრუნება. თუმცა, მანამდე, ალბათ, გამასამართლებენ და გაქცევისთვის სროკსაც დამიმატებენ, – უთხრა კოვზირიძემ გიგაურს და სიგარეტს დასწვდა.
– ვარლამ, ნუთუ ვგავარ იმ კაცს, ვინც ნაძირლობას ჩაიდენს? – ჰკითხა მაიორმა კოვზირიძეს და თვალი თვალში გაუყარა.
– არა, მე ამას არ ვგულისხმობდი. უბრალოდ, საჭირო აღარ ვარ.
– საჭიროც რომ არ იყოთ, იმას მაინც არ გავაკეთებ, რაც ახლა თქვით და რასაც შეგპირდით, ისე იქნება. ეს ერთი. მთავარი კი ისაა, რომ საჭიროზე საჭირო ხართ და სწორედ ამის შესახებ უნდა დაგელაპარაკოთ.
– რის შესახებ?
– ერთი ფანდი ჩავიფიქრე და თუკი გაგვიმართლა, ამ ფანდზე წამოვაგებთ ევგენი მოროზოვს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ დათანხმდებით.
– მითხარით, რა ჩაიფიქრეთ. გისმენთ.
– ვარლამ, თანახმა ხართ, რომ სატყუარას როლი შეასრულოთ?
– სატყუარასი? – გაიმეორა კოვზირიძემ.
– კი. სატყუარასი.
– თანახმა ვარ, მაგრამ როგორ?
გაგრძელება შემდეგ ნომერში