№28 საპარიკმახეროში
ვინ აცალა ჩემს თმას „ბითლზივით”, ყურს ქვემოთ ჩამოზრდა?! ორი გაფრთხილების შემდეგ, კლასის დამრიგებელმა – დარიკო მასწავლებელმა, გაკვეთილზე, დასაკლავი ღორივით წამომაქცია, ზემოდან წამომაჯდა და სიმწრით ნაზარდი თმა სულ მაკრატლით ამაღიჯნა.
ჩვენი უბნის საპარიკმახერო სკოლის გვერდით, ერთ პატარა ოთახში იყო განთავსებული. სკოლიდან პირდაპირ იქ მივედი და ჩემი რიგის მოლოდინში, ერთი უსიმპათიო, აფთრის მსგავსი კაცის გვერდით, კუთხეში მდგარ, თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი.
საპარიკმახერო ისეთი ადგილია, სანამ რიგი მოგიწევს, ნახევარ საათში მოისმენ უბნის ათას ჭორ–მართალს. მიუხედავად სივიწროვისა, კუკურა პარიკმახერის ხელით დაწერილ, კედელზე გაკრულ აბრას – „კაი ძმაკაცი ხარ, მაგრამ დიდხანს ნუ გაჩერდები!” არ დაგიდევენ კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულ, სამ სკამზე დილიდან საღამომდე ჩამომჯდარი უბნის კაცები.
– ვაა, შავგოგიაც მოსულა! – ჩუმად თქვა კუკურამ შავგვრემანი, წარმოსადეგი ახალგაზრდა კაცის შემოსვლისას ისე, რომ ტყავის ზონარზე სამართებლის ალესვა არ შეუჩერებია.
– უბნელებს გაუმარჯოს, რიგში ბევრი გყავს? – ჰკითხა კუკურას ახალშემოსულმა და შუბლზე ჩამოყრილი გრუზა თმა უკან გადაიწია.
– არა, გოგიჯან, ამას გავპარსამ და შენ მოგხედავ!
– ესენი რიგში არ დგანან? – გაშვერილი ცერით ჩვენზე მიუთითა.
– რიგში ეს პატარა ბიჭია, მაგრამ მოიცდის! – ჩემზე ანიშნა, – დანარჩენები ხელობას სწავლობენ! – იხუმრა კუკურამ.
– გოგია, ვერ მიცანი? – ჰკითხა აფთრისსახიანის გვერდით მჯდომმა, შუახანს გადაცილებულმა კაცმა, რომლის საპარიკმახეროში ყოფნა, ცოტა არ იყოს ღიმილისმომგვრელი იყო, რადგან თმა და წვერი კი არა, წარბები და წამწამებიც კი არ ჰქონდა.
– ვახ, ძია რუდიკ? შეცვლილხარ, გალამაზებულხარ, თმები ამოგსვლია!
– სულ შაყირობ, შენსას არ იშლი, აი! ბიჭო, როდის უნდა დაჭკვიანდე, ცოლი მოიყვანო?
– ცოლიც მყავს, და ბიჭსაც ველოდები! – ამაყად უპასუხა გოგიამ.
– ისევ ვეძათხევზე ცხოვრობ?
– აბა, სხვაგან ვერ ვიცხოვრებ, დარდი მამკლამს! – თქვა გოგიამ და ჩემ შეთავაზებულ სკამზე ჩამოჯდა.
– გოგიჯან, რომ თქვი, ბიჭს ველოდებიო, რა იცი, ცოლი რენტგენში გაატარე? – ჩაიხითხითა კუკურამ.
– ეგღა მაკლია, პირველი შვილი გოგო მყავდეს! – დაიგრგვინა გოგიამ და ნაკურთხი ბატკნის თავისტოლა მუშტი მკერდზე მიიბრახუნა.
– რასაც ღმერთი მოგცემს, ის გეყოლება, გოგიაჯან, შენ მაგას ვინ გკითხავს?!
– ღმერთი ვაჟკაცებს, პირველს, ბიჭს აძლევს, ბიჭი მეყოლება! – თქვა გოგიამ და თვალები დაქაჩა.
– არა, მაინც, გოგო რომ გაჩნდეს, რას იზამ? – არ შეეშვა კუკურა.
– მოვკლავ! – ისე იღრიალა გოგიამ, რომ კუკურას, ეტყობა, ხელი აუკანკალდა, კლიენტს ლოყა გაუჭრა და სისხლის შესაჩერებლად, ჭრილობაზე შაბის ნატეხი დაადო.
– რას ამბობ, ბიჭო, შვილს როგორ მოკლავ?! – ჩაიცინა რუდიკა ძიამ.
– აი, ნახავ!
უსიმპათიო კაცს, თავისი აფთრის დინგი წინ წაეწია და ყურადღებით უსმენდა, ხმას არ იღებდა.
– კაცებს გოგოები არ უნდათ, რადგან სხვის გვარს აგრძელებენ – დაიჩიფჩიფა საპარიკმახერო სკამზე მჯდომმა, რომლის გაპარსვაც კუკურას მოეთავებინა და ახლა ოდეკოლონი „შიპრით” ნაპარსს უმუშავებდა – ჩემს მეზობელს, გოგო რომ შეეძინა, ბებიაქალებს დაერია და ცემა–ტყეპა აუტეხა. ისინი ეუბნებოდნენ – რა ჩვენი ბრალია, რაც გააკეთე, ის გამოვიდაო!
– გაზეთში წავიკითხე, მაჰმადიანები, საერთოდ, ქალს უსულო არსებად თვლიანო! – თქვა რუდიკა ძიამ.
– ჰო, ამას წინათ, კაცი იყო შემოსული – დაიწყო მოყოლა კუკურამ – აქვე, გორკის ქუჩაზე ცხოვრობს. თევზაობა მიყვარსო, ღამით ვიყავი სასროლი ბადით მტკვარზე ჩასული და რომ ამოვწიე, რაღაცა ამოჰყვაო. თევზი მეგონა, მაგრამ ფარანი რომ მივანათე, ახალდაბადებული გოგო იყო, ჭიპლარი ისევ ზედ ჰქონდაო.
– მე 11 წელი შვილი არ მეყოლა, გოგო ვიშვილე, ახლა ორი წლისაა, ამქვეყნად, ყველა ბიჭს მირჩევნია, ენაცვალოს მამაო! – თქვა უსიმპათიო კაცმა, აფთარს რომ ჰგავდა და საპარიკმახეროდან გავიდა.