№28 როგორ შეიქმნა საბჭოთა „კამიკაძეთა“ სკოლა ლავრენტი? ბერიას საიდუმლო ბრძანებით
ლავრენტი ბერიას ორგანიზატორულ უნარსა და ნოვატორულ ნიჭზე ამ ბოლო დროს არა ერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, მრავალი სიახლე საბჭოთა უშიშროებაში სწორედ ბერიამ დანერგა და მის მიერ ამოქმედებული სისტემა დღემდე დიდი წარმატებით მუშაობს. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სპეცსამსახურების ექსპერტი, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ სლავინსკი წერს: „როგორც ცნობილია, მოსკოვში გადმობარგებული ბერია თავდაპირველად ნიკოლაი ეჟოვის მოადგილედ დანიშნა სტალინმა და ამ პოსტზე ბერიამ ერთი თვე იმუშავა. ამ ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში, ბერიამ საფუძვლიანად შეისწავლა „ენკავედეს“ ყველა პლუს-მინუსი და როგორც კი ეჟოვი ჩაანაცვლა, დაუყოვნებლივ შეუდგა მის რეფორმირებას. უპირველესად, ბერიამ საკადრო პრობლემები მოაგვარა. ყველა სტრატეგიულ პოსტზე არა მარტო ერთგული, არამედ მოაზროვნე, შეიძლება ითქვას, კრეატიული ადამიანები დანიშნა, რაც ფაქტობრივად, დიდი სიახლე იყო უშიშროებაში. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერია რომ „ენკავედეს“ ხელმძღვანელი გახდა, უშიშროებაში მუშაობის თერთმეტწლიანი გამოცდილება მქონდა. ზურგსუკან არა ერთი წარმატებული ოპერაცია მქონდა და უშიშროება, ძირითადად, ძალისმიერ მეთოდებზე აწყობილი სტრუქტურა მეგონა. ლავრენტი პავლოვიჩმა კი ძირეულად შემაცვლევინა ეს წარმოდგენა და ხატოვნად რომ ვთქვა, უშიშროებაში შემოქმედებითი მუხტი შემოიტანა“.
გენერალ სუდოპლატოვის მოგონებას დროებით აქ გავწყვეტ და ვიტყვი, რომ შემოქმედებითობა „ჩეკაში“ ლავრენტი ბერიას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ საბჭოთა უშიშროება ორმაგად და სამმაგად გაძლიერებულიყო. იქ მისულიყვნენ ინტელექტუალები და ისინი ამ სტრუქტურის სამსახურში ჩაეყენებინა. ასეთი მიდგომა სულაც არ ნიშნავდა უარის თქმას ძალისმიერ თუ საჭირო ჯალათურ მეთოდებზეც კი. პირიქით, თავისი სასტიკი ძალა „ჩეკამ“ სწორედ შემოქმედებით შეფუთა და თუკი ადრე მკვლელობები, დივერსიები, გატაცებები და სხვა მსგავსი ამბები სწორხაზოვნად და „ბინძურად“ ხორციელდებოდა, ბერიამ ისინი დახვეწა და ხელოვნების დონეზე აიყვანა. მაგალითად, თუკი ვინმეს ლიკვიდაცია იყო საჭირო აფეთქების გზით, რაც ადრე, ბერიამდე, მსხვერპლის გაუთვლელად ხორციელდებოდა, ლავრენტი პავლოვიჩმა ეს მეთოდი იმდენად დაახვეწინა თავისი უწყების ტექნიკურ ლაბორატორიაში, რომ აფეთქებდნენ მხოლოდ „ობიექტს“, მის ირგვლივ მყოფნი კი – ცოცხლები რჩებოდნენ... მსგავსი შედეგის მისაღწევად, ტექნიკურად განათლებულმა ბერიამ, ეგრეთ წოდებული, „მიმართული აფეთქების“ იდეა მიაწოდა ხელქვეითებს და მათაც მშვენივრად შეასრულეს თავიანთი ახალი უფროსის შეკვეთა. ბერიას ნამოღვაწარის პირველი გამოცდა 1939 წლის მარტში მოხდა. საბჭოთა მზვერავ-დივერსანტებმა, ნიუ-იორკის კინოთეატრ „სინემაში“, ხალხით გადაჭედილ დარბაზში, საბჭოეთიდან გაქცეული ჟურნალისტი ვადიმ კაიუმოვი ააფეთქეს. მხატვრული ფილმის, „ფრანკენშტეინის“ დემონსტრირებისას, ჩაბნელებულ დარბაზში გრუხუნი გაისმა. 48 წლის კაიუმოვი ჰაერში აიწია და თავი მოსწყდა, ხოლო დანარჩენ მაყურებელს განაკაწრიც კი არ ჰქონია. ამოქმედდა კაიუმოვის პიჯაკის ჯიბეში მოთავსებულ პორტსიგარში ჩამონტაჟებული მინი-ბომბი, რომელმაც მიმართული აფეთქება განახორციელა. ამ ოპერაციაში პავლე სუდოპლატოვი მონაწილეობდა, რომელიც მსგავს საქმეებში ძალიან გაწაფული იყო და არაერთი ლიკვიდაცია განუხორციელებია. სუდოპლატოვი იხსენებდა: „ახალმა ტექნოლოგიამ უმაღლეს დონეზე იმუშავა და ანტისაბჭოელ ჟურნალისტს სამი მეტრის სიმაღლეზე ქათამივით წააწყვიტა თავი. მე მას გვერდით ვეჯექი და როცა უკვე კაიუმოვის გვამი კვლავ თავის ადგილზე, ჩემ გვერდით დაეშვა, მისი თავი კი ეკრანთან დავარდა, შვებით ამოვისუნთქე. „ობიექტის“ გვერდით ჯდომა კი ბერიას იდეა იყო. იმ შემთხვევაში, თუკი „მიმართული აფეთქება“ არ გამოვიდოდა, მეც დავიღუპებოდი. იმავე საღამოს გაზეთებში დაიბეჭდა უზარმაზარი სტატია სათაურით: „რუსების ახალი ტექნოლოგია, გამოქცეულებთან საბრძოლველად“. მოსკოვში ტრიუმფატორები დავბრუნდით. ლავრენტი პავლოვიჩმა პირადად მიმიღო. წარმატება მომილოცა და წარწერიანი ოქროს საათიც მიბოძა, რომელსაც დღემდე სათუთად ვინახავ“.
კაიუმოვის აფეთქება ბერიას „პირველი მერცხალი“ გახლდათ ცენტრალური „ჩეკას“ უფროსის თანამდებობაზე. როგორც ირკვევა, პატრონი (სტალინი) კმაყოფილი დარჩა თავისი „ნორჩი“ თანამემამულის ასეთი წარმატებული სტარტით. მომავალში ბერია კიდევ არაერთხელ გაახარებს პატრონს. მანამდე კი „ნორჩი“ (სტალინის ეპითეტი ბერიას მიმართ) სახალხო კომისარი ინოვაციებითაა დაკავებული და ფორსირებულად, მაგრამ თანმიმდევრულად, გააზრებულად ახორციელებს თავის იდეებს. იმავე, 1939 წლის ნოემბერში, ბერიას საიდუმლო ბრძანებით, „ენკავედეში“ შეიქმნა საბჭოთა „კამიკაძეთა“ (თვითმკვლელ ტერორისტთა) უაღრესად საიდუმლო განყოფილება. მისი მიზანი იყო, საჭიროების შემთხვევაში, პლანეტის გარკვეულ არეალში პანიკისა და შიშის დანერგვა. პრინციპი ძალიან მარტივი გახლდათ – მძლავრი ბომბებით აღჭურვილი „იდეური მებრძოლი“, ასობით ადამიანის თავშეყრის ადგილზე თავს იფეთქებდა და საშინელ შიშსა და პანიკას თესავდა. ეგრეთ წოდებულ, თვითმკვლელთა სკოლაში კონტინგენტს, ძირითადად, უპატრონო ბავშვებისგან არჩევდნენ. მათ ათი წლიდან ზრდიდნენ და საბჭოთა იდეოლოგიით უტენიდნენ თავს. ასწავლიდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებთან მუშაობას და ისინიც სრული შეგნებით მიდიოდნენ საქმეზე. ინსტიტუციონალურად, ეს განყოფილება დღემდე ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა და შინაგანაწესიც კი ლავრენტი ბერიას დროსაა შექმნილი და მის მიერვე მოწონებული. 1939-1940 წლებში კი, საბჭოთა „კამიკაძეთა“ მომზადება ფორსირებულად ხდებოდა. ბერიას ბრძანებით, კონტინგენტს პატიმრებიდან და სიკვდილმისჯილთაგან იყვანდნენ და ამზადებდნენ. „კამიკაძეობა“ ძალიან ეფექტური აღმოჩნდა მტრის ზურგში და საბრძოლო მოქმედებების დროს. პირველი ასეთი აქცია საბჭოთა უშიშროებამ 1940 წლის აგვისტოში განახორციელა. ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ბრიტანული არმიის ფორმაში გამოწყობილმა ორმა საბჭოთა „კამიკაძემ“ ბომბები კრივის დარბაზში აამოქმედა, როცა იქ შეჯიბრება მიმდინარეობდა და 46 ადამიანი დაიღუპა. მსგავსი „კამიკაძე“ იყო ალექსანდრე მატროსოვიც, რომელიც საკუთარი სხეულით ამბრაზურას გადაეფარა და საბჭოთა კავშირის გმირობა მიიღო. ალბათ, დიდი ცინიზმია, როცა ზემოხსენებულ ქმედებებს „ხელოვნებას“ უწოდებ, მაგრამ ფაქტია, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერიას ბადალი არ ჰყავდა მსგავსი ტიპის „შემოქმედებაში.” ყველაზე საგულისხმო კი ისაა, რომ ბერიას შემოქმედებითი მეთოდები უმალვე გადაიღეს მსოფლიოს თითქმის ყველა დაზვერვამ და დღემდე მათ საქმიანობაში არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით ტექნოლოგიების დახვეწას. ჰუმანური პოზიციიდან, მსგავსი მეთოდებით მოქმედება დაუშვებელი და არაადამიანურია, მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით უშიშროების არსს, მის დანიშნულებას, ეს ყველაფერი მისაღები ხდება. ასე მოქმედებდა საბჭოთა „ჩეკა“ და მისი სულისჩამდგმელი კი მარშალი ლავრენტი ბერია იყო.“