№28 რას მღეროდა ზურიკო ანჯაფარიძე მოსკოვში, ტაქსიში უკუღმართად და როგორ ეშლებოდათ ნერვები მძღოლებს
„თეთრი მარმარილოსფერი სახე. მასიური, თუმც არამკვრივი თავი. მსუბუქად დატალღული, უკან წმინდათ გადავარცხნილი ღია წაბლისფერი თმა, დალაგებული ტუჩ-კბილი, შეკეცილი ყურები, თბილი ქვისფერი, მოყვითალო თვალები... (წყარო: ლიტერატურული საქართველო – რეზო ჭეიშვილი) ქობულეთში შევხვდი კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტს, შემდგომში მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძეს. დასასვენებელი სახლის ფიჭვნარში ყურად საამო ქართული აქცენტით, თუმც გამართული რუსულით ელაპარაკებოდა ვინმე მიშას, მიშელს ცირკის მოხელეს თუ ბოშათა ტაბუნის წარმომადგენელს. ვაყურადებდი სახენათელი ბიჭის მჟღერ ხმას არამკითხე ცნობისმოყვარე. მიშა სთავაზობდა მონაწილეობა მიეღო კონცერტში, თვითონ რომ უნდა გაემართა კურძალის ღია ესტრადაზე. სტუდენტი უარობდა. გამრიცხავენ კონსერვატორიიდანო და ახსენებდა პროფესორს, რომელიც ჩემი ვარაუდით, სადღაც იქვე, ჩვენგან ახლოს ისვენებდა. „ბოშათა ბარონი” სიტყვა – ვალდებულებას იშველიებდა, ჩანდა, პირველად არ დაობდნენ საკონცერტო პრობლემების გამო. კონსერვატორია კი, რითაც სტუდენტს თავი მოსწონდა, მთავარი არ ჩანდა – უმაღლესი სასწავლებლიდან მისი გარიცხვის ვერსიას დამაჯერებლობა აკლდა. ეს იმითაც დადასტურდა, რომ სტუდენტმა იმ საღამოსვე მიიღო კონცერტში მონაწილეობა, იმღერა ორი თუ სამი მსუბუქი ყაიდის არია, როიალის აკომპანემენტით და შეეტყო, სიმღერები მარტო კონსერვატორიის პირველ კურსზე არ ჰქონდა მომზადებული. მე კი, სიმღერა კი არა, სცენაზე მისი გამოჩენა გამიკვირდა: როგორ დაითანხმა იმ ციგანმა-მეთქი. „ციგანს” კი პროგრამა მიჰყავდა და მონაწილეობდა რამდენიმე ჟანრში, შერჩეულ მაყურებელთა დახმარებით. აჩვენებდა აღმოსავლური ორთაბრძოლების ილეთებს, ფოკუსებსაც და მომღერალი, პიანისტი და სხვები მეორეხარისხოვან ამპლუაში ჰყავდა მოწვეული. სკოლა არ მქონდა დამთავრებული, მაგრამ ხელისუფლება უკვე მამზადებდა საჯარედ. სპორტსაც ვიყავი ნაზიარები, სიამაყეც, რაც ასაკით და არა ძალით იყო გაპირობებული, არ მაკლდა და სწორედ იმ დღეს და თანაც სცენაზე, ჩემსა და „ბარონს” შორის მოხდა, ჩემთვის სრულიად გაუთვალისწინებელი, ინციდენტი, რომელიც გახსენებადაც არ ღირს.
თბილისის უნივერსიტეტში მოგვიანებით მოვეწყვე. ზურაბ ანჯაფარიძეს კი დამთავრებული ჰქონდა კონსერვატორია და თუ არ ვცდები, მოღვაწეობდა საოპერო სტუდიაში. რადგანაც ჩემი თანაქალაქელი მეგობრები კონსერვატორიაში სწავლობდნენ, მე კონსერვატორიის მისადგომებთან (ლაღიძის წყლებიდან - ზევით) უფრო მომძებნიდა ადამიანი, ვიდრე უნივერსიტეტში. იქ, იმ მონაკვეთში (ოპერის შენობის ჩათვლით) ვხედავდი ცნობილ მომღერლებს, მუსიკოსებს, რაღა ლაპარაკი უნდა - ანჯაფარიძეს, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით, ვესალმებოდი კიდეც. სალამს არ დაგამადლიდა და პირიქით, დაგასწრებდა ღიმილით, ხანდახან გაოცებით: საიდან მეცნობა ეს კაციო. თვალი შემაჩვია, ეს დიდი პატივი იყო და ალბათ, დაასკვნა კიდეც: სადაც ვხედავ, იქიდან ვიცნობ სწორედო. ეს ვარაუდია, ანჯაფარიძეს უცნობებიც ესალმებოდნენ, გულშემატკივრებიც არ აკლდნენ, თაყვანისმცემელი ქალიშვილები კი თავსაც აბეზრებდნენ უკვე გადამეტებული ყურადღებით – ტელეფონის ზარებით, ღია და დახურული ბარათებით, ყვავილების თაიგულებით თეატრალურ ჩასახვევში, მისი ბინის აივანზე რომ ცვივოდა, ზოგჯერ უცხოურ, მოდურ პერანგებთან ერთად.
ერთხელ ელბაქიძის დაღმართზე, „სამაიას ბაღთან” ახლო ფოტოგრაფის სახელოსნოს ვიტრინასთან იდგა და დაჟინებით მისჩერებოდა საკუთარ ფერად ფოტოპორტრეტს, საგანგებოდ რომ გაედიდებინა და თვალსაჩინოდ გამოეკრა ფოტოგრაფს. მშრალი, თბილისური დეკემბერი იდგა და თბილად, თუმც საკმაოდ მსუბუქად ეცვა. თხელი ტყავის ხელთათმანი ეკეთა ცალ ხელზე და ამავე ხელში ეჭირა მეორე ხელთათმანი. მოულოდნელად სტუდენტი ქალიშვილები (მოწაფეებს არ ჰგვანდნენ) გამოჩნდნენ და დაბარებულებივით დადგნენ. ანჯაფარიძემ იგრძნო ანდა ვიტრინიდანვე დაინახა ისინი და ამჯობინა გაცლა, არა - გაქცევა. გვიანღა იყო. ერთმა გოგომ...
– აი ზურიკო!
– აგერ ზურიკო, უი ზურიკო, ვაი ზურიკო, ჩვენი ზურიკო! – მიაყარეს ფოტოს, ვითომ ორიგინალს ვერ ხედავდნენ. ორიგინალი დინჯად მობრუნდა, შემხედა, მშველელივით გამიღიმა, ხომ ხედავო, მანიშნა თითქოს და აუჩქარებლად წავიდა. უცხო ენათა ინსტიტუტის (ასე დავასკვენი) მოთავხედო სტუდენტები კი მაინც გახარებული დატოვა.
50-იანი წლების ბოლოს ახალდაარსებული თუ გაახლებული ლიტერატურული ჟურნალის, „ცისკრის” გარშემო შეგროვდნენ ახალგაზრდა მწერლები, მხატვრებიც, რომელთაც შემდგომ სამოციანელები ეწოდათ. ახალგაზრდებთან ერთად, ტაქტიკური მოსაზრებითაც და ისეც, იბეჭდებოდა ზოგიერთი ძველი თაობის წარმომადგენელი. ეს არ უკავშირდებოდა ხბოებში ვირის გარევის ვარიანტს, მით უმეტეს, როდესაც შალვა დადიანზე გვექნება ლაპარაკი და არა შემთხვევის წყალობით აღზევებულ რომელიმე კლასიკოსზე, იმ ადამიანის - მეცხრამეტე საუკუნიდან გადმოსული, გამორჩეული პიროვნების ნაწარმოები – „რაც გამახსენდა” - იბეჭდებოდა გაგრძელებებით „ცისკარში” იმხანად... ერთხელ რედაქციის ახალგაზრდა თანამშრომლებმა და ავტორებმა ზურაბ ანჯაფარიძეზე წამოიწყეს ლაპარაკი. ერთმა ერთი თქვა, მეორემ - მეორე, საქებარი არ დაგვიშურებია. თუმცა, ბატონმა შალვამ, საკუთარი ნაწარმოების ანაწყობებს რომ ასწორებდა, ძალიან გაგვაოცა: არ იფიქროთო, რომ რომელიმე ქართველ მომღერალს ანჯაფარიძეზე უკეთესი ხმა ჰქონდა ან ანჯაფარიძეზე უკეთესად მღეროდა რომელიმეო. ესო, ისო? რამდენიმე გვარი დაასახელეს და როგორც მოსალოდნელი იყო, ერთზე შეაჩერეს ყურადღება. ლეგენდა სხვაა და ფაქტი სხვა. მაინც ანჯაფარიძე დააყენა წინ. გუნებაში (ერთი-ორი სიტყვიერადაც) არ დავეთანხმეთ. არადა, იმ ხნის კაცს სიზმარიც დაეჯერებოდა, თუკი სიმღერასთანაც არ იყო მწყრალად... მუსიკალური განათლების არმქონეს (უკვე ჩემზეა ლაპარაკი) სიმღერა, ნამეტნავად ქართული, ძალიან მიყვარდა. დედულეთის ბაბუა მიხეილ დიდბარიძე მგალობელი ყოფილა... ტენორს ბარიტონისგან, რაც მთავარია, სოპრანოს კოლარატურისაგან ვანსხვავებდი (ეს ეიფორია სულ ორიოდე წლით, პირველ-მეორე კურსით შემოიფარგლა) და ვგრძნობდი: ზურაბ ანჯაფარიძე მარტო სოლისტი კი არა, მომღერალი გახლდათ და ეს იყო (კიდევ - იყო) აღმოჩენა...
ერთ დღეს გოგია მეუბნება ხარაბაძე: ზურაბ ანჯაფარიძეა ჩამოსული, ბარემ აქა ვართ (სასტუმრო „ივერიასთან” ხდება მოქმედება), მარტოა ნომერში მოწყენილი, ავიდეთო.
– ამყევი!
იოლი ასაყოლი, მით უმეტეს, დასაყოლი არა ვარ, მაგრამ რაღაი მარტო იყო და მოწყენილი, თან მომლოდინე (ენათესავებოდნენ ერთმანეთს, ვიცოდი) ავყევი. ისიც მაინტერესებდა, რატომ იყო გაჩერებული სასტუმროში და არა საკუთარ ბინაში. მარტო არ აღმოჩნდა, მოწყენილიც არ ჩანდა. სტუმრად ჰყავდა გამრეკელი. თამაშობდნენ კარტს საქმიანად, ერთიერთში. მასპინძელმა (გოგიას არ მორიდებია) მიუცხოა და მიცნო. ახლავე მოვრჩებითო, მოიბოდიშა: ეს ისაა, თუ ის ესააო. პოკერს თამაშობდნენ უჩიპოდ, საბჭოთა ათმანეთიანებს ყრიდნენ და ხვეტავდნენ „პოდიდან”. ჩემდა გასაოცრად ეს ბლიც-მატჩი მართლაც მალე დასრულდა. დავით გამრეკელი, ახლობლებთათვის – დათკა – გატაპისტდა (გაიყვლიფა) და ერთი დარიგების უფლება გამოიყენა; ყურადღებადაფანტულს, ჩვენი უდროო გამოცხადებით დაბოღმილს, თავის გადარჩენის სხვა საშუალებანი (მასესხე, მერგება-გერგება, მაშინ ხო, კაი იყოს და სხვა) აღარ გამოუყენებია. მოგებულმა კი ტკიცინა თუმნიანები, ჩემი ვარაუდით 16-17 ცალი, შეჭრა კოხტად და გაუკეცავად ჩაილაგა ხალათის გარე ჯიბეში; სააბაზანოს კარი შეაღო, მოიხედა, ხელი ლოყაზე ჩამოისვა, გავიპარსავო გვანიშნა და შეიმალა. დავით გამრეკელი იქვე დარჩა, სადაც წააგო. გოგია, მისარეკ-მოსარეკი მაქვსო და ტელეფონს მიადგა. მე გარეთ გაველ სიგარეტით. ვზივარ მეთერთმეტე სართულის აივანზე, ვაბოლებ, ვუყურებ მტკვრის ორთავ სანაპიროს და ნახევარ თბილისს. ჩავიდეთ, ვისადილოთ, მესმის ოთახიდან გოგიას ხმა. არ ვსვამ, გოგი, ვერ დავლევ, პასუხობს ზურაბი და ვხვდები, ოდეკოლონს იშხურებს სახეზე სარკის წინ.
– ვისადილოთ, არც ჩვენ ვსვამთ...
– დათკა, რა ვქნათ? - ზურაბია.
– მე არ მცალია!
ცივ უარზეა. ერთი ვნახოთ და „არმცალია“ აივანზე გამოვიდა და დაჯდა ჩემგან ხელმარჯვნივ. ზის. ვზივარ. ერთი ღია კარია ჩვენს ორსკამშუა. ფიქრობს. დარწმუნებული ვიყავ, ფულს დაუბრუნებდა პარტნიორი (მსგავსი არაფერი მომხდარა), მაგრამ მაინც ვწუხდი მის მაგივრად და ჩემს მაგივრადაც. არადა, როგორ მღეროდა ჟერმონს, ჟერმონის არიას! სხვას? სხვასაც და მაინც ჟერმონი. ტანსაცმელში აღარ ეტია ბოლოს. ვიწროდ არგებდნენ, ალბათ, კომზოლს, თორემ მაშინ არც ასეთი სრული იყო!.. მოულოდნელად, ნაცნობი ბარიტონი წამოვიდა ახლოშორეთიდან:
- შენ, კაცო, რას მათვალიერებ, ლაპარაკი არ იცი?!
- ქართულად მიჭირს...
- რუსული იყოს, კაცო! არ დავეძებ!
უხეირო ხუმრობა სერიოზულად მიითვალა თუ არა, ვერ გავიგე, მექანიკურად რომ მიპასუხა, მივხვდი და სანამ ჩაცმულ-გაპარსული, მოღიმარი ზურაბ ანჯაფარიძე არ გამოვიდა არენაზე (აივანზე) ჩემი გადამაწყდა. მე, გოგი და ზურაბი, - სამნი, ვისხედით რესტორან „ივერიის” აივანზე. გრანიტის გრილ მოაჯირზე მოხრილი მკლავი მაქვს გადადებული... ქობულეთი. კურძალი. მიშა, მიშელი თუ გახსოვს-მეთქი. კიო.
– როგორ არა!
სცენაზე ერთ ბიჭს რომ კინაღამ მკლავი ამოუგდო და იმ ბიჭმა რომ წნევის აპარატი ესროლა...
– შენ იყავი? – მიხვდა იმწამსვე, - ვახ, ვერაფრით ამას ვერ წარმოვიდგენდი! თეთრი, ჩარიწკინებული კბილები უელავდა, თვალები უციმციმებდა ოდნავ ეშმაკურად, ცოტა ირონიულად.... ღვინომ რომ შემათამამა, ალამორი გავუხსენე, მეგონა, ფულს დაუბრუნებდი-მეთქი.
– რა არი, იცი?.. - დაფიქრდა. არ ელოდა: რამდენიმე დღის წინ გრიპი მქონდა მაღალი სიცხით, 39-40, 40-39 გრადუსი... დამადგებოდა დაბარებულივით, გავერთოთო. კაი-თქვა. მომიგებდა 100-150 მანეთს და მიმატოვებდა, არაუშავს, მოვრიგდებითო... ძმაკაცობდნენ ბიჭურად. დიდი თეატრიდან პენსიაში გასულნი მოსკოვში, გორკის გზატკეცილზე მუცლით აჩერებდნენ დაბნეულ-დაფიქრებულ მოსკოველებს. თვალში ამოიღებდნენ მსოფლიოს პრობლემებით შეჭირვებულ მოქალაქეს და ხან ერთი გადაუკეტავდა მუცლით გზას, ხან - მეორე. ერთობოდნენ; „პოდმოსკოვნიე ვეჩერას” უკუღმართად ღიღინებდნენ ტაქსიში, ერთი ალთას მიდიოდა, მეორე ბალთას და რუს მძღოლებს ნერვები ეშლებოდათ: ასეთ უსმენო და უხმო ადამიანებს პირველად ვხედავთო. ერთობოდნენ. ქართულმა ხასიათმა და მუცელმა, უფრორე - საბჭოთა რეჟიმმა დაუმალა მსოფლიოს გასული საუკუნის ორი დიდი მომღერალი. სახელოვან ელენე ობრაზცოვას დიდი და მშვენიერი საღამო გაუმართეს ქუთაისში. სცენაზე ზურაბ ანჯაფარიძე ავიდა... ობრაზცოვას ქალი ხელებგაშლილი შეეგება: „სამ ველიკი ზურაბ პაზდრავლიაეტ მენია!..”