№28 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ოჯახის შინაური თუ გარეული, მეზობელი თუ ნათესავი, ახალ-ახალ რჩევებს აძლევს ჭირისუფალს. ასწავლიან წესებს, რიტუალებს, რაც დაბნეულობას და გაურკვევლობას იწვევს. ვეღარავის გაუგია, რა არის სწორი და რა მცდარი. უნდა დავუჯეროთ თუ არა ამგვარ რჩევებს?
პასუხი: ასეთი რჩევა-დარიგებების მიცემა, რა თქმა უნდა, არასწორია. არსებობს საეკლესიო განჩინება, პატრიარქის კუთხევით, რასაც უნდა გაეცნოს ჭირისუფალი და იმის მიხედვით იმოქმედოს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. გარდა ამისა, წესის აგებისთვის მოყვანილ მოძღვარსაც შეგიძლიათ, ჰკითხოთ რჩევა და ის გაითვალისწინოთ.
კითხვა: გარდაცვლილს შემთხვევით გავაყოლეთ (ჩასასვენებელში ჩავუდეთ) სხვა ადამიანის ნივთი. აქვს თუ არა ამას მაგიური დატვირთვა და ავნებს თუ არა ეს ფაქტი ნივთის პატრონს?
პასუხი: ნუ მისცემთ ამ ფაქტს რამე დატვირთვას, არანაირი მაგიური ძალა აქ არ არის. იყავით მშვიდად, ილოცეთ თქვენს მიცვალებულზეც და ცოცხლებზეც.
კითხვა: რატომ არ შეიძლება, 40 წლის იუბილეს გადახდა?
პასუხი: ასეთ შეზღუდვებსა და აკრძალვებს საეკლესიო დოგმებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ხალხური გადმოცემაა. ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ, უნდა აღნიშნოთ თუ არა 40 წლის იუბილე.
კითხვა: შეიძლება თუ არა ცხოველებს დავარქვათ ადამიანის სახელები?
პასუხი: სახელების უმრავლესობა, მოგეხსენებათ, წმიდანებს უკავშირდება და ცხოველებისთვის მათი დარქმევა დაუშვებელია. შეეცადეთ, ყველას აუხსნათ ეს, ვინც ცხოველს ადამიანის სახელით მიმართავს. ამით ცოდვაში იგდებს ის თავს.
კითხვა: როდესაც სასაფლაოზე ორი ან მეტი ადამიანია დაკრძალული, ყოველ მათგანს ცალ-ცალკე უნდა აღუმართოთ ჯვარი თუ ერთი ჯვარიც საკმარისია?
პასუხი: სასურველია, ყოველი გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე იყოს აღმართული ჯვარი. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ ერთი ჯვარი მაინც აუცილებელია.
კითხვა: ვარ მორწმუნე მართლმადიდებელი. ჩემი დაავადებიდან გამომდინარე, ვიმკურნალე ჰომეოპათიური საშუალებებით, რის გამოც მრევლის წევრთაგან დავიმსახურე გაკიცხვა. გთხოვთ ამიხსნათ, მართლაც არასწორად მოვიქეცი თუ არა?
პასუხი: არამართლმადიდებლური საქციელი თქვენ არ ჩაგიდენიათ. ჰომეოპათია რელიგია არ არის, ეს მეცნიერებაა, ამიტომ, რელიგიასთან დამოკიდებულებაში, როგორც სამკურნალო მეთოდი, ჰომეოპათია ნეიტრალურია. შეგიძლიათ, იმკურნალოთ ჰომეოპათიური მეთოდით, ისევე, როგორც მკურნალობენ ჩვეულებრივი, ტრადიციული მეთოდებით. ეს ცოდვა არ არის. ადამიანის ავადმყოფობისგან განკურნებაც უფლის დაშვებით ხდება.
კითხვა: ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი ცუდ გზას დაადგა. ვიცი, რომ ცოდვას სჩადის (არ მინდა დაკონკრეტება). ამ თემაზე მეც არ მესაუბრება, თავს მარიდებს. როგორ მოვიქცე, გავაგრძელო თუ არა მასთან მეგობრობა?
პასუხი: თქვენ, რა თქმა უნდა, გააგრძელეთ მასთან მეგობრობა და როგორმე მოახერხეთ და სინდისის ხმა გაუღვიძეთ. განუმარტეთ, რომ საკუთარი საქციელით სულს იღუპავს. ცდა არ დააკლოთ, რომ გადაარჩინოთ თქვენი ახლობელი. თუმცა, ეს გააკეთეთ ტაქტიანად და ზომიერების ფარგლებში.