№27 რა ღირს საქართველოში ოპოზიციონერობა, რატომ ხმაურობს ოპოზიცია საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით და რატომ სჯობია ოპოზიციური პარტიულობა სახელისუფლებოს
ქართულ პოლიტიკურ სცენაზე უამრავი პარტია და პოლიტიკოსია და, თუმცა მათი მხარდამჭერების რაოდენობა არავის დაუთვლია (და არცთუ მცირეთა მხარდამჭერები, შესაძლოა, ორი ხელის თითებზეც დაეტიოს), რატომღაც, აზრსაც ეკითხებიან და ისინიც გამოთქვამენ. ასეა თუ ისე, 2016 წლის მოწვევის პარლამენტის ორი პოლიტიკური პარტია სამად იქცა და ისინი საბიუჯეტო პარტიულ დაფინანსებასაც იღებენ და მაღალ ხელფასებსაც. მათ გარდა საბიუჯეტო დაფინანსებას კიდევ 17 პოლიტიკური პარტია იღებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე ხმების გარკვეული რაოდენობა დააგროვეს (ბარიერის გადალახვა, მაინცდამაინც, აუცილებელი არ არის დაფინანსების მისაღებად, ოღონდ ბარიერგადალახულების მიერ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება გაცილებით მეტია). ერთი სიტყვით, დღეის მდგომარეობით საქართველოში 20 პოლიტიკური სუბიექტი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 9 მილიონ ლარს იღებს. ღირს თუ არა 9 მილიონის გაღება პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად, ანუ რა ხეირი მოაქვს პოლიტიკურ სუბიექტებს, – ამ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ეტყობა თუ არა პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა საბიუჯეტო დაფინანსებამიღებულ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თუ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე, ძირითადად, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები სუბიექტების ერთობაა და ისეთების, რომელთაც სამომავლოდ აქვთ მათი წყლის გადასხმის იმედი?
– რთული კითხვებია, რთული იმდენად ინტელექტუალურად არა, რამდენადაც მორალურად, რადგან პარტიების დისკრედიტაცია თავისთავად, ალბათ, არ არის სასურველი საქმე, მაგრამ თქვენს კითხვაზე პასუხი, ძალაუნებურად, შეიძლება, მათი დისკრედიტაცია აღმოჩნდეს.
– მაგრამ ჩვენ, კითხვის დამსმელიც და პასუხის გამცემიც, უბრალონი ვართ ამ საქმეში, ვინაიდან თავიანთ დისკრედიტაციას ისინი თავადვე ეწევიან.
– დიახ… თუმცა თქვენი კითხვა დიდი დოზით შეიცავს პასუხსაც, რადგან ლაპარაკი იმაზე, რომ ეს პარტიები სიცოცხლისუნარიანები არიან, მეტისმეტია. ეს მდგომარეობა რაღაცით მაგონებს იმ პერიოდს, როდესაც ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა ხალხის ძალიან დიდი ნდობა, შემდეგ რაღაც პრობლემები შეექმნა და წარმოიქმნა პრობლემები თავად ეროვნული მოძრაობის სტრუქტურაში. ბოლოს კი ვნახეთ, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან აქტიურები იყვნენ, ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ასპარეზს. ასეთი იყო, მაგალითად, ირაკლი წერეთელიც.
– ოღონდ, არ მგონია, თავიანთი ნებით ჩამოშორებულიყვნენ?
– ალბათ, არა, რადგან ჯერ პოლიტიკიდან თავისი ნებით წასულებზე მხოლოდ ლეგენდები გამიგონია, რეალურად ასეთები არ მინახავს. მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებაში მათი დაბალი რეიტინგი აღმოჩნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საიმისოდ, რომ ამ პარტიებს დაჰკარგვოდათ პოლიტიკაში ყოფნის სურვილი. ირაკლი წერეთელი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პოლიტიკური ფიგურა გამოდის, იმიტომ რომ, დაახლოებით იმდენივე მომხრე, რამდენიც დღევანდელ ოპოზიციას ჰყავს, ირაკლი წერეთელს ნამდვილად ეყოლებოდა. უბრალოდ, თავის თავს უფლება არ მისცა, რომ ასეთი, შედარებით სუსტი პოზიციით გაეგრძელებინა ბრძოლა. თუმცა დღეს ასეთი სუსტი პოზიციის მქონე პარტიები განაგრძობენ არსებობას. თქვენ იკითხეთ, რატომო და მეც მგონია, რომ ამ გაგრძელების ერთ-ერთი არსებითი მიზეზია ის თანხა, რომელსაც გონივრული ქართველი კანონმდებლობა აძლევს ამ პარტიებს.
– „გონივრული“ სარკაზმია და ბრჭალებში უნდა ჩავსვა?
– დიახ, სარკაზმია… და ამ დაფინანსების არსებობას ამართლებენ იმით, რომ ქართული სახელმწიფო ხელს უწყობს დემოკრატიას. ძალიან მაინტერესებს თეორიული დებატები ამ იდეის მომხრეებთან, რატომ არის პარტიების ფინანსური ხელშეწყობა დემოკრატიის ხელშეწყობა?
– ერთიც მგლისკენ, ანუ პოლიტიკური პარტიებისკენო: თუ არ ექნა დაფინანსება, ის ხომ ვერ შეძლებს პარტიული მუშაობის გაგრძელებას?
– ნუ შეძლებს მერე?! ჩვენ შემოგვთავაზეს და ჩვენც, ფაქტობრივად, გავიზიარეთ ის, რომ დემოკრატიული წყობის ხერხემალი არის პარტიები, რაც არასწორია, რადგან არის ბლეფი.
– მრავალპარტიულობაა დემოკრატიის ხერხემალიო.
– მაგრამ თვითონ სიტყვა „პარტია“ არ გულისხმობს მრავალს. ყველა პარტია იბრძვის იმისთვის, რომ თვითონ იყოს პოლიტიკური სივრცის მონოპოლისტი. ამ პირობებში სულ გახსენდება ფაშიზმი: რომელიც იშიფრება ასე – ჩვენიანები ერთად. ყველა პარტია ქმნის თავისიანების გუნდს. ასე იყო ევროპაშიც და იმიტომაც ვახსენე ფაშიზმი, რომ ამ სტილმა წარმოშვა ის. ასეა ჩვენთანაც. უბრალოდ, ჩვენ ფაშიზმამდე ვერ მივაღწიეთ, თორემ პარტიის ყველა ლიდერი თავისი პარტიისგან აკეთებს თავის მომსახურე პერსონალს.
– სხვა, ძირძველი დემოკრატიის ქვეყნებში როგორაა?
– მათი ძირძველობა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ აშშ-ში ყველა ნაბიჯი იგეგმება იმისთვის, რომ პარტია არ იყოს ძლიერი და იყოს სუსტი. პარტია რეალურად არსებობას იწყებს საარჩევნო პერიოდში, მანამდე მას არანაირი არც პრივილეგია, არც ხელშეწყობა ან რამე განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აქვს. არჩევნებშიც პროპორციული სისტემით კი არ გადიან, პროპორციული სისტემა პარტიის ყველაზე მკაფიო მანისფესტაციაა, არამედ ამერიკელები ყველა არჩევნებზე გადიან მაჟორიტარული სისტემით, რომ პიროვნებამ გადაწყვიტოს და არა პარტიამ. ანუ ამერიკა ცდილობს, პარტია არ წამოწიოს წინ.
– ხელისუფლებაში მაინც სულ ორი პარტიაა მონაცვლეობით.
– ალტერნატივაა მარტივი და აშშ-ში არ არის ისეთი ცვენა პარტიების, როგორიცაა გერმანიაში, იტალიაში ან საფრანგეთში. მე არ ვიცი მათი რეალობა, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პარტიები ევროპაშიც უფრო ლიდერების მომსახურე პერსონალი არიან, ვიდრე იდეოლოგიურად დამოუკიდებლები. საფრანგეთშიც უცბად გამოიჩეკა პარტია, რომელიც პრეზიდენტ მაკრონის პარტიად მოიაზრება. რას ნიშნავს ვინმეს პარტია? ეს ხომ ნიშნავს, რომ იდეოლოგია მეორე პლანზე გადადის და ეს პარტია იცავს ლიდერს?!
– პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება ევროპელების რეკომენდაციაა.
– რატომ ვფიქრობთ, რომ ევროპა გადასარევია?!
– არ ვფიქრობ, მაგრამ მოტივაცია კი მაინტერესებს მათი.
– ევროპელების რეკომენდაციაა იმ მხრივ, რომ თვითონ ევროპელებთან არის პარტიული ცხოვრება და მაკრონის მაგალითიც ამიტომ მოგახსენეთ. ესე იგი, ევროპა უშვებს იმას, რომ პიროვნებას ჰქონდეს თავისი პარტია. ეს მათი ცხოვრების წესია, რომელმაც, ვიმეორებ, უფრო ადრინდელ ეტაპზე ფაშიზმი წარმოშვა. იყოს ეს მათი ცხოვრების წესი, მაგრამ ჩვენ ის გავარკვიოთ, ჩვენთვის რომელია ხელსაყრელი? პრობლემა ისაა, რომ, თუ ევროპაში მოსახლეობის რაოდენობა ჭარბია და პარტიულ მრავალფეროვნებაში ეს მოსახლეობა ნაწილდება, ეს დიდ სირთულეებს არ ქმნის. როგორიც შეიძლება, შეიქმნას აქ, იმიტომ რომ, იშლება 10-10-კაციან პარტიებად.
– ბლოკს შექმნიან, ბლოკი გადალახავს ბარიერს. ვერ მოხვდება მასში გაერთიანებული პარტია ან პარტიები პარლამენტში, მაგრამ ისინი მაინც იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას.
– ამიტომ ბლოკების აკრძალვა მცირე ზომის ქვეყნის სპეციფიკაა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტიების დაფინანსება იმ ბიზნესის კისერზეა, რომელიც გადაწყვეტს, რომ ხელი შეუწყოს ამა თუ იმ პარტიას.
– რომელიც შემდეგ ამ ბიზნესის ლობი გახდება.
– რა თქმა უნდა. იქ ამ მექანიზმს იქით კიდევ ცალკე მამაძაღლობებია, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯზე მარტო იმიტომ დააფინანსო, რომ პარტიამ იარსებოს?! ეს პარტიები ხომ ამ საბიუჯეტო ფულით ოფისს ქირაობენ, მანქანას ყიდულობენ, ხელფასებს გასცემენ და რაში არგია მოსახლეობას ეს პარტიები?!
– წელიწადში 20 პარტია იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, 9 მილიონს. მათი უმეტესობის სახელი არც კი იცის მოსახლეობამ. მეტიც, დაფინანსებას იღებს პარტია, თუ ვერ გადალახა ბარიერი, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ხმები დააგროვა არჩევნებში. მაგალითად, საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების 10 პროცენტს, ჯილდოვდება საბიუჯეტო მილიონი ლარით.
– ცალკე თემაა, ეს გააზრებულია თუ გაუზრებლად ხდება, მაგრამ ასე ვქმნით სისტემას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გვყავდეს ბევრი კანდიდატი მხოლოდ მილიონის ხათრით, ასევე, საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში გვყავდეს ბევრი ოპოზიციური პარტია, მხოლოდ იმ საბიუჯეტო დაფინანსების ხათრით, რაც მათ შეიძლება, მიიღონ. ქვეყნის ბედ-იღბალი როგორც საპრეზიდენტო, ისე სხვა არჩევნებში მონაწილეებისთვის შეიძლება, სრულიად უმნიშვნელო თემა აღმოჩნდეს.
– და რომ გაამართლონ ოპოზიციონერობა, იწყებენ ლანძღვას. არადა ხელისუფლების საფუძვლიანი კრიტიკაა აუცილებელი განვითარებისთვის.
– კრიტიკაც არ უნდა, დადე ალტერნატივა.
– ეს კიდევ უფრო მაღალი დონეა: კონსტრუქციული კრიტიკა.
– და არც მომწიფდება ეს დონე ასეთ პირობებში. ასეთი კანონმდებლობის პირობებში განწირულია პოლიტიკური სპექტრი, რომ ყოველთვის იყოს იმ თანხის მაძიებელი, რასაც მიიღებს თავის ოპოზიციონერობაში. ხელისუფლებაში მოსვლა იქნებ არც უნდათ: ტყუილად რატომ უნდა აიტკიონ თავი? არავის სჭირდება ხელისუფლებაში მოსვლა. სჭირდებათ ის თანხა, რომელსაც ოპოზიციონერობაში მათ უხდის ხელისუფლება. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიის რეალურ პოლიტიკურ პროცესს ჩვენ თვითონვე ვკლავთ და ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიასთან ნაკლები საერთო აქვს.
– ეს ფარსი, რომელიც თამაშდება ჩვენთან და რომელსაც ჰქვია პოლიტიკური ცხოვრება, მხოლოდ ფულის გადანაწილების სურვილია და პოლიტიკური ნაკადის ზედაპირზე ტივტივისაც?
– პოპულარული საკითხია დღეს უდუმაშვილის კანდიდატურა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მისი კანდიდატურა შემოთავაზებულია მარტო იმ მიზეზით, რომ არსებულ პოლიტიკურ ფიგურებს არ წაეგოთ. წარმოიდგინეთ, ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, იცით, რომ წააგებთ. რას იზამთ? რა თქმა უნდა, დაასახელებთ იმ კანდიდატურას, რომლის წაგება-მოგებასაც პარტიისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ლიდერი რომ გაუშვა და მან წააგოს, ეს პარტიის მარცხი იქნება. უდუმაშვილის წაგება კი პარტიის მარცხი არ არის, თუმცა ცხადია, იქნება ლაპარაკი, რომ გაყალბდა არჩევნები და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტია, უდუმაშვილი ასრულებს წასაკლავი ფიგურის როლს, რომელიც გაწირეს იმისთვის, რომ ამ არჩევნებში ვიღაც მაინც ხომ უნდა იყოს და იყოს უდუმაშვილი. ეს მაგალითი იმის საჩვენებლად მოვიტანე, რომ პატიოსანი ბრძოლა არ არის, რომ არიქა, ხელისუფლების აღებისთვის იბრძვის „ნაციონალური მოძრაობაც“ კი. მასაც ჩაქნეული აქვს ძალაუფლების აღებაზე ხელი და მე ამას ვაბობ არა იმ რიტორიკით, რითაც დღეს უდუმაშვილი და მელია გამოვიდნენ, არამედ თვითონ უდუმაშვილის დასახელების ფაქტით. ესე იგი, ისინი ხელისუფლებისთვის არ იბრძვიან, ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ იყვნენ მაგარი ოპოზიციონერები. სხვა მათ არაფერი უნდათ.
– იყვნენ მაგარი ოპოზიციონერებიო და არიან კი მაგარი ოპოზიციონერები? ოპოზიცია ხომ პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას უნდა უწყობდეს ხელს? თუ ამ სქემითაა პოლიტიკური ბრძოლა და ოპონირება, ოპოზიცია ასრულებს თავის ფუნქციას?
– მიუხედავად თქვენი უზარმაზარი გამოცდილებისა პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში, მაინც…
– გულუბრყვილო კითხვებს ვსვამ?
– დიახ. როგორ გეკადრებათ?! ლაპარაკია იმაზე, თუ ვის ერქმევა ოპოზიცია, თორემ საკითხი ისე, თუ ვინ არის რეალური ოპოზიცია, არც კი დგას.
– ანეკდოტი გამახსენდა: სასადილოს უჩივლა მომხმარებელმა, გუშინ თქვენმა ხორცმა მომწამლა, კატლეტი ვჭამეო და რომ უპასუხეს, თუ ინტრიგანი არ ხარ, რა უნდოდა ჩვენს კატლეტში ხორცსო. ასე მომივიდა მეც: თუ ინტრიგანი არ ვარ, რა უნდა ჩვენთან რეალურ ოპოზიციას?
– დაახლოებით… არსებული კანონმდებლობის ფონზე, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ოპოზიციის ძირითადი მოტივია, მიიღოს თავისი წილი მუგუზალი, იხმაუროს, შევცლით, დავანგრევთ, მაგრამ მათი რეალური მოტივი იყოს ხელისუფლებისგან იმ დივიდენდების მიღება, რაც მილიონებში გამოიხატება და რაც ზედმეტი, ალბათ, არ იქნება.